მამათა შეგონებანი
წმიდა სილუანი: აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი. ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა თავისუფალი ქმნილებისა და დასაბამიერი ყოფიერების – ღმერთის მიმართ, არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ამიტომაც ბოროტება სუფთა სახით არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ყოველგვარი ბოროტება, შესრულებული თავისუფალი ქმნილებების მიერ პარაზიტულად ცხოვრობს სხეულზე. მისთვის აუცილებელია თავის თავში ნახოს გამართლება, წარსდგეს კეთილის სამოსელში გახვეული და ხანდახან ზეკეთილის სამოსელშიც, ბოროტება ყოველთვის და გარდაუვლად შეერევა ხოლმე რაღაც ნაწილით, ფორმით დადებით ძიებას და ამ მხრივ ხიბლავს ადამიანს. თავისი დადებითი ასპექტით ბოროტება მიისწრაფის, წარდგეს ადამიანის წინაშე, როგორც იმდენად ღირებულების მქონედ, რომ მის მისაღწევად დაშვებულ იქნას ყველა საშუალება. ადამიანის ემპირიულ ყოფიერებაში აბსოლუტური სიკეთე არ მიიღწევა. ყოველგვარ ადამიანურ წამოწყებაში არის არასრულქმნილების რაღაც ნაწილი. ადამიანურ სიკეთეში არასრულქმნილების არსებობა, ერთი მხრივ, და გარდაუვალი არსებობა კეთილი საბაბისა ბოროტებაში – მეორე მხრივ, იწვევს იმას, რომ ძალიან ძნელია განასხვავო სიკეთე ბოროტებისგან.
არქიმანდრიტი რაფაელი: მშვენიერი სიყვარული – ეს იმისაგან დამოკიდებულებაა, ვინც უყვართ, მასში არ არის თავისუფლება. ეს ხორცისადმი სიყვარულია, ხოლო რამდენადაც ხორცი ხრწნადია, ხრწნას ექვემდებარება და მასში ყოველგვარი ხრწნადია, იმდენად მშვინვიერი სიყვარული რეალობას ფანტაზიით ცვლის, იმას ხედავს, რისი დანახვაც უნდა, და არა იმის, რაც სინამდვილეშია. მასში განუწყვეტლად მღელვარება და განგაშია: მღელვარება – როგორმე მოიპოვოს; განგაში – როგორმე არ დაკარგოს. იმედგაცრუებაა, როცა ადამიანი საკუთარი ზმანებიდან გონს მოვა.
გაბრიელ ეპისკოპოსი: სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით. ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვიდრებლად ადგილი აღარაა. ვისაც უფალთან ყოფნა უნდა, ხშირად უნდა ფიქრობდეს მასზე, მის ღვთაებრივ ხატს ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას და მაშინ შეიტყობს, რომ მისი აღთქმა უტყუარია. სადაც სახარების სიტყვა სუფევს, ქრისტე იქაა, ანუ მასთან, ვის გულშიც სიტყვამ შეაღწია, გაანათლა და ზნეობრივად უკეთესი გახადა. ასევე, ქრისტეა იქ, სადაც მისი მადლი და სიწმინდე სუფევს. მადლისა და სიწმინდის სუფევის ნიშანი ისაა, როცა კაცი ცოდვას ადვილად ვეღარ სჩადის, როცა იგი განუწყვეტლივ ებრძვის ბოროტებას.