რატომ ვერ გაასახლა ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოდან და რატომ არ უნდა დაარტყა მოწინააღმდეგეს ნახევარი ძალით
მან ორი პრეზიდენტი გააცოცხლა ანიმაციაში, რაც, სულ მცირე, იმას მაინც ნიშნავს, რომ ამ ორი პირველი პირის ხასიათის თავისებურებები კარგად აქვს შესწავლილი. ის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდეც გამოირჩეოდა აქტიურობით და არც არჩევნების შემდეგ პასიურობს, ერთი ისაა, რომ ამპლუა ოდნავ შეიცვალა. ერთი სიტყვით, შალვა რამიშვილი მოგვიყვება „ნაციონალებისა“ და „მეოცნებეების“ მართვის დადებით და უარყოფით მხარეებზე, საკუთარ მოლოდინებსა და იმაზეც, თუ რა დოზით გაამართლეს თუ ვერ გაამართლეს მისი იმედები როგორც ახლებმა, ისე ძველებმა.
– აწ უკვე მმართველმა უმრავლესობამ არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნა წინასაარჩევნო პათოსი. ისინი კვლავ აკეთებენ განცხადებებს, რომ დღეს აღარ აწამებენ ადამიანებს, აღარ ხოცავენ ქუჩებში, არ ართმევენ ბიზნესებს, ეს ცოტა კომიკურ ელფერს ხომ არ იძენს? ასეთი შეფასებები შესაძლოა, გააკეთოს მოქალაქემ, მაგრამ, როდესაც ხელისუფალი ხარ და ამდენი იცი, დაიჭირე, ვინც ამას აკეთებდა თუ არადა, ნუ მაღიზიანებ დამატებით.
– სააკაშვილი შევარდნაძის ჩრდილიდან კარგა ხანს ვერ გამოვიდა, თავის საქართველოს მუდმივად ადარებდა ვარდების რევოლუციამდელ საქართველოს და შევარდნაძეს ექიშპებოდა. დღეს იმდენი დრო არ არის გასული იმისთვის, რომ დავივიწყოთ, რაც პირველ ოქტომბრამდე ხდებოდა, მაგრამ ხელისუფლების წევრები უნდა გამოვიდნენ იმ განცდიდან, რომ სააკაშვილს მოუგეს, რომ აღარ ხდება ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს. სააკაშვილი პოლიტიკური არარაობაა, თუმცა მე ისედაც არარაობად მიმაჩნია და მათ შორის, მეც უნდა გავთავისუფლდე ამ კაცის კომპლექსისგან, აღარ შევედაროთ და ნიშნი აღარ მოვუგოთ.
– არარაობა იყოო, ამბობ, იყო თუ არა, 9 წელს გვმართა ერთპიროვნულად, მაშინ რის ხარჯზე?
– უპირველესად, ეს მოხდა იმიტომ, რომ კარგად ხვდებოდა, სად უნდა მოეძებნა ოპოზიციისთვის სუსტი წერტილი და ამარცხებდა ოპოზიციას. ასევე, დაჩაგრა მედია და შექმნა ერთგვაროვანი პროპაგანდისტული ველი, სასამართლო დაიმორჩილა და ყველა პოლიტიკური განაჩენი მიმართული იყო ოპონენტების დასაშინებლად და გასანეიტრალებლად. მისი სიძლიერე იყო ის, რომ მან შექმნა ნახევრად ავტორიტარული ქვეყანა და ამან დაამარცხა კიდეც. აბსურდი მოხდა: მან გადაწყვიტა, შეექმნა აზიური ტიპის ავტორიტარიზმი, მაგრამ არჩევნები ჩაატარა ისე, რომ ძალით ვერ გადაწყვიტა ამ არჩევნების ბედი. მაგალითად, ვერ გაასახლა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ წაართვა მოქალაქეობა და ასე შემდეგ. ეს მაინც ნახევრად ზომები იყო და ასეთი ზომები არ ჭრის. თუ გადაწყვიტე, რომ კანონი დაარღვიო, მაშინ ნახევრად ზომებს რატომ მიმართავ?! თუ სერიოზული მოწინააღმდეგეს ურტყამ…
– ისე უნდა დაარტყა, ვეღარ ადგეს.
– უნდა გაიმეტო, რომ გაიმარჯვო, როდესაც ნახევარი ძალით ურტყამ და გეშინია სხვა რაღაცეების, რაც შეიძლება, ამ დარტყმას მოჰყვეს, მაშინ საერთოდ არ უნდა დაარტყა. აი, ეს შეეშალა მიშას. მან ვერ დაამყარა დიქტატურა და ამ ნახევრად ზომებმა შეიწირა იგი.
– გამსახურდია ცოტა ხანს იყო პრეზიდენტი, შევარდნაძე ისევე დიდხანს, როგორც სააკაშვილი და ორივეს მართვის თავისი სტილი ჰქონდა, თუმცა ვერც ერთმა ვერ შეძლო საპრეზიდენტო სტანდარტის შექმნა.
– აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ ვართ საპრეზიდენტო ქვეყანა.
– შევარდნაძეს კარგად იცნობდი, სხვანაირად მის პერსონაჟს ვერ შექმნიდი, ასევე, შექმენი სააკაშვილის პერსონაჟი. როგორები იყვნენ, როგორც პრეზიდენტები?
– საქმე ის კი არ არის, როგორები იყვნენ ისინი, არამედ, როგორები გახდნენ უკონტროლო ძალაუფლების პირობებში. უპირველესად, ეს ეხება სააკაშვილს და არა შევარდნაძეს, რომელსაც არ ჰქონია ისეთი ავტორიტარული მიდრეკილებები, როგორიც მიშას. არ ვიცი, რატომ იყო ბოლო ხანებში ასეთი მიმტევებელი: ასაკის თუ სხვა რამის გამო, მაგრამ ეს სხვა თემაა. მიშას ფსიქოლოგიური პორტრეტი ჩანს მისი მმართველობის დროს აშენებულ სახლებსა და მის გადაწყვეტილებებში. ამიტომ კარგი იქნება, ისეთი ქვეყანა გავაკეთოთ, რომელშიც პირველი პირის ინდივიდუალურ თავისებურებებს არ ექნებათ ასე მძაფრად გამოხატვის საშუალება.
– სტანდარტი ისევ არ გვაქვს.
– როგორ იძერწება სტანდარტი? არა იმით, რომ მაინცდამაინც ასეთი და ასეთი ფსიქოლოგიური ტიპის პიროვნება უნდა გახდეს პრეზიდენტი. ჩვენ ვიცით, როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სტანდარტი: იქ არის უამრავი გამაწონასწორებელი ფაქტორი, სენატი, მედია და ამ ფილტრებს მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გადის პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი. იქ სტანდარტი საუკუნეების და ათწლეულების განმავლობაში შემუშავდა, ჩვენ ჯერ ახლა ვიწყებთ.
– ახლა რომ ვიწყებთ, შეგვეტყო პრეზიდენტის ფარული ხარჯების გამოქვეყნების შეფასებაშიც: პრეზიდენტმა თქვა, რატომაც არ უნდა დამეხარჯაო, იგივე გაიმეორეს მისმა თანაგუნდელებმა. ნოდარ დუმბაძის გმირის სტილში, ქართველი კაცი რომ „ზალას“ ოთახად ჩაგითვლისო.
– ეს ფარული ხარჯები უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
– მე რეაქციაზე ვამბობ.
– თვითონ რას ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა. ის ძალიან ცუდ დღეშია, მას ხელიდან ეცლება ის ილუზორული სამყარო, რომელიც ააშენა. რა თქმა უნდა, არც სინანულს განიცდის და არც პატიებას ითხოვს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხოველი. მაგრამ ახლა უკვე, მისი ლექსიკით თუ ვიტყვით, გაფარჩაკებული პოლიტიკური ცხოველი. მას ძალიან მძიმე დღეები უდგას, ყოველდღიურ სტრესშია, ყოველდღიურად აწყდება მოქალაქეების ზიზღს. საყოველთაო სიყვარულიდან ასეთი დონის სიძულვილამდე მისვლას მოხერხება უნდა და ეს მიშამ მოახერხა. ადამიანურად ძალიან საცოდავია.
– ელოდი, რომ დამარცხებული სააკაშვილი ასეთი გახდებოდა?
– რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს სინანულის გრძნობა, მან არ იცის, რატომ წააგო, არ იცის, რომ მისი მმართველობა იყო დანაშაულებრივი. მას სჯერა, რომ, რადგან ლიფონავამ უთხრა ღამის საათზე, ციხის სცენები დადგმული იყოო, მას მართლაც მოუწყვეს ეს: რუსეთმა, ბიძინა ივანიშვილმა...
– მართლა ჰგონია?!
– რა თქმა უნდა. მას მიაჩნია, რომ კარგი უნდოდა ქვეყნისთვის და რუსეთს ებრძოდა. რაღაცას ხშირად რომ იმეორებ, იჯერებ.
– მაგრამ ეს ხომ ცოტა არაჯანსაღია?
– მან მოახერხა იმ მიზეზების დავიწყება, თუ რატომ წააგო. იმიტომაც არის საბრალო, რომ ვერ ხვდება, რატომ წააგო. ის უყურებს, როგორ ინგრევა მის მიერ ნაშენები ილუზორული სამყარო და მტკივნეულად განიცდის ამ ყველაფერს. მხოლოდ თუ ვუთანაგრძნობთ, იმიტომ რომ ეს გაგრძელდება, უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ მისი ცხოვრების წესზე, მისი გუნდის დანაშაულებებზე.
– სააკაშვილი არასდროს გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით და კულტურული მეტყველებით. მაგრამ ძალიან დაიბინძურა ლექსიკა. ესეც სტრესის ბრალია?
– უბრალოდ ცუდ ვითარებაშია და შეცდომებს უშვებს.
– უბრალოდ შეცდომაა, როდესაც სტუდენტებს ეუბნები პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი პროქტოლოგი ცოლს დასდევდა, ცოცხი შეგეტევა თუ არაო; მეც გამომადგება ბუსუსებიანი პრეზერვატივიო. ზვიგენების ამბავი ამასთან „იავნანაა“?
– მას ყოველთვის ახასიათებდა ექსტრავაგანტური საუბარი. უნდა გავუგოთ, ამ ადამიანს აქვს ღრმა ფსიქოლოგიური სტრესი და მისი ფსიქიკა უფრო და უფრო ღრმა ჭაობში ჩაეფლობა. პირველი, ვინც მას ბოლოს მოუღებს, არის მისი საკუთარი მე. ის არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი მე შეჭამს და ეს ძალიან სამწუხაროა. შეიძლება, ვურჩიოთ, გადადგეს, მოინანიოს და სადმე სოროში შეძვრეს, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ აქვს პოლიტიკაში დაბრუნების ამბიციები.
– მოახერხებს თავისი თავის რებრენდინგს?
– თუნდაც, ის ხარჯები, რომლებიც გამოქვეყნდა, მეტყველებს, რომ ეს არის ხაზინის ქურდი, რომელიც საკუთარ და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას ახმარდა ქვეყნის ფულს. ეს არის დანაშაული, რომელიც დასავლური ყაიდის არც ერთ პოლიტიკოსს არ ეპატიება და არ ვიცი, როგორ უნდა გამოძვრეს ამ საშინელი ვითარებიდან.
– უმრავლესობის წევრებმა შეიფერეს მმართველის ამპლუა? ხანდახან ზოგ მათგანს ისეთი კმაყოფილი სახე აქვს, იმ ანეკდოტის არ იყოს, სურვილი გიჩნდება, ლიმონი მიაწოდო, რომ ასეთი ნასიამოვნები სახე არ ჰქონდეს.
– ვიცით, რომ ეს სია არ არის სრულყოფილი, ისევე, როგორც არც ჩვენ ვართ სრულყოფილები. მაგრამ რა არის კარგი: წინა ხელისუფლების დროს კლანური მმართველობა ჩამოყალიბდა და, თუ პოლიტიკურად ლიალური იყავი მიშა სააკაშვილისადმი, სწორედაც რომ გქონდა საფუძველი, კმაყოფილიც ყოფილიყავი, გაღიმებულიც, შეცდომებიც დაგეშვა და დანაშაულიც ჩაგედინა. ეს ბიძინას დროს არ მოხდება, ამიტომ შეიძლება, შეეგუო „ოცნების“ ზოგიერთი წევრი დეპუტატის არაბუნებრივად კმაყოფილ სახეს, თუმცა მე არ შემიმჩნევია, მაგრამ გამშვიდებს ის, რომ ეს კმაყოფილი სახე არის პირველ შეცდომამდე, რომელსაც ის დაუშვებს. ამიტომ ლოიალურები უნდა ვიყოთ.