ვინ ცდილობდა ეკა ბერიძის პოლიტიკურ ანგაჟირებას და რა არ იცოდა მან საკუთარ ვაჟზე
ეკა ბერიძე გარკვეული პაუზის შემდეგ ტელეეკრანს დაუბრუნდა და თოქ-შოუს წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. თუმცა, ამბობს, რომ პროფესიულ პაუზას დეპრესიაში არ ჩაუგდია და ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენა. როგორც ყველა ტელეჟურნალისტს, ოჯახის წევრებისთვის ნაკლები დრო რჩება – ოჯახის წევრებიც ამ ამბავს „გაგებით ეკიდებიან”.
– ეკა, ამდენი წელია, ჟურნალისტიკაში მუშაობთ, თქვენს სახელს ბევრი ამბავი უკავშირდება. არასოდეს გინანიათ პროფესიული არჩევანი?
– როგორ გითხრათ, შეიძლება ზოგჯერ მინანია, რადგან ძალიან მენატრება მშვიდი ცხოვრება, რაც ჩვენი პროფესიის თანმდევი ნამდვილად არასოდეს არის. ამიტომ მინანია მარტო მაშინ, როცა ძალიან ვიღლები. თუმცა, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს და სხვა რამის კეთება ამ ეტაპზე, ვერ წარმომიდგენია. მაგრამ, არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანი რამით შეიზღუდოს და თქვას, მხოლოდ ერთი რამის კეთება იცის და სხვას არაფერს არასდროს გააკეთებს. არ არის გამორიცხული, ერთ დღეს სრულიად სხვა საქმით დაკავება მომინდეს (იცინის). რომ არა ჟურნალისტიკა, ნამდვილად არ ვიცი, დღეს სად ვიქნებოდი. განათლებით ჟურნალისტი არ ვარ, კლასიკური ფილოლოგია მაქვს დამთავრებული და ძალიან მინდოდა, სამეცნიერო კუთხით საქმიანობის გაგრძელება. პრინციპში, მაგისთვის ვემზადებოდი, მერე ძალიან სპონტანურად მოხდა ყველაფერი, ტელევიზიაში მოვხვდი და მეცნიერებისთვის დრო აღარ დამრჩა, სამწუხაროდ. ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ და უნდოდათ, მეც ექიმი გავმხდარიყავი. მე კი საერთოდ არ მაინტერესებდა მედიცინა.
– რაში გზღუდავთ ტელეჟურნალისტიკა ყველაზე მეტად?
– თავისუფალი დროის განკარგვა არ შემიძლია ისე, როგორც მე მინდა – სამსახური მართავს ჩემს დროს და არა პირიქით. მე ვარ „ტელევიზიაზე დამოკიდებული”, მით უმეტეს, ჩემი რეჟიმის პირობებში, როცა ყოველდღიური გადაცემაა, საღამოს გადის ეთერში და მე საერთოდ არ მაქვს საღამო! ნორმალურ ადამიანებს საღამო აქვთ თავისუფალი, მე არა..
– თვითკრიტიკული ხართ?
– სხვათა შორის, საშინლად თვითკრიტიკული ვარ – ბევრად უფრო მკაცრი საკუთარი თავის, ვიდრე სხვების მიმართ. საშინლად მტკივნეულად ვრეაგირებ კრიტიკაზე, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ადამიანის აზრი მეტად ავტორიტეტულია, ან ნაკლებად. ყველას ერთნაირად განვიცდი, ერთადერთი ვარჩევ, როდის არის კრიტიკა ობიექტური და როდის – რაღაც სხვა ემოციები, მაგალითად, ლანძღვა.
– თქვენ გარკვეული პროფესიული პაუზა გქონდათ და არ გაგიჭირდათ შემდეგ ჟურნალისტიკაში დაბრუნება?
– ვერ ვიტყვი, არანაირ განსაკუთრებულ სირთულეებთან არ ყოფილა ეს პერიოდი დაკავშირებული. მეტი თავისუფალი დრო მქონდა, თუმცა უქმად არ დამიკარგავს – ვსწავლობდი, გავიარე რამდენიმე კურსი, დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრატურა „თავისუფალ უნივერსიტეტში”. მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი სწავლა იყო და ღამეებს ვათენებდი, მაინც მეტი დრო მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს და ოჯახიც მაქსიმალურად მიწყობდა ხელს. სხვათა შორის, კახა ახლა, მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ნაკლებად უყურებს ჩემს გადაცემას, თორემ ადრე, როცა ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო, მუდმივად ადევნებდა თვალ-ყურს და საკმაოდ კრიტიკულიც იყო ჩემ მიმართ. კახა საერთოდ ძალიან კრიტიკული ადამიანია – მთიულ-გურულის ნაზავია და ცოტა არ იყოს, „ფეთქებადი ნაერთია” (იცინის). ძალიან პირდაპირი და ობიექტურია, არავითარ შემთხვევაში, მოუხეშავი და ხეპრე, ყოველთვის ზუსტია და კონკრეტული. ბოლო ხმამდე ჩხუბი ნამდვილად არ გვაქვს, გამწვავებულ ჩხუბამდე არ მიდის საქმე. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩხუბი განმუხტვაა, ის ურთიერთობას ინარჩუნებს და არა პირიქით, როგორც ბევრს ჰგონია. სადაც ჩხუბი საერთოდ არ არის, იქ სიგნალი ინთება, რომ ადამიანებს უკვე აღარ აინტერესებთ ერთმანეთი.
– ეკა ბერიძე ოდესმე თუ იფიქრებდა პოლიტიკაში წასვლაზე?
– არა, გმადლობთ, ისიც მეყოფა, რომ ვარ ჟურნალისტიკაში, რომელიც პოლიტიკასთან ძალიან ახლოსაა და დამღლელია. მეეჭვება, რომ ოდესმე პოლიტიკაში წასვლა მომინდეს. ერთადერთი, თუ ოდესმე იქნება ისეთი კრიტიკული მომენტი და ვიფიქრებ, რომ არიქა, თუ პოლიტიკაში არ ჩავერთე, ქვეყანა დაიღუპება და პასუხისმგებლობა უნდა ავიღო-მეთქი. ბევრი შემოთავაზება მქონდა არჩევნებამდე, მაგრამ უარი ვთქვი. უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან არ მქონია შემოთავაზება.
– ეკა ბერიძეს რთული ხასიათი აქვს?
– ნამდვილად, არც ისე იოლი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველასთან მე მიწევს კომპრომისზე წასვლა, მათ შორის ოჯახის წევრებთანაც. თანამშრომლებთან არ ვარ მაინცდამაინც მკაცრი, თუმცა ახლა ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს.
– ხშირ შემთხვევაში, არ მიწყინოთ, მაგრამ ამბობენ, „მეცხრე არხი“ საკმაოდ სუსტია და კონკურენციას ვერ უწევს სხვა არხებსო.
– არანაირად, რატომ? ვერ დაგეთანხმებით. რეიტინგებს თვალყურს ვადევნებ და ბოლო ჩვენი გადაცემა, მაგალითად, „ვოისის” შემდეგ, მეორე ადგილზე იყო. ტელევიზიებში თოქ-შოუების საშინელი პროფიციტია და შეიძლება, მაყურებელს მოჰბეზრდეს ამდენი ერთნაირი თოქ-შოუ და მოითხოვოს გასართობი გადაცემები.
– თქვენს ვაჟზე, ბექაზე მინდა გკითხოთ, მას ამნისტია შეეხო?
– მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ბოროტი ხულიგნობის მუხლით. თუმცა, მის საქმეს ამნისტია შეეხო და სასამართლო პროცესებიც შეწყდა. ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, როგორც დედისთვის, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ ბექას განზრახ დაუმძიმეს მუხლი და სხეულის მსუბუქ დაზიანებას განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს, მაშინ როდესაც დაზარალებული საავადმყოფოში ერთი დღეც კი არ გაუჩერებიათ. განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცეს ზუსტად იმისთვის, რომ საქმე ინტერპოლისთვის გადაეცათ. ბექა ინტერპოლმა დააკავა ბელორუსის საზღვარზე და 3 თვეზე მეტი ბელორუსის ციხეში გაატარა. მე თბილისში ვიყავი და ყოველდღე ისე თენდებოდა და ღამდებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ იყო – ცოცხალი იყო თუ არა. მარტო ადვოკატს ვეკონტაქტებოდით, ისიც მეილის საშუალებით. ჩასვლასაც ვერ ვახერხებდით, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანე. მთელი რიგი პროცედურები დასჭირდა იმას, რომ მუხლის კვალიფიკაცია შეცვლილიყო და აღმკვეთი მოხსნოდა ბექას, რადგანაც ბელორუსის ციხიდან არ უშვებდნენ და პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებდა. ყველაზე მტკივნეული იმ ადამიანების განცხადებები გახლდათ, რომლებიც თავს რატომღაც ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევენ, არადა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ვერავინ იტყვის, რომ მხარეს წარმოვადგენ გადაცემებში. რატომღაც მათ ოპოზიციონერ ჟურნალისტად გამომაცხადეს. ამ თემაზე ფიარის აგება უკანასკნელ საქმედ და გულნამცეცობად მიმაჩნია.
– თქვენი დედაშვილური ურთიერთობა როგორია?
– ორივე შვილთან ახლო ურთიერთობა მაქვს, ბექასთან უფრო მეგობრული, ლამის ერთად გავიზარდეთ. საკმაოდ პატარა ვიყავი, 21 წლის, ბექა რომ გამიჩნდა, მარიამი 10 წლის ხდება და მასთან უფრო დედაშვილური ურთიერთობა მაქვს, ბექასთან – მეგობრული. მაინც მგონია, რომ ასეთ პატარა ასაკში ბავშვის გაჩენა შეცდომაა, მეგობრებთან გინდა ყოფნა, გარეთ გასვლა და ბავშვს აკლდება რაღაცეები. ბექას ჩემი დეფიციტი ჰქონდა, ალბათ, მაშინ „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი, გიჟი რეჟიმი მქონდა და ბექა ბებიასთან იზრდებოდა, ფაქტობრივად, ჩემთან კვირის ბოლო იყო. ამიტომ მიმაჩნია, რომ შვილს რაღაც დავაკელი. მარიამის შემთხვევაშიც, პრინციპში, ასეა. ბექას 2 წელია, მეუღლე ჰყავს. ძალიან კარგი რძალი მყავს, ისე მიყვარს, ბექა ეჭვიანობს კიდეც ხშირად. არაფერი დაუმალავს ჩემთვის, როგორც კი ურთიერთობა დაიწყო, ყველაფერი ვიცოდი. მარიამი უფრო გულჩათხრობილი და მორიდებულია. ამიტომ მგონია, რომ რაღაცეებს მიმალავს. მგრძნობიარე ბავშვია და ცოტა მიჭირს, რომ გავხსნა. სხვა მხრივ უპრობლემო ადამიანია. ზოგჯერ მეუბნებიან, რომ ზედმეტად გადაფოფრილი დედა ვარ და ვცდილობ, მათი წილი პასუხისმგებლობები ჩემს თავზე ავიღო.
– „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებიდან კიდევ თუ მეგობრობთ ვინმესთან?
– თამრიკო რუხაძესთან, ნათია ლაზაშვილთან, რომლის მეუღლე – გოგა ფრუიძე ბექას მამის მეგობარი იყო. ბექას მამა აღარ არის ცოცხალი. ძალიან დაგვეხმარა გოგიტა, როცა ბექა ბელორუსში იყო დაპატიმრებული. ჩავიდა იქ და ამბავი ჩამოგვიტანა, როგორ და სად იყო ბექა.
– ეკა, კორექტივები ხშირად შეგაქვთ საკუთარ გარეგნობაში?
– ადრე უფრო ხშირად ვატარებდი ექსპერიმენტებს, ახლა – ნაკლებად. პირველმა გავიდიდე ტუჩი, ერთი ამბავი ატყდა ამაზე. ოღონდ ნემსით შემიყვანეს გელი, მითხრეს, რომ 2-3 წელი დარჩებოდა, მაგრამ არ გაიწოვა და აგერ უკვე 12 წელია მაქვს (იცინის). იყო პერიოდი, რომ ბოტოქსს ვიკეთებდი, მაგრამ ღიმილი ძალიან ხელოვნური გამიხდა, თვალი სტატიკური, რაც არ მომწონდა და ამიტომ უარი ვთქვი ბოტოქსზე საბოლოოდ. 9 წელია, აღარ გამიკეთებია, არ მომწონს, როცა ღიმილი მეყინება. ამ ეტაპზე რადიკალურ ჩარევებს არ მივმართავ. თმაც კარგა ხანია, ამ ფერზე მაქვს და სხვათა შორის, ზამთარში არასოდეს ვირუჯები.
– მეუღლე რით განებივრებთ ხოლმე?
– ჩვენ იმ ასაკში აღარ ვართ, რომ განსაკუთრებულად გამანებივროს რამით – ჩვეულებრივად. ამას წინათ, ბარსელონაში ვიყავით და კარგი დრო გავატარეთ. თუმცა, უცხოეთში წასვლასაც იშვიათად ვახერხებთ.