ვეტერინარის რჩევები
კითხვა: შეიძლება, რომ პატარა, დეკორატიული ჯიშის ძაღლი აგრესიული იყოს?
პასუხი: თუ დეკორატიული ძაღლი კარგი აღზრდილია, ის არ გახდება აგრესიული. თუმცა, არა მხოლოდ სწორად აღზრდილი, არამედ, ის აუცილებლად სწორად აღზრდილი მშობლების შვილი უნდა იყოს. ამიტომ, ლეკვის შეძენა მხოლოდ იმ ძაღლთსაშენში უნდა მოხდეს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მომშენებელი პროფესიონალია. თუ ლეკვს გენეტიკური გადახრა აქვს, მის გამოსასწორებლად ძალიან დიდი მუშაობა დაგჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ, სერიოზულ კინოლოგებსაც.
კითხვა: მაინტერესებს, რა სიმპტომები აქვთ ძუ ძაღლებს მშობიარობის წინა პერიოდში და როგორ მიმდინარეობს მშობიარობის პროცესი?
პასუხი: მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, ძუ სეირნობის დროს ცდილობს, შორს არ წავიდეს, იმზადებს „ბუდეს“, უმეტესად მოუსვენრობს, ხშირად წევს და პატრონის მიმართ გადამეტებით მოსიყვარულე ხდება. მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე სარძევე ჯირკვლებში დგება რძე. უმჯობესია თუ თქვენს ძაღლს ამ პერიოდში აჩვენებთ ვეტერინარს.
მშობიარობის პროცესი მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება, დავყოთ სამ სტადიად. პირველი სტადიაა სამშობიარო გზების გაფართოება; მეორე სტადია – ლეკვის დაბადება. როცა შეიმჩნევა საშვილოსნოს კუმშვები, ეს სტადია ნიორმალური სამშობიარო აქტის დროს გრძელდება ორ საათამდე; მესამე სტადია – სანაყოფე გარსებისა და პლაცენტის გამოდევნა, ძირითადად ხდება 5-15 წუთში ლეკვის დაბადებიდან, ან მომდევნო ლეკვის დაბადების დროს.
ჭინთვებს რაც შეეხება, ეს არის მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვა, რაც ეხმარება საშვილოსნოს ნაყოფის გამოძევებაში. ჭინთვებისა და საშვილოსნოს შეკუმშვის ლოგიკური დასასრულია ლეკვის დაბადება, რომელიც თანდათანობით გამოდის სამშობიარო წყლების ბუშტთან ერთად მენჯში, შემდეგ კი სწრაფად გამოიდევნება გარეთ. ლეკვი, როგორც წესი, იბადება თავით და ზურგით მაღლა, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ნაყოფი იბადება უკუღმა. ლეკვი ძირითადად იბადება სანაყოფე გარსებთან ერთად, მაგრამ, მშობიარობის დროს შეიძლება გასკდეს სანაყოფე გარსები და მოხდეს სანაყოფე სითხის დაღვრა. ლეკვის დაბადების შემდეგ ხდება პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოძევება სამშობიარო გზებიდან.
კითხვა: ცოტა ხნის წინ მაჩუქეს ლეკვი. სახლში კატა და ძაღლი ერთად არიან. ბევრს ჰგონია, რომ ეს დაუშვებელია, მაგრამ, გამიგია, რომ ერთად გაზრდილ ცხოველებს ერთმანეთის მიმართ აგრესია არ უყალიბდებათ. შემექმნება თუ არა სირთულე მათი მოვლისას?
პასუხი: მართალია, გარეთ, ძაღლი კატის მიმართ მტრულად არის განწყობილი, მაგრამ, ლეკვები, რომლებიც სახლში კატებთან ერთად იზრდებიან, შემდგომში უყალიბდებათ კატების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, ანუ, მათ აღარ ერჩიან. მაგალითისთვის ანალოგიურია ისეთი მწყემსი მეცხვარე ძაღლების დამოკიდებულება, რომლებიც იზრდებიან ცხვრებთან ერთად. მათში მონადირის დამოკიდებულება ცხვრების მიმართ ქრება. ასევე არიან სოფლის ძაღლები, რომლებიც არ ახრჩობენ ქათმებს და ეზოს სხვა ბინადრებს, თუ მათთან ერთად იზრდებიან.