რის გამო მოჰპარა ლენინის ძეგლს „ვენოკი” თემურ ცაგურიამ და სად შეხვდა ის ზვიად გამსახურდიას
„ყვავილების ქვეყანა”, „დაუკარით”, „ჩვენი სიცოცხლე”, „სალამურა”, "მწყემსური", "სანამ ვიყავ ახალგაზრდა", "რატომ გიკვირს სხვისი ცუდი თუკი თვითონ ავის ძმა ხარ" და კიდევ სხვა მრავალი ქართული სიმღერაა, რომლებსაც დაუვიწყარი თემურ ცაგურია ასრულებს. უფროსი თაობის ქართველ მსმენელს დღესაც კარგად ახსოვს. ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა დიდი ხნის წინ დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, მაგრამ, ბატონი თემური შორეულ ამერიკაშიც ჩვეულად განაგრძობს მოღვაწეობას. ჩვენ „სოციალური ქსელის“ საშუალებით დავუკავშირდით და მან თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა, რომლებსაც ჩანახატების სახით გთავაზობთ.
პირველი სამახსოვრო კონცერტი
1964 წელს, თბილისის „დინამოს” ფეხბურთელებს, ყველა მატჩის წინ, ჩვენი თვითშემოქმედება კონცერტს უტარებდა. ჩვენმა თილისმობამ გაამართლა და იმ წელს „დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. სპორტის სასახლეში დიდი ზეიმი და კონცერტი დაინიშნა. მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის პარტიული მაღალჩინოსნები და კოსმონავტი ლეონოვი გვეწვია. მე ორი ნომრის შესრულების უფლება მომცეს, პირველი რუსული სიმღერა – „მესამე უნდა წავიდეს”. ჩემი თავმოყვარე ახალგაზრდული ჭკუით დავასკვენი, რომ ეს სიმღერა იმიტომ შემირჩიეს საქართველოს კომპარტიის ლიდერებმა, რომ სიმღერის ტექსტის ავტორი ქებას ასხამდა მეგობარს, რომელიც მეგობრის გამო გაეცალა სატრფოს და მას დაუთმო. ესე იგი, რა, მადლობა რუსებს, რომ დაგვითმეს ჩემპიონობა?! არ გამოგივათ!“ – გავიფიქრე, ავედი გადატენილი დარბაზის სცენაზე და ჩვენი ბენდის ბიჭებს ხმამაღლა შევძახე: „როკენროლ მიუზიქ!“ ბიჭებმა გაიხარეს და მთელი დარბაზი ცეკვავდა ბითლზების ამ მართლაც მშვენიერი მუსიკის რიტმში – ნამდვილი ზეიმი იყო. სიმღერა დავასრულე თუ არა სპორტის სასახლიდან საჩქაროდ გავიქეცი – არ მინდოდა საყვედურების მოსმენა. ტროლეიბუსების გაჩერებაზე ათ წუთში „დამიჭირეს” და ისევ სცენისკენ გამაქანეს – თურმე, მაყურებელმა კონცერტის გაგრძელების საშუალება არ მისცა, ისევ მე მითხოვდნენ. სცენაზე ავირბინე და ისევ ომახიანად შევძახე ბიჭებს – „როკენროლ მიუზიქ”-მეთქი. ნამდვილი ზეიმი იყო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მას შემდეგ მთავრობის კონცერტებს აღარ მაკარებდნენ.
ბულბულის ერთგულება
ბარდის გზა ვარჩიე. ბევრი საავტორო სიმღერა მაქვს, ბევრი მათგანი გამოვაქვეყნე „იუთუბიზე“ და „ფეისბუქზე.“ ჩემი სიცოცხლის უმეტესი დრო ახალი სიმღერების შექმნაში მიდის. ეს ისე მიყვარს, რომ ხანდახან ყველაფერი მავიწყდება: მავიწყდება, რომ ემიგრაციაში ვარ; მავიწყდება, რომ პურის ფულიც უნდა ვიშოვო ხანდახან. სამაგიეროდ, გამიჩნდა უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი „იუთუბისა” და „ფეისბუქის” სახით. მიხარია, რომ ქართველები მისმენენ და ისევ საქართველოში ვგრძნობ თავს. ამერიკის ცენტრალურმა პრესამ („ვაშინგტონ პოსტი“, „ვაშინგტონ თაიმსი“, „სითიფეფერი“) საშემსრულებლო ხელოვნება შემიქო. მაგრამ, ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც მე ცხოვრებაში მერგო, ეს ბულბულის სიყვარულია: ამერიკაში ჩამოსული უენო ემიგრანტი პატარა რუსული მაღაზიის მეპატრონემ შემიკედლა. ათიოდე მაგიდა ჰქონდა სავაჭრო ცენტრში. მაგიდები პირდაპირ ქუჩაში ედგა. უამრავი ხალხი იკრიბებოდა, როცა სიმღერას ვიწყებდი. ერთხელ სიმღერა რომ დავიწყე, ჩემს თავთან, ხეზე ბულბული ჩამოჯდა და ჩემთან ერთად დაიწყო გალობა, ზუსტად ჩემს ტონალობაში. ასე გაგრძელდა ორი საათის განმავლობაში. იგივე განმეორდა მეორე დღეს, ერთი კვირის შემდეგ... გავიდა დრო. მე ვაშინგტონის მუსიკალურ რესტორან „მოცარტში” დავიწყე მუშაობა. სამი წლის შემდეგ, ამ რუსული მაღაზიის პატრონმა, წარმოშობით ებრაელმა, კარგმა კაცმა მიშა ვასილევსკიმ, მთხოვა, კვირა დღეს, იქვე, ფესტივალზე მემღერა. ხათრი არ გავუტეხე და დავთანხმდი. მაგრამ, დავიწყე თუ არა სიმღერა, მოფრინდა ჩემი ბულბული და, ვინ მაცალა სიმღერა – უნდა გენახათ, როგორ გალობდა! არ მახსოვს, ხალხი მე მიკრავდა ტაშს თუ – ბულბულს.
ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი საგასტროლო მოგზაურობა
საქართველოს ფილარმონია დროდადრო გვაგზავნიდა ყიზლარის საძოვრებზე. ერთ-ერთ ასეთ ტურნეს ჩემთვის მეტად სასიამოვნო მოვლენა ახლდა – დაღესტანში გადასახლებულ ზვიად გამსახურდიასა და მის მეუღლეს, ქალბატონ მანანა არჩვაძეს დავუმეგობრდი. ზვიადი ყველა სამწყემსო კუნჭულში წამომყვა. უნდა გენახათ, როგორი სიყვარულითა და რუდუნებით ხვდებოდნენ მწყემსები. დაუვიწყარ მოგონებად დამაქვს თან ის ოცი დღე. ზვიადმა თავისი კოლექციიდან ხალხური ლექსი მომცა – იქნებ, სიმღერა გააკეთოო. სიმღერა შევქმენი ფანდურზე, ჩავწერე და მის ნათელ ხსოვნას მივუძღვენი.
კიდევ ერთი კონცერტი დამამახსოვრდა ხმელთაშუა ზღვაში, საკრუიზო გემის – „შოთა რუსთაველის“ მუსიკალურ სალონში ჩავატარე: ნეაპოლიტანური რომანსი 20 წამში შემაწყვეტინეს, 300 კაცი ფეხზე ადგა და აპლოდისმენტებისა და შეძახილების შტურმი მომიწყვეს. ჩაბნელებულ დარბაზში, პროჟექტორების შუქით დაბრმავებულმა, გავიფიქრე, ალბათ, იტალიის ნაციონალური გმირი შემოვიდა-მეთქი დარბაზში და სცენიდან გავედი. მაგრამ, კულისებში საკრუიზო კომპანიის ადმინისტრატორი ამოვიდა და ამიხსნა, რომ ეს ოვაციები მე მეკუთვნოდა. ლამაზმა ქალბატონმა ხელი მომკიდა და სცენაზე დამაბრუნა. იმ დღეს ეს სიმღერა სამჯერ გამამეორებინეს.
„რერო“
საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „რერო” წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული საესტრადო კოლექტივი იყო საბჭოთა კავშირში. მოსკოვში „ცეესკას“ სპორტულ დარბაზში, სადაც 15 000 მაყურებელი ეტევა, 21 კონცერტი ჩავატარეთ. 300 000 მაყურებელი დაგვესწრო. განსაკუთრებული სითბოთი მინდა მოვიხსენიო აწ გარდაცვლილი კომპოზიტორი და „რეროს“ მთავარი დირიჟორი, კონსტანტინე პევზნერი. ის ჩემი საესტრადო ხელოვნების მთავარი მასწავლებელი იყო. ყველას ძალიან გვიყვარდა ეს იუმორითა და სიკეთით სავსე კაცი. არასდროს დამავიწყდება ტამბოვი, საკონცერტო დარბაზის ჰოლი. მოსკოვიდან მნიშვნელოვან ზარს ველოდებით – სამთვიანი საზღვარგარეთული ტურნე ყოველი მუსიკოსისთვის ოცნება იყო. ზარი გაისმა. ჩვენმა ადმინისტრატორმა აიღო ყურმილი. პაუზის შემდეგ ჩვენ მოგვიტრიალდა და გვითხრა: ტურნე შედგება, თუ შეძლებთ, რომ პევზნერის გარეშე ჩაატაროთ კონცერტებიო. მთელი ძალით დავიყვირე: „ნეეეტ!” – და ჩემს ხმას 50 ჩვენიანის ხმა შეუერთდა. ეს იყო მკვეთრი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავდა ადამიანის უფლებებს ებრაული წარმოშობის პირთა მიმართ. ამის შემდეგ ორკესტრს ყველა გზა ჩაეკეტა.
ჰობი
ყველაზე მეტად ბუნება მიყვარს, სანახევროდ შავ ზღვაზე გაზრდილს, ამავე დროს – წყალბურთელს, ახალგაზრდობაში ასეთი ჰობი მქონდა: დაახლოებით საღამოს 11 საათისთვის ზღვაში შევცურავდი ხოლმე თვალდახუჭული და მხოლოდ მაშინ გავახელდი თვალებს, როცა მზის სხივს ვიგრძნობდი. ხან ზღვაში, შორს ნაპირიდან, ხან – შორს, ნაპირის გასწვრივ, ხან კი წრეს დავარტყამდი და ისევ იმ ადგილას ვიყავი, საიდანაც დავიწყე ცურვა. ერთხელ, ასე გავახილე თვალები და თეთრი ნისლის გარდა ვერაფერი დავინახე. მზის ორიენტაციით განვაგრძე ცურვა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნისლი გაიფანტა და გაგრის მთები გამოჩნდა. მას შემდეგ ჰობი ცოტა შევცვალე და თვალახელილი ვცურავდი.
თუთიყუში
სანტა-კრუსი, კანარის ერთ-ერთი ულამაზესი კუნძული, უმშვენიერესი ბოტანიკური ბაღი. სკამზე ვზივარ და მზეზე ვთბები. დიდმა, ლამაზმა თუთიყუშმა ჯერ ალმაცერად მიყურა, შემდეგ ყელი მოიღერა და წმინდა მეგრული გამოთქმით მომაძახა: „მუჭო რექ, წიე!..“ კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი. მერე მივხვდი, ფოთელმა მეზღვაურებმა ასწავლეს მეგრული. მეც, ავდექი და მეგრული სიმღერა ვუმღერე. ვინ იცის, იქნებ ახლა გამვლელებს უმღერის (იცინის).
მოპარული „ვენოკის” ისტორია
1978 წელს, ლენინის მოედანზე, ილიჩს უშველებელი „ვენოკი” მოვპარე, რომ იმავე საღამოს, ჟურნალისტთა სახელით, ისევ ლენინისთვის „მიმერთმია” საქართველოს ჟურნალისტთა ყრილობის დელეგატთა სახელით (იცინის). პროფესიით ჟურნალისტი ვარ და, როგორც ცნობად სახეს, მე მომანდეს გვირგვინის საქმე. დილით, მაღაზია, სადაც გვირგვინი იყო შეკვეთილი, დაკეტილი დამხვდა და სასოწარკვეთილებამ დანაშაულებრივი ქმედებისკენ მიბიძგა – ლენინს დავუპირე „ვენოკის” მოპარვა. მილიცია კი იცავდა ძეგლსაც და გვირგვინებსაც, მაგრამ, მიცნეს და გამომატანეს. იმ „ვენოკის” საზეიმო დაბრძანების დროს, ერთი ნიუანსი მაინც გაიპარა: გვირგვინზე დაბნეულ წითელ ლენტს ამშვენებდა წარწერა: „პროლეტარიატის ბელადს, მადლიერი ჭიათურელი მაღაროელებისგან”. იმ ფული კი, რომლითაც ვენოკი უნდა მეყიდა, მე, ჩემმა მეგობარმა თამაზ ჭეიშვილმა და იმ ორმა მილიციელმა, ძეგლს რომ იცავდნენ, ველიამინოვის სახინკლეში ავიღეთ: ასი ხინკალი, ორი არაყი და რვა ლუდი (იცინის). მერე ეს საქმე გასკდა, მე ემიგრაციაში წავედი, თამაზი კი პარტიის ცეკამ „დააპატიმრა” და გამოსწორების მიზნით ენგურჰესის გაზეთის რედაქტორად დანიშნა.