კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-20(646) 

 

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

– თანახმა ვარ, – ვთქვი მე და გიჟური მზერა მოვავლე კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს.

მდივანმა ტელეფონზე დარეკა და თქვა:

– გურამ, ერთი წუთით ჩამოდი, საქმეზე არიან მოსულები, – მერე ყურმილი დაკიდა და მითხრა:

– ახლავე, ბატონო, თანაშემწე მოვა და მოგისმენთ.

 ორიოდე წუთის შემდეგ შემოსასვლელის კარი გაიღო და ზღურბლზე გურამი გამოჩნდა, რომელშიც პრაღელი შემკვეთის ამოცნობა არ გამჭირვებია.

„ახლა კი ყველაფერი ნათელია. პრეზიდენტს მისი თანაშემწე და „შავი“ ძმაკაცები უჩალიჩებენ. თავს მოვიჭრი, თუ ეს უბრალო მოტაცება არ იყოს ფულის გამოძალვის მიზნით“, – გავიფიქრე გუნებაში, გურამს კი ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი:

– ერისკაცი ვარ, უეროვნულესი პროექტი მაქვს ქართველთა შობადობის გაზრდის სფეროში და ათი მილიონი ევროს ინვესტიცია მჭირდება.

გურამს ეგონა, სერიოზული კლიენტი იყო მოსული და საქმიანი განწყობით შემოვიდა, მაგრამ, გიჟს რომ წააწყდა, ჯერ იქ შეკრებილებს შეხედა, შემდეგ კი მდივანს, მაგრამ, იმან ანიშნა, რომ არ გავეღიზიანებინე და, ამიტომ, ზრდილობიანად მითხრა:

– თქვენი სახელი, ბატონო?

– ქაიხოსრო ერისკაცელი. ჩემი ძველი გვარი გვირისტიშვილია, მაგრამ, ერისკაცელი უკეთ ჟღერს და, გთხოვთ, მომავალში, როდესაც დიადი ეროვნული პროექტების განხორციელებას ერთად დავიწყებთ, ქაიხოსრო ერისკაცელად მომიხსენიოთ. შევთანხმდით?

– შევთანხმდით, ბატონო ქაიხოსრო ერისკაცელო, – გამიღიმა გურამმა, – ხვალამდე ბატონი მერაბი არ იქნება. დილის 10 საათზე მობრძანდით, ჩვენს თათბირს დაესწარით და თქვენი ეროვნული პროექტიც მაშინ გაგვაცანით.

– კეთილი, მოვალ, – ვუთხარი გურამს და ვკითხე: – როგორ ფიქრობთ, დააფინანსებს?

– ეჭვიც არ მეპარება, რომ დააფინანსებს. ბატონი მერაბი დიდი პატრიოტია და ეროვნული პროექტებისთვის ყოველთვის გადანახული აქვს თანხები.

– ძალიან კარგი. აბა, ხვალ დილამდე, – გურამს ხელი ჩამოვართვი და წამოვედი.

სახლში რომ დავბრუნდი,  უკვე აბსოლუტურად ზუსტად ვიცოდი, რომ შეკვეთას არ შევასრულებდი, რადგან, რიგით კრიმინალში მონაწილეობის მიღების არანაირი სურვილი არ მქონდა; ასევე, არ მსურდა შეკვეთაში მიღებული ოთხასი ათასი დოლარის დატოვებაც, რადგან, ესეც კრიმინალური ქმედება იყო, მე კი ყოველთვის ვცდილობდი, კრიმინალში არ გავრეულიყავი. ფული რომც არ დამებრუნებინა, რბილად რომ ვთქვა, ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრიდნენ, მაგრამ, მე რიგითი მძარცველი კი არა, „კაგებეს“ პოლკოვნიკი ვიყავი და ასეთ რამეს საკუთარ თავს არ ვაკადრებდი. ამიტომ, შეკვეთის გაუქმების სქემა ჯერ კარგად მოვიფიქრე, შემდეგ კი განხორციელებას შევუდექი. უპირველესად, კარგად შევინიღბე. შემდეგ, გურამს „კუდზე“ დავაჯექი და მისი გადაადგილების მარშრუტები შევისწავლე. ერთი კვირის შემდეგ კი, როდესაც ის თავის ბინაში შედიოდა, თავში პისტოლეტის ტარი ჩავარტყი, გავთიშე და ბინაში შევათრიე.

– გამოფხიზლდი, თანაშემწევ? – ვკითხე რადიატორზე მიბმულ შემკვეთს, როდესაც მან თვალები გაახილა.

– ვინ ხარ და რა გინდა? – კითხვითვე მიპასუხა გურამმა.

– ეს მე უნდა გეკითხებოდე, ვინ ხარ-მეთქი, შე ნაგლო, – ვუთხარი გურამს, – მე ის კაცი ვარ, შენისთანა ნაბიჭვარ უმადურებს რომ ჭკუას ასწავლის. ნუთუ არ გასწავლეს, რომ უმადურობა ცუდია?

– რა უმადურობა?

– თავს ნუ ისულელებ, მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ?

– რას გულისხმობთ?

– თანაშემწევ, არა მარტო უმადურობაა ცუდი, არამედ, სიხარბეც. მერაბმა წუმპიდან ამოგიყვანა და კაცად გაქცია, ფული გაშოვნინა და პერსპექტივა გაგიჩინა, შენ კი მისი მოტაცება შეუკვეთე, რომ მისთვის მეტი ფული გამოგეძალა?

– თქვენ ეს საიდან იცით? – აღმოხდა გურამს.

– მაგას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ შემსრულებელი მკვდარია და მერაბის გატაცებასა და მისთვის ფულის გამოძალვას ვეღარ შეძლებთ. აბა, რას ფიქრობდით, თქვე ნაბიჭვრებო. მერაბი არიფი გეგონათ, ხომ? არადა, შენი პრაღაში ვოიაჟი, შემდეგ კი შემსრულებელთან თბილისში შეხვედრა, რომელსაც შენი ნაბიჭვარი ძმაკაცები აზღვევდნენ, თავიდან ბოლომდე კონტროლის ქვეშ გვქონდა აყვანილი. რა, არ გჯერა?

– რომც არ მჯეროდეს, ფაქტია, რომ თქვენს ხელში ვარ და ესაა იმის საუკეთესო დასტური, რომ სიმართლეს ლაპარაკობთ.

– მიხვდი, ვინ ვარ და ბატონი მერაბის კომპანიის რა სამსახურს წარმოვადგენ?

– რა მიხვედრა უნდა, თქვენ მისი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი ბრძანდებით.

– უფრო კონკრეტულად კი – ამ სამსახურის უფროსი. შე წვინტლიანო, რატომ გეგონა, რომ ამხელა ფულის პატრონს ასე იოლად ჩაიგდებდით ხელში და მოწველიდით?

– ძმაკაცებმა შემაცდინეს. მე, მე... – ყბა აუკანკალდა გურამს, – კრიმინალურ სამყაროსთან არასდროს მქონია შეხება. სორბონას უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. ჩემმა ძმაკაცებმა მაიძულეს ასეთი რამ.

– მოკლედ, ასე: ბატონმა მერაბმა დამაბარა, შენთვის გადმომეცა, რომ, თუ ოცდაოთხი საათის განმავლობაში აქედან ოთხივე არ აორთქლდებით, მაშინ, ოთხივეს ლიკვიდაცია მაქვს ნაბრძანები. საქართველოში მინიმუმ ხუთი წელი არ ჩამოხვიდეთ, თორემ, თუკი გავიგეთ, რომ რომელიმე თქვენგანმა აქ ფეხი ჩამოადგა, ვეღარაფერი გიხსნით.

– გასაგებია, გასაგები, ხვალვე მოვშორდებით აქაურობას.

– ფული რომ არ გაქვთ? შენ ხომ თითქმის მთელი დანაზოგი იმ ამერიკელ ქილერს გადაურიცხე ანგარიშზე, ის კი ქართულ მიწაში ღრმადაა პირქვე ჩამარხული. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, მას ფულს მაინც ვერ გამოართმევდით.

– ხუთი ათასი ევრო მაქვს და ვიმყოფინებთ.

– აი, შენი ოთხასი ათასი, აიღე და, რაც შეიძლება მალე გაქრით აქედან. ქილერს ჩვენ ჯერ ფული გამოვართვით და მხოლოდ ამის მერე დავმარხეთ ცოცხლად.

– ცოცხლად დამარხეთ?!

– ჰო, ცოცხლად დავმარხეთ და, თუ გინდა, რომ მისი ბედი არ გაიზიაროთ,  აქედან აახვიეთ, – ვუთხარი გურამს, პარკში გახვეული ფული და ხელბორკილების გასაღები დავუგდე წინ და, სანამ წავიდოდი, დავამატე: – დაიმახსოვრე, მინიმუმ ხუთი წელი არ ჩამოხვიდეთ აქ, თორემ, ყველას დაგხოცავთ.

გურამმა და მისმა „შავმა“ ძმაკაცებმა მეორე დღესვე დატოვეს საქართველო და ევროპაში გაემგზავრნენ, მე კი მერაბს კაბინეტში ვეწვიე, გურამთან საუბრის ჩანაწერი ვაჩვენე და ვუთხარი:

– ბატონო მერაბ, ჭკვიანი, შეძლებული კაცი ბრძანდებით და ადამიანების ამოცნობა ვერ გისწავლიათ.

– ცდებით, ჩემო მეგობარო. ადამიანებს კარგად ვცნობ. აი, მაგალითად, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თქვენ ჩინებული ადამიანი ბრძანდებით, – მითხრა მერაბმა, მე კი თავი გავაქნიე და ღიმილით მივუგე:

– არა, კვლავ ცდებით. მე სულაც არ ვარ ჩინებული ადამიანი.

– მაშ, რატომ გადამარჩინეთ და, საერთოდ, ვინ ბრძანდებით ან საიდან შეიტყვეთ, რომ ჩემი მოტაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა უნდოდათ ჩემს თანაშემწესა და მის ძმაკაცებს?

– ბატონო მერაბ, ალბათ, ამიერიდან უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენთ და თქვენს უსაფრთხოებას გააძლიერებთ. მშვიდობით, უნდა წავიდე...

სანამ ბატონი მერაბი გონს მოეგებოდა, მიკროკასეტაზე ჩაწერილი ფირი ჯიბეში ჩავიდე და მისი კაბინეტიდან გამოვედი. მერაბს კიდევ ერთხელ შევხვდი. სამი წლის შემდეგ შემკვეთმა ანტალიაში შემომთავაზა შეხვედრა. მე დავთანხმდი, საიმედოდ შევინიღბე და თურქეთში ჩავედი. დათქმულ ადგილას რომ მივედი, იქ მერაბი დამხვდა. მან სკამზე მიმითითა და, რომ დავჯექი, ინგლისურად მკითხა:

– რა ენაზე გსურთ საუბარი?

– ინგლისურად. გისმენთ, – მოკლედ მივუგე ჩემს ძველ ნაცნობს, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მითხრა:

– შეგიძლიათ, რომ ნახევარ მილიონ დოლარად ადამიანს ზიანი მიაყენოთ?

– ეს კითხვა ზედმეტია. დამიკონკრეტეთ სამიზნე და მისი დაზიანების ხარისხი, თანხაზე კი ბოლოს შევთანხმდეთ.

– არა, მისი მოკვლა არ მინდა, უბრალოდ, უნდა დააზიანოთ და ამაში ხუთასი ათას დოლარს გადაგიხდით, – მითხრა მერაბმა და მომაჩერდა.

– გასაგებია, რომ ნახევარ მილიონ დოლარს მიხდით, მაგრამ, დამიკონკრეტეთ, ვინ უნდა დავაზიანო, ანუ, ადამიანის სახელი. შემდეგ კი მითხარით, როგორ გსურთ მისი დაზიანება და სად უნდა მოხდეს ეს, – ავუხსენი მერაბს.

– კარგი. ყველაფერს გეტყვით. დავიწყოთ იმით, თუ რატომ მსურს მისი დაზიანება, – მითხრა მერაბმა, მაგრამ, მას სიტყვა გავაწყვეტინე:

– მიზეზი არ მაინტერესებს. შეგიძლიათ, გამოტოვოთ და პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ?

ჩემს სიტყვებზე მერაბი ძალიან გაოცდა და აღშფოთებულმა მითხრა:

– როგორ, თქვენ მე მანიაკი ხომ არ გგონივართ?

– არა, ბატონო, არ მგონიხართ.

– მაშინ, მომისმინეთ.

მერაბი ადამიანების იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელსაც თავისი ნებისმიერი საქციელის გამართლება სჭირდება. ამიტომ, გუნებაში გამეცინა, ხმამაღლა კი ვუთხარი:

 ბოდიშს გიხდით, ბრძანეთ.

– მე და ელენე მამით ერთნი ვართ, ანუ, ის ჩემი ნახევარდაა და ჩემზე ოცდახუთი წლითაა უმცროსი. მე მას შვილივით ვპატრონობდი. რამდენიმე წლის წინ კი ერთმა ნაძირალამ ის ჯერ მიიტყუა, შემდეგ ნამუსი ახადა და მინდა, რომ ამის გამო ის კაცი დავსაჯო.

– კარგი, ჩემო ბატონო, ვინაა ამ ავკაცობის ჩამდენი და როგორ გსურთ მისი დასჯა?

– როგორ და მისი სასქესო ორგანო უნდა გაანადგუროთ, ამ ავკაცობის ჩამდენი კი, აი, ეს სუბიექტია, – მითხრა მერაბმა და მთავრობის ერთ-ერთი ახალგაზრდა მაღალჩინოსნის სურათი მიჩვენა, – ეს საქმე თბილისში უნდა გააკეთოთ.

– თბილისში?

– დიახ. თბილისი საქართველოს დედაქალაქია. საქართველო კი კავკასიაშია, თურქეთის მეზობლად, – ამიხსნა მერაბმა და მკითხა: – თქვენ თვითონ სადაური ხართ?

– ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიკონკრეტეთ, სასქესო ორგანო მოვკვეთო თუ სხვა საშუალებით დავუზიანო?

– იცით, ერთი რუსული ფილმია – „ვოროშილოველი მსროლელი“. იქ ბაბუა შვილიშვილის გამაუპატიურებლებს სნაიპერული შაშხანით უნადგურებს სასქესო ორგანოებს და მინდა, თქვენც ამგვარად იმოქმედოთ. შეძლებთ?

– შევძლებ.

– ფული სად და როდის მოგცეთ?

– ხვალ, აი, ამ ანგარიშზე დამისვით, – მერაბს ჩემი საბანკო ანგარიში ვუთხარი და შეხვედრის ადგილი პირველმა დავტოვე.

ობიექტი ოცდაათიოდე წლის, გათახსირებული მაღალჩინოსანი გახლდათ, რომელიც ისეთივე არაკომპეტენტური და ყველაფრის მკადრებელი იყო, როგორც ათეულობით მისი კოლეგა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საეჭვო რევოლუციური დამსახურების გამო მოექცნენ ხელისუფლებაში.  ობიექტმა მერაბის და – ელენე ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ ელიტურ ფართიზე გაიცნო, სადაც სპეციალურად მიიწვია. შემდეგ, გამოუცდელ გოგონას სასმელში დასაძინებელი გაურია, წინასწარ მომზადებულ ოთახში შეიყვანა და თავისი პირუტყვული ჟინი დაიკმაყოფილა...

ობიექტი ერთ-ერთ მორიგ ელიტურ ორგიაზე მოვიხელთე, სადაც ახალგაზრდა მაღალჩინოსნები იკრიბებიან ხოლმე და მე იმ დროს მოვარტყი ფეხებშუა ფუგასური ტყვია მაყუჩიანი შაშხანიდან, როდესაც ის რამდენიმე შიშველი მეძავის (ზოგიერთი მათგანი თანამდებობის პირი იყო) გარემოცვაში შეზლონგზე იწვა და ხელში კოქტეილი ეჭირა... მას, რა თქმა უნდა, თანამდებობაც უკან დარჩა, შიშველი მეძავებიც და კოქტეილიც. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ექიმები დაახვიეს თავს, მისი მამაკაცური ფუნქციების აღდგენა ვერ მოხერხდა და, მართალია, დღესაც ცოცხალია, მაგრამ, არსად ჩნდება... მერაბმა კი თავისი ბიზნესი უცხოეთში გაიტანა და ელენესთან და მის ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და იმ დროს ელოდება, როდესაც საქართველში დაბრუნებას შეძლებს.

სხვათა შორის, საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც რევოლუციური მთავრობის კრახს ელოდება, რომ საქართველოში დაბრუნდეს და შური იძიოს. გაქცეულთა ნაწილი მართლაც დამნაშავეა და მათ კანონიერად დევნიან, მაგრამ, გაცილებით მეტნი არიან უდანაშაულონი, ვინც აიძულეს, რომ სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ, მათი ადგილები კი გადამთიელებმა და მოღალატე ქართველებმა დაიკავეს. 

ამას წინათ ერთ შემკვეთს უნდა შევხვედროდი და მეტროთი მომიხდა მგზავრობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით თითქმის არ ვსარგებლობ და მეტროში ბოლოს რამდენიმე წლის წინ მომიწია ჩასვლა. მე ჯერ „ვაგზლის მოედანზე“ ჩამოვედი და შემდეგ საბურთალოს ხაზზე გადავჯექი. აი, იქ კი თავი ნიუ-იორკის მეტროში მეგონა, რადგან, მეტროს ვაგონი ისე აჭრელდა ეჭვიც კი შემეპარა, მართლა იქ ხომ არ ვიმყოფები-მეთქი. მგზავრების უმეტესობას არაქართველები შეადგენდნენ და იქაურობა ყველა ფერისა და ეროვნების ახალგაზრდებით იყო სავსე. რასისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ სურათის შემხედვარემ ვინატრე, რომ, რაც შეიძლება, მალე დაიცალოს საქართველო არაქართველებისგან (ვგულისხმობ ახალ მატებას), წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რაღაც ათი წელი გაივლის და ჩვენს სამშობლოში აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ, თუ მოხდა, ფიზიკურადაც გადავშენდებით, ენასაც დავკარგავთ, მამულსაც და სარწმუნოებასაც. რამდენიმე წლის წინ ჩემი ინსტიტუტელი მეგობარი მოვინახულე, რომელიც ერთ-ერთ უცხოურ ფირმაში მუშაობს და სამშობლოში იშვიათად ჩამოდის. მას რუსი ცოლი ჰყავს, რომელიც საქართველოზეა შეყვარებული და ბრწყინვალედ ფლობს ქართულ ენას. ლენამ საუცხოო სუფრა გაგვიშალა და, ცოტა რომ შევქეიფიანდით, ჩემმა მეგობარმა რეზომ თქვა:

– ორი წელია, აქ არ ვყოფილვარ. როგორ შეცვლილა თბილისი.

– უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ? – ვკითხე რეზოს.

– ერთი შეხედვით, გეგონება, რომ უკეთესობისკენ, მაგრამ, ვფიქრობ, უარესობისკენ. თითქოს, ურიგო არ უნდა იყოს ახალი შენობები, კარგი გზები და გამარტივებული მომსახურება, მაგრამ, ვისთვის კეთდება ეს?

– როგორ თუ ვისთვის? ხალხისთვის, –  პათეტიკურად მივუგე რეზოს, რომ პოლემიკა გამომეწვია და ჭკვიანი, პატრიოტი ადამიანის აზრი გამეგო.

– რომელი ხალხისთვის? – ირონიულად მითხრა რეზომ, – გუშინ მე და ლენამ ფეხით შემოვიარეთ ძველი თბილისი, უფრო სწორად, ის ადგილები, რაც ძველი თბილისისგან დარჩა და, იცი, რამ გაგვაოგნა?

– რამ?

– რამ, და იმან, რომ ქართველები ვერ ვნახეთ.

– რას გულისხმობ?

– იმას, ჩემო კარგო, რომ ქართველები ჩაიკარგნენ სხვა ერებში და საკუთარ ქალაქში არ ჩანან. სხვები კი, იცოცხლე, პაჩკა-პაჩკა დადიან, მრავლდებიან და მკვიდრდებიან ჩვენს მამულში. იცი, რამდენი წყვილი ვნახე ჩვილთან ერთად? ძალიან ბევრი და, რომ დავაკვირდი, მათგან არც ერთი არ იყო ქართველი. დარწმუნებული ვარ, დიდი ილია ჭავჭავაძე ახლა საფლავში ბრუნავს და მისი შეშფოთებული სული დასტრიალებს საქართველოს. არა, ძმაო, თუ ასე გაგრძელდა, გადაშენებამდე აღარაფერი გვაკლია.

– კი, ასეა. შენი აზრი მაინტერესებდა და იმიტომ გამოგიწვიე, – ვუთხარი რეზოს, – ხომ გახსოვს სიმღერა „იყიდება საქართველო“?

– როგორ არა.

– ჰოდა, ის სიმღერა ახლა ყველაზე აქტუალურია. ამ მოღალატეებმა სამშობლო გაგვიყიდეს და თბილისში რამდენიმე მსხვილ არაქართულ დასახლებას აშენებინებენ უცხოელებს, ქართველები კი თურქეთსა და საბერძნეთში არიან გადახვეწილები და თავიანთი ოჯახები რომ არჩინონ, მონებად მუშაობენ. ბოდიში და, ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს შენობები და გზები, თუკი მათში ქართველები ვერ იცხოვრებენ და ვერ ივლიან?

– მართალი ხარ, – დამეთანხმა რეზო, – ამ ყველაფერს ბოლო  უნდა მოეღოს და, თან, რაც შეიძლება, მალე, თორემ, ჩვენს თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი გაგვანადგურებს. რაც შეიძლება, მალე უნდა შეიცვალოს ეს მოღალატე მთავრობა და ქართველებს საქართველო დაუბრუნდეს.

– მარტო მთავრობის შეცვლა არ გვიშველის, პოლიტიკური კურსი უნდა გადაიხედოს.

– რას გულისხმობ?

– რუსეთთან ურთიერთობას. განა შეიძლებოდა, ასე ხელაღებით, ერთი ხელის მოსმით რუსეთის უგულებელყოფა? ვის რაში სჭირდება ტოტალური ამერიკანიზაცია? სკოლებში ყველაზე საფუძვლიანად ინგლისურ ენას ასწავლიან, ქართული ფეხებზე ჰკიდიათ, რუსული ენა კი საერთოდაც, მასხრად აქვთ აგდებული და ახალგაზრდა თაობას რუსებსა და რუსეთს აძულებენ. და, აი, შედეგიც, რუსებთან ყოველგვარი პარტნიორული ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს და ყველაფერი ეს ამ მთავრობამ ჩაიდინა.

– რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მთელ მსოფლიოში ერიდებიან. საქართველოს მთავრობამ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, – დამიდასტურა რეზომ, – ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, მათ შორის რუსეთშიც ხშირად მიხდება ყოფნა. უნდა გითხრა,  ეს ქვეყანა საკმაოდ სწრაფად დგება ფეხზე და სულ მალე კვლავ მოწინავე პოზიციებს დაიკავებს მსოფლიოში, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირს ეკავა.

– ეეჰ, რა ქვეყანა დაშალეს?! – სინანულით ვთქვი მე, – რუსეთი ორას წელზე მეტხანს იყო საქართველოს დამპყრობელი და ვერ მოგვერია, ვერ გადაგვაჯიშა; პირიქით, მათთან ისეთი ურთიერთობები ავაწყვეთ, რომ საქართველომ ბევრი სარგებელი ნახა.

– აი, თუნდაც, მე, – სიტყვა გამაწყვეტინა რეზომ, ლენას ხელი გადახვია და მითხრა, – ჩემი ლენაჩკაც იმ სარგებლის ნაწილია.

– ნუ დარდობთ, ბიჭებო, – თქვა ლენამ, წითელი ღვინით საქართველოს სადღეგრძელო შესვა და შემდეგ კი გიტარის თანხლებით „სულიკო“ იმღერა.

რეზოსგან გვიან ღამით წამოვედი, კარგა ხანს ვერ მოვხუჭე თვალი და იმაზე ვფიქრობდი, რა ეშველებოდა ბედკრულ საქართველოს, რომლის დედაქალაქშიც ნელ-ნელა მრავლდებოდა სხვადასხვა ჯიშისა და  ჯილაგის ხალხი და ჩვენი ლამაზი თბილისი ბაბილონის გოდოლს ემსგავსებოდა. რეზოსთან შეხვედრიდან რამდენიმე წელი გავიდა და ქართველების მდგომარეობა კვლავ უფრო დამძიმდა. დღესდღეობით, ქართველები უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ჩამოსულები კი ისე გათავხედდნენ, რომ თავს ჩვენი მიწა-წყლის ერთადერთ პატრონად მიიჩნევენ. მათ აქ უამრავი მომგებიანი ბიზნესი აქვთ, რომლებშიც თავიანთი თანამემამულეები ჰყავთ დასაქმებული და თუკი ქართველებს მიიღებენ სამსახურში, მხოლოდ მძიმე და დამამცირებელ სამუშაოზე და დაბალი ანაზღაურებით.

არცთუ დიდი ხნის წინ, ერთმა შემკვეთმა სტამბულში დამიბარა, სადაც, რა თქმა უნდა, შენიღბული ჩავედი. ის თურქი იყო და დამტვრეული ინგლისურით მითხრა:

– თქვენთან ერთი დელიკატური საქმე მაქვს.

– მგონი, აჯობებს, მშობლიურ ენაზე ვილაპარაკოთ, – თურქულად ვუთხარი შემკვეთს, რომელმაც მოულოდნელობისგან აღფრთოვანება ვერ დამალა და მითხრა:

– სასიამოვნო სიურპრიზია, რომ თურქი ხართ, მით უკეთესი, კიდევ უფრო თამამად შევძლებ თქვენთან საქმის დაჭერას.

– ბრძანეთ, ბატონო, მე თქვენ ყურადღებით გისმენთ.

– ერთი სიტყვით, ჩემო კარგო, ერთი კაცია მოსაშორებელი, რაშიც ორასი ათას დოლარს გადაგიხდით. არ იფიქროთ, რომ ბოროტი ვარ, კაცის მოკვლა რომ განმიზრახავს, მაგრამ, ეს ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს. ის ჩემი საქმიანი პარტნიორია და ბიზნესის გაფართოებაში მიშლის ხელს, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თანაც, ის თურქი არ არის და ჭირსაც წაუღია.

შემკვეთის ლაპარაკს მიკროკამერით ვიწერდი, რომელიც მზის სათვალის ჩარჩოში მქონდა ჩამონტაჟებული. მე თითქმის ყოველთვის ასე ვიქცევი და ფირებს ყოველი შემთხვევისთვის, საიმედოდ ვინახავ.

– გასაგებია. ახლა სამიზნის სახელი და შესრულების ადგილი მითხარით, – ვუთხარი შემკვეთს, მან კი ფერადი ფოტოსურათი მომცა და მითხრა:

– აი, სამიზნე, თორნიკე ჰქვია და თქვენ ის მოსკოვში უნდა მოკლათ. ერთი კვირის შემდეგ ის რუსეთში უნდა გაემგზავროს ფირმის საქმეებთან დაკავშირებით სამი-ოთხი დღით და იქ უნდა მოუღოთ ბოლო.

– გასაგებია. ფული ხვალვე გადმომირიცხეთ ანგარიშზე სრულად და ეს საქმე უკვე გაკეთებულად ჩათვალეთ, – ვუთხარი შემკვეთს, გამოვემშვიდობე და წამოვედი.

თურქი შემკვეთის მიერ „შეკვეთილი“ თორნიკე საკმაოდ ცნობილი კაცი იყო და ის ხშირად ჩნდებოდა ტელევიზიის ეკრანებსა და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ის საკმაოდ მდიდარი კაცი იყო და სხვა, თავისი კოლეგა მილიონერებისგან განსხვავებით, არც მრავალრიცხოვანი დაცვა ჰყავდა და არც გარყვნილის სახელი  ჰქონდა. ის ერთ-ერთი ელიტური სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობდა და ერთადერთი მოსამსახურე ჰყავდა, რომელიც უფრო მეგობარი იყო, ვიდრე მისი ხელქვეითი. შეკვეთის მიღებიდან ორი დღის შემდეგ მოქმედების გეგმა უკვე შემუშავებული მქონდა.

ღამის პირველი საათი იყო, როდესაც თორნიკე სახლში დაბრუნდა. ის სასტუმრო ოთახში შევიდა, შუქი აანთო და ჩაილაპარაკა: 

– ალბათ, გენოს ჩაეძინა. არა უშავს. მე თვითონ ვივახშმებ და დავიძინებ.

– გენოს არ დაუძინია, ბატონო თორნიკე. ის გაკოჭილია და წითელ საძინებელში იმყოფება, – ვუთხარი თორნიკეს, – ნუ აღელდებით, ყველაფერი რიგზეა. მე მხოლოდ საქმე მაქვს თქვენთან.

– თუ საქმე გაქვთ, დაბრძანდით და ბრძანეთ, – მშვიდად მომიგო თორნიკემ, მე კი ვუთხარი:

– ხუმრობას არ გირჩევთ, იცოდეთ, შეიარაღებული ვარ და გაუფრთხილებლად გესვრით.

– მე კი შეიარაღებული არ ვარ და არც ხუმრობის ხასიათზე ვარ. დაბრძანდით და ბრძანეთ, რაშია საქმე.

– ბატონო თორნიკე, მე დაქირავებული მკვლელი ვარ და თქვენმა საქმიანმა პარტნიორმა თქვენი მკვლელობა შემიკვეთა, – ვუთხარი თორნიკეს, რომელმაც მშვიდად მკითხა:

– ახმადმა?

– დიახ. მან.

– მერე, რას აპირებთ?

– თქვენ რას მირჩევთ? – კითხვა შევუბრუნე თორნიკეს.

– მე რა უნდა გირჩიოთ, ხომ არ გეტყვით, მომკალით-მეთქი?

– თქვენ არა, მაგრამ, ახმადი ნამდვილად სიკვდილის ღირსია. თუმცა, თქვენი თვალით ნახეთ. თურქული გესმით?

– დიახ, მესმის.

თორნიკეს თურქ შემკვეთთან შეხვედრის კადრები სრულად ვუჩვენე და ბოლოს ვკითხე:

– რას იტყვით?

– რა უნდა ვთქვა, უკანასკნელი ნაძირალაა.

– მაინც, რას გერჩით?

– ჩვენ ერთობლივი სამშენებლო კომპანია გვაქვს და მან შემომთავაზა, რომ, ვითომდა ბიზნესის გაფართოების მიზნით, მესხეთ-ჯავახეთში, თბილისსა და სხვა რაიონებში მიწები შეგვეძინა, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებდით: ავაშენებდით სასტუმროებს, გასართობ ცენტრებს, საცხოვრებელ მიკრორაიონებს, მე კი ამაზე ცივი უარი ვტკიცე.

– ნუთუ ასე იოლია უცხოელისთვის ქართული მიწის ყიდვა და მშენებლობის წამოწყება?

– უიოლესი. მთავრობაში ფულს გადაიხდი და, მიდი, რაც გინდა, აკეთე, – მითხრა თორნიკემ, – ხომ წარმოგიდგენიათ, მესხეთ-ჯავახეთში თურქული მშენებლობა, სადაც უამრავი თურქი მოიყრის თავს და, ღმერთმა უწყის, რა მოჰყვება ამას. მთელი ის რეგიონი რომ სისხლისღვრის ადგილად გადაიქცევა – ეს ერთი, მთავარი კი ისაა, რომ თურქების მიერ აშენებულ მიკრორაიონში 80 პროცენტი თურქები დასახლდებიან და საქართველოს ისედაც არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო სწრაფად წავა მინუსისკენ. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ყველაფერ ამაზე თანახმა ჩვენი მთავრობაა და ქართველების გადაშენებას ხელს უწყობს. წარმოგიდგენიათ? რუსებთან მეგობრობასა და პარტნიორობაზე უარი თქვეს და გადამთიელების ჩამოსახლებას უწყობენ ხელს.

– გასაგებია. ახმადი უნდა მოკვდეს.

– ეგ როგორ?

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3