რატომ აბრალებდა ნარკოტიკებით მოვაჭრე ქალი საკუთარ დანაშაულს ყოფილ ქმარს და რის კვალს მალავდა ის მასთან „გარიგებაში“
ოპერატიული ინფორმაცია ოჯახური დრამის შესახებ, რომელსაც ქმრის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, პოლიციის განყოფილებაში მოჩხუბარი წყვილის მეზობლებისგან შევიდა. შეწუხებულმა მოქალაქემ, რომელმაც სამართალდამცველებისგან თავისი ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ მის მეზობლად მცხოვრები ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდა, რასაც ბინიდან გამოსული გინებისა და მტვრევის ხმა მოწმობდა. რომ არა უცნობი ქალბატონის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, ყოფილი ქმარი ცოლის შურისძიებას, ალბათ, ვერ გადაურჩებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის უფრო იყო, რომ ამ ინციდენტის წყალობით სამართალდამცველებმა ორი დანაშაული გახსნეს და გისოსებს მიღმა ნარკოტიკული ნივთიერებებით მოვაჭრე, ცნობილი ნარკორეალიზატორი მოხვდა, რომელსაც გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში დასდევდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინაში მამაკაცი, გოჩა კ-ძე დახვდათ, რომელსაც სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა. სახლსაც კარგად ეტყობოდა ფიზიკური დაპირისპირების კვალი. პოლიციის თავზე დადგომამ მოჩხუბარი ქალი და მამაკაცი დროებით დააცხრო, უფრო მეტიც, ორივე ერთად აღშფოთდა აქტიური მეზობლის „ყურადღებით“ – ჩვენს სახლში, რაც მოგვესურვება, იმას გავაკეთებთო. თუმცა, მათი დროებითი ზავი ძალიან მალე კვლავ გადაიზარდა ჩხუბში. მართალია, ორივე ერთად ამტკიცებდა, რომ ჩხუბის თემა ყოფითი საოჯახო საკითხი იყო, მაგრამ, ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებისთვის საკუთარი წყაროებით ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი სახლიდან დაკარგულ 6 000 დოლარზე დავობდა – ქალი მამაკაცს 6 000 დოლარის გატაცებას აბრალებდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც სხეულის მსუბუქ დაზიანებად დაკვალიფიცირდა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ნანა კ-შვილმა აღიარა, რომ ყოფილ ქმარს სხეულის დაზიანება მიაყენა, თუმცა, რა იყო დაპირისპირების მიზეზი, ამას ისიც საგულდაგულოდ მალავდა.
დაზარალებულმა გოჩა კ-ძემ საკუთარი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა – ოპერატიული სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას 6 000 დოლარის შესახებ ის ხან მალავდა, ხან აღიარებდა. როგორც მოგვიანებით გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, დაზარალებული მამაკაცი ჩვენებებს ყოფილი ცოლის გავლენის ქვეშ ცვლიდა. გოჩა კ-ძე ნანა კ-შვილთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ისინი ერთმანეთს ფინანსური შემოსავლების გამო დაუპირისპირდნენ – საერთო ბიზნესი, რომელიც მათ ჰქონდათ, არა მხოლოდ დაპირისპირების, არამედ, კრიმინალური ინციდენტის მიზეზიც გახდა. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა ინფორმაციები გოჩა კ-ძის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომელიც ჯიბის ქურდობის, ანუ, ჯიბგირობის ფაქტებს ეხებოდა, მამაკაცი იძულებული გახდა, სამართალდამცველებთან სხვა დანაშაულიც ეღიარებინა, რომელიც ყოფილი მეუღლის სახლიდან 6 000 დოლარის გატაცებას ეხებოდა, საბოლოოდ კი მძიმე დანაშაულში მხილებული ცოლიც გაწირა.
ამონაწერი გოჩა კ-ძის ჩვენებიდან: „მას შემდეგ, რაც მე და ნანა ერთმანეთს დავშორდით, ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი სუპერმარკეტი გავყიდეთ და ფული გავიყავით. მე ჩემი წილი თანხა მერგო და საცხოვრებლად ცალკე გადავედი, ნანა კი ჩვენს სახლში დარჩა, სადაც მე აღარ მიშვებდა. იმ პერიოდში მე ჩემი საქმეების აწყობას ვცდილობდი და მესაჭიროებოდა ფული, რომელიც უკვე აღარ მქონდა. ნანას წლების წინანდელი ჩემი ვალი ჰქონდა დარჩენილი. ერთ დღეს, სახლში მივადექი და მოვთხოვე, რომ ჩემი ვალი დაებრუნებინა. ნანამ საერთოდ უარყო, რომ ჩემი ვალი ჰქონდა – ყველაფერი გადახდილი მაქვს, კაპიკს ვეღარ მიიღებ ჩემგანო. ვიცოდი, რომ ნანას სახლში 6 000 დოლარი ჰქონდა, წავართვი ის ფული და გავიქეცი. ნანა იმ საღამოსვე დამიკავშირდა და მოითხოვა, ფული უკან დამებრუნებინა. ამის შემდეგ ხან ვის მიგზავნიდა, ხან – ვის. მე ულტიმატუმი წავუყენე და შევუთვალე: იმ ფულს დაგიბრუნებ, თუ სახლში შემომიშვებ და შემირიგდები-მეთქი. ნანა დამეთანხმა, მაგრამ, მივხვდი, რომ მატყუებდა – ფულს აიღებდა და სახლში აღარ შემიშვებდა. იმ დღეს, როდესაც ჩვენ შორის ინციდენტი მოხდა, მე ნანას თხოვნით მივედი მის სახლში, მაგრამ, ის მაშინვე თავს დამესხა – მცემდა და მაგინებდა. მეც გამოვედი წყობიდან და საპასუხოდ რამდენჯერმე დავარტყი, მაგრამ, ისეთი გაშმაგებული იყო, ვეღარ ვაჩერებდი. სახეში რკინის სამტვრევი მირტყა. ამ დროს პოლიციაც მოვიდა, რომელიც მეზობელს ჰყოლია გამოძახებული.”
მას შემდეგ, რაც გოჩა კ-ძემ 6 000 დოლარის გატაცების ფაქტი აღიარა, სამართალდამცველებთან ცოლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და გამოძიებასთან თანამშრომლობაც გადაწყვიტა. ის, რომ ნანა კ-შვილი ფულის გატაცების ფაქტს მალავდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნანა კ-შვილი ნარკოტიკების რეალიზაციით იყო დაკავებული და ფულის გატაცების ფაქტზე საქმის აღძვრას სწორედ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოერიდა. როგორც ნანა კ-შვილის მეზობლებმა სამართალდამცველებთან განაცხადეს, ნანა კ-შვილის ბინაში ხშირად დადიოდნენ უცნობი ადამიანები. მეზობლები ეჭვობდნენ, რომ, ქალი ისე მოკლე დროში გამდიდრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ვაჭრობდა. მით უმეტეს, რომ სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბი, რაც, ძირითადად, ფინანსურ თემებს ეხებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ქალს ხშირად აკითხავდნენ „კლიენტები“, რომლებიც, თითქოსდა, მის კერძო სტომატოლოგიურ კაბინეტში მიდიოდნენ სამკურნალოდ. თუმცა როგორც დადგინდა, ბოლო წლებში, ნანა კ-შვილს სტომატოლოგიური პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდა. მოპოვებული ინფორმაციების ფონზე, „ოქროს მოწმედ” იქცა ნანა კ-შვილის ყოფილი ქმარი, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალი ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სამართალდამცველებმა ნანა კ-შვილის პირადი და ასევე, დედის ბინიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ჰეროინი ამოიღეს. მას ნარკოტიკი სტომატოლოგიურ სკამში ჰქონდა გადამალული, რომლითაც ის უკვე წლების განმავლობაში აღარ სარგებლობდა. სტომატოლოგიური სკამი ისე იყო დაშლილი, რომ, ერთი შეხედვით, იქ საეჭვო ნივთიერების ჩადება წარმოუდგენელი იყო, თუმცა, როგორც ნანა კ-შვილის ყოფილი მეუღლე ამტკიცებდა, ქალი ამ სამალავს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა.
მძიმე ბრალდებით დაკავებული ქალი ცდილობდა, დანაშაული ყოფილი ქმრისთვის გადაებრალებინა და ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი გოჩა კ-ძეს ეკუთვნოდა. ამით ქალს ქმარზე შურისძიება უნდოდა, მაგრამ, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა კ-ძეს ნარკოტიკის გაყიდვასთან შეხება არ ჰქონია. მართალია, ყოფილი ცოლი მას თავის საქმეებს არც ანდობდა და არც ახედებდა, თუმცა, გაირკვა, რომ გოჩა კ-ძე ცოლის საქმიანობის შესახებ ინფორმირებული იყო. გამოძიებას ნარკორეალიზატორი ქალის წინააღმდეგ ბევრი სამხილი ჰქონდა მომზადებული და, შესაბამისად, ქალს საკუთარი დანაშაულის აღიარება მოუხდა. როგორც მან ჩვენებაში განაცხადა, ნარკოტიკების ვაჭრობით ბოლო სამი წელი იყო დაკავებული. თუმცა, ეს „ბიზნესი“ სტომატოლოგის საქმით ისე ჰქონდა „გადაფარული”, ამ ხნის განმავლობაში მასზე ეჭვი არავის მიუტანია. სასამართლო პროცესი, სადაც ყოფილი მეუღლეები სხვადასხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულნი, ოჯახური დრამის მეორე სერიად იქცა. სასამართლომ გაითვალისწინა გოჩა კ-ძის თანამშრომლობა გამოძიებასთან და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჩადენილი დანაშაულისთვის, ნანა კ-შვილს კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 14 წლით აღეკვეთა თავისუფლება.