როდის ხდება სიზმარი ბედის წინასწარმეტყველი და რომელ დღეებში გვესიზმრება ისეთი რამ, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ
ადამიანების უმრავლესობა, სიზმარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ცდილობს, დილას გაღვიძებულმა ახსნას, კარგის მაუწყებელია ის თუ ცუდის. თუ ფიქრობენ, რომ საფრთხის მომასწავებელი სიზმარი ნახეს, მის განეიტრალებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, რომელთა შორისაა ძველი ხალხური მეთოდებიც. მაგალითად, ცნობილი მეთოდია, სიზმრის მოყოლა გამდინარე წყლისთვის, რათა ის მას გაჰყვეს; სანთლის დანთება და მის წინ ღამეული კოშმარის უთქმელად გააზრება, რომ ის მის ალს გაჰყვეს და ასე შემდეგ. როგორც ქალბატონი ნანა ამბობს, დღისით დაგროვილი უარყოფითი ენერგია, ღამით ხილვად იქცევა და მომავალს გვიწინასწარმეტყველებს. თუ რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება სიზმრებს, როდის ხდება ის ჩვენი ბედის წინასწარმეტყველი და რომელ დღეებში გვესიზმრება ისეთ რამ, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, ამაზე ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი დაწვრილებით გვესაუბრება.
ნანა: სიზმარს ყველა ადამიანი ხედავს და ცდილობს მის საიდუმლოს ჩასწვდეს, დილით გაღვიძებულმა გაიაზროს, რის მომასწავებელი იყო ღამით ნანახი: საფრთხის შემცველი თუ კარგის ნიშანი და ასე შემდეგ. მოკლედ, სიზმრის ფენომენი ყველა დროში მძაფრ ინტერესს იწვევდა. თუმცა, მისი ახსნა, ყოველ შემთხვევაში ბოლომდე, ვერავინ შეძლო. ეზოთერიკოსებში არსებობს აზრი, რომ ძილში, როდესაც ადამიანი სიზმარს ხედავს, დრო გაცილებით სწრაფად გარბის, ვიდრე ცხადში. თუმცა, მეცნიერები საპირისპიროს ამტკიცებენ. კერძოდ, იმ მოქმედებას, რომელიც ადამიანს ესიზმრება, იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც რეალობაშიო. ამ დასკვნამდე მეცნიერთა ის ნაწილი მივიდა, ვინც კვლევებს ღამეულ კოშმარებსა თუ ზმანებაზე, პარაფსიქოლოგებისა და ეზოთერიკოსების გარეშე ატარებდა. ამიტომ, ამ აზრს, ბევრი მკვლევარი არ ეთანხმება. თუმცა, ვერც იდავებენ. ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია. ნამდვილად ცნობილი კი ის არის, დავა აღარ სჭირდება, რომ წლის განმავლობაში, არსებობს დღეები, როცა სიზმარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ. ასეთ დღეებში ნანახი სიზმრები, უდავოდ, წინასწარმეტყველურია და ეს ბევრმა საკუთარ თავზე დასცადა.
– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, წელიწადში, რომელი დღეებია ასეთი?
– ასეთია სავსემთვარეობიდან მესამე, მეოთხე და მეშვიდე დღეები. ასევე, ყოველი თვის პირველი და ბოლო შაბათ-კვირა. ამ დღეებს განსაკუთრებულად მაგიური ძალა აქვს და ამ დროს სიზმრად მოსული ინფორმაცია ჩვენს მომავალს იწინასწარმეტყველებს. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ პარაფსიქოლოგები ზედმიწევნითი სიზუსტით სიზმრის აცხადებას თავისებურად ხსნიან. მათი თქმით, როცა ადამიანები სიზმრის უარყოფით შედეგებზე იწყებენ ფიქრს და შიში იპყრობთ, ავტომატურად, იზიდავენ უარყოფით ენერგიას, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ ამ ადამიანზე იმოქმედოს ცუდად, არამედ მასზეც, ვისაც სიზმარი ეხება, რადგან ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. არ არის გამორიცხული, ღამით ისეთი წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, რომელიც მომავლის, ეგრეთ წოდებულ, კურსორადაც, ჩაითვლება, თქვენ კი ყურადღებაც არ მიაქციოთ. ასე, საკუთარ თავს ავნებთ და უფრო მეტად გაგიჭირდებათ იმ საკითხებისა და მოვლენების გააზრება, წინ რომ გელით, სიზმარში ნანახი კი ამას გაგიადვილებდათ. ასევე, თუ ძველ ხალხურ სიბრძნეს გულდასმით წაიკითხავთ და გაიაზრებთ, იქ კარგადაა ახსნილი, როგორ შეგვიძლია, გავანეიტრალოთ ძილში მოსული უარყოფითი ენერგია თუ ხილვა, ავხსნათ წინასწარმეტყველური სიზმარი და დავიცვათ თავი შესაძლო საფრთხისგან.
– ბევრისგან მსმენია, ღამით ნანახ სიზმარს, დილით, რომ ვიღვიძებთ, გონებას ვძაბავთ, მაგრამ ვეღარ ვიხსენებთ და მისი გაანალიზება გვიჭირსო. ასევე, გამიგია, რომ წლის გარკვეულ პერიოდში მძაფრდება ღამის ხილვები. ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– წინასწარმეტყველური სიზმრები, მართლაც წლის გარკვეულ პერიოდში ესიზმრება ადამიანს და მასზე აუცილებელია, ყურადღების გამახვილება. ასევე, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ადამიანი თითქმის ყოველთვის იმახსოვრებს. ამისთვის კი მთავარია, ყურადღება არ მოადუნოს. სხვათა შორის, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ, ბევრი ნერვიულობს, შიში ეუფლება და შინაგანი ფორიაქი ეწყება. ალბათ, თქვენც გაგიგიათ ახლობლებისგან – სიზმარში მრავალი წლის უნახავი მეგობარი ვნახე და ის მართლაც შემხვდა ქუჩაშიო; რაც ღამით ვნახე, დღის განმავლობაში ზედმიწევნით ახდაო; გარდაცვლილი მოვიდა სიზმრად, ახლობელს მოჰკიდა ხელი, წაიყვანა და ცოტა ხანში ის ადამიანი მართლაც გარდაიცვალაო. ასეთი უამრავი ფაქტია და მათი მოყოლა შორს წაგვიყვანს. ზოგი ამბობს, სიზმარში წამალი მასწავლეს, გავიღვიძე, გავაკეთე, დავლიე და განვიკურნეო. დიახ, ასეც ხდება და ესეც უტყუარი ფაქტია. სიზმარში ნანახმა წამალმა, ბევრი მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანი განკურნა და უდროოდ სიკვდილს გადაარჩინა. ასე რომ, ყველა საფუძველი არსებობს იმისა, სიზმარს ყური ვუგდოთ, გავიაზროთ და მის მინიშნებას მივყვეთ.
– ყველაზე ცუდად, სიზმარში რისი ნახვა უხდება ადამიანს?
– მაგალითად, სიზმარში თუ ამღვრეულ წყალში ბანაობთ ან დგახართ, ეს ძალიან ცუდის ნიშანია – ავად გახდებით, ან დიდი განსაცდელი გელით. თუ წინა კბილი მოგტყდათ ან ჩამოგივარდათ, ეს ახლობელი ადამიანის სიკვდილის მანიშნებელია, ხოლო თუ უკანა კბილი ჩამოგძვრათ, მაშინ შორეული ნაცნობის, ან ნათესავის გარდაცვალებას შეგატყობინებენ. თუ ღამით, სიზმარში თაგვი დაგესიზმრათ, დიდი ალბათობაა, რამე დაკარგოთ, ხოლო თუ ქაღალდის ფული ნახეთ, გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯი გექნებათ.
– გამიგია, რომ სიზმრად თუ მიცვალებული რამეს გაჩუქებს, ეს კარგის ნიშანია, ხოლო თუ თქვენ მიეცით რამე, ცუდისო.
– თუ გარდაცვლილი ადამიანი მოვა სიზმრად და რამეს მოგიტანთ, ის დღე თქვენთვის კარგად ჩაივლის, ხოლო თუ რამეს მისცემთ, მაშინ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და არც ფინანსებში გარისკოთ. შავი ფეხსაცმლის ნახვა – უახლოეს მომავალში გზად წასვლაზე მიგანიშნებთ, თვლიანი სამკაული კი – სიყვარულში, პირად ცხოვრებაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. საერთოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხსნის სიზმრის მნიშვნელობას და ეს დაცდაზეცაა. პირადად მე, თუ მაგიურ დღეებში ვნახე სიზმარი და შემდეგ, გამოღვიძებულმა სწორად გავიაზრე მისი მნიშვნელობა, ყოველთვის ამიხდება. სხვა საკითხია, რამდენად გვჯერა მისი, მაგრამ თუ ჩვენი წინაპრების გამოცდილებას და მათგან დატოვებულ რჩევა-დარიგებებს გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, ბევრ საფრთხეს ავცდებით. ამაში, უდავოდ, დარწმუნებული ვარ.