კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაემთხვა გელა ხვედელიძის დაპატიმრება გეი-აღლუმს და რატომ ზის ბაჩო ახალაია ციხეში ვანო მერაბიშვილის თანხმობით

თუმცა სამართლიანობის აღდგენას ქართული ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება (ამის გამოცდლება თვით დასავლეთ ევროპასაც კი მოეპოვება), მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ჩვენი სამართალი მოყანყალებულბორბლებიანი ურმით დადის და, სანამ ჭრიალით გადაადგილდება, გასულ კვირას ერთ-ერთ რესტორანში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამ მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ეს მხოლოდ პრეცედენტად დარჩება თუ ბლოკბასტერის მორიგი სერიებიცაა მოსალოდნელი, – ამის გარკვევას ირინა სარიშვილთან ერთად შევეცდებით.

– ასე ჭრიალით მოძრავი სამართლის პირობებში, როგორ ფიქრობთ, ანგარიშსწორებათა სერია ხომ არ გველის?

– დავიწყოთ იმით, რომ მე არ მიმაჩნია ტერმინები: „ანგარიშსწორება“ და „შურისძიება“, სწორად იმ ვითარებაში, რაც გვაქვს. თავიდან ბოლომდე ყველა იმ გართულებაზე, რაც მომხდარა ქუჩასა თუ რესტორანში და რაც შეიძლება, მომავალში უფრო მძიმე ფორმებითაც მოხდეს, პასუხს აგებს ხელისუფლება, ანუ ის ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია საკუთარი კანონების შესასრულებლად.

– დავაზუსტებ: მოწოდებულია, მაგრამ პოლიცია პოