ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი პლანეტაზე
ჟურნალმა „ფორბსმა” გამოაქვეყნა პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგი, რომელთა ასაკი 40 წელს არ აღემატება. სულ ასეთი 29 მილიარდერია, მათ შორის 11 ამერიკელია. ახალგაზრდა მილიარდერებიდან, ათი მაღალი ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენელია, მათ შორის ოთხი – უმსხვილეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქს” წარმოადგენს. გთავაზობთ რეიტინგის პირველ 15 პოზიციას.
დასტინ მოსკოვიცი – ასაკი: 28 წლის; კაპიტალი: 3,8 მილიარდი დოლარი
მარკ ცუკერბერგის ყოფილი მეზობელი საერთო საცხოვრებლიდან და „ფეისბუქის” თანაავტორი, რომელიც აღარ მუშაობს კომპანიაში. მოსკოვიცი ბილ გეითსის და უორენ ბაფეტის ფილანტროპული ინიციატივის მომხრეა და თავისი ქონების ნახევარს მომავალში ქველმოქმედებაზე დახარჯავს. მოსკოვიცი არატიპური მილიარდერია. ის ველოსიპედით გადაადგილდება და წელიწადში ერთხელ კარავით მიდის მთაში სრულიად მარტო.
მარკ ცუკერბერგი - ასაკი: 28; კაპიტალი: 13,3 მილიარდი დოლარი
მარკ ცუკერბერგი სულ რაღაც 8 დღით არის უფროსი დასტინ მოსკოვიცზე. ის გახლავთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული სოციალური ქსელის „ფეისბუქის” მფლობელი, აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. ცუკერბერგის კაპიტალი მთლიანად დამოკიდებულია „ფეისბუქის” აქციების ფასზე.
ალბერტ ფონ ტურნი უნდ ტაქსისი – ასაკი: 29; კაპიტალი: 1,5 მილიარდი დოლარი
ტურნი-ტაქსისების საგვარეულოს მეთორმეტე წარმომადგენელი – ალბერტი ფლობს ლუდის ქარხანას, მიწის ფართობებს, წისქვილებსა და ბანკს. პირველად მილიარდერების რეიტინგში ალბერტი 2001 წელს, 18 წლის ასაკში მოხვდა, მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობით მიიღო ქონება. ავტოსპორტით გატაცებული ალბერტი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა ევროპაში.
სკოტ დუნკანი – ასაკი: 30 წლის; კაპიტალი: 5,1 მილიარდი დოლარი
სკოტ დუნკანი ნავთობმაგნატის, დენ დუნკანის უმცროსი ვაჟია. 2010 წელს გარდაცვალების შემდეგ, დენ დუნკანმა თავის ოთხ ვაჟს დაუტოვა კომპანიის მართვის სადავეები. ცნობისთვის, დუნკანების კომპანია „ენტერპრაიზ პროდუქტს პარტნერსი” 12,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.
ედუარდო სავერინი – ასაკი: 30 წლის: კაპიტალი: 2,2 მილიარდი დოლარი
„ფეისბუქის” თანადამფუძნებელი და მარკ ცუკერბერგის ყოფილი მეგობარი, რომელიც მილიარდერების რეიტინგში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლოს დახმარებით, ცუკერბერგს კომპანიის აქციების კუთვნილი 5 პროცენტი გამოართვა. ამჟამად ბრაზილიის მოქალაქე სავერინი სინგაპურში ცხოვრობს, სადაც ინვესტიციებს ახორციელებს.
იან ჰუეიანი – ასაკი: 31 წლის; კაპიტალი: 5,7 მილიარდი დოლარი
ყველაზე მდიდარი ჩინელი ქალი მსოფლიოში და დეველოპერული კომპანია „ქანთრი გარდენის” უმსხვილესი აქციონერი. იან ჰუეიანი 2007 წლიდან გახლავთ „ფორბსის” რეიტინგის წევრი.
ფაჰდ ჰარირი – ასაკი: 32 წლის; კაპიტალი: 1,35 მილიარდი დოლარი
ლიბანის მოკლული პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის ვაჟი, რომელიც 2005 წლიდან ფლობს კომპანია „საუდი ოგერის” აქციებს. ფაჰდ ჰარირი ჩართულია სატელეკომუნიკაციო, სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესში.
მარია ბენიე ბევალოტი – ასაკი: 32 წლის; კაპიტალი; 1,5 მილიარდი დოლარი
მარია ოჯახთან ერთად ფლობს ფრანგული სარძეო კონცერნის, „ლაკტალისის” აქციებს. კომპანია მსოფლიოს 148 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი საფირმო პროდუქტია ყველი „პრეზიდენტი”. გარდა ამისა, 2011 წლიდან ბევალოტები ფლობენ იტალიურ რძის პროდუქტების კომპანია „პარმალატს”.
შონ პარკერი – ასაკი: 33 წლის: კაპიტალი: 2 მილიარდი დოლარი
შონ პარკერი ცნობილია, როგორც უფასო მუსიკალური კომპოზიციების გადმოსაწერი ინტერნეტ-რესუსრსის, „ნეპსტერის” ავტორი და ასევე, „ფეისბუქის” პირველი პრეზიდენტი. ამჟამად პარკერი ახალ პროექტზე მუშაობს, ვიდეოჩატი „ეირთაიმი”.
აიმან ჰარირი – ასაკი: 34 წლის; კაპიტალი: 1,35 მილიარდი დოლარი
რაფიკ ჰარირის კიდევ ერთი ვაჟი, რომელიც საოჯახო ბიზნესშია ჩართული. ის აკონტროლებს სამშენებლო ბიზნესს და სამხრეთ აფრიკის მობილურ ოპერატორ „3C-ს.”
ივონ ბაუერი – ასაკი: 35 წლის; კაპიტალი: 2,4 მილიარდი დოლარი
ივონა ბაუერების საგამომცემლო იმპერიას „ბაუერ მედია გრუპის” აქციების 85 პროცენტის მფლობელია. ივონა კომპანიის მეხუთე თაობის მეთაურია. ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მედია-ჰოლდინგი 1875 წელს დაარსდა და მსოფლიოს 16 ქვეყანაში 570 ჟურნალ-გაზეთს ფლობს.
იოშიკაცუ ტანაკა – ასაკი: 36 წლის; კაპიტალი: 1,8 მილიარდი დოლარი
იაპონელი ტანაკა უმსხვილესი იაპონური სოციალური ქსელის, Gree-ის ავტორია, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი სათამაშო ინტერფეისია. სხვა მხრივ, „ფეისბუქთან” კონკურენცია იაპონურ სოცქსელს უჭირს.
მაქსიმ ნოგოტკოვი – ასაკი: 36 წლის; კაპიტალი: 1,3 მილიარდი დოლარი
სკოლაში სწავლის პერიოდში მაქსიმი მობილური ტელეფონებითა და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობდა. მოგვიანებით, მან დააფუძნა კომპანია „სვიაზნოი”, რომელიც რუსეთის უმსხვილეს საცალო ვაჭრობის ქსელად გადაიქცა. ნოგოტკოვი ამჟამად მობილური ტელეფონებით, ციფრული ფოტო და ვიდეოტექნიკით ვაჭრობს.
ალეხანდრო სანტო-დომინგო დავილა – ასაკი: 36 წლის; კაპიტალი: 11,7 მილიარდი დოლარი
ალეხანდრო ლუდის მაგნატ ხულიო მარიო სანო დომინგო პუმარეხოს უფროსი ვაჟია. მას შემდეგ, რაც ხულიო მარიო 87 წლის ასაკში 2011 წელს გარდაიცვალა, ალეხანდრო სათავეში ჩაუდგა კომპანია „სანტო დომინგო გრუპს”.
ჯეკ დორსი – ასაკი: 36 წლის; კაპიტალი: 1,1 მილიარდი დოლარი
ჯეკ დორსი პოპულარული მიკრობლოგის „ტვიტერის” ავტორია. ის გასულ წელს გახდა მილიარდერი და უმალ დაიკავა ადგილი „ფორბსის” რეიტინგში. მილიარდიანი კაპიტალი მობილური გადახდების სერვისის, „სქუერის” ამოქმედების შემდეგ მიიღო დორსიმ.