რა ექვსი თხოვნა უნდა გააჩნდეს ადამიანს უფლის წინაშე და როდის უშვებს ღმერთი მასზე სხვადასხვა სახის დაბრკოლებას
ადამიანები დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, მაგრამ ხშირად არ ვიცით‚ რა უნდა ვითხოვოთ უფლისგან, რომ სულიერ ცხოვრებაში უფრო მეტ წარმატებას, სიმშვიდეს, სიხარულს მივაღწიოთ. წმიდა მამების გადმოცემით‚ არსებობს 6 თხოვნა, რომელიც სულიერ ცხოვრებაში უფრო მეტად გაგვაძლიერებს. რა არის ეს 6 თხოვნა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– როდესაც მთავრდება მარხვა, ადამიანების დიდი ნაწილი გარკვეული დროის განმავლობაში, ერთი თვე ან 6 თვე, ზოგჯერ მთელი წელიც კი, არ მოდის ეკლესიაში და არ ახსენდება მოძღვარი, სულიერი და-ძმა. კარგად ჩაიხედეთ თქვენს გულებში: როდის თქვით ბოლოს აღსარება, როდის ეზიარეთ, როდის იყავით ბოლოს ეკლესიაში, როდის ილოცეთ გულიანად? მაგრამ ჩვენ ხშირად მხოლოდ ოცნებებში ვართ ჩაფლული, ვფიქრობთ: ხვალ ყველაფერი უკეთ იქნება და რაში გვჭირდება იესო ქრისტე, მოძღვარი, ეკლესია? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: დადგება დრო‚ როცა ხორციელი შვება იქნება და ადამიანებს აღარ მოუნდებათ ეკლესიაში მოსვლა, არ დასჭირდებათ ღმერთი, მანამდე, სანამ არ ჩავარდებიან ცუდ მდგომარეობაში. ყველას ვურჩევ‚ არ მიატოვონ ეკლესია, სამწყსო, მოძღვარი, რადგან ეს ყველაფერი თქვენ გჭირდებათ და არა უფალს. უფალი ხომ სიყვარულია და თუ სიყვარული, კეთილდღეობა არ გჭირდება, მაშინ შეგიძლიათ‚ მხოლოდ ადამიანების იმედზე იყოთ. ეკლესიის ზარიც ჩვენს მოსახმობად რეკავს, რომ მიხვიდე ეკლესიაში, ილოცო. ზარი‚ უპირველეს ყოვლისა‚ ირეკება მაშინ, როცა ფსალმუნება იწყება, შემდეგ წირვის წინ და შემდეგში კი მაშინ, როდესაც მსხვერპლი შეიწირება, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით სულიწმიდა გარდამოვა და პური გადაიქცევა უფლის ხორცად, ხოლო ღვინო – სისხლად. ძალიან მნიშვნელოვანია ზარის დარეკვა, მაგრამ‚ უპირველეს ყოვლისა‚ შენს გულში უნდა დაირეკოს ზარი, შენს სულში და უნდა მიხვდე‚ რატომ ირეკება ზარი. სახარებაში წერია: გამოვიდა მთესველი, რომ დათესოს თესლი. მთესველი‚ ბუნებრივია‚ არის უფალი, თესლი კი – უფლის სიტყვა, ხოლო ნიადაგი – ჩვენი გული. სახარების ამ ადგილას 4 მდგომარეობაა გადმოცემული: პირველი – ეს არის შარა, ანუ ყამირი, სადაც ეცემა თესლი, მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ვერ გაიდგამს ფესვს და ვერ აღმოცენდება. ჩვენი გული ნიადაგია და თესლი, ანუ უფლის სიტყვა უნდა ჩაითესოს, რომ მერე აღმოცენდეს. მაგრამ‚ თუ ჩვენი გული ყამირია, ფართე, შედის და გადის მასზე ყველა გრძნობა, ვნება, ამაო ფიქრები, მაშინვე მოიტაცებს ღვთის სიტყვას ეშმაკი და ის ვეღარ აღმოცენდება. როგორც სახარება გვასწავლის‚ ეს შარა ძალიან ფართე, დაუმუშავებელია და ეს მდგომარეობა ძირითადად ეხება დაუდევარ, დაბნეულ ადამიანებს, რომლებსაც ესმით ღვთის სიტყვა, მან კი ვერ იპოვა ადგილი, რომ აღმოცენდეს.
– როგორია მეორე მდგომარეობა?
– მეორე მდგომარეობა ეს არის კლდეზე დათესილი თესლი. კლდე‚ რა თქმა უნდა‚ კარგია, მასზე უნდა დაფუძნდეს ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, მაგრამ ამ შემთხვევაში‚ ძალიან ცუდია. როდესაც ღვთის მარცვალი ეცემა კლდეზე, ბუნებრივია‚ ის ნაყოფს ვერ გამოიღებს. ანუ კლდე‚ ეს არის ამპარტავანი ადამიანის გული, მასში ვერ გაიდგამს ფესვებს ღვთის მარცვალი. ასეთი ადამიანებიც არიან ჩვენ გარშემო. რაც შეეხება მესამე მდგომარეობას, ეს არის ეკალ-ბარდებში ჩავარდნილი თესლი. ეკალთა შორის ჩავარდნილი მარცვალი აღმოცენდება, მაგრამ ეკალი არ აძლევს იმის საშუალებას, გაიზარდოს, ნაყოფი გამოიღოს. ანუ, ეკალი ეს არის ამქვეყნიური საზრუნავი, ცრუ მიზნები, აზრები – ცრუ გეგმები მოაშთობს ღვთის სიტყვას და თუ ის არ გამოიღებს ნაყოფს, მაშინ რა საჭიროა, თქვენს გულში მისი აღმოცენება. ამიტომ ჯობია‚ ეს ეკალი მოთხაროთ გულიდან, რადგან უფლის სიტყვა, რომელიც დაითესა თქვენს გულში, აღმოცენდეს და გამოიღოს ნაყოფი. თუ არ გამოიღო ნაყოფი, მაშინ დავრჩებით ცხონების გარეშე. მეოთხე მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ შორს არის ჩვენგან, ეს არის თესლი, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგზე დავარდება და გამოიღებს ბევრ ნაყოფს. ასეთი ნიადაგი უნდა იყოს ჩვენს გულში: მოხნული, განაყოფიერებული, მორწყული. ისევე როგორც ღმერთმა ადამს უთხრა‚ დაემუშავებინა ედემის ბაღი, რათა მას გარკვეული სამუშაო აღესრულებინა. ადამიანი იმ დროს პატარა ღმერთი იყო, თითქმის ყოვლისშემძლე, იცოდა ფიზიკა, ქიმია, მაგრამ ვერ მოახერხა საკუთარი გონების, არსებული მდგომარეობის დამუშავება და გამოძევებული იქნა სამოთხიდან. მიუხედავად ამისა‚ ღმერთი გვაძლევს იმის საშუალებას, დავამუშავოთ ჩვენი გული.
– ეს როგორ უნდა მოხდეს?
– სანამ დაიწყება თესვა, ღვთის სიტყვას მოისმენთ, მანამდე უნდა შეიქმნათ შესაფერისი განწყობა. როცა საკუთარ თავს აკვირდებით სარკეში, ლამაზ სამოსს იცვამთ, მოწესრიგებულები მოდიხართ ეკლესიაში‚ რა თქმა უნდა‚ ეს მნიშვნელოვანია, ადამიანი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. მაგრამ‚ როცა წახვედი ეკლესიიდან, მოისმინე სახარება, დაესწარი მწუხრს, მაშინ ძილის წინ იფიქრე იმაზე‚ თუ რა ხდება ქვეყანაზე, ოჯახში, სამეგობროში, საკუთარ გულში, სულში.
– რა უნდა ითხოვოს ადამიანმა, რომ მისი მომავალი ცხოვრება უკეთესი იყოს?
– წმიდა მამების დარიგებით არსებობს 6 თხოვნა, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს უფლის წინაშე. 1. ყველა ადამიანი არის დაცემული, სუსტი, მერყევი არსება, ამიტომ ყველა უნდა ითხოვდეს ძალას. ძალა არის უფლისა, სულიწმიდა, ცხონება, სიკეთე. წმიდა მამა ასეთ სიტყვებს ამბობს: მე ვითხოვე ძალა და მან სირთულეები მომცა‚ რათა ძლიერი გავხდე. პავლე მოციქულიც ამბობს: როდესაც ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერი. ამიტომაც უნდა ითხოვოთ სირთულეები, ოღონდ ისეთი, რის გადატანაც შეგიძლიათ. 2. ითხოვე სიბრძნე, რაც აკლია ყველა მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. დღეს ძალიან ძნელია ბრძენი ადამიანის პოვნა, რადგან ყველა საკუთარი თავით ბრძენობს – არა ბიბლიით, წიგნებით, საკუთარი გონების იმედი აქვთ და გვარიგებენ ჭკუას. სიბრძნე არის ღვთაებრივი, ღმერთისგან უნდა ვითხოვოთ და არა ადამიანებისგან. წმიდა მამა ამბობს: ვითხოვე სიბრძნე, მან კი პრობლემები მომცა, რომ მომეგვარებინა ისინი. ანუ‚ ღმერთი ჯერ გიგზავნის პრობლემებს და შემდეგ გეხმარება მათ მოგვარებაში. გაჩნდა რამე პრობლემა, მიხვდი: ეს ღმერთმა დაუშვა და იმ სიბრძნესაც მოგცემს, მდგომარეობიდან გამოსვლაში რომ დაგეხმარებათ. 3. ითხოვეთ სიმდიდრე. „მე ვითხოვე სიმდიდრე და მან ძალა და ღონე მომცა, რათა მემუშავა და მეშრომა“. ანუ, გინდა სიმდიდრე? – სთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა, შემწეობა, რომ იმუშაო, იშრომო და შრომით მოიპოვო ლუკმა შენი. და იმდენი სიმდიდრე მომცეს, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდე და ყველაფერი იყოს კარგად. 4. მე ვითხოვე ფრენის საშუალება და ღმერთმა მომცა დაბრკოლებები, რათა გადამელახა ისინი. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ. ფრენა – ეს ოცნება, ცრუ იმედებია და ჩვენც დავფრინავთ ამასთან ერთად. ჩვენც გვქონდა სამოთხეში ფრენის საშუალება, მაგრამ ჩამოვვარდით. ამიტომ ოცნებისგან, ცრუ დაპირებისგან შორს იყავით. ჩვენ შეგვიძლია, ვცხონდეთ მხოლოდ უფალში. ღმერთმა ჩამოგვიყვანა დაბლა, ფრთები შეგვაჭრა, დაბრკოლებები მოგვცა, რათა მივხვდეთ, რომ ფრთების ტყლაშუნით ვერაფერს გავხდებით. 5. ყველაზე საინტერესო: მე ვითხოვე სიყვარული, მან კი ადამიანები მომცა, რომლებსაც დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში. თუ გინდა სიყვარული გქონდეს, მიიხედ-მოიხედე ირგვლივ, დაინახავ ბევრ გაჭირვებულ ადამიანს და დაეხმარე მათ. თუ შენ იტყვი, რომ მინდა სიყვარული მქონდეს – ეკლესიაში მივდივარ, ჩემი მოძღვარი, ეკლესია მიყვარსო და ამ დროს მეზობელს ისე ჩაუვლი, არ მოიკითხავ, არ დაეხმარები, არ დაინტერესდები‚ მასთან რა ხდება. მოძღვარზე გიჟდები, პატრიაქზე, ღმერთზე და ამ დროს მეზობელს სწყევლი, როგორ შეიძლება, სიყვარული გქონდეს. მთავარია‚ ის ადამიანები შეიყვარო, ვისაც უფალი გიგზავნის, ვისაც არ უყვარხარ, ვინც გწყევლის და მათთან ერთად გაიზრდები სიყვარულში. 6. მე ვითხოვე სიკეთე და მან შესაძლებლობა მომცა‚ მეკეთებინა სიკეთე. გინდა სიკეთე? ღმერთი მოგცემს საშუალებას, რომ ეს აკეთო. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამას. ხედავ‚ ადამიანი ქუჩაში გდია, წამოაყენე, სახლში წაიყვანე. ხედავ‚ დახეული აცვია, შენი მიეცი და ასე შემდეგ. დღეს ადვილია დავინახოთ‚ რამდენი სიკეთეა გასაკეთებელი, მაგრამ ვერ ვხედავთ. თუმცა‚ როცა ვიგებთ‚ ეკლესია, სამრეკლო შენდება, მაშინვე მილიონები მიგვაქვს, სამაგიეროდ‚ გვერდზე ვერ ვხედავთ გაჭირვებულს, ისეთს, ვისაც ჩვენი შემწეობა სჭირდება. და ბოლოს რეზიუმეს სახით: ჩვენ ვითხოვთ იმას‚ რაც გვინდა, მაგრამ ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება.