NBA-ს რომელი ვარსკვლავები მოხვდნენ „სლემ-დანკის” საუკეთესო შემსრულებლების ტოპ-ათეულში
„სლემ-დანკი” კალათბურთში მიღებული ტერმინია, რომლითაც ეგრეთ წოდებულ „კალათში ჩატენას” მოიხსენიებენ. ეს ტერმინი პირველად „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” კომენტატორმა ჩიკ ჰერნმა გამოიყენა და მას შემდეგ დამკვიდრდა სპორტის ამ სახეობის ქომაგების ლექსიკონში. „სლემ-დანკს” საკუთარი ოსტატები ჰყავს, რომლებიც საუკეთესოდ ახერხებენ ან ახერხებდნენ ბურთის ჩატენას კალათში. გთავაზობთ ,,დანკის” ოსტატების ტოპ-ათეულს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან.
ლარი ნენსი
„ფინიქს სანზისა” და „კლივლენდ კავალიერსების” ლეგენდარული დამცველი, 208 სანტიმეტრი სიმაღლის ლარი ნენსი ყველა დროის „დანკერებს” შორის მეათეა რეიტინგში. მისი დებიუტი ნაციონალურ ასოციაციაში 1981 წელს შედგა, 1984 წელს კი იგი „სლემ-დანკის” კონკურსის გამარჯვებული გახდა NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩის დაწყებამდე. კლემსონის კოლეჯის კურსდამთავრებული ნენსი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა 1980-იანებში და მისი ნომერი „კლივლენდის” შემადგენლობაში – 22-ნომრიანი მაისური – მის სამუდამო მფლობელობაში გადავიდა. ლარი ნენსი ბურთის კალათში ჩატენის ექსპერტი რომ იყო, ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, მისი გვარი ავკრიფოთ „იუთუბის” საძიებო ველში.
ნეიტ რობინსონი
ნეიტ რობინსონი NBA-ს ჩვენი დროის ვარსკვლავია, რომელიც, კალათბურთელისთვის ,,ჯუჯა” სიმაღლის მიუხედავად (175 სანტიმეტრი), ახერხებს, გახდეს ლიგის საუკეთესო „დანკერი”. ნეიტი სამჯერ გახდა დანკ-ტურნირების გამარჯვებული და დღემდე გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ ახერხებს მისი სიმაღლის კალათბურთელი კალათში ბურთის ჩატენას. ძირითადი მიზეზი კი, რის გამოც მოხვდა ნეიტი აღნიშნულ ათეულში, 2008 წელს უკავშირდება, როდესაც მან დუაით ჰოვარდთან ერთად ნამდვილი შოუ დადგა ,,ჩატენების” კონკურსში.
სპად უები
NBA-ში ნეიტ რობინსონის გამოჩენამდე, „დანკების მეფის” ტიტულს „ჯუჯა” კალათბურთელებს შორის ლეგენდად ქცეული ენტონი ჯერომ უები ატარებდა, რომელსაც სპად უების სახელით იცნობდნენ. სპადის სიმაღლე 170 სანტიმეტრი იყო და, მაქსი ბოუზისთან ერთად, მან დაუდო სათავე 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის კალათბურთელების გამოჩენას ლიგაში, რომლებიც ფართან გიგანტებს უწევდნენ თანაბარ კონკურენციას. ამბობენ, სპად უებს თანამედროვე ლიგაში რომ ეთამაშა, მისგან გაცილებით უფრო მეტი სარგებელი იქნებოდა და მეტ დანკს ვიხილავდით.
ჯეისონ რიჩარდსონი
ჯეისონ რიჩარდსონი, რომლის სიმაღლე 198 სანტიმეტრია, თანამედროვე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დანკერია. ის 2001 წლიდან, ანუ, მას შემდეგ ითვლება ჩატენის ოსტატად, რაც ასოციაციის კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის” წევრი გახდა. 2002 და 2003 წლებში იგი ზედიზედ ორჯერ გახდა დანკ-შეჯიბრის გამარჯვებული. „ფილადელფია სიქსერსის” წევრი რიჩარდსონი ნამდვილი რისხვაა მეტოქე გუნდის კალათებისთვის და „იუთუბიზე” მისი დანკების ტოპ-ასეულის ნახვის შესაძლებლობაც კი არსებობს.
