რა პროცესები ელის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შემოდგომაზე და როგორია პრემიერ-მინისტრის ფსიქომატრიცული სქემა
მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას მალე ლონდონში გეგმავს, ქართულ პოლიტიკურ პროცესებსა და ასპარეზზე გამოჩენილ ახალ პოლიტიკურ სახეებს მძიმე და მაღალი ტემპერატურის შემოდგომას „უწინასწარმეტყველებს”. როგორც ის აცხადებს, ქართული საზოგადოება სამყაროს ძირეულ კანონებს არღვევს, რაც დაუსჯელი არასდროს რჩება.
მალხაზ გველუკაშვილი: უახლოესი თვეები ქართული პოლიტიკისთვის ძალიან რთული იქნება, დუღილის ტემპერატურა შემოდგომაზე ძალიან მაღლა წავა. ქართულ პოლიტიკაში კარგი არაფერი ხდება – ეს არის ციხის ტალღაზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რატომღაც დაიჯერა, რომ ხალხმა მათზე გააკეთა არჩევანი. ის ავიწყდებათ, რომ ხალხს ალტერნატივა არ ჰქონდა და იმიტომაც აირჩიეს ისინი. რაც დღეს ხდება, იგივეს გაგრძელებაა, რაც იყო უახლოეს წარსულში, ოღონდ ბევრად უფრო მშვიდობიანი ფორმით. რა შეიცვალა ამ თვეებში? პარლამენტი იმ ხალხით არის სავსე, ვინც ძველებთან ერთად ხრწნიდა ამ ქვეყანას. ისინი ერთსა და იმავე ამოცანას ასრულებენ. არც ის დაგვავიწყდეს, რომ შავბნელი პროცესები არც სააკაშვილის მმართველობის პირველ წელს ხდებოდა, მთავარია, ქვეყნისთვის რა კეთდება. აქ საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ. მე არავისთვის მითხოვია ციხიდან გათავისუფლება, უდო შემეხო. შეიძლებოდა მათაც გამოვეშვი ვადაზე ადრე, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა – მე მაინც გამოვიდოდი, მთავარია ქვეყანაში შეცვლილიყო რამე. ჩემთვის ქვეყანაა მთავარი, „ნაცია“ თუ „ოცი“, სულ ერთია. მე არავის დასჯას არ ვითხოვ, ცხოვრებაში არ მომითხოვია, მაგრამ როცა იჭერენ წვრილფეხობას ქვედა საფეხურებში, „ზემოთ” მარტო ახალაია იყო დამნაშავე? არ იყო იმის საშუალება, რომ სასამართლო შეეცვალათ? ხუთი უკანონოდ გასამართლებული კაცი რომ იყოს ევროპაში ან ამერიკაში, იქ სასამართლო სისტემას მთლიანად შეცვლიან. ორასი კაცი არ იყო საკმარისი კუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის? საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში იმუნიტეტი იცავს ყველას და ყველაფერს, გარდა უბრალო ადამიანებისა.
– თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია გასაგებია, მაგრამ როგორ აიხსნება ეს პროცესები მეტალოგიკური კანონებითა და სქემებით, რომელზეც თქვენ წლებია, მუშაობთ?
– მე ვხედავ ბევრ ისეთ რამეს, რაც საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. ეს პროცესი მარტო საქართველოში არ მიდის. ეს პროცესები ახალი, ზესახელმწიფოს შექმნას ემსახურება, რომლის მიზანიც დაჩლუნგებული, განადგურებული კაცობრიობა და ყველა ის უბედურებაა, რაც ირგვლივ ხდება. ეს დიდი ხნის წინ დაწყებული ამბავია – ის, რაც ვერ გააკეთა ძველმა, ახალმა უფრო მშვიდად უნდა აკეთოს, მაგრამ ეს არ გამოსდის. ხალხის პროტესტი იზრდება და იზრდება. ხალხმა, ასე თუ ისე, იგრძნო საკუთარი ძალა და ახლა ასე ადვილად არ დათმობს. ჩვენ ვარღვევთ სამყაროს ყველა იმ კანონს, მათ შორის ფაქიზი ვიბრაციების, აზრის გრავიტაციის კანონს, არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური გაგებით, რაც ბუნებაში არსებობს. სამყაროში აზრი და ქცევა ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. ჩვენ მიერ ნასროლი ბოროტება და ყველანაირი უბედურება ჩვენვე გვიბრუნდება ათმაგი ძალით – არაფერი იკარგება და პასუხგაუცემელიც არაფერი რჩება. თუ ადამიანის მიერ შეთითხნილი კანონი არ იკანონებს, სამყაროსგან მიიღებ პასუხს. იმიტომაც არის დღეს ამდენი კატაკლიზმები, რასაც მსოფლიოს უდიდესი მეცნიერებიც ამტკიცებენ. ამერიკელი და ევროპელი დოკუმენტალისტები კი ამ პრობლემებს ფილმების მთელი სერიებს უძღვნიან. დღეს ჩვენთან, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ძალიან დიდ პრობლემად გვექცა ჰომოსექსუალთა თემა, რაც ნამდვილად არ არის შემთხვევითი. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ. ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: „რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”. დიახ, „ვისაც ყური აქვს, ისმინოს”... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა: მორალი, ზნეობა და მას ვერავინ გაექცევა. ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე – უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი, მსოფლიურის, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობის ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი. სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი – წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი...) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი. საიდან? ნუ მკითხავთ, დაჯერება თქვენი ნებაა.
– ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი სახეები გამოჩნდნენ, მათ შორის უკვე გვყავს პრეზიდენტობის კანდიდატებიც, როგორია მათი ფსიქომატრიცული შინაარსი?
– ისინი, ვინც დღეს პოლიტიკოსობას იბრალებენ, არ აქვთ საზოგადოების ხედვის უნარი, რაც პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ათწლეულებში საზოგადოებაში ლავირება ყველაზე კარგად ედუარდ შევარდნაძეს გამოსდიოდა, რომელსაც ძლიერი ინტუიცია ჰქონდა. დღეს ამის სერიოზული ნაკლებობაა. უახლოეს პერიოდში, ალბათ, გამოჩნდება პრეზიდენტობის სხვა, ძალიან საინტერესო ახალი კანდიდატი, რომელიც ჯერ არავისთვისაა ცნობილი. მაგრამ, თუ სიტუაცია აირია, ამ ეტაპზე ვერავინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. ამიტომაც ვამბობ, რომ წინ მძიმე შემოდგომა გველის. 2013 წელი მძიმეა პრემიერ-მინისტრისთვის, ის ფსიქომატრიცის თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა, ძლიერი ლოგიკით, მკაცრი ფსიქიკითა და ცხოვრების ხაზით და სკურპულოზურობით. ის უფრო კარგი დამგეგმავია, ვიდრე – შემსრულებელი. მან როგორმე უნდა გადალახოს ეს წელი. პრემიერის წლევანდელი რიცხვი ემთხვევა 16-ს. ეს თან მძიმე საკრალური რიცხვია, თან – კარგი... მძიმე პოზიციით – უძველესი კანონებით ეს რიცხვი ნგრევასთან არის დაკავშირებული. თუ პრემიერმა დაუშვა შეცდომები, თვითონაც გაჰყვება ამ წელს. თუ არ დაუშვა, კიდევ ექნება შანსი. შეცდომა იყო პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება. ორი დღის განმავლობაში, იმდენი შეცდომა დაუშვა თავის გამოსვლებში, ეს უკვე ცუდად დაწყებას ნიშნავს. თუნდაც მის მიერ ნათქვამი ფრაზა ავიღოთ: საზოგადოებამ უნდა დამიჯეროს მე და უნდა დაუჯეროს ალიანსსო. არავის აქვს უფლება, საზოგადოებას უთხრას, უნდა დამიჯეროო. შენ უნდა დამარწმუნო, რომ მე დაგიჯერო. თუ ვერ გიჯერებ, ეს ნიშნავს, რომ ვერ მარწმუნებ. ეს კი შენი პრობლემაა – ან ცდები, ან იტყუები. გიორგი მარგველაშვილი ექსტრემალური ხასიათის კაცია, თუ არ „მიაწვები,” ის არ „მოგაწვება”, თვითონ პირველი არ დაიწყებს შეტევას. მას მატრიცაში არ აქვს ციფრი – 2, რაც ნიშნავს, რომ არ იცნობს ადამიანებს, არ აქვს სრულყოფილი დიაგონალი, ანუ, არ არის შემსრულებელი და არც განსაკუთრებული ტალანტით გამოირჩევა, იმის მიუხედავად, რომ ძლიერი მეხსიერება აქვს. მისი შინაგანი სამყარო კეთილია, მაგრამ ვინაიდან მატრიცაში არ აქვს დიაგონალური კვეთები, მათემატიკური, ზუსტი ინტელექტუალური აზროვნება არ გააჩნია.
– როგორი იქნება უახლოესი თვეები?
– მძიმე. სიტუაცია იქამდე მიდის, რომ საზოგადოებაში დიდი კატაკლიზმები მოხდება. ცუდად დაამთავრებს პრეზიდენტობას მიხეილ სააკაშვილი. მე ვამბობ რეალობას, რომ მოხდება გაუთვალისწინებელი პროცესები, რაც შეიძლება გაგრძელდეს წელიწად-ნახევარი. ეს მძიმე იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც ახალ ეტაპზეა გადასული. წელს ის რადიკალურად სხვანაირი იქნება, ვიდრე იყო წინა პერიოდში. წელს ჩვენი საზოგადოების ბედისწერის რიცხვია 10, რაც ერთი მხრივ ნიშნავს, რომ იმძლავრებს სულიერი საწყისები, მეორე მხრივ კი, საზოგადოება, რომელიც უკვე ძალიან მკაცრია, დგას ბედისწერის ბორბალზე და ცვლილებებს ელის.