კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უიღბლობის პოზიტივი

ჯეიმს დევიდსონი, საკმაოდ კარგი ბიოგრაფიის მქონე ადვოკატი, თავის კლიენტს, არლინ რაიანს თითქმის ბავშვობიდან იცნობდა. ჯეიმსი მისი მშობლების ოჯახის ადვოკატი იყო. თუ არლინი შეხვედრაზე აგვიანებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ აუცილებლად რაღაც გაუთვალისწინებელი შეემთხვა. არლინი ხომ მაგნიტივით იზიდავდა უბედურებას. ტექნიკა მის შეხებაზე ფუჭდებოდა; თეატრში, სპექტაკლის მსვლელობისას, დეკორაციები პირდაპირ თავზე ენგრეოდა და რეჟისორებმა მასთან მუშაობაზე უარი თქვეს. იმიტომ არა, რომ არლინი ცუდი მსახიობი იყო. არა! – შესანიშნავად თამაშობდა სრულიად განსხვავებულ როლებს, მაგრამ სპექტაკლები მაინც იშლებოდა უბედური და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო. არლინი ქმარმა, სახელგანთქმულმა რეჟისორმა ჯორჯ ჰოვარდმაც მიატოვა – იმ მიზეზით, თითქოს აღარ შეეძლო მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრება. რეალურად კი, ვიღაც დამწყები, ქერა მსახიობი ქალის გამო დაანგრია ოჯახი. ჯეიმს დევიდსონი ამჯერად არლინის ქმართან განქორწინებას და ქონების გაყოფის ბოლო დეტალებს აგვარებდა. არლინს შეეძლო, ყოფილი ქმრისგან საკმაოდ დიდი დივიდენდები მიეღო, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა და მხოლოდ „ცისფერი კოტეჯი“ დაიტოვა ბაღთან ერთად. წარმატებულ და მაღალშემოსავლიან რეჟისორს  ოცი ასეთი კოტეჯის ყიდვა მაინც შეეძლო, მაგრამ ბოლო წუთს ცოლყოფილისთვის ესეც დაენანა და ადვოკატის გასაოცრად, არლინმა წინააღმდეგობა არ გაუწია.

ორმოცწუთიანი ლოდინი დასრულდა და არლინი დარცხვენილი და დამნაშავის ღიმილით, ადვოკატის კაბინეტში შევიდა.

– ამჯერად რა მოხდა? – ჰკითხა ჯეიმსმა მოუთმენლად.

– ერთი დამწყები მსახიობი არხში ჩავაგდე და კარგად დავასველე.

– არლინ! ეს რა გიქნია. მას შეუძლია, გიჩივლოს.

– არ მიჩივლებს, – გაიცინა არლინმა, – მე ხომ უიღბლო ვარ. არასოდეს არაფერში მიმართლებს. არხშიც კი არ ჩავაგდე, წავბორძიკდი და დავეჯახე. ხომ უნდათ „ცისფერ კოტეჯში“ ცხოვრება, კეთილი ინებონ და არხის წყლის ტემპერატურასაც შეეჩვიონ. ნაგავი, მას ჩემი ჩინური ვარდების განადგურება და მათ ადგილას აუზის გაკეთება აქვს განზრახული. წარმოგიდგენია?! ისევ არ გამიმართლა, მე ხომ ისე შევეჩვიე ჩემს ახალ პროფესიას.

საქმე ის იყო, რომ არლინს, რადგან მას რეჟისორები აღარ იწვევდნენ, უამრავი თავისუფალი დრო გაუჩნდა და იშვიათი ყვავილების გაშენებას მიჰყო ხელი. მოხდა საოცრება, არლინის უიღბლობა ყვავილებზე არ აისახა. პირიქით, მათ შეიყვარეს არლინი და ისე გაიფურჩქნენ, მალე ქალმა ელიტური საყვავილე გახსნა. თაიგულების შეკვრის ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ არლინს სხვა ქალაქებიდანაც კი უკვეთავდნენ სადღესასწაულო ყვავილებსა და თაიგულებს. ახლა მის ბიზნესს განადგურება ემუქრებოდა.

– არლინ, რატომ დაუთმე „ცისფერი კოტეჯი“? ისინი ვერაფერს მიიღებდნენ. ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა. 

ქალმა ერთბაშად მოიწყინა.

– კანონი ჩემს მხარესაა, მაგრამ მე მეშინია, რომ ჯორჯი ჩემ ფიზიკურ განადგურებას შეეცდება.

– შეუძლებელია! – აღმაოხდა ადვოკატს.

– შესაძლებელია. მთელმა კალიფორნიამ იცის ჩემი უიღბლობის ამბავი. ამიტომ, არავის გაუკვირდება, თუ ერთხელაც აგური დამეცემა თავში.

– აჭარბებ, არლინ. შენი ქმარი მკვლელობაზე არ წავა, – თავი გააქნია ჯეიმსმა, – ვერ დავიჯერებ ამას.

– შენ კიდევ არ იცნობ მას. მოკლედ, თუ სიცოცხლე მინდა, კოტეჯი უნდა დავთმო და ასეც მოვიქცევი. ძალიან გთხოვ, არაფერი მოიმოქმედო...

ორი დღის შემდეგ ადვოკატმა, შეშფოთებულმა იმით, რომ არლისგან აღარაფერი ისმოდა, ქალს დაურეკა.

– რა ხდება შენკენ? რატომ არ გამოჩნდი?

– ჩემი ბიზნესის საქმეებს ვაგვარებდი. კოტეჯი ორ კვირაში უნდა დავცალო... გუშინ იყო ჩემთან ბედნიერი წყვილი. ჩემმა ყოფილმა ქმარმა დაზავების ნიშნად, პრემიერაზე დამპატიჟა. თეატრში „რომეო და ჯულიეტა“ დაუდგამს. ახალგაზრდობას იხსენებს და რომეოს თავად თამაშობს.

– წახვალ პრემიერაზე?

– სხვა რა გზა მაქვს?! თანაც, სიმართლე რომ გითხრა, თეატრის სამყარო ძალიან მომენატრა. კულისებში შევძვრები და სცენის სურნელს ჩავისუნთქავ. რა ვქნა, სულით მაინც მსახიობი ვარ.

 – არლინ, ნებას მომცემ, პრემიერაზე შენთან ერთად წამოვიდე?

– თუ ორმოცდაცამეტი წლის რომეოსა და პროვინციელი, იაფფასიანი ჯულიეტას ნახვა ძალიან არ შეგაწუხებს, სიამოვნებით, – გადაიკისკისა არლინმა, – საწყალი ჯორჯ ჰოვარდი. სულ გამოაშტერა იმ ქალმა...

პრემიერის დღეს დევიდსონს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო. მან მანქანის მინიაფთიაქი შეამოწმა, ჰქონდა თუ არა ყველაფერი, გადაუდებელი დახმარებისთვის. ჯიბეში ბრენდის პატარა ბოთლი ჩაიდო და თეატრში მივიდა. არლინი სწრაფად იპოვა. ქალის ჟღალი, აგიზგიზებული თმის ბუჩქი შორიდანვე ჩანდა.

– ო, დევიდსონ. მე კულისებში გავალ და სპექტაკლის დაწყებისთვის დაგიბრუნდები. შეგიძლია, ფოიეში შამპანური მიირთვა. ჯორჯი ხომ არ გინახავს?

– ჰო, შემხვდა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ადვოკატმა... – ჩვენს ადგილას დაგელოდები.

– ნაცნობებს ვნახავ და შემოგიერთდები.

... მაგრამ არლინი არ გამოჩნდა არც სპექტაკლის დაწყებისას და არც მერე. დევიდსონმა ქალი ვერც ანტრაქტზე იპოვა. სპექტაკლი კი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. დეტექტივი ძალიან  გაიტაცა უკანასკნელმა სცენამ, სადაც რომეო ძალიან დამაჯერებლად მოიწამლა, ხოლო ჯულიეტას განწირული ღმუილი აღმოხდა, ხანჯლის მკერდში ჩარტყმისას. დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს, მაგრამ მსახიობები ადგომას არ აპირებდნენ... მერე ვიღაც ქალმა იკივლა კულისებიდან.

... პოლიციის ინსპექტორმა ადვოკატი გვერდზე გაიხმო.

– თქვენი კლიენტი უნდა მოვძებნოთ. ეს მკვლელობაა. საწამლავიც ნამდვილი იყო და, სამწუხაროდ, არლინს შეეძლო რეკვიზიტები შეეცვალა. მას ამის მოტივიც ჰქონდა და საშუალებაც. სად არის?

– არ ვიცი. კულისებში რომ გავიდა სპექტაკლის დაწყებამდე, მას მერე თვალით არ მინახავს...

– უნდა ვიპოვოთ, – თავი გადააქნია ინსპექტორმა.

 დიდი ხნის ძებნის შემდეგ, არლინს ერთ-ერთ მსახიობის, ჯეინ ოლივერის საგრიმიოროში მიაგნეს. შიგნიდან ჩაკეტილები იყვნენ. ჯეინი სპექტაკლში დაკავებული არ იყო და არლინი თავისთან დაპატიჟა საჭორაოდ. არლინის უიღბლობამ ამჯერადაც იჩინა თავი და კარის საკეტი მთლიანად ჩაიშალა. არც ერთს და არც მეორეს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა მოხდა თეატრში. არლინს ხელები დაწითლებული ჰქონდა კარზე ბრახუნით.

– მის ჯეინ, თქვენ ადასტურებთ, რომ მის არლინი კულისებში შემოსვლისთანავე გამოგყვათ და სულ თქვენ გვერდით იყო? – ჰკითხა ინსპექტორმა მსახიობ ქალს.

– დიახ, რა თქმა უნდა...

... მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯორჯ ჰოვარდმა და მისმა ახალმა ცოლმა ერთმანეთი თავიდან მოიშორეს. რეკვიზიტები მათ თავად შეცვალეს. ერთმანეთისგან მალულად მკვლელობის გადაბრალება არლინისთვის უნდოდათ. მოტივიც ამიტომ შეთითხნეს – „ცისფერი კოტეჯი“, თორემ რისთვის სჭირდებოდათ ორი, ნახევარმილიონიანი ვილის პატრონს დაფხავებული კოტეჯი? ჰოვარდის საგრიმიოროში არლინის ბაღში სამუშაო ხელთათმანიც იპოვეს, რომელიც რეჟისორმა „ცისფერ კოტეჯში“ ბოლო ვიზიტისას მოიპარა. ვითომ არლინს ხელთათმანი საგრიმიოროში მაშინ დარჩა, როცა იქ ხანჯლის შესაცვლელად შევიდა. ჰოვარდს ყელში ჰყავდა ამოსული ახალი ცოლი, ღალატობდა მას, მაგრამ ვერ ეყრებოდა საქორწინო კონტრაქტის გამო. უპრეტენზიო არლინისგან განსხვავებით, პროვინციელ „მადონას“ საკმაოდ კარგი მადა აღმოაჩნდა... მეუღლეები ყოველდღიურ სკანდალებს უკვე საჯაროდაც აწყობდნენ. ჰოვარდის სიკვდილის შემდეგ, მისი ქვრივი მთელი ქონების ერთადერთი მემკვიდრე ხდებოდა. შექმნილმა გარემოებამ კი ჰოვარდის ყოფილი ცოლი, არლინი აქცია ერთადერთ მემკვიდრედ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არლინის უიღბლობამ გაამართლა...

скачать dle 11.3