დევიდ ტომპსონი
დევიდ ტომპსონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შორეულ 1970-იან წლებში ასპარეზობდა და მისი დანკები მხოლოდ კალათბურთის ერთეულ ქომაგებს ემახსოვრებათ. ამბობენ, რომ „დენვერ ნაგითსისა” და „სიეტლ სუპერსონიქსის” წევრი ტომპსონი კალათბურთს არა ფულის, არამედ, სიამოვნების გამო თამაშობდა. ლეგენდის თანახმად, მას იმდენად კარგი ნახტომი ჰქონდა, რომ ერთხელ ფარის თავზე მიმაგრებული ერთდოლარიანი კუპიურის მოხსნა მოახერხა. ტომპსონსვე ეკუთვნის იმ დროის კიდევ ერთი რეკორდი – იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი ლიგაში, როდესაც 5-წლიანი კონტრაქტისთვის 4 მილიონი დოლარის ანაზღაურება მიიღო.
ჯულიუს ირვინგი
დოქტორ ჯეი, როგორც ჯულიუს ირვინგს უწოდებდნენ, თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო დანკერი გახლდათ. ყველა ახალგაზრდა კალათბურთელი ცდილობდა, ირვინგს დამსაგვსებოდა; 1970-იან წლებში ის იყო მათთვის ნამდვილი კერპი, მოდის ფუძემდებელი და ნომერ პირველი ვარსკვლავი ასოციაციაში. ირვინგი NBA-ს ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის ფიგურირებს, ხოლო მის მიერ შესრულებული დანკები დღემდე სამაგალითოდ ითვლება.
შონ კემპი
იმ პერიოდში, როდესაც ლიგაში ასპარეზობდნენ ლარი ნენსი, დერილ დოუკინსი, კონი ჰოუკინსი და სხვები, შონ კემპი საოცრებებს სჩადიოდა. 206-სანტიმეტრიანი კემპი ყველაზე გრაციოზულად ახერხებდა ბურთის ჩატენას კალათში და, თუკი ვინმე მას ამის უფლებას უზღუდავდა, დანკების ოსტატისგან არნახულ აგრესიას იღებდა. გავრცელებული აზრის თანახმად, შონ კემპი ყველაზე ლამაზად ახერხებდა ბურთის ჩატენას. „კლივლენდის”, „ორლანდოს”, „პორტლენდისა” და „სიეტლის” ვარსკვლავი შონ კემპი ექვსჯერ იღებდა მონაწილეობას და 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებ გუნდთან ერთად. შონ კემპის დანკების ვიდეო „იუთუბიზე” ასევე მრავლად მოიძებნება.
მაიკლ ჯორდანი
კალათბურთის მეფე და ჰაერის ბატონ-პატრონი, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ყველაფერში საუკეთესო იყო და არცაა გასაკვირი, რომ ჯორდანს დანკებიც ოსტატური ჰქონდა. ჯულიუს ირვინგის პენსიაზე გასვლის შემდეგ ჯორდანმა კალათში ჩატენის თავისებური ხელწერა შეიმუშავა, რომელიც დღემდე სამაგალითოა ლიგაში. საინტერესოა, რომ ბურთის ჩატენის მომენტში ჯორდანს მუდამ გამოყოფილი ჰქონდა ენა და ეს მისი ერთგვარი საფირმო „დანკის” ნაწილი იყო. ჯორდანის სიდიადეზე, არა მარტო ბურთის ჩატენის ამბავში უსასრულოდ შეიძლება საუბარი.
დომინიკ უილკინსი
დომინიკ უილკინსს შონ კემპისა და მაიკლ ჯორდანის გაერთიანებულ ვარიანტს უწოდებენ. პარიზში დაბადებული უილკინსი ორჯერ გახდა სლემ-დანკის შეჯიბრის გამარჯვებული – 1985 და 1990 წლებში. კალათბურთის სტაჟიან ქომაგებს კი ემახსოვრებათ მისი და სპად უების დუელი აღნიშნულ შეჯიბრებებზე, როდესაც მავანნი ამბობდნენ, რომ მონდომების შემთხვევაში უილკინსი ყველა შეჯიბრების გამარჯვებული გახდებოდა. უილკინსი ცხრაჯერ მონაწილეობდა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში და 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა აშშ-ს ნაკრებთან ერთად.
ვინს კარტერი
ვინს კარტერის დანკებზე ლეგენდებს თხზავენ. მისი ყველა ჩატენა შოუს ელემენტებს შეიცავს და, ექსპერტების აზრით, კარტერი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი კალათბურთელია, რომელსაც კი უასპარეზია დანკების შეჯიბრებაში. კარტერისთვის მაშინაც კი არ წარმოადგენს სირთულეს დანკის შესრულება, როდესაც მისი ოპონენტი მასზე მაღალი ან ძლიერია. ამჟამად „დალას მავერიქსის” წევრი კარტერი რვაჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში, 2000 წელს სლემ-დანკის შეჯიბრების გამარჯვებული გახდა და იმავე წელს სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო.