ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სისხლის სამართლის კოდექსში ახლად განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, როგორ ხდება სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა, არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ მოხდება სასჯელის დანიშვნა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდება, რომ უკვე მსჯავრდებულ პირს ბრალი ედება სხვა დანაშაულშიც?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამ შემთხვევაშიც, მოქმედებს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. კერძოდ, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება საკითხი სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, განაჩენთა ერთობლიობის დროს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ანდა, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის. ასეთ შემთხვევაში, სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირის დაკავების დღიდან.
კითხვა: მაინტერესებს, სასჯელის რა მაქსიმალურ ვადას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულთა ერთობლიობის დროს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით. შესაბამისად, ეს არის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მაქსიმალური ვადა, თუ არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი დანაშაულთა ერთობლიობასთან ერთად.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებისთვის გათვალისწინებული ვადის მაქსიმალური ზღვარი?
პასუხი: განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, ანუ განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადაა 35 წელი.
კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, მაცნობოთ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს შეიძლება თუ არა დაენიშნოს პირს დამატებითის სასჯელის რომელიმე სახე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს, ძირითად სასჯელთან ერთად, შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. ოღონდ სასჯელთა შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა, არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისთვის სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ, რა სამართლებრივი პროცედურებით უნდა მოხდეს შთანთქმის პრინციპის განხორციელება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ დანაშაულთა ერთობლიობითი სასჯელები?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას, სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლა ითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, ხოლო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას კი, აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელი დაენიშნათ აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციით. შესაბამისად, რადგან კანონში შესული ცვლილება მიიჩნევა ახლად გამოვლენილ გარემოებად, მოქმედებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა ხორციელდება სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის დაყენებით. კერძოდ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვთ პროკურორსა და მსჯავრდებულს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს. ადვოკატს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მხოლოდ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულებები.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, სასამართლო განხილვის პროცედურები?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული. თუ შუამდგომლობა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით, დაუშვებლად ცნობს მას. განჩინებაზე შეიძლება, შეტანილ იქნეს საკასაციო საჩივარი საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში. თუ შუამდგომლობა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისთვის მოსამზადებლად. საქმის არსებითი განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის არსებითი განხილვის შედეგად, სასამართლო უცვლელად ტოვებს განაჩენს, ან ცვლის მას, ან აუქმებს და ადგენს ახალ განაჩენს.