სად ახურებს დუტა სხირტლაძე და როგორი მამაა ის
დუტა სხირტლაძეს კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ინტერვიუებით ნამდვილად არ გვანებივრებს. ჩვენ მას „ფულთან თამაშის“ ჩაწერაზე მივაკითხეთ. რამდენიმე გადაცემის ჩაწერასაც დავესწარით, შემდეგ კი დადებითად დამუხტულები, ფულის სუნით გაჟღენთილები და ამ ემოციებისგან თავბრუდახვეულები ინტერვიუს ჩაწერას შევუდექით.
– როგორ ხარ დუტა? რა ყოფილა ეს „ფულთან თამაში“...
– საოცრება. გადასარევად ვარ – შრომაში ერთ ამბავში. ფულთან ვთამაშობ – ეს არის ინგლისური სუპერპროექტის ქართული ვერსია. კარგი გამოვიდა, მიხარია, ამ პროექტს რომ ვაკეთებ და მისი წამყვანი ვარ. მომწონს. ჩემთან ახლოს არის ასეთი პროექტები. ამით ვიწყებდი, დაახლოებით ეგეთი პროექტით: „ვის უნდა 20 ათასს“ ვგულისხმობ. მერე იყო რაღაც მუსიკალური პროექტები, რომლებიც გავითავისე, მაგრამ ეს „ფულთან თამაში“ რომ ჩემია, ეგრე – არც ერთი. მიხარია, რომ დავუბრუნდი ისევ გადაცემას, რომელშიც ინტელექტი ფასობს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აქ ჩემი ადგილია.
– ინტერვიუს ჩაწერამდე, გადაცემის ჩაწერას დავესწარი...
– როგორი იყო?
– კარგი, ძალიან ვისიამოვნე და ვუგულშემატკივრე კონკრეტულ ინტელექტუალ მოთამაშეს.
– მოგინდა თამაში?
– ძალიან.
– შეავსე ანკეტა და მოდი ჩვენთან, გათამაშებთ.
– აუცილებლად. თამაშის ჩაწერის მომენტში დავრწმუნდი, რომ ისეთი სიტუაცია არ არსებობს, რომლიდანაც ვერ გამოხვალ, თან ისე, რომ არავინ იძაბება, უფრო მეტიც, ყველას ამაღლებულ განწყობაზე ტოვებ. ოჯახშიც ასეთი ხარ? წვრილ-წვრილ ოჯახურ კონფლიქტებსაც ასე წარმატებითა და ღიმილით ამთავრებს?
– ოჯახში კონფლიქტი არის ხოლმე, კი, რა თქმა უნდა, წვრილ-წვრილი და იქაც ასე გამოვდივარ. ერთი აფეთქება ვიცი ხოლმე 15-წუთიანი, მერე მეძინება, სამსახურში ძალიან ვიღლები. სახლი კარგი საშუალებაა, იქ მპატიობენ გახურებას.
– ოჯახს შევეხეთ. შვილებზე მიამბე. როგორი მამიკო ხარ?
– ცუდი, მოუცლელი მამიკო ვარ შვილებისთვის. მამიკო არა – მამა. ოჯახში არ ვლაპარაკობთ კნინობითად, რატომღაც არ მოგვწონს ეგ ამბავი. საერთოდ, ვმეგობრობთ ვიდრე ვმამაშვილობთ. ბიჭი 9 წლისაა, თოთხმეტის – შუათანა და მარიამი, რომელიც ახლა გერმანიაშია, ოცდაერთის გახდება მალე, უკვე ისეთ ასაკში შედის, რომ ასაკი არ უნდა გავამხილო.
– დამაბარეს, აუცილებლად ჰკითხე, ხომ ემზადება იმისთვის, პაპა გახდესო.
– ჯერ არ ვემზადები პაპობისთვის, თუმცა, ფსიქოლოგიურად, ამ ამბისთვის შარშანწინაც მზად ვიყავი. პატარა ბავშვებს არაფერი არ ჯობია, შვილი იქნება, თუ შვილიშვილი.
რაც შეეხება შვილებს, ყოჩაღები არიან, პროფესიები ჯერ არ აქვთ არჩეული. მე არ ვერევი, საერთოდ მშობლები არ ვერევით მაგ საკითხში. მარიამმა – მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სხვა მიმართულებები ჰქონდა და ხატვა უფრო აინტერესებდა – პროგრამისტობა დაიწყო და ჩააბარა ინფორმატიკაზე, გერმანიაში სწავლობს. პატარები სკოლაში დადიან და გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული, თუმცა, ლუკა კარგად ძერწავს. სულ ძერწავს, კერამიკაზე დადის. კარგი ბიჭი გამოდგა „ტვორჩესკი ამბავში“. ნინი უფრო ენებს მიეძალა: რუსული, ინგლისური, ფრანგული და ახლა ესპანური დაიმატა. ყოჩაღობს მაგ მხრივ. ჩვენთან ის მომენტი არ არის, რომ გინდა თუ არა, ენა უნდა ისწავლო, დაძალებები არ ხდება. გადაწყვეტილებებს ბავშვები თვითონვე იღებენ. რაც მთავარია, კითხვა: იმეცადინე დღეს? – ჯერ არ დამისვამს.
– რატომ? ბავშვები არიან ძალიან მოწადინებული, თუ მამაა ძალიან მოუცლელი?
– არა, არ არის ამის აუცილებლობა. თვითონ მეცადინეობენ და მერე უკვე თავისუფალ დროს მეგობრებში ატარებენ. სიმშვიდეა ამ თვალსაზრისით.
ამ ბოლოს, ლუკამ ფულის გამომუშავება დაიწყო.
– ეს როგორ?
– როგორ და მაგალითად, გუშინ გადაწყვიტა, დაელაგებინა სადარბაზოს კიბე. ამით თავისთვის და მეგობრებისთვის ნაყინის ფული გამოიმუშავა. დღეს, როგორც ვიცი, დაპატიჟა ბიჭები.
– როგორც ვიცი, ფრანგულ სკოლაში დადიან თქვენი შვილები.
– კი, ვაკის პარკთან რომ არის.
– როგორი მშობელი ხარ. სკოლაში აკითხავ, ან ზეიმებს თუ ესწრები?
– მხოლოდ მე დამყავს ბავშვები სკოლაში. ყველა ზეიმზე ვცდილობ, მოვხვდე, იმიტომ რომ ძალიან ორგანიზებულ სკოლაში სწავლობენ ჩემი შვილები. წინასწარ გვაფრთხილებენ ხოლმე, მეილსაც გვიგზავნიან: ამ დროს იქნება ეს... კრებებზე უფრო მარინა დადის, მაგრამ ხანდახან მეც მივდივარ. ყოველ დილით კი, ჯერ აუზზე და შემდეგ სკოლაში, სულ მე მიმყავს შვილები.
– თეატრსა და კინოცხოვრებასაც შევეხოთ.
– სიამოვნებით. ამ ეტაპზე თეატრში ვთამაშობ 2 სპექტაკლს: მარჯანიშვილში და ყოფილ ვაკის სარდაფში, ილიაუნის თეატრში. ფილმების გადაღებას რაც შეეხება – ახლა, მე თვითონ ვიღებ.
– მომიყევი ამ თემაზე უფრო დაწვრილებით.
– ეს არის პროექტი „გივი“, სამუშაო სახელი ასე ჰქვია ამ ფილმს. ვთამაშობთ ყველანი შინაურები. არის კომედია.
– შინაურები ვინ არიან?
– მე და ჩემმა მეგობარმა ტორესა მოსიმ დავწერეთ სცენარი, ასეთი ფსევდონიმი აქვს, ისე ვახტანგ მოსიაშვილია, თელაველი, მეტსახელად ტორესა. მამამისსაც ტორესა ერქვა და ასე ტორესობით მოდიან. მე მიმაჩნია, რომ კარგი სცენარი გამოგვივიდა. თამაშობენ ზუკა პაპუაშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, ვასიკო ოდიშვილი, დები მაყაშვილები, სამორი ბალდე, ნუკი კოშკელიშვილი, ბაიკო დვალიშვილი, მე და ქეთათო ჩარკვიანი.
– როდის ნახავს მაყურებელი ამ ფილმს?
– მალე, მაისის ბოლოსთვის.
– რუსეთში აღარ გეპატიჟებიან, რუსულ ფილმებში?
– კი, მაგრამ ახლა არ მივდივარ. რაღაცეები არ მომეწონა. ვიყავი ერთ პროექტზე. შარშან ზაფხულს ვიმუშავე. ვალერი ტადაროვსკის სერიალში, 12 სერიაა. მინსკში და მოსკოვში იყო გადაღებები. ჰქვია: „ოტტეპელ”.
– ვის განასახიერებ, ქართველ კანონიერ ქურდს? როგორც ხშირად ხდება ხოლმე რუსულ სერიალებში?
– არა. ფირმის დირექტორს – გია რევაზოვიჩს.
– შვილები რომ პრემიერებს ესწრებიან, რას გეუბნებიან, რა კარგი იყო რა მშვენიერიო, მოსწონთ?
– მარტო მათ კი არა ...
– დუტა, ტელევიზია უფრო შენია, თუ თეატრი?
– კინო.