კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით იყო ცნობილი ბაზარი „ერევანსკის მოედანზე” მეცხრამეტე საუკუნის თბილისში და სად მდებარეობდა თბილისის პოლიცმეისტერის კანცელარია

თბილისის ცენტრალურ მოედანს, ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად თავისუფლების მოედანი ეწოდება. ისტორიულ წყაროებში არაერთი საინტერესო ცნობა უკავშირდება მოედნის შექმნას და მის შემდგომ არსებობას, რასაც ძველი ფოტოების დახმარებით გავაცოცხლებთ.

თავისუფლების მოედანი

მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოეთ მხარეს, დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია, მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს, ლევან მეფის ქარვასლა იდგა. ის საკმაოდ დიდი ყოფილა და ოთხმოცამდე სადგომს მოიცავდა. მისივე ცნობით, ქარვასლა თურქებს დაუნგრევიათ 1724 წელს. ვახუშტისა და მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე მოედნის ტერიტორია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ბაღებით იყო გარშემორტყმული. ვახუშტის მიხედვით, აქ იყო მეფის, დედოფლისა და მამასახლისის ბაღები. პიშჩევიჩის, 1785 წლის გეგმაზე კი, მეფისა და დედოფლის ბაღების გარდა, გიორგი ბატონიშვილის ბაღიც არის აღნიშნული. ვახუშტი ბატონიშვილს ამ ადგილებში ერთადერთი შენობა აქვს ნაჩვენები, რომელსაც „ბეჟანის ქარვასლას” უწოდებს. ის დაახლოებით იქ იდგა, სადაც ახლა ქალაქის საკრებულოს შენობაა.

მოედნის ინტენსიური განაშენიანება მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო. მოედნის დღევანდელი მოშენება, რამდენიმე ნაგებობის გარდა, მეცხრამეტე საუკუნეშია ჩამოყალიბებული და სტილისტურად საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის. ადრინდელ შენობათაგან, ჩვენამდე მოაღწია 1824 წელს აგებულმა კავკასიის კორპუსის შტაბმა. შენობის არქიტექტურა რუსული კლასიციზმის ნიშნებს ატარებს. მოედნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის გასწვრივ ერთ-ორსართულიანი სახლები იდგა, იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით, რომელთაც აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ამშვენებდა. ერთ ასეთ სახლში 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. 

მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში მოედნის შუაგული გასაყიდი შეშის ურმების გასაჩერებელი ადგილი იყო. კვირაობით კი დიდი და აურზაურიანი ბაზრობა იმართებოდა. მოედანზე პრაქტიკულად ყველაფერი იყიდებოდა: მწვანილი, ფართალი, ავეჯი, ოთხფეხა საქონელი, ქათიბი, მუნდირი, შეშა, თივა და ბუკინისტური წიგნებიც კი. როდესაც მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, 1847 წელს თამამშევმა მოედანზე თეატრი და ქარვასლა ააგო, ბაზარი ცოტა ქვევით დასწიეს, სწორედ იქ, სადაც ახლა პუშკინის სკვერია. ბაზრის ხალხის მოსაზიდად და გასართობად, ბაზარში  „ბალაგანები” იყო გამართული. აქ იაფფასიანი ცირკის არტისტები ოინბაზობდნენ. ერთ მხარეს ჯამბაზი გადიოდა თოკზე, მეორე მხარეს ცნობილი აბელა იდგა ოჩოფეხებზე და ხალხს აცინებდა. ამ ბაზარს ჩოჩქოლი და ღრიანცელი არ აკლდა. დღე ბაზრობა იყო, საღამოთი ცირკი. „ერევანსკის მოედნის” ბაზარმა 1885 წლამდე იარსება, იმავე წლის 23 ივნისიდან ბაზარი ვერაზე გადაიტანეს, ხოლო ბაზრის ადგილზე ბაღი გაშენდა, რომელსაც დღეს პუშკინის სკვერად ვიცნობთ.

1830-იან წლებში მოედნის სამხრეთ მხარეზე, იქ, სადაც ადრე „ბეჟანის ქარვასლა” იდგა, ააგეს ქალაქის პოლიციის განყოფილების შენობა, პოლიცმეისტერის კანცელარიით. შენობას სახანძრო-სამეთვალყურეო კოშკიც ჰქონდა, თუმცა ერთი უსახური ნაგებობა იყო, რომელსაც არანაირი არქიტექტურული ღირებულება არ გააჩნდა. 1851 წელს მოედანზე, პოლიციის წინ, გაკეთდა შადრევანი, რომელიც სოლოლაკის წყაროებიდან მარაგდებოდა წყლით. პოლიცმეისტერის კანცელარია და პოლიციის განყოფილება ამ შენობაში 1879 წლამდე იყო. 1878 წელს გამოცხადდა კონკურსი შენობის „საქალაქო სახლად” გადაკეთების პროექტზე. კონკურსში გაიმარჯვა არქიტექტორ პაულ შტერნის პროექტმა. გარე არქიტექტურაში ასახულია იმ დროისთვის დამახასიათებელი ტენდენცია, ეგრეთ წოდებული „ეგზოტიკური” სტილის შექმნისა. 1910 წელს შენობას დააშენეს, ხოლო 1912 წელს – გააფართოეს. ამჟამად ის თბილისის საკრებულოს საკუთრებაშია და იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930-იან წლებში მოედანს ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ჩუატარდა, რამაც თამამშევის ქარვასლის შენობაც იმსხვერპლა, რომელიც მოედნის შუაგულში მდებარეობდა. ლავრენტი ბერიას პერიოდში, მოედნის ჩრდილოეთით, დანგრეული ქარვასლის ადგილზე, მარმარილოს ტრიბუნა აშენდა. გეგმაში იყო ასევე, ვლადიმირ ლენინის მონუმენტის დადგმა. თუმცა, პროლეტარიატის ბელადის ძეგლი, მხოლოდ 1956 წლის 21 აპრილს გაიხსნა საზეიმოდ. აღსანიშნავია, რომ, თავდაპირველად, ლენინის ძეგლის გარშემო შემოსაზღვრულ ფართობს ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა და მხოლოდ 1960-იან წლებში მიიღო მან მრგვალი ფორმა. ლენინის ძეგლი 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აიღეს და მის ადგილზე მცირე ხანს შადრევანი ფუნქციონირებდა. 2006 წლის 23 ნოემბერს კი საზეიმო ვითარებაში, მოედნის შუაგულში წმიდა გიორგის ქანდაკება დაიდგა, რომლის ავტორი ზურაბ წერეთელია. 1991-1992 წლების „თბილისის ომის” დროს, მოედანზე რამდენიმე შენობა განადგურდა. მათ ადგილზე კი უკანასკნელ პერიოდში აიგო რამდენიმე თანამედროვე ნაგებობა, მათ შორის სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი”. 

თავისი არსებობის განმავლობაში მოედანმა არაერთი სახელი გამოიცვალა. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე-ქალაქზე გამარჯვების აღსანიშნავად, მოედანს, რუსთა ჯარის სარდლის, გრაფ პასკევიჩ-ერევანსკის პატივსაცემად, „პასკევიჩ-ერევანსკის” მოედანი ეწოდა, შემოკლებით – „ერევანსკის. 1851 წელს, მცირე ხანს იქ არსებული ქარვასლა-თეატრის გამო, „თეატრალურ მოედნად” მოიხსენიებდნენ. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, მას  „თავისუფლების მოედანი” ეწოდა, გასაბჭოების შემდგომ კი, ჯერ „ზაკფედერაციის” (1922-1940), შემდეგ – „ლენინის მოედანი” ეწოდებოდა. ძალიან მოკლე დროით (1940-1953) მოედანმა „ბერიას მოედნის” სახელითაც იარსება. 1990 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, მოედანს მისი ძველი სახელი – „თავისუფლების მოედანი” დაუბრუნდა.

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985)

скачать dle 11.3