რა შანსი მისცა „სახალხო პარტიის” ლიდერს, მამუკა გიორგაძეს ლენინმა და როგორ მოაწყო მან სახლში კონსპირაციის ბუდე
მამუკა გიორგაძე ქართული პოლიტიკისთვის „რეკორდსმენია” – მის გარეშე, ათეული წლებია, ამ ქვეყნაში არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესს არ ჩაუვლია. შესაბამისად, პარტია, რომელსაც ის ლიდერობს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დღემდე აქტიურად შემორჩა. ეროვნული მოძრაობა, სიონის ტაძრის ეზოში დაწყებული მეგობრობა და დაუწერელი წესები, რომელსაც ის პოლიტიკოსის რანგშიც არ არღვევს – ჩვენი რესპონდენტი დღეს კადრს მიღმა დარჩენილ იმ ამბებს იხსენებს, რომელიც მთელი ცხოვრების საგზლად ერგო.
– ბატონო მამუკა, რამდენიმე ათეული წელია, ქართული პოლიტიკა წარმოუდგენელია თქვენს გარეშე, თუმცა ბოლო დროს თითქოს ტაიმ-აუტი აიღეთ?
– არა, ეს არ არის პაუზა და ტაიმაუტი. ცხოვრება არ არის სხვადასხვა დღის მექანიკური ჯამი. ცხოვრება უწყვეტი პროცესია, სადაც ყველა დღე, რომელთაგან ზოგი მოგვწონს, ზოგი კი არა – ჩვენია. ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია ჩვენი საზოგადოება. როდესაც პროცესები ცოდნაზე, ენერგიასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ასეთ დროს ყოველთვის აქტიურად ვჩანვართ. მაგრამ, არის ისეთი პერიოდებიც, როდესაც მონოპოლიზებულია პოლიტიკური გარემო, რომელიც არ ტოვებს ჯანსაღი პოლიტიკური ქმედებების გამოჩენის შესაძლებლობას. ვინ-ვინ და, მე ყველაზე კარგად ვიცი ქართული პოლიტიკა. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკა ძალაუფლებისთვის ბრძოლის საშუალებად იქცა. ქართულ სინამდვილეში იოანე ბატონიშვილი გვაძლევს პოლიტიკის ყველაზე ზუსტ განსაზღვრებას – პოლიტიკა ეს არის ცხოვრების წესის განსაზღვრისათვის ბრძოლა. რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება ხელისუფლებაში ყოფნა და ძალაუფლება, მაგრამ როდესაც თვითმიზანი ხდება ძალაუფლების პყრობა, იქ იწყება ქვეყნის პრობლემები. ჩვენ ვერ მოვახერხეთ პოლიტიკა ცხოვრების წესის განსაზღვრის ბრძოლად გვექცია. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა მოვლენა, ჩვენს პარტიას რეაგირება არ მოეხდინა, ჩვენ არ გავქცეულვართ არც ერთ კითხვას, არ დაგვიძვრენია თავი არც ერთი უხერხული მდგომარეობიდან. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად გამოვხატავდით ჩვენს თავისუფალ პოზიციას და პასუხისმგებლები ვიყავით და ვართ კიდეც ამ პოზიციაზე, თორემ საარჩევნო დაპირების თქმას რა უნდა? ერთი იტყვის 200 ლარს დავარიგებ პენსიასო, მე გამოვალ და ვიტყვი, 225 ლარს დავარიგებ-მეთქი. მაგრამ მერე რას შვრები, ასეთ ტყუილში იცხოვრებ? ყველაფერი ხომ ღვთიური კანონზომიერებით ხდება და ყველა თავისას აქვე იღებს. საკუთარ თავს შენვე ასამართლებ შენი ქმედებებით. გადავავლოთ თვალი ქართულ პოლიტიკას – ვიღაცეებს იოლად უნდოდათ ფონს გასვლა, ვიღაცეეებს პირადი და ქვენა გრძნობები ჰქონდათ, ყველამ მიიღო თავისი მისაღები. ვინც კაცი იყო, ღირსეულად, ბრძოლით გავიდა ცხოვრებიდან და თავისი გაყვანითაც საქმეს აკეთებს; ვინც კაცი არ იყო, ისე წავიდა ერთი შემბრალებელი არ ჰყოლია; ვიღაც კი ისე გაიდევნა პოლიტიკური ასპარეზიდან, დღეს ქილიკის საგნად არის ქცეული. ჩვენ სხვა ჩამოსხმის პარტია ვართ, არასდროს არავისთან ვყოფილვართ შეკედლებული, არავის არც ერთ არჩევნებზე არ ავკიდებივართ. რა უნდა კოალიციაში შესვლას? ცოტაა თუ რა? ვინ არ მიგიღებს, მარტო ის განაცხადე, რომ ლოიალური ხარ და თვალს დახუჭავ ნებისმიერ საკითხზე. დახუჭე ბატონო არჩევნებამდე, მერე გაახილე, თქვი: ახლა გავიგე ეს რომ ხდებოდაო. ამის გაკეთებას რა უნდა, მაგრამ – არა! ამას ვერ ვაკადრებ ვერც ხალხს და ვერც ჩვენს წარსულს. რაც გაგვიკეთებია ჩვენი ოფლით და სისხლით გაგვიკეთებია. ჩვენ ადამიანების იმ ძალიან მცირერიცხოვან წრეს მივეკუთვნებით, რომელსაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა არა მარტო სწამდა, არამედ იბრძოდა ამისთვის იმ დროს, როდესაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს სასაცილოდ არ ყოფნიდა.
– ვინ „ჩაგითრიათ” მაშინ, სამოცდაათიან წლებში მიმდინარე პროცესებში და როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება ეროვნულ მოძრაობას?
– ჩვენ ვეძებდით ჩვენს ადგილს სამყაროში, ვეძებდით პასუხებს შეკითხვებზე, რა იყო ჭეშმარიტება, მამული და სამშობლო. ამ ძიებამ მიგვიყვანა ეკლესიაში. პატარები, სკოლის მოსწავლეები ვიყავით. მაშინ სიონი იყო ერთადერთი მოქმედი ლეგალური ინსტიტუტი, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას განასახიერებდა. ეს ხომ არ იყო მხოლოდ სამოცდაათიანი წლების ქართული ეკლესია. როდესაც მისი უწმინდესობა ტაძარში მობრძანდებოდა, მარტო პატრიარქი კი არ მოდიოდა ტაძარში, უკან საქართველოს ისტორია და ჩვენი დიდი წინაპრების დასი მოჰყვებოდა. როდესაც ჩვენ პატრიარქს მივაწოდებდით თავსაბურავს, მიტრას, ვეხებოდით შესამოსელს, რომელიც იმ პატრიარქებს ჰქონდათ ღირსეულად ნატარები, რომლებიც ყოველთვის დარჩებიან საქართველოს ისტორიაში, ეს ჩვენში, ახალგაზრდა ყმაწვილებში საოცარი განცდას და რწმენას ბადებდა. მზად ვიყავით, ტკივილიც კი მიგვეღო. თუმცა, ხშირად ვხუმრობდით კიდეც ამ თემაზე: ლენინს რევოლუცია რომ არ მოეხდინა, ჩვენ პატრიარქის გვერდით ვინ დაგვაყენებდაო (იცინის).
– თქვენ იყავით მისი უწმინდესობის ერთ-ერთი პირველი თაობის სტიქაროსანი, როგორი იყო თქვენი ურთიერთობები პატრიარქთან?
– უწმინდესს არასდროს სჩვეოდა ლექციების წაკითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცე. ისეთი დროს, ისეთ ფრაზებს გვეტყოდა ხოლმე ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, უცებ ვიღებდით პასუხს. იმავე კვირის ქადაგებაში მოყვებოდა ამბავს, რომელიც ზუსტად იმ დროს ყველაზე მეტად „გვჭირდებოდა”. როგორც კი ეს საჭირო გახდა ჩვენი ეკლესიისთვის, ჩავიცვით სტიქარები. მაშინ საქართველოს ისტორიის ბედუკუღმართობის გამო წირვაში რუსი სტიქაროსნები იღებდნენ მონაწილეობას. ალექსანდრე ნეველის ტაძრის სტიქაროსნები მოდიოდნენ მისი უწმინდესობის წირვებზე სიონის ტაძარში. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი იგვიანებდნენ, პატრიარქი კი ელოდა, როდის მოვიდოდა სტიქაროსანი და მედავითნე, რომ წირვა ჩატარებულიყო. ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდების პირველი თაობა, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს საქმე. ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ პერიოდში ქმნიდნენ საქართველოს ისტორიის ცხოვრების წესს. დღეს მათი უმეტესობა მაღალი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან – მეუფე დიმიტრი, მეუფე იობი, მამა რევაზ სიხარულიძე, მამა ალექსი ადამაშვილი. ჩვენ შორის იყვნენ გიორგი ჭანტურია, გიორგი შიოლაშვილი, რეზო ანთიძე; მამა თეოდორე და სოსო წერეთელი, რომლებიც შემდეგ დახვრიტეს. ჩვენ ვახლობლობდით, სოსო ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც არ დააკმაყოფილა ეკლესიამ და კიდევ სხვაგან ეძებდა თავის სამყაროს. ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მამა თეოდორესთან. ეს დამოკიდებულება ეკლესიაში ჩამოყალიბდა. მამა თეოდორე ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, საოცარი ფანტაზიის უნარით. მახსოვს, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ სასულიერი პირი გახდებოდა, ცდილობდა, გერმანელი ესესელის ფორმა გამოეტანა კინოსტუდიიდან. ამ ფორმით სამამულო ომის ვეტერანების შეკრებაზე გაუვლია. მერე ხუმრობდა: პატივი ვეცი იმ ხალხს, იქ მეორედ ისე მისვლა აღარ შეიძლებოდაო. ცხოვრების ის წესი, რაც ჩვენ გვქონდა, სხვა სტანდარტებს გვიყენებდა. როცა იცი, რომ ხვალ შეიძლება დაგიჭირონ, ბოლომდე გასცემ, ბოლომდე იხარჯები სიყვარულში.
– ოჯახი როგორ ხვდებოდა თქვენს დისიდენტურ ცხოვრებას?
– ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, მძიმე იყო. როდესაც მამაჩემს უთხრეს, შენი შვილი ქუჩაში კაბით ვნახეთო, კაცი კინაღამ გაგიჟდა: რას ჰქვია, ჩემი შვილი კაბით იყოო და დედაჩემის გარდერობში ეძებდა ჩემს „კაბას”. როცა გაიგო, რომ კაბა კი არა სტიქარი მეცვა, მითხრა: ჯანდაბას, იარე ეკლესიაში, ეგ იმას სჯობია, რაც მე ვიფიქრეო (იცინის). მერე და მერე ისე შეეჩვია ჩემგან ასეთ პრობლემებს, სახლში ჩხრეკას რომ ატარებდნენ, სტუმრები თუ გვყავდა, მამა სუფრასაც არ ტოვებდა, იმდენად ჩვეულებრივი რამ იყო ეს მისთვის. სახლში კონსპირაციის ბუდე მქონდა მოწყობილი, „ბიაზის” ქვეშ ვმალავდი აკრძალულ ლიტერატურას. ისეთი მეგობრებისა და ახლობლების ბინებს ვიყენებდით, რომლებზეც ეჭვს არავინ აიღებდა. იყო შემთხვევები, როცა პროკლამაციის გადატანა მინდოდა და ჩემს პატარა ძმას დავიხმარებდი ხოლმე. ერთხელ „ბულკის” საყიდლად გაჩერდა და იქ დარჩა ჩვენი პროკლამაციები. ის პატარა იყო და პასუხს ვერავინ მოსთხოვდა. ახალგაზრდები ვიყავით, გაბედულები, რისკიანები. ყველა ასაკს თავისი ცდუნებები აქვს. სწორედ იმიტომაც არ ვარ სასულიერო პირი, რომ ამ ცდუნებემა გადაწონა ეს ყველაფერი. ვინც ამ ცდუნებებს გაუძლო, მათ გააგრძელეს კიდეც სასულიერო ცხოვრება. ჩვენ სხვა მხარეს წავედით. ყოველგვარი განსაკუთრებული შერჩევის გარეშე ავირჩიე პროფესია – ქართული მენტალიტეტით, ოჯახი დაჩაგრული რომ არ ყოფილიყო და უსწავლელი შვილი არ ჰყოლოდა. მე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი აქტიურობის გამო სკოლაში პრობლემები შემექმნა და საბოლოოდ, ვეკუას სახელობის მათემატიკური სკოლა დავამთავრე. კარგი მოსწავლე ვიყავი და ჩემთვის ჩაბარება პრობლემა არ ყოფილა – „გეპეიში“ ჩავაბარე ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე. სტუდენტური ცხოვრება არ მქონია, დისიდენტური საქმიანობის გამო, ინსტიტუტიდან სამჯერ გამრიცხეს და ეს პერიოდი გამოვტოვე. დიპლომი ავიღე, როცა სტუდენტობის ასაკს კარგა ხნის გაცილებული ვიყავი. 1983 წელს ორი წლით გამამწესეს ბაქოში, ზოგი ციხეში მოხვდა, ზოგი ასეთ „გადასახლებაში”. ოფიციალურად ვითვლებოდი როგორც ჯარისკაცი, თუმცა ვიყავი პოლიტიკური ტუსაღი, რომელიც სამხედრო ნაწილში ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პირადი ბრძანებით. როცა ბაქოში ჩავედი, ჩემზე იფიქრეს, ეს წვერით დადის, ეტყობა, დიდი პატრონი ჰყავსო. აბა, რა იქნებოდა, მინისტრის მოადგილის პირადი ბრძანებით ვიყავი იქ გამწესებული.
– როგორ მიდიოდა თქვენი პირადი ცხოვრება კადრს მიღმა?
– პირადი ცხოვრებისთვის გვიან მოვიცალე, გვიან დავოჯახდი. იმ დროს ისეთ დრამატულ ამბებში ვიყავი გახვეული, სად მეცალა პაემნებისა და გრძნობების გამოვლენისთვის (იცინის). ამას გარდა, როდესაც იცი, რომ ათასნაირ პროვოკაციაზე შეიძლება წამოგაგონ, არ გინდა, პრობლემები შეუქმნა საყვარელ ადამიანს. როცა ნონა ცოლად მოვიყვანე, უკვე სხვა რეალობა იყო, მაგრამ ჩვენს სახლს უშიშროების მანქანები მაინც არ შორდებოდნენ. ნონასთვის ეს უცხო იყო, მე კი იმდენი რამ მქონდა გავლილი, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. მერე ნონაც შეეჩვია. უდროობის გამო, რომელიც სულ იყო ჩემი პრობლემა, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მეოჯახე ვიყავი და ვარ, მაგრამ არის ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა მოგინდება კაცს, ოჯახურ ფუსფუსში ჩაერთო. მაგალითად, ოჯახში ღვინის თემას მე ვაგვარებ, ეს ყოველთვის ასე იყო. სახლშიც ყველაფერი მაქვს – მინი არყის სახდელი, კასრები. ღვინის კულტურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ოჯახში რომ შევალ და ნაკლულ ბოცას ვხედავ, სურვილი მიჩნდება, იმ ოჯახიდან ის ბოცა წამოვიღო. ორ რამეზე მაქვს გართულება – ბავშვებსა და ღვინის ჭურჭელზე. ასეთი ტრადიციული კაცი ვარ, თუმცა ზოგიერთი მამაკაცური გატაცებისგან შორს ვარ. მაგალითად, არასდროს ვყოფილვარ გატაცებული ნადირობით, სულ ვამბობდი, რომ ყველაზე კარგი სანადირო ადგილი იყო დეზერტირის ბაზარი, სადაც არც თოფი გჭირდება და არც ტყე-ღრეში ხეტიალი. თუმცა, ახალგაზრდობაში მეც ბევრი მივლია. მთელი საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი. როცა საშუალება მქონდა, შვილებიც დამყავდა თან – ბავშვმა პატარაობიდან უნდა შეიგრძნოს თავისი სამშობლო, საკუთარი ეთნოსი. როცა ჩემი ბიჭი პატარა იყო, ძალიან უყვარდა „ბაში-აჩუკის” სიმღერა. ერთხელ წამომცდა შუამთის ამბავი. შემჭამეს ბავშვებმა, წაგვიყვანე და გვაჩვენე „ბაში-აჩუკის” დები სად იმალებოდნენო. ბოლოს წავედით შუამთაში, მეუფე დავითმა მითხრა: ბავშვების ნახევარი ამ მიზნით მოდიან აქო. ამ მხრივ, ცოტა მეოთხე, ნაბოლარა შვილი, ქეთო „დამეჩაგრა”. ბოლო პერიოდში ვერ ვახერხებ ბავშვებთან ერთად ქალაქიდან ხშირად გასვლას. მაგრამ, სამაგიეროდ, ახლოს გვაქვს დიდუბის პანთეონი, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და ერთი ყვავილით შეამკო ღირსეული წინაპრის საფლავი. ქეთო 4 წლისაა, მაგრამ უკვე ხშირად დამყავს პანთეონში, ის თავისუფლებაში დაბადებული თაობაა, აუცილებლად შეიმეცნებს და შეიგრძნობს საქართველოს. ქეთო პატრიარქის ნათლულია და მასზე დიდი მადლი უკვე სუფევს, მას ჩემს ანტიდეპრესანტს ვეძახი, ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. აგვისტოს ომის დროს ახალი დაბადებული იყო. რომ არა ქეთო, იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდებოდა, საკუთარ გულს შევასკდებოდი.