კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ახრჩობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი ბიჭვინთაში და როგორ შეუჭამა ტვინი გურანდა გაბუნიას მის გამო რუსის ქალმა

„დათა თუთაშხიაზე არანაკლებ ჭუჭყიანსა და უხამს დროში მოუწია ოთარ მეღვინეთუხუცესს ცხოვრება, მაგრამ დათასი არ იყოს, ისიც სუფთა და სპეტაკი დარჩა... ამბობს თავის წიგნში ლამარა ღონღაძე. „მსახიობს მაყურებლის ტაშზე ძვირფასი არაფერი გააჩნია, მაგრამ მე არაფრად მჭირდება იმ ადამიანების ტაში, ვინც ქვებს ისვრის, წიგნებს წვავს და სიძულვილისგან გონება აქვს დაკარგული,” – ამბობდა თავად მსახიობი. ეს დაპირისპირება მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამომხატველი იყო და არა შემოქმედებითის, რადგან შემოქმედებითად არაჩვეულებრივი ნაყოფიერი იყო მისთვის ეს წლები, რასაც მის მიერ შესრულებული როლების უბრალო ჩამოთვლითაც კი ნათელყოფს – თავადი გიორგი – „გრაალის მცველნი”; გიორგი  მეთორმეტე –  „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი”; ანტონიუსი – „ანტონიუსი და კლეოპატრა”; ქადაგი – „ბახტრიონი”; მოტლი – „განვედ ჩემგან... ” სახეების ამ სიმრავლეს ისიც სძენს მნიშვნელობას, რომ ისინი იმდენად მძიმე დროს იქმნებოდა, როცა თითქოს, აღარც მსახიობებს უნდა ჰქონებოდათ თამაშის თავი და არც მაყურებელს თეატრისა, – განაგრძობს ავტორი.          

...1923-1924 წლებში თელავში, კახეთის სოფლებში და მეტეხის ციხეში, უამრავი ხალხი დაიხვრიტა: ავალიშვილები, ვაჩნაძეები, მეღვინეთუხუცესები, ჩოლოყაშვილები, მაყაშვილები, აბაშიძეები, ჭავჭავაძეები, ანდრონიკაშვილები, შერვაშიძეები, ამილახვრები და ბევრი, ბევრი სხვა. დახვრეტილების სია გამოკრული იყო ყველა სადგურზე, ბაქანზე, მოედანზე... ამ წლებისა თუ შემდგომი პერიოდების რეპრესიებს, რასაკვირველია, ვერც ოთარის ოჯახი, კახელ მეღვინეთუხუცესთა შთამომავლობა ასცდა. 1924 წელს ოთარის მამა, ვახტანგ მეღვინეთუხუცესი და მისი ორი ძმაც დაიჭირეს. ვახტანგმა და ერთმა ძმამ სასწაულით დააღწიეს თავი ციხესა და სიკვდილს, უფროსი ძმა კი დახვრიტეს. გადარჩენილი ვახტანგ მეღვინეთუხუცესი თავისი სოფლიდან, ახმეტის რაიონის სოფელ აწყურიდან აიყარა და იმერეთში გაიხიზნა, სადაც თერთმეტი წელი ცხოვრობდა თუ  ემალებოდა სიკვდილს. საბოლოოდ, თბილისში დასახლდა. ვაკეში ერთი პატარა ოთახი შეიძინა და მეუღლე ელენასთან და სამ შვილთან ერთად, იქ დაბინავდა. რევოლუციის კანონ-სამართალს გემონაგემები ყველა ადამიანის მსგავსად, ისიც ყოველნაირად ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო. ოთარ მეღვინეთუხუცესი, თავადაც საოცრად მოკრძალებული კაცი, სხვადასხვა ინტერვიუში, მის ამ თვისებას ხშირად გაუსვამს ხაზს – „მამაჩემი ერთი უბრალო, თავმდაბალი და მორიდებული, ფართო საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი კაცი იყო”...

...ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს მოევლინა ქვეყანას. დაბადებისთვის იმაზე უფრო არახელსაყრელ დროსა და ადგილს, იმდროინდელი საქართველო რომ იყო, ძნელად თუ აირჩევდა ადამიანი... გავა ბევრი წელი და 1991 წელს, უკვე სამოც წელს მიტანებული მსახიობი იტყვის: „როცა სპექტაკლ „შიშზე” მივდიოდი, ვიცოდი, რომ ის, რაზეც წარმოდგენაში იყო ლაპარაკი, ოდესღაც მოხდა, გავალ თეატრიდან და შიშიც გაქრება-მეთქი...”  როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს ოდესღაც არა მხოლოდ მისი ბავშვობა, მისი სიყმაწვილე და ახალგაზრდობა იყო. უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ოთარ მეღვინეთუხუცესს გააცნეს სტუდენტი გურანდა გაბუნია, რომელიც მალე მისი ცხოვრების თანამგზავრი და თითქმის განუყრელი სცენიური პარტნიორი გახდა... 

ოთარ მეღვინეთუხუცესს თეატრალური ინსტიტუტის მისაღებ გამოცდაზე შესრულებული ეტიუდებით თითქოს განსაკუთრებული ეფექტი არ მოუხდენია. გარეგნობით კი ძალიან მოეწონათ და არც დაუმალავთ... პირველ კურსზე ცოტა გაუჭირდა. ჯერ არაფერი დაეწყო და იქვე იგემა კრიზისის სუსხი. შეიძლება, ეს არც იყო ასე ან იყო, მაგრამ არა იმ ხარისხში, მას რომ ეჩვენებოდა... 

თეატრალურ ინსტიტუტში ხშირად ხუმრობდნენ – პირველ კურსზე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები მოდიან (ეს იყო ყველაზე საპატიო წოდება დღემდე); მეორეზე – რესპუბლიკის სახალხო არტისტებად აგრძელებენ სწავლას; მესამეზე – დამსახურებულ არტისტობასაც სჯერდებიან და მეოთხე კურსზე უკვე ნამდვილი სტუდენტები ხდებიანო... მეღვინეთუხუცესს თავდაპირველად, ყველაზე მეტად, სცენაზე საგნებთან თავისი მიმართება, იმ ნივთების მოხმარების ბუნებრივი ჩვევების გამომუშავება გაუჭირდა, ყოველდღიურ ყოფაში არავითარ ყურადღებას რომ არ აქცევდა. ყოველ შემთხვევაში, პირველ კურსზე ეტიუდებზე მუშაობა, ძირითადად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მეღვინეთუხუცესს კი დღემდე მიაჩნია, რომ ეტიუდებზე მუშაობა არ გამოუვიდა!.. შესაძლებელია ეს ასეც იყო. შეიძლება, მართლა ვერ აუღო ალღო, იმიტომ, რომ არ უნდოდა ეტიუდზე მუშაობა... საკმაოდ მოსაწყენი და გულისგამაწყალებელი პროცესია... დახურულ აუდიტორიაში ჩაიდანი შეაჩეჩეს ხელში და უთხრეს – აადუღეო... „შემოდგა ნავთქურაზე” და გამოიარა, წამოვიდა... არაო, გააჩერეს. ნავთქურა არ აგინთიაო. არც ასანთია თავის ადგილზე, მეორე ოთახში, რომელიღაც უჯრაში დევს, წადი, მოძებნე, მოიტანე, აანთე და მერე დადგი ჩაიდანიო... არა, ასე არა, ჩაიდანს სველი ძირი აქვს, უნდა გაუმშრალო... ამასობაში ნავთქურა გადაგიბრუნდაო... ახლა ამას მოჰყვა რეჟისორ-პედაგოგის ათასი წვრილმანი შენიშვნა. იქით კიდევ თანაჯგუფელები პირდაღებული შემოგჩერებიან და სიცილით იხოცავენ თავებს იმის გამო, რომ ეს თავმომწონე კაცი ასე მოუხერხებლად ეჯახირები იმ ოხერ ჩაიდანსა და ნავთქურას... თანაც, მთავარი აქ, ის კი არ არის, ვიღაცა რომ იცინის, მთავარია, რომ ვიღაც გიყურებს...

ბიჭვინთაში, სანამ რუსული გარდაქმნა ომს გააჩაღებდა და აფხაზეთს მიწასთან გაასწორებდა, რათა საქართველოსთვის წაერთმია, კინემატოგრაფისტთა დასასვენებელი სახლი იყო. ერთ-ერთი ულამაზესი და ქართველებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი საქართველოს ზღვისპირეთში. ეტყობა, რუსებისთვისაც, რადგან იქაც ყოველთვის ყველაზე მეტნი ისინი იყვნენ, ცნობილებიც და უცნობებიც. ცნობილები გურანდა გაბუნიასაც დიდი ხანია, იცნობდნენ და ოთარ მეღვინეთუხუცესსაც. ამიტომ, არც ერთი უკვირდათ და არც მეორე. ისე, ძალიან არც ქართველები აღიზიანებდათ, რადგან თითქმის ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. აი, უცნობ რუსებს კი... მათ ნამდვილად ვერაფრით აეტანათ ეს ქართველები, აქაც ისე რომ იქცეოდნენ, თითქოს ეს ზღვა და მიწა მარტო მათი კუთვნილება ყოფილიყოს?!. ოჰ, ერთი ესენი გადააშენა აქედან... ქართველების გადაშენებამდე ერთი რუსი ქალი თავისი აღტაცებით სულს ართმევდა გაბუნიას – ეს რა ლამაზი ქმარი გყავს, რა წარმოსადეგი, მშვენიერი და თანაც როგორი წყნარი და მშვიდიო... – დიახ ქალბატონო, ოთარი ისეთი წყნარია, ისეთი მშვიდი... თავის სიცოცხლეში, როლების გარდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, – დაუღალავად უმეორებდა გურანდა. და ერთხელაც... – უშველეთ!... ახრჩობს!.. – ვინ, ვის, სად?! – თქვენი ქმარი ვიღაც კაცს ზღვაში ახრჩობს!.. დაახრჩობს, – თავზარი ეცემა გურანდას და გარბის. მიუსწრო და როგორც იქნა, ხელიდან გამოსტაცა ის უბედური. თურმე, ეს არავის მცნობი და ყველასთვის უცნობი რუსი, ძალიან გაბრაზებულა, ამ ზღვის ნაპირზე – საგზურთან ერთად, თავისთვის ნაყიდი რომ ეგონა, ქართველების სიმრავლე-სილაღით  და გაცეცხლებულ გულზე ეს მდუმარედ მოსიარულე, ცისფერთვალება მეღვინეთუხუცესიც თავისიანი ჰგონებია. ამიტომაც, როგორც თანამზრახველს, ისე გამოტყდომია: რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო... – აჰა... ქართველები საკუთარ მიწაზეც შენ გიშლიან ხელსო და... პირდაპირ ზღვაში უკრა თურმე თავი და აღარ უშვებს, – ისეთ ადგილას გაგაგზავნი, ქართველებისგან სამუდამოდ დაისვენებო... 

თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის ყველაზე დიდი ოცნება რუსთაველის თეატრში მოხვედრის პერსპექტივაა. ოთარ მეღვინეთუხუცესს ჰქონდა ამ საოცნებო ხვედრის ხორცშესხმის საშუალება, მაგრამ უარი თქვა. მიზეზი სრულიად უბრალო, თითქმის ბანალური გახლდათ – იქ იყო ის არსება, ვისთანაც ყოველდღიური შეხვედრები და ურთიერთობა გაუჭირდებოდა. თუმცა, შეიძლება, მთლად ისეც არ იყო საქმე, ზედაპირულად რომ ჩანს. მთავარი ალბათ ის არის, რომ ადამიანი ბოლოს და ბოლოს სწორედ იმ გზას გადის, რომელიც უნდა გაიაროს. იქნებ, ვცდები კიდეც, მაგრამ ასე მგონია, ადრე თუ გვიან მეღვინეთუხუცესი მაინც მარჯანიშვილის თეატრს მიაკითხავდა. ამ ანდამატის მთავარი საიდუმლო კი ის გახლავთ, რომ მარჯანიშვილის თეატრში მსახიობი ყოველთვის უფრო მეტად იყო თავისუფალი, ვიდრე რუსთაველის თეატრში. შეიძლება ითქვას, ვერიკო ანჯაფარიძე ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა მარჯანიშვილის თეატრისთვის, ვიდრე მის გვერდით მოღვაწე ყველა რეჟისორი ერთად... უკვე დაბრძენებული მსახიობი თავადვე იტყვის – ძალიან ვნანობ იმის გამო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში კომედიური და სახასიათო როლები ცოტა ვითამაშეო... თეატრში ყოფნის პირველი სეზონი, 1954-1955 წლები, იმით დაიწყო, რომ ფარდის წინ უნდა გაევლო ერთი კულისიდან მეორემდე („ლეგენდა სიყვარულზე”). ეს იყო და ეს მთელი მისი როლი. „ერხელაც რეჟისორის თანაშემწე მეუბნება – იცი, დღეს როგორი დღე გაქვს? ვერიკო ანჯაფარიძე სპეციალურად მოვიდა შენ სანახავად და კულისებიდან გიყურებდაო!.. ქალბატონი ვერიკო ყოველთვის არაჩვეულებრივად თბილად მეპყრობოდა. ერთხელ ისიც უთქვამს – გული მწყდება, ეს ყმაწვილი ჩემზე ასე გვიან რომ დაიბადაო... და საერთოდ, მთელი უფროსი თაობა იყო ძალიან კარგად განწყობილი ჩვენ მიმართ. გვიფრთხილდებოდნენ, ვუყვარდით...”

გურანდა გაბუნია: „ოთარი თეატრალურში გავიცანი, ნუგზარ გაჩავამ გამაცნო. მარჯანიშვილის თეატრში ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობია – ოთარ მეღვინეთუხუცესი, წადი და ნახე სპექტაკლებშიო. მეც მალულად წავედი და ვნახე. მართლაც არაჩვეულებრივი იყო. მსახიობის გარეგნობას თეატრისთვის, მით უმეტეს, კინოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ არავინ მომწონდა და მიყვარდა. ლილი იოსელიანის რეპეტიციებით ვიყავი დაკავებული და რობიკო სტურუასთან ვთამაშობდი სადიპლომო სპექტაკლში. ცხრამეტი წლის ვიყავი, ხელი რომ მოვაწერეთ. მახსოვს, პატარა ოთახი იყო, იმ დღეს წვიმდა და წყალი ჩამოდიოდა. ჩვენი ხელისმომკიდეები ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე იყვნენ. ოთარს „დალატკული“ პერანგი ეცვა. ირაკლის რომ არ შეეკერა მისთვის შარვალი, ალბათ, ისიც არ ექნებოდა. ირაკლი კარგად კერავდა და მეგობრებს ხშირად უკერავდა შარვლებს. თავისთვის ფეხსაცმელებს იკერავდა. საოცარი ხელი ჰქონდა, ყველაფერი შეეძლო. თან, არაჩვეულებრივად მღეროდა. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით – მე საიათნოვას ქუჩაზე, ირაკლი – ლერმონტოვზე. სულ ერთად ვიყავით და სიამოვნებით ვუსმენდი მის სიმღერებს. რაც შეეხება ოთარის სიდინჯეს, ყოველთვის ასეთი იყო. არ არის მოლაპარაკე კაცი. რა ვიცი, ალბათ, არ უყვარს, მე რომ ასეთი მხიარული და თავისუფალი ვარ. თუ ჩემი როლი არ მოეწონებოდა, არ ვთამაშობდი. სამაგიეროდ, ძალიან მოსწონდა ჩემი გაკეთებული ბორშჩი და კატლეტი. მერე ღომს და ხარჩოს მივაჩვიე. გვერდით მეგრელი ქალი რომ ვყავდი, ამან, ალბათ, დიდი როლი ითამაშა შემდეგ, როცა „დათა თუთაშხიაში“ გადაიღეს. სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია, ცოლად გავყოლოდი. უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენთვის მთავარი იყო, საქმე გვეკეთებინა და არა სხვა რამ. ყოფილ მერიასთან ვხვდებოდით ერთმანეთს. იმ დროს ორ ფილმში იღებდნენ – „კეთილი ადამიანები“ და „ფატიმა“. რვა მარტი იყო. დააგვიანდა, თუმცა მივხვდი, რომ გადაღებების გამო აგვიანდებოდა. რომ მოვიდა, გამიკვირდა, ხელში ყვავილები არ ეჭირა. უცებ პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო იები. ხელი რომ მოვაწერეთ, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედით. მერე ბიძაჩემმა დაგვითმო პატარა ოთახი, ამის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ თეატრიდან „ხრუშჩოვკის“ ოროთახიანი მოგვცა. დედას ერთოთახიანი ჰქონდა, ის და ჩვენი ოროთახიანი ბინა სამიანზე გადავცვალეთ და დედა ჩვენთან გადმოვიდა. ოთარსაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა. ოთარს რომ გავყევი, უკვე პენსიაზე იყვნენ. მახსოვს, მამამისი ყოველ შაბათ-კვირას ყველა ნათესავის მოსანახულებლად მიდიოდა, არავინ დარჩებოდა უყურადღებოდ. დედაც და მამაც ერთად არაჩვეულებრივ ხინკალს აკეთებდნენ. ოთარს ერთი და ჰყავდა – ევა, ძმა ომში დაეღუპა. ბავშვობაში ოთარი თურმე მათემატიკაში ყოფილა ძალიან მაგარი და მასწავლებელი ეუბნებოდა, მათემატიკურზე ჩააბარეო, მაგრამ თეატრალურში ჩააბარა.”

скачать dle 11.3