სიახლეები
ფლოიდ მეივეზერი – პლანეტის უმდიდრესი სპორტსმენი
მოკრივე ფლოიდ მეივეზერი პლანეტის უმდიდრეს სპორტსმენად დასახელდა. ექსპერტების გათვლით, 2016 წლისთვის მეივეზერის კაპიტალი 250 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. მეივეზერი უმდიდრეს სპორტსმენად 2011 და 2012 წლებშიც დასახელდა. აღნიშნული ტიტული მეივეზერს ვიქტორ ორტისთან და მიგელ კოტტოსთან ჩატარებულმა ბრძოლებმა მოუტანა – შესაბამისად, 40 და 45 მილიონი დოლარი. რეიტინგში, რომელიც ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა” გამოაქვეყნა, მეივეზერმა არაერთ ცნობილ სპორტსმენს გაუსწრო, მათ შორის, ფილიპინელ მოკრივეს, მენი პაკიაოს, რომელიც მეივეზერის ძირითადი მოწინააღმდეგეა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. მეივეზერის ჰონორარების ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ახლო მომავალში მან შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი მოკრივის ტახტიდან ამერიკელი ოსკარ დე ლა ჰოიაც ჩამოაგდოს, რომლის კაპიტალი აქტიურ სპორტში ყოფნის პერიოდში 616 მილიონ დოლარს უტოლდებოდა.
ჰოლივუდური ფილმი ლიონელ მესიზე
„ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის ცხოვრება ახალი ჰოლივუდური ფილმის სცენარად იქცევა. ლოს-ანჯელესში მოღვაწე მსხვილმა საპროდიუსერო კომპანიამ ლუკა კაიოლის ბიოგრაფიული წიგნის – „მესი” ეკრანიზაციის უფლება შეიძინა. სცენარის მიხედვით, ფილმი ლიონელ მესის ცხოვრების ადრეულ ეტაპს შეეხება, როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, სიმაღლეში ზრდის ჰორმონების ნაკლებობას განიცდიდა და ოჯახს მისი მკურნალობის თანხები არ გააჩნდა, რასაც ბარსელონაში ჩასვლა და ცხოვრების იქ გაგრძელება მოჰყვა. ფილმის პრემიერას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ელოდებიან.
კობი ბრაიანტის დაპირისპირება დედასთან
კალათბურთის ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა სასამართლოში უჩივლა საკუთარ დედას და მას ქურდობაში დასდო ბრალი. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავმა განაცხადა, რომ დედამ მას პირადი ნივთები მოჰპარა, რათა აუქციონზე გაეყიდა. პამელა ბრაიანტმა აუქციონს კობის მაისურები, საჩემპიონო ბეჭდები, თასები და სხვა 100-მდე ნივთი გადასცა და ამაში 450 ათასამდე დოლარი მიიღო. კობი მოითხოვს, რომ სასამართლომ მას დაუბრუნოს ნივთები, ხოლო დედა ქურდობის ფაქტზე დაიკითხოს. ცნობილია, რომ დაპირისპირება დედა-შვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კობიმ პამელას უარი განუცხადა, ლას-ვეგასში ძვირად ღირებული სახლის შეძენაზე.
ცეცხლოვანი ფრენბურთელი ბრაზილიიდან
ბრაზილიელი ჟაკლინ კარვალიო მსოფლიო ფრენბურთის აღიარებული ვარსკვლავია. 186 სანტიმეტრი სიმაღლის ლამაზმანი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ათობით სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელია. ჟაკლინი 11 წლის ასაკში დაინტერესდა ფრენბურთით და ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, მსოფლიო ფრენბურთის ოლიმპზე ასვლა მოახერხა. ჟაკლინი ბრაზილიური ჟურნალ-გაზეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია და ისიც სიამოვნებით თანხმდება სხვადასხვა გულახდილ ფოტოსესიაზე
მადრიდელი ვარსკვლავები რაფაელ ნადალის მატჩზე
მადრიდში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები ასპარეზობენ, მაღალი რანგის სტუმრები არასდროს აკლია. ერთ-ერთ ასეთ მატჩს, სადაც ესპანელების კერპი – რაფაელ ნადალი თამაშობდა, მადრიდული საფეხბურთო კლუბის ვარსკვლავები დაესწრნენ. „რეალი” სერხიო რამოსით და კრიშტიანუ რონალდუთი იყო წარმოდგენილი, ხოლო „ატლეტიკოს” კოლუმბიელი შემტევი, რადამელ ფალკაო წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ კორტზე საქომაგოდ რონალდუ საცოლესთან, ირინა შეიკთან ერთად მიბრძანდა. ამით კი ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მათ შორის ყველაფერი რიგზეა და ბრაზილიელი ლამაზმანის განცხადება, რომ თითქოს მან ღამე რონალდუსთან გაატარა, სრული სიცრუეა.
მის ბრაზილიის ტიტულისთვის მებრძოლი ლამაზმანი
„მის ბრაზილიას” ტიტულზე არაერთ ლამაზმანს განუცხადებია პრეტენზია და მათ შორის წლევანდელ კონკურსზე ყველაზე გამორჩეული რიო-დე-ჟანეიროს ფრენბურთის კლუბ „უნილევერის” ვარსკვლავი, ლუსიანა ესკოუტია. მან მნიშვნელოვან მატჩზეც კი უარი თქვა, რომ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. გარდა სპორტისა, ლუსიანა მოდელობითაც არის დაკავებული და სწორედ ამან გადააწყვეტინა, ბედი ეცადა კონკურსზე. კონკურსი რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ულამაზესი ლუსიანა საუკეთესო 16 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა მთავარი ჯილდო სხვას ერგო.
ბექჰემი კლუბის შეცვლისთვის ემზადება
ინგლისელი ვარსკვლავი – დევიდ ბექჰემი, როგორც ჩანს, კვლავ კლუბს შეიცვლის. „პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი გავრცელებული ცნობის თანახმად, საფრანგეთის პირველ ლიგაში დაბრუნებულ „მონაკოს” ღირსებას დაიცავს მომდევნო სეზონში. „მონაკოს” მთავარი მწვრთნელი, სახელგანთქმული კლაუდიო რანიერია და ბექჰემთან ერთად, ის კლუბში მადრიდის „ატლეტიკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს მიყვანას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ფალკაო ევროპული სუპერკლუბების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა მოახლოებულ სატრანსფერო პერიოდში და „მონაკოში” მისი გადასვლა ნამდვილი სიურპრიზი იქნება.
ხულიგანი ალონსო
ესპანელმა ავტომრბოლელმა ფერნანდო ალონსომ მავანი ფოტოგრაფის კუთვნილი კამერა გატეხა, რომლის ფასი 6 ათას ევროს შეადგენდა. ფოტოგრაფი ცდილობდა ალონსო მეგობარ გოგონასთან ერთად გადაეღო, ამ დროს „ფორმულა ერთის” პილოტი მას მიუახლოვდა და კამერა გაუტეხა. ფოტოგრაფმა მაშინვე პოლიციას მიმართა და მოითხოვა, ალონსოს მისთვის მიყენებული ზარალი აენაზღაურებინა. ფოტოგრაფის თქმით, ალონსოს არ ეკადრება მსგავსი საქციელი, რადგან მას ხშირად ჰბაძავენ ბავშვები, რომელთაც მომავალში „ფორმულა ერთის” პილოტობა უნდათ.