სწავლანი მამათა ცხოვრებიდან
აღიღე ჯვარი, რომელიც მოგცა შენ ღმერთმა
იყო ერთი ხელმოკლე გლეხი კაცი, რომელიც ცხოვრობდა თავისი შრომით, მაგრამ ისე ღარიბად, რომ ძლიერ გაჭირვებით ასაზრდოებდა ცოლ-შვილს. ერთხელ ის წავიდა ზღვის პირად, ჩამოჯდა ქვაზედ და იდაყვებდაბჯენილი გასცქეროდა ძვირფასი საქონლით დატვირთულ მოცურავე გემებს, რომლებსაც ცლიდნენ ზღვის პირზე და მიჰქონდათ ქალაქში გასაყიდად. გლეხკაცს გულში ბოროტმა ფიქრმა გაუარა და თქვა: „შე დალოცვილო ღმერთო, სხვებისთვის ამდენი სიმდიდრე მიგიცია და მე კი ლუკმაპურის მოპოვებაც მიჭირს. რა იქნება, მეც მომხედო წყალობის თვალით და გამიუმჯობესო ტანჯული ცხოვრებაო“.
შუადღის მზის ლული იდგა. ფიქრებში გართულ გლეხს თვლემა დააწყებინა და დაეძინა. ძილში მან ნახა, ვითომ იგი დგას მაღალი მთის ქვეშ, მიდის მასთან ერთი პატიოსანი თეთრწვერა მოხუცი და ეუბნება:
– ჰოი, კაცო, ადე და გამომყე მე!
გლეხი კაცი მიჰყვება მოხუცს. კაი ხნის მსვლელობის შემდგომ ისინი მივიდნენ ერთ ალაგს, სადაც ეწყო უანგარიშო რიცხვი ჯვრებისა: ოქროისა, ვერცხლისა, სპილენძისა, რკინისა, ქვისა და ხისა.
– ხედავ ამ ჯვრებსა? – ჰკითხა მოხუცმა გლეხსა, – ამოარჩიე, რომელიც გინდა და აიტანე იმ მთაზე, რომლის ქვეშაც შენ გეძინაო.
გლეხმა ჯვრებს თვალი გადაავლო, ამოირჩია, ერთი დიდი, მზესავით ბრწყინვალე ოქროს ჯვარი, წაატანა ხელი, მაგრამ, ვერ დაძრა ადგილიდან. ვერც ვერცხლის ჯვარს მოერია გლეხკაცი. ასევე დაემართა სპილენძის, რკინისა და ქვის ჯვრების აღებაზეც. ბოლოს აიღო ერთი მორჩილი ხის ჯვარი და მჩატედ აიტანა ნაჩვენებ მთაზე.
– რით მაჯილდოებ ამ ჯვრის მთაზე ატანისთვის? – ჰკითხა გლეხმა მოხუცს.
– მე დაგაჯილდოებ შენ იმით, რომ აგიხსნი მნიშვნელობას ამა ჯვრისასაო, – უთხრა მოხუცმა და მოყვა:
– ოქროს ჯვარი, რომელიც შენ ასე ძლიერ მოგეწონა და წაატანე ხელი – არის ჯვარი მეფისა. შენ ფიქრობ გუნებაში: „რა კარგი და ადვილი ხელობაა მეფობაო. მაგრამ, ამას კი აღარ ფიქრობ, თუ რა ძნელია ხელობა მეფისა და რაზომ მძიმეა მისი ჯვარი. აი, როგორ მოსვენებით გეძინა ზღვის პირად; შენ არ გაწუხებდა არავითარი დარდი და ვარამი. ფიქრობდი მხოლოდ დღიურ საზრდოს მოპოვებაზე, რომელსაც ცოტად თუ ბევრად კიდევაც პოულობ, მაგრამ, სულ სხვაა დარდი და ვარამი მეფისა: მას აქვს მინიჭებული ღვთისაგან სამეფო, რომელზედაც უნდა ზრუნავდეს იგი.
ჯვარი ვერცხლისა არის ჯვარი მწყემსთა ეკლესიისა და დაახლოებულთა მსახურთა მეფისათა: ვეზირთა და მრჩეველთა მისთა, რომელნიც ეხმარებიან მეფეს სამეფო მართვაში.
ჯვარი სპილენძისა ეკუთვნის მათ, ვისთვისაც ღმერთს მიუცია სიმდიდრე. შენ გშურს მათთვის სიმდიდრე და ამბობ გუნებაში: ოჰ, რა ბედნიერები არიანო. არ არის საშურველი მათი ცხოვრება. მართალია, ისინი თავის თავად არ მუშაობენ და ყოველისფერი საკმაოდ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, მათ მტერიც ბევრი ჰყავთ და მოშურნეც.
ჯვარი რკინისა არის ჯვარი მხედართა. აბა, ჰკითხე მათ, რომელნიც ყოფილან ომში და ისინი გიამბობენ შენ, თუ რამდენჯერ შეხვედრიათ მათ ღამისთევა ღია ცის ქვეშ, ნოტიო მიწაზე; სიცივე, შიმშილი და სხვა ამგვარი გაჭირვება; ამას გარდა – სიცოცხლის შეწირვა მამულისა და სარწმუნოებისათვის.
ჯვარი ქვისა არის ჯვარი მოვაჭრეთა. არც მათი ცხოვრებაა სანატრელი, რადგან ხშირად მთელი ნავაჭრი ქონება მათ ზღვის ტალღებში დაღუპვიათ და შინ გაღატაკებულნი მისულან. მიწის მუშას, არა გაქვს შემთხვევა არც სიცრუისა, არც ქურდობისა, არც მოტყუებისა და არც ამაო ფიცისა. ვაჭარი კაცი კი ამაებს ვერ ასცდება.
ის ხის ჯვარი, რომელიც შენ აიღე და აიტანე მთაზე, შენი ნამდვილი ჯვარია. შენი ხელობა, მიწის მუშაობა, უცოდველი ხელობაა, მდიდარი რომ ყოფილიყავი, ღმერთს დაივიწყებდი, დიდებული თუ იქნებოდი – სხვას შეაწუხებდი, ვაჭარი რომ ყოფილიყავი – ყველას მოატყუებდი, მხედარი თუ იქნებოდი – სამხედრო ბეგრის ტანჯვა-წვალებას ვერ აიტანდი და აყვედრიდი ღმერთსა. გულთამხილავმა უფალმა კარგად იცოდა, რომ შენ ყოველგვარ სხვა ხელობაში, გარდა მიწის მუშაობისა, შენს სულს დაღუპავდი და ამისათვის მოგეცა თვით მდაბალი და მსუბუქი ჯვარი – ჯვარი ხისა. წარვედ მშვიდობით, იყავ კმაყოფილი შენი ბედისა და ნუღარ აყვედრი ღმერთსა შენი მდგომარეობისათვის.
მოხუცის უკანასკნელ სიტყვებზე გლეხს გამოეღვიძა. მადლობა შესწირა ღმერთს კეთილი ჩვენებისთვის და ამიერ ჟამიდგან კმაყოფილი იყო თავის ბედისა.
მღვდელი მიხეილ გავაშელი.
„მწყემსი“ (804 წ., ¹ 19-20, გვ. 18-20).