სამეფო კარის საიდუმლოება
საინტერესო, სათავგადასავლო ამბავი თუ სამეფო კარის დიდი საიდუმლო, რომელსაც ჩვენს დროშიც კი ვერ აეხადა ფარდა?! ადამიანი რკინის ნიღაბში – პატიმარი, რომელიც მუდმივად გადაჰყავდათ ციხესიმაგრიდან ციხესიმაგრეში, თანაც მუდმივად ერთი და იმავე ბადრაგის თანხლებით, უამრავი რომანისტის, რეჟისორის, ისტორიკოსისა თუ ჟურნალისტის შთაგონების წყარო გახდა... დიუმასთვის და კიდევ ბევრისთვის ინკოგნიტო პატიმარი მეფე ლუდოვიკოს ტყუპისცალი ძმა იყო. თუმცა... 1751 წელს ვოლტერმა გამოსცა წიგნი „ლუდოვიკო მეთოთხმეტის საუკუნე“. ვოლტერი მაშინ ემიგრაციაში იმყოფებოდა. ამ წიგნში ვოლტერმა „რკინის ნიღაბის“ სენსაციური სიმართლე მოყვა სწორედ ანა ავსტრიელის შვილზე, რომელიც მას ერთ-ერთი საყვარლისგან შეეძინა და ის ლუდოვიკოს უფროსი ძმა იყო.
1665 წლიდან საიდუმლო პატიმარი პინეროლის ციხესიმაგრეში გამოკეტეს ესტაშ დოჟეს სახელით. ის პირადად ციხის კომენდანტის მუშკეტერის, დე სენ მარის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სენ მარი ლუდოვიკოს დარტანიანმა ურჩია. ამ ციხეში საკმაოდ საპატიო პატიმრები ჰყავდათ: იაკობინელი ბერი და რივიერი, რომელიც ჯაშუშ დიუბრუის ხელშეწყობისთვის დააკავეს. ასევე, გრაფი მატიოლი, ყოფილი მინისტრი ფუკე და გრაფი ლოზენი.
„რკინისნიღბიან“ პატიმრად ზოგჯერ მოიაზრებოდნენ მინისტრ ფუგუსაც, რომელიც საკმაოდ უცნაური სიკვდილით აღესრულა 1680 წელს და ლუდოვიკო მეთოთხმეტის მეუღლის, მარია ტერეზას მსახურ ზანგს (საყვარელს).
უფრო ორიგინალური და საინტერესო, ასევე, სკანდალურია ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რკინის ნიღბის“ ქვეშ შესაძლოა, ყოფილიყო რუსეთის მეფე – პეტრე პირველი. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მეფის ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, იქიდან რუსეთის მეფის ორეული – თვითმარქვია დაბრუნდა.
1703 წლის 20 ნოემბერს პარიზში, წმიდა პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს პატიმარი ბასტილიიდან, ეს იყო „რკინის ნიღაბი“. პატიმრის იდენტიფიკაცია რომ არ მომხდარიყო, მას თავი მოკვეთეს, სახე კი დაუმახინჯეს.
ვერსიას პეტრე პირველის ევროპაში შეცვლის შესახებ, რუსი ისტორიკოსი – დიმიტრი მერეჟკოვსკიც ახსენებს თავის სახელგანთქმულ წიგნში „ანტიქრისტე“. ევროპიდან დაბრუნებული პეტრე მთლიანად შეცვლილი იყო, როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათით და მენტალობით. ძნელად ლაპარაკობდა რუსულად და თითქმის ვეღარ სცნობდა ახლობლებსო. ნამდვილი პეტრეს და – სოფია მიხვდა, რომ ძმა შეუცვალეს. მან ააბუნტა მსროლელთა გვარდია, მაგრამ ეს ბუნტი მალე ჩაახშეს. სოფია ჩამოახრჩეს. პეტრე პირველის კანონიერი მეუღლე კი მონასტერში გამოკეტეს.
ამ ახალი ვერსიის თანახმად, ნამდვილი პეტრე იეზუიტების ტყვე იყო. სწორედ მათ დაუფარეს სახე რკინის ნიღბით, მერე კი ბასტილიაში გადაიყვანეს. ეს ამბავი იცოდა შვედეთის მეფე კარლოს მეთორმეტემაც, რომელმაც თვითმარქვიას წინააღმდეგ ომი დაიწყო და დამარცხდა. ფაქტია, რომ პეტრე პირველი რუსეთში ფრანგულ პოლიტიკას ატარებდა. მან სამეფო კარი იეზუიტებით გაავსო. სტილი მთლიანად ფრანგული გახადა და მთელი რუსეთის დიდგვაროვნები ყავის სმას დაეჩვივნენ...