ყველა კაცი ერთნაირია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N12-20(646)
„კეთილი“ რჩევები
ქეთიმ გამბედაობა მოიკრიბა და მძიმე, შემინული კარი შეაღო. პირველი, რაც დაინახა, თიკოს უსაშველო მოკლე კაბიდან მოქათქათე, მრგვალი მუხლისთავები და გრძელი წვივები იყო. ამ უმნიშვნელო „დეტალებმა“ ისე დააფრთხო, რომ კინაღამ უკან გამობრუნდა.
– ვინ გნებავთ? – თიკოს თავაზიანმა შეკითხვამ და საგანგებოდ მომარჯვებულმა ღიმილმა ხომ საერთოდ დაუკარგა განზრახვის სისრულეში მოყვანის სურვილი და ისიც აფიქრებინა, რა სულელი ვარ, ნატოს როგორ დავუჯერეო...
– რით შემიძლია, დაგეხმაროთ? – თიკოს მზერამ და ხმამ თანაგრძნობის „ელფერი“ შეიძინა.
– მე ვახოსთან მივედი, – როგორც იქნა, წარმოთქვა ქმრის სახელი.
– ბატონ ვახტანგთან? გელოდებოდათ? რა ვუთხრა, ვინ გეწვიათ-მეთქი? კლიენტი ბრძანდებით ჩვენი თუ...
– ვახოს მეუღლე ვარ, ანუ ცოლი... – ერთი ამოსუნთქვით წარმოთქვა ქეთიმ და თითქოს გულზეც მოეშვა.
თიკო მექანიკურად წამოდგა და გაბადრული მისკენ გაემართა.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ძალიან სასიამოვნო. არ ვიცოდი, ბატონ ვახოს ასეთი ლამაზი ცოლი თუ ჰყავდა. ახლავე დავუძახებ... თუმცა, მობრძანდით, აი, აქ არის მისი ოთახი... – თიკო დაფაცურდა. დაბნეული და გაწითლებული ოთახის კარს ეცა, შეაღო და ქალიც მიიპატიჟა. ვახო უკვე ზღურბლზე იდგა და ცოლს გაშტერებული შესცქეროდა.
– იცი, აქეთ ვიყავი და შემოვირბინე. უცებ გამახსენდა, რომ ერთხელაც არ ვყოფილვარ შენთან. ხომ უნდა მცოდნოდა, სად მუშაობ.
ვახომ ამოიოხრა და თვალები მოჭუტა. სახეზე კი უკმაყოფილება გამოსახა.
– კარგი. შევიდეთ ჩემთან, თუ გინდა, ოფისის მთელი ტერიტორია დაგათვალიერებინო?! ხომ უნდა იცოდე, რომელ კუთხე-კუნჭულში რა ხდება.
ქეთი მიხვდა, რომ ვახო გააღიზიანა მისმა მოულოდნელმა ვიზიტმა.
– წავალ... გნახე და...
– არა, წამოდი, – ვახომ ხელი მოჰკიდა ცოლს და კაბინეტისკენ გაიყოლა.
– ყავას ხომ ინებებთ? ძალიან კარგი ყავა გვაქვს.
– გმადლობ, თიკო. მაგრამ აჯობებს, შენს საქმეს მიხედო, – ქეთის მაგივრად გასცა პასუხი ვახომ. ცოლი წინ გაუშვა და ოთახის კარი ზურგს უკან ხმაურით მიიხურა.
თიკომ ცოტა ხანს ადროვა, მერე პირდაპირ ბიჭებთან შევარდა ხელების ქნევით.
–იცით, აქ ვინ არის? ვინ მოვიდა?!
ზუკამ და გიგიმ ზანტად მოიხედეს გოგოსკენ. ლაშას საერთოდ არ მოუშორებია მზერა მონიტორისთვის. თიკოს აღფრთოვანებას „ცივი წყალი“ გადაესხა.
– რა უცნაური ხალხი ხართ. მართლა არ გაინტერესებთ, ვინ მოვიდა? მართლა, თუ ჩემს გასაბრაზებლად გაქვთ ასეთი გულგრილი გამომეტყველება?.. ვახოს ცოლია აქ.
– ქეთი მოვიდა? – გიგიმ მხრები აიჩეჩა, – მეც ვიფიქრე... რა არის მერე ამაში განსაკუთრებული.
– შენ რა, იცნობ? – თვალები გაუფართოვდა თიკოს.
– დავუშვათ... მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. იმასაც ვერ ვხვდები, ასეთი რეაქცია შენ რატომ გაქვს.
თიკო დაიჯღანა და ენა გამოუყო.
– საზიზღარი ხარ. ჩემი რეაქცია ბუნებრივია. აი, ვახოსი კი ნამდვილად უცნაური იყო.
– ჰო? მაინც რანაირი? – გაიპრანჭა გიგი.
– მგონი, გაბრაზდა, ცოლმა რომ მოაკითხა. ყავა შევთავაზე და შენ საქმეს მიხედე, ნუ შეწუხდებით. ვითომ რატომ შევწუხდებოდი?!
– რას ერჩი. ადეკვატური საქციელია. რომელ კაცს მოეწონება, ცოლი სამსახურში მოულოდნელად რომ წამოადგება თავზე.
– რა უცნაური ხარ... „წამოადგება“ რა სიტყვაა. შემოიარა ადამიანმა, უბრალოდ, რა არის ამაში განსაკუთრებული?
– ქალები ისე, უბრალოდ, არაფერს აკეთებთ. ამის გამოცდილება კი მაქვს, – ჩაიცინა გიგიმ.
ზუკამ ამოიოხრა.
– შენ რაღას ოხრავ მანდ? – მიუბრუნდა თიკო ბიჭს და შეუბღვირა, – დარწმუნებული ვარ, ამ ვაჟბატონს ეთანხმები.
– არაფერსაც არ ვეთანხმები. მე ნაკლები გამოცდილება მაქვს ამ საქმეში. ცოლი ლაშას ჰყავს და მაგასთან ჩაატარე ინტერაქტივი.
თიკომ ტუჩები გაბუსხა.
– საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი. არც ერთის. დიახ! მხოლოდ იმის სათქმელად შემოვედი, რომ ძალიან მომეწონა.
– ვინ, ვახოს ცოლი?
– ვინ, ვახოს ცოლი, – გამოაჯავრა თიკომ გიგის და ენა გამოუყო, – ლამაზიც არის და ჭკვიანიც.
– ნუ, კარგი... ვიზუალური ეფექტი კიდევ შეიძლება გავიგო, მაგრამ ჭკვიანია, თუ სულელი, ამის გაგება როგორ მოასწარი ორ წუთში.
– ადამიანს რომ შეხედავ, ეტყობა. არ უნდა ამას ორ-სამსაათიანი დაკვირვება.
– თიკო, ერთ კეთილ რჩევას მოგცემ, თუ გინდა შეფს აამო, სულაც არ არის აუცილებელი, მის ცოლს ხოტბა შეასხა. მით უმეტეს, თუ ამას უნიჭოდ და საჩვენებლად აკეთებ, ანუ „პაკაზუხურად“ – შენთვის გასაგებ ენაზე.
თიკო გაწითლდა. უნდოდა, გიგისთვის საპასუხოდ რაღაც ეთქვა, მაგრამ ერთბაშად შეტრიალდა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა.
ზუკამ თავი გადააქნია.
– რას აკანტურებ მაგ თავს... – დასცინა გიგიმ, – ეს რომ ასეთი გაღიზიანებულია, შენ ხარ დამნაშავე.
– მე? ხომ არ გაგიჟდი. მე რა შუაში ვარ. ახლა მე მომდექი...
– აბა, მე ხომ ვერ დავუკმაყოფილებ სექსუალურ მოთხოვნილებებს, დაკავებული ვარ, – თავი მოისაწყლა გიგიმ – ნინის ვერ ვუღალატებ.
– აუჰ, გადავირიე შენი ერთგულებით. არ გრცხვენია მაინც, ასე უსინდისოდ რომ დებ თავს ერთგულებაზე?!
გიგის არ სწყენია. უფრო ზუკას მოულოდნელმა აფეთქებამ გააკვირვა.
– რა გაყვირებს?! ვიხუმრე. ერთი თიკოც გვეყოფა ხუმრობაზე აცრილი. თუმცა, ვხვდები... გეტყობა, იმ ქალს აღარ შეხვედრიხარ და განიცდი.
– ჰო. არ შევხვედრივარ. ორი დღეა, თავს ვიკავებ. მესიჯებზე არ ვპასუხობ, ინტერნეტისკენ არ გამიხედავს და ლამისაა გავგიჟდე.
– რა გაგიჟებს? გადაგივლის ორ-სამ დღეში.
– როგორ ადვილად ლაპარაკობ? თუმცა, შენ რა გენაღვლება. საქმე საათივით გაქვს აწყობილი. მე კი ყოველთვის პრობლემებს ვიზიდავ.
– იმიტომ, რომ შენ თვითონ გინდა ეს. მშვენივრად იყავი ქალთან. რა აუცილებელი იყო, მის მიმართ თბილი გრძნობები გაგჩენოდა.
– ისე ამბობ, თითქოს ეს ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული.
– აუ, გადამრევ ახლა. აბა, ვისზეა დამოკიდებული?! კაცები ქალისგან იმით განვსხვავდებით, რომ ემოციებს არ ვყვებით და პრაგმატულად ვაზროვნებთ.
– ეგ მითია. როგორ უნდა გამოვრიცხო ემოცია, არ მესმის.
– ჩემს „კეთილ“ რჩევებს უნდა დაუჯერო.
– ვიცი, მე შენი „კეთილი“ რჩევები. ღადაობისთვის თემებს ეძებ და გინდა, მეკაიფო.
– არავითარ შემთხვევაში? შენ ჩემი მეგობარი ხარ. სხვათა შორის, მე თიკოსთან დაკავშირებითაც არ ვხუმრობ. კარგი გოგოა. ნუ, ცოტა ხუშტურიანია, მაგრამ რომელ ქალს არ აქვს ხუშტურები?! თანაც, კაცი რომ ეყოლება გვერდით გარანტირებულად, გაუვლის.
ლაშა მოულოდნელად ჩაერია ლაპარაკში.
– ისე, თიკო მართლა კარგი გოგოა... თუ მოსწონხარ კიდეც... შენი საქმის თავად იცი, მაგრამ მე ვიფიქრებდი...
– აუ, შენ ვისზეც იფიქრე, სახლშიც გყავს. მომეშვით, რა, ვერ ვიტან სამსახურში ასეთ რაღაცეებს. დაანებეთ თავი თიკოს და დამასვენეთ მეც. არც ეგ შენი „კეთილი“ რჩევები არაფერში მჭირდება. გასაგებია?!
– ნუ ყვირი. გასაგებია? ოღონდ, ასეც ნუ იღრინები... სამსახურში მშვიდი და მსუბუქი ატმოსფერო მჭირდება ნორმალური მუშაობისთვის.
– მე საერთოდ არ ვიღებდი ხმას, სანამ შენ არ დაიწყე და საერთოდაც, ბოლო დროს ძალიან ცინიკური გახდი და უცერემონიოდ იგესლები. ეს ერთადერთია, რაშიც თიკოს ვეთანხმები.
გიგიმ გულზე ხელები დაიკრიფა და აპილპილებულ ზუკას სინანულით მიაჩერდა.
– გაგიჭირდება შენ... გულწრფელად მეცოდები.
ზუკამ არაფერი უპასუხა. ჯავრი მობილურზე იყარა, გამეტებით დაანარცხა მაგიდას...
***
... თანამედროვე მამაკაცების უმრავლესობა დიდი სიხარულით დაეთანხმებოდა ძველ ბერძენ ფილოსოფოს ესქილეს, რომელიც სიყვარულს ტაიფუნსა და ქარიშხალზე დიდ საშინელებად მიიჩნევდა. არ აღიარებენ, მაგრამ კაცებს ქალის მხრიდან დიდი სიყვარული აფრთხობთ. სტერეოტიპი, რომ შეყვარებული ქალი ადეკვატურად ვეღარ აზროვნებს და მისი საქციელიც არაპროგნოზირებადი ხდება, საკმაოდ ძლიერია. მით უმეტეს, ქართველ მამაკაცებში. ევროპაში სერიოზული გრძნობა იშვიათია და რაც იშვიათია, შესაბამისად, ძვირფასიც ხდება. ჯობია, ქალი სიყვარულზე არ გამოიწვიოთ! – ფიქრობს მამაკაცი და „თავს იცავს“ ბანალური მეთოდით – არაფერს ჰპირდება ქალს, რომელიც მის მიმართ გულგრილი არ არის. სასაცილოა, სიყვარულს არაფერში სჭირდება დივიდენდები, არც მაღალფარდოვანი სიტყვები და არც ოქროს კოშკები. შეყვარებული ადამიანი (შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ და არ ვამბობთ, ქალი, რადგან სერიოზული გრძნობა მამაკაცებსაც ესტუმრება ხოლმე) ამ ყველაფრის ილუზიას თვითონვე იქმნის, პარტნიორის დაუხმარებლად.
რაც შეეხება ოჯახურ სიმყუდროვესა და საიმედო თავშესაფარს – ქალებზე მეტად მამაკაცებს სჭირდებათ. დიდი ხანია, დამტკიცებულია, რომ დაქორწინებულ მამაკაცს გაცილებით ნაკლები პრობლემა აქვს როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ისე ფინანსურ საკითხებში. ერთადერთი, რისი პრობლემაც იჩენს ხოლმე თავს, მამაკაცების მრავალფეროვნებისკენ სწრაფვაა. თუმცა, შეყვარებული ქალი ღალატსაც კი ადვილად აპატიებს და გამამართლებელ მიზეზსაც თავად თხზავს.
მამაკაცს, ქალისგან განსხვავებით, არ შესწევს უნარი თავისი ემოციური ფონი სწორად გაანაწილოს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მარტოხელა ქალები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ გათხოვილ ქალებთან შედარებით. ეს სტატისტიკა მამაკაცებში საპირისპიროს აჩვენებს. რა გამოდის? ქმრები ანერვიულებენ და სიცოცხლეს უმოკლებენ ცოლებს, მაშინ, როცა ცოლები – უხანგრძლივებენ, უვლიან მათ და ანებივრებენ...
***
ქეთი დასჯილი და შერცხვენილი ბავშვივით იჯდა ქმრის კაბინეტში და თავს მაღლა ვერ სწევდა. ვახომ ერთხანს ჩუმად უყურა ცოლს, მერე დაღლილი ხმით ჰკითხა.
– აჰა, აქ ხარ. რა გააკეთე ამით?
– ვერ გავიგე ამ შეკითხვის შინაარსი. უბრალოდ გამოვიარე-მეთქი, ხომ გითხარი. რა, უნდა გამეკეთებინა?
– ქეთი... მოდი, გულახდილები ვიყოთ. ვერ ვიტან იდიოტურ, არაფრის მომცემ თამაშებს. ეჭვიანობ ჩემზე?
ქეთი არ იყო მზად საკითხის ასე პირდაპირი დასმისთვის და დაიბნა.
– რა სისულელეა, რატომ უნდა ვეჭვიანობდე?
– ჰო. მეც სწორედ ეგ მაინტერესებს, რატომ უნდა ეჭვიანობდე? რამეს მამჩნევ? ჩემს საქციელში რამე არ მოგწონს? ვინმემ გამოგიტენა თავი სისულელეებით თუ რა ხდება?!
– არაფერი არ ხდება. მართლა... – ქეთის ხმა აუკანკალდა, – არ მეგონა, ასე თუ გადაირეოდი, თორემ ფეხს როგორ მოვადგამდი აქ.
– არ ვირევი, ქეთი... ნამდვილად არ ვირევი... მინდა, შენი აქ მოსვლის ჭეშმარიტი მიზეზი გავიგო. მარტო მე არ მჭირდება ეს, შენც გჭირდება. ორივეს გვჭირდება... ჩვენს ოჯახს სჭირდება...
ქეთიმ ამოიოხრა.
– მართლა მაინტერესებდა, სად მუშაობ. გეფიცები...
– ქეთი, ძალიან გთხოვ... ამდენი ხანია, ერთხელაც არ გამოგივლენია ასეთი ინტერესი. რაღა მაინცდამაინც ახლა?
– ჰო, ცოტას ვეჭვიანობ და ეს ბუნებრივია. ადამიანი როცა გიყვარს, ცოტა უნდა იეჭვიანო კიდეც, ნორმალურია.
– და არ ენდო, ხომ?! მე შენ გენდობი.
– მართლა? იმიტომ, რომ ზუსტად იცი, სად დავდივარ, რას ვაკეთებ, ვის ვხვდები, რით ვსუნთქავ...
– შენ რა, არ იცი?
– არა. კვირაში ორჯერ მაინც მოდიხარ კლინიკაში და ხედავ, რა გარემოში ვარ. მხოლოდ ქალები... ქალები... ქალები...
– ქეთუშ, ნამდვილი ბავშვი ხარ, – გაიცინა ვახომ, – აღარც კი ვიცი, რა გითხრა.
ქალს თვალები გაუბრწყინდა.
– ესე იგი, აღარ მიბრაზდები?
– არა. წამოდი, ჩემებს გაგაცნობ.
ქეთიმ შეჰკივლა. ქმარს ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
„კეთილი“ რჩევა: მამაკაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალებს საერთოდ არ შეუძლიათ ლოგიკური აზროვნება. თურმე, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს აძლევთ ქალების საყვარელი, უწყინარი ფრაზები: „მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა. იმიტომ, რომ ვგრძნობ“; „მე ვგრძნობ, რომ ასე უკეთესი იქნება!“
მოდი, ვიყოთ გულახდილები. გულახდილობა საჭიროც არის და სასარგებლოც. ეკონომიკის კანონებით, მამაკაცური ლოგიკა გაცილებით ძლიერია. მაგრამ ქალები რატომ აღწევენ უკეთ მიზანს? თანაც, გაცილებით ეფექტურად. ნუთუ მარტო იმაშია ქალური სისუსტე, რომ ქალმა კაცურად ლაპარაკი არ იცის? მაგალითად, თუ ვიტყვით: „მსჯელობიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, ასევე სიტუაციის ობიექტური გათვალისწინებით, ასე გაცილებით უკეთესი იქნება“, – მაშინ მამაკაცი როგორც თანასწორს, ისე შემოგვხედავს... მაგრამ, გვჭირდება კი მათი აღიარება?! თუმცა კიდევ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც კავშირში არ არის სტერეოტიპთან. მამაკაცის გულის მოსაგებად, არ უნდა ილაპარაკო მასთან შენს გრძნობებსა და მომავალზე. ისინი ამას ვერ იტანენ (ვერც იგებენ ადეკვატურად), მით უმეტეს, თუ რამე დაასწარი და მასზე ადრე თქვი იმ კონკრეტულ საკითხზე, ძალიანაც რომ მოსწონდეს, ვერაფრით დაითანხმებთ... არავითარი ზედმეტი შეკითხვა და საერთოდ, ქალისთვის მთავარი დიპლომატიის ნიჭია, რომ მამაკაცი საკუთარ ძლევამოსილებაში და ერთპიროვნულ ლიდერობაში დაარწმუნოს. ეს არის ის, რაც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს...
მამაკაცებს ავიწყდებათ ერთი მარტივი ნიუანსი... ადამიანები ცხოვრებაში მარტო ლოგიკით რომ ვორიენტირებდეთ, ვერასოდეს გადავიდოდით ქუჩაზე. საქმეში ყოველთვის ერთვება ინტუიცია. სამწუხაროდ, ყოველთვის არა... სწორედ ქალებს ყველაზე საჭირო მომენტში გვღალატობს ხოლმე ეს, კაცებთან კი, საერთოდაც – ძნელად პოულობს საერთო ენას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში