რით გააოცებს ანრი ჯოხაძე მაყურებელს და რატომ არ არის ის სანდო და მართვადი
ანრი ჯოხაძე ყოველთვის გამოირჩევა აქტიურობით, ენერგიულობით და ხშირად გვაოცებს საინტერესო და სკანდალური მუსიკალური კლიპებით. მისი თითოეული გამოჩენა აუცილებლად ექცევა ყურადღების ცენტრში. ამჟამად ის მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც, როგორც თავად ამბობს, იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ მუსიკალურ სივრცეში.
– მაყურებელი შენგან შეჩვეულია აქტიურობას, ახალ-ახალ სკანდალებს, ამ ბოლო დროს კი ნაკლებად ჩანხარ. რაშია საქმე?
– მე არ ვფიქრობ, რომ არ ვჩანვარ. ვერიკო ტურაშვილს გავუკეთე კლიპი ცოტა ხნის წინ. შეიძლება, ეს აზრი იქიდან გამომდინარე გაჩნდა, რომ პირადი შემოქმედებით არ გამოვჩენილვარ და ვიღაცამ, შეიძლება, ეს პასიურობად აღიქვას. ყოველთვის ერთ რელსზე ვერ იქნება ადამიანი, თუმცა, ჩემს თავს პასიურს ვერ დავარქმევ. ამჟამად ვმუშაობ ახალ კლიპზე, რომელიც ძალიან ხმაურიანი პროექტი იქნება, ჩემთვის ძალიან პრესტიჟული და საამაყო. ეს არის ჩემი და გურამ საღარაძის საერთო პროექტი. ჩვენ მის სიცოცხლეში მოვილაპარაკეთ, რომ უნდა ჩაგვეწერა დუეტი, დანიშნულიც კი გვქონდა ჩაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონი გურამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მე მოვძებნე მისი ჩანაწერი – რადიოარქივში არსებობს ერთადერთი ვერსია. აუდიოინჟინერის წყალობით, გამოვიყვანე ძალიან კარგი პროდუქტი. კლიპის გადაღება ძალიან მალე დასრულდება. ამ კლიპით, ჩემი მხრიდან, მის ხსოვნას მივაგებ პატივს. ვიზუალურად იქნება ძალიან არაორდინარული, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური კლიპი, რაც კი გამიკეთებია. უპრეცედენტო ტექნიკური მხარდაჭერა მექნება, აქამდე ასეთი ფუფუნება არ მქონია. გურამ საღარაძის ხმა ცოტა რეპის სტილში ისმის, თვლაში ისე ლამაზად არის გაკეთებული, თანამედროვეობაც კი იგრძნობა – ამით არის ეს პროექტი საინტერესო და უპრეცედენტო.
– მასშტაბურ სოლო კონცერტს ხომ არ გეგმავ ახლო მომავალში?
– არის რაღაც-რაღაც კონცერტები. უფრო, კორპორაციულ საღამოებზე ვმღერი – ეს არის ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო. მასშტაბურ სოლო კონცერტს რაც შეეხება, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი იგეგმება.
– ხომ არ აპირებ კიდევ რომელიმე კონკურსში მონაწილეობის მიღებას?
– ჯერჯერობით არც ერთ კონკურსში არ ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას. თუ შემომთავაზებენ საინტერესო წინადადებას, ალბათ, დავთანხმდები. საერთოდ, მე ძალიან მომიხდებოდა სადმე ჟიურიში ჯდომა. ჩვენი ტელეპროდიუსერები თუ დაფიქრდებიან ამაზე, კარგი იქნებოდა. ჩემი აზრით, მომიხდებოდა ჟიურის წევრობა, უფრო რეიტინგული გახდებოდა გადაცემა.
– შენი აზრით, რატომ არ გიწვევენ?
– ალბათ, იმიტომ, რომ არ ვარ სანდო და მართვადი; არ ვარ ლოიალური იმ საქმის მიმართ, რომელსაც ვემსახურები. თუკი ვიღაც შეცდომას დაუშვებს, მე მკვეთრად გამოვხატავ ჩემს პოზიციას და, შეიძლება, ძალიან მკაცრიც ვიყო. ჩვენთან მოდური გახდა, როდესაც ძალიან ცუდად იმღერებს კონკურსანტი, იმას დაუყვავონ. მე ასე არ შემიძლია. მე ძალიან მიყვარს ვოკალურად დატვირთული შესრულება, მაგრამ, ეს არ უნდა იყოს ჩხავილი.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– უნდა გაგაწბილო – არაფერი არ ხდება (იცინის). საერთოდ არაფერი არ ხდება, მოწყენილობაა (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ, მნიშვნელოვანი და საინტერესო პირადი სიახლე მართლა არ მაქვს, თუმცა, სხვისთვის, შეიძლება საინტერესოც იყოს. არასდროს არაფერს ვგეგმავ, ყველაფერი სპონტანურად ხდება. კლიპის გადაღებასაც კი წინა დღეს ვწყვეტ ხოლმე, უცბად ვრეკავ სტაფთან, მოდიან და ვიღებთ კლიპს. წინასწარ და თვეობით დაგეგმილი არაფერი მაქვს, უბრალოდ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. რაც შეეხება ძალიან სერიოზულ ნაბიჯს, ამ დროს მჭირდება ზუსტად სამი წამი, რომ მივიღო ჯანსაღი და ადეკვატური გადაწყვეტილება. ყველაზე რთულ სიტუაციაში შემიძლია ყველაზე მარტივად გამოძრომა, ანუ, თავის დაღწევა პრობლემისგან. მოგვარების ძალიან კარგი მეთოდები მაქვს: ნებისმიერ პრობლემას ვუყურებ ცივი გონებით და მომენტალურად ვიღებ გადაწყვეტილებას. საერთოდ, ნაკლებად ფეთქებადი ვარ. ადამიანმა ძალიან უნდა გამომიყვანოს წყობიდან, რომ ავფეთქდე. თუ ავფეთქდი, აუცილებლად უნდა დაიჯეროთ, რომ მან ეს დაიმსახურა. ზოგადად, ჩხუბს ძალიან ვერიდები, მაგრამ, მსგავსი შემთხვევები ნამდვილად ყოფილა.
– ანუ არაკონფლიქტური ხარ?
– კი, ნამდვილად არაკონფლიქტური ვარ. შეიძლება, ჩემგან ჩანს შეფარული აგრესია, ცოტა სარკაზმი, რაც ვიღაცისთვის აგრესიაა. შეიძლება, იფიქრონ, რომ ვარ ირონიული, მიყვარს „კბენა“ და, აქედან გამომდინარე, კონფლიქტურობაც კი დამაბრალონ. სინამდვილეში კი ასე არ არის. ასეთ დროს კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა მომიყვანონ მაგალითი და მე დავაკონკრეტებ, რატომ მოვიქეცი იმ შემთხვევაში ცინიკურად თუ ირონიულად. თუ დააკვირდებით, საქართველოში ცუდ რაღაცაზე უფრო აკეთებენ აქცენტს, ვიდრე კარგზე. ერთი შეცდომა რომ დაუშვა, იმაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, თუ ეთერში ერთ უწმაწურ სიტყვას ვიტყვი, მაშინვე ვრცელდება და ყურადღება ექცევა.
– თუმცა, უნდა აღიარო, რომ შენი გამოჩენა, კომენტარები თუ ფრაზები, ხშირად სკანდალურია და ამის გამო ხარ მუდამ ყურადღების ცენტრში.
– კი ბატონო, ვაღიარებ, მაგრამ, ამას არ ვაკეთებ სპეციალურად. ისეთი ვარ, როგორიც ვარ, არასდროს ვთამაშობ, ბუნებრივად ვარ ასეთი და, ამას ხალხი სკანდალს დაარქმევს თუ სხვა რამეს, ეს მათზეა დამოკიდებული. ეს გარკვეულწილად ერთგვარი ფიარ-კამპანიის ნაწილია და საზოგადოება თვითონ ქმნის სპილოს ბუზისგან. სიმართლე რომ გითხრა, მსგავსი რაღაცეები საერთოდ არ მაღელვებს. როდესაც ყმაწვილი ვიყავი, დაახლოებით ათი წლის წინ, ეს საშინლად მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არ უნდა ავყვე ჭორებს და ყველაფერი უნდა „გავატარო” – ეს რეფლექსი თავისით გამომიმუშავდა. ყველა უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ ნერვებს. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვიყურები, არაფერი არ მაღელვებს. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ამ ყველაფერს ძალიან განიცდიან. ყველას ვურჩევ, რომ ყურადღება არ მიაქციონ. ნორმალურ ადამიანს არასდროს მოუნდება, რომ გაგლანძღოს.
– და, ბოლოს, შენი სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევი.
– როგორც უკვე გითხარი, ძალიან მალე გამოვა კლიპი, რომელიც იქნება უპრეცედენტო შემთხვევა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით, დანარჩენს კი კლიპის გამოსვლის შემდეგ მაყურებელი შეაფასებს. იმედია, მოეწონება ჩემს მსმენელს. ამას გარდა, რაღაც-რაღაცეებზე ვმუშაობ და, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. უმოქმედოდ გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია პასიურ მდგომარეობაში. ისე, დაგეთანხმები და, რაღაც სიახლე მესაჭიროება, აუცილებლად დავფიქრდები ამაზე.