რის გამო ეძახდა ლევან მასპინძელაშვილს დედა „ანჟელა დევისს“ და ვისთან აქვს მას დღეს არანორმალური კავშირი
არ ვიცი‚ ვინ როგორ და რას ფიქრობს, მაგრამ, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი გამორჩეული, განსხვავებული და ჩემთვის საინტერესო მონაწილე ლევან მასპინძელაშვილია: თავისი ხმით, სიმღერასთან დამოკიდებულებით, შესრულების ხასიათითა და ემოციებით... ლევანი სცენის მიღმაც საკმაოდ საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილად არ იქნება ურიგო, დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ მას ნომერზე: 0 903 700 006.
ლევან მასპინძელაშვილი: 19 წლიდან ვმუშაობ და თავისუფალ დროს‚ რა თქმა უნდა‚ მეგობრებთან ერთად ვატარებ. ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციაში, რომელსაც მარილი შემოჰქონდა, მარილის იმპორტზე ვმუშაობდი. შემდეგ ორი წელი ვიმუშავე „საქართველოს ბანკში“, 4 წელი –„თიბისიში“. ბოლოს ეს ყველაფერი მომბეზრდა: რეჟიმი, ფორმალობა, ჩასაცმელი, თან‚ არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა, რომელიც, წესით და რიგით, უნდა გამოჩენილიყო. ამიტომ წამოვედი „ონლაინ მარკეტინგში.“ ახლაც იქ ვმუშაობ, უბრალოდ‚ უვადო შვებულება მაქვს‚ სანამ პროექტიდან არ წამოვალ ჩემი ნებით, ან სხვისი ნებით. ჩემი ნებით‚ სავარაუდოდ‚ არ წამოვალ, რადგან, არ მიღირს, თან, მინდა, რომ პროექტში ვიყო.
– ანუ, რამდენად გიღირს ამ პროექტში მონაწილეობა?
– ამ პროექტში ჩემი ყოფნა დღემდე უცნაურად მეჩვენება. მეგობარმა დამარეგისტრირა. არ ვაპირებდი წასვლას, რადგან, არც პროექტები მიყვარს და არც განზოგადება საკუთარი თავის, ნიჭის, რომელშიც თვითონაც არ ვიყავი განსაკუთრებულად დარწმუნებული. მსიამოვნებდა ის‚ რასაც ვაკეთებდი სახლში და დანარჩენი უკვე აღარ მაინტერესებდა. მაგრამ, სახლში მისულს მამაჩემმა მითხრა, რომ, თუ ამ შანსს არ გამოვიყენებდი, შეიძლება, სხვა შანსი აღარ მქონოდა. ანუ, გამოწვევა უნდა მიმეღო. ყველაფერი რეალურად ისე უცბად მოხდა, ისე გადავედი, რომ, პრინციპში‚ არც მჯეროდა.
– პირველივე გამოსვლის შემდეგ ბევრი ადამიანი მოხიბლე, გამოგარჩიეს. კარგი მონაწილეები არიან, მაგრამ, შენ თითქოს არ ზიხარ ამ პროექტში: ჩემთვის (და არა მხოლოდ) განსხვავებული და ძალიან საინტერესო შემსრულებელი ხარ.
– მიხარია. როცა ხალხი გამოგარჩევს, მოსწონს შენი ნამღერი, მთლიანობაში მოსწონხარ – ეს ძალიან სასიამოვნოა და იქითკენ გიბიძგებს რომ უფრო მეტი და მეტი აკეთო, უფრო მეტად იმუშაო. მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და არ გინდა‚ გააწბილო შენი მსმენელი და ათქმევინო: ისეთიც არ ყოფილა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდაო.
– თუ მოქმედებს შენზე ის ფაქტი, რომ ყველაფერი საბოლოოდ მესიჯებზეა დამოკიდებული?
– გული მწყდება თითოეულ მათგანზე, რადგან, მეგობრული გარემოა პროექტში. განსაკუთრებულად არ ვნერვიულობ იმაზე, გამოვვარდები თუ არა, რადგან, ვიცი, რომ ეს მაინც მოხდება. პრინციპში‚ რატომ ვიცი, რომ მაინც მოხდება? შეიძლება‚ არც მოხდეს და მე გავხდე გამარჯვებული – ესეც შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ვმღერი‚ ამაზე არ ვფიქრობ, არც იმ ათ წამში, რომელიც უკუღმა ითვლება. უბრალოდ‚ ვფიქრობ იმაზე, რომ გავიდე და გავაკეთო ის, რაც იმ მომენტში მსიამოვნებს, მეორე დღეს კი გავბედო, ვნახო ვიდეო და არ შემრცხვეს იმის, რომ რამე გავაფუჭე.
– „საქართველოს ვარსკვლავმა“‚ ალბათ‚ შეგიცვალა ცხოვრების რიტმი.
– შემიცვალა, რაც ცუდად აისახა ჩემზე იმ კუთხით, რომ სამსახურში აღარ დავდივარ, დილით ადრე არ ვიღვიძებ, შესაბამისად‚ ძალიან გვიან ვიძინებ – ეს ცუდია, რადგან, მიჩვეული ვარ რეჟიმს და არ მიყვარს‚ როდესაც რიტმიდან ვვარდები. წინა სამსახურებში სულ რეჟიმში ვიყავი, ბოლო სამსახურში უფრო თავისუფლად ვარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს: შემიძლია, შორტებით ვიარო და, საერთოდ‚ ბანკის რეჟიმისგან ძალიან განსხვავებულია.
– თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ხარ და, ალბათ‚ ვერც ეგუები ამ მხრივ შეზღუდვებს.
– ვცდილობ‚ რამდენადაც შემიძლია, არ შევეგუო. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, არ ვცდილობ, ვულგარულად გამოვეყო ხალხს. ვცდილობ‚ რაც შეიძლება მეტად თავისუფალი ვიყო და საკუთარ თავს მივცე ამის უფლება. სხვა რამეში თუ არა‚ შეიძლება‚ ამ საკითხში მოვახერხე ოქროს შუალედის დაცვა?! არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში‚ ჩემი თავისუფლება განხილვის თემა არასდროს ყოფილა. ბავშვობაში მქონდა პერიოდი, როდესაც ისე ვიცვამდი, თმა ისე მქონდა, როგორც‚ წესით‚ არ უნდა მქონოდა, რადგან არ მაძლევს ამის საშუალებას. ანუ, გრძელი თმა მქონდა და ძალიან ვიყავი გასუქებული. მეგობარი მეძახდა „იდეალურ სფეროს“, დედაჩემი კი მაშაყირებდა – ანჟელა დევისი ხარო... არის პერიოდი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს: ბუნტი, პროტესტი, რომელიც იდეაში არც გესმის, ანუ, არ იცი‚ სინამდვილეში რას აპროტესტებ.
– მაშინ რა გეგონა, რას აპროტესტებდი?
– არ ვიცი... ალბათ‚ ყველაფერს პატარ-პატარა დოზით... მაშინ როკს თუ უსმენდი‚ ცუდი ტიპი იყავი, გრძელი თმის გამო, შეიძლება, ვინმეს ქუჩაში ეცემე. მე არ მქონია ასეთი შემთხვევები, რადგან, გამოკვეთილად არ მქონია პროტესტი, მაგრამ, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გრძელი თმა ჰქონდათ, ბლანჟე, საყურე ეკეთათ და ამის გამო კარგი ცხოვრება არ ჰქონიათ.
– როგორ ცხოვრობდი იმ პერიოდში?
– დიდი ინტენსივობით‚ მე და ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი, რომელიც‚ სამწუხაროდ‚ დღეს ცოცხალი აღარ არის, დავდიოდით ოპერის „პადზემკაში“ და ვიყავით იქაური ქუჩის მომღერლების ბექვოკალები. ძალიან კარგი ხალხის – დიდი ნაწილი „33ა-ს“ ბიჭები და ჩემი კარგი მეგობრები არიან. იყო პერიოდი‚ როდესაც ჩვენც ვუკრავდით... მოკლედ‚ ძალიან კარგი პერიოდი იყო... ძალიან მენატრება, ალბათ‚ იმიტომ, რომ გიოც მენატრება...
– ახლა გამოხატულად თუ გაქვს რაიმეს მიმართ პროტესტი?
– გამოხატულად‚ ალბათ‚ არ მაქვს... ხშირად ბევრი რამ მაღიზიანებს და, ვცდილობ‚ მალე დავივიწყო, რადგან, არ მსიამოვნებს. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ვიცხოვრებდი უცხოეთში ორი წელი მაინც, რომ ცოტა ხანს გავერიდო აქაურობას, დავისვენო, „დავრეფრეშდე“ და მერე მონატრებულმა შევხედო იმ ყველაფერს, რაც აქ არის.
– როდის გქონდა მუსიკასთან პირველი შეხება?
– ჩემმა ძმამ დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი და, ალბათ‚ მისი მხრიდან მქონდა მუსიკასთან პირველი შეხება. მე არსად არ მივლია, გიტარაზეც ჩემით დავიწყე დაკვრა და, სიმართლე რომ გითხრა‚ განსაკუთრებულად არ ვუკრავ. მე მყოფნის იმ დოზით, რომ საკუთარ თავს მივანიჭო სიამოვნება. ჯერ არ მაქვს სურვილი, რომ უკეთესად ვუკრავდე.. ვნახოთ, ამაზე არ გავჩერდები... დედაჩემის მამას, პაპაჩემს, ძალიან უყვარდა სიმღერა, მაგრამ, სმენა არ ჰქონდა, თუმცა‚ სიმღერის მოსმენით დიდ სიამოვნებას იღებდა. ცდილობდა, რომ ჩვენც ნორმალური მუსიკისთვის მოგვესმინა: არ ვიცი, ამას აცნობიერებდა‚ თუ‚ უბრალოდ‚ იმ ფირფიტებს ყიდულობდა, რომლებიც ნამდვილად კარგი იყო. მე მჯერა, რომ აცნობიერებდა და ცდილობდა, სახლში კარგი ფირფიტები გვქონოდა: ბევრი კლასიკა, ელტონ ჯონი, „ფარფლები“, ძველი ბენდების სიმღერების ნაკრებიც იყო, ფირსაკრავიც გვქონდა და, მოკლედ‚ ეს ყველაფერი‚ სავარაუდოდ‚ აყალიბებდა ჩემს გემოვნებას.
– დღეს ვისი შეფასებებია შენთვის მნიშვნელოვანი?
– ჩემი ძმის. ვიცი, რომ არ მომატყუებს და ესმის ეს ყველაფერი, ყური აქვს კარგი. ჩემზე ხუთი წლით უფროსია.
– არ ჩხუბობდით ბავშვობაში?
– ვხოცავდით ერთმანეთს და ეს უბრალოდ დახოცვა არ იყო... თან, სულ მერეოდა. ერთხელაც მე მოვერიე და მერე დაიწყო ჩვენ შორის არანორმალური კავშირი, რომელიც ახლაც გვაქვს. ანუ, გაიარა ხუთი წლის სხვაობამ, რომელიც‚ ალბათ‚ ურთიერთობის ბარიერი იყო და ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ.
– როგორი გოგონები მოგწონს? რა თქმა უნდა‚ პირველ ეტაპზე გარეგნობას მიაქცევ ყურადღებას.
– როგორ შეიძლება ვიზუალი არაფერი იყოს შენთვის? მაშინ, „სოციალურ ქსელში“ უნდა გაიცნო? „სოციალურ ქსელში“ გაცნობაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არ მაქვს განსაკუთრებული შეხედულებები, რომ რაღაც უჩვეულო ან მიუღებელი იყოს, ყველაფერი ხდება. მაგრამ‚ იქაც ხომ გინდა, ფოტო ნახო – როგორია. ჩვეულებრივი ამბავია: ჯერ გიყვარს ის‚ რასაც ხედავ და მერე ის, რასაც ისმენ.
– როგორია შეყვარებული ლევანი?
– დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი შეყვარებული, მაგრამ, დასრულდა ეს სიყვარული და მას მერე აღარ მყვარებია, მაგრამ, ურთიერთობები ყოფილა. შეყვარებული ვარ დებილი! ჩემი ძმა მეუბნებოდა: როცა შეყვარებული ხარ‚ ნაკლებად საინტერესო ხდებიო. ალბათ‚ იმიტომ, რომ ამაზე ვარ გადართული. ძალიან ძლიერად მიყვარს?! ჰო, ძლიერად მიყვარდა და, ალბათ, ამიტომ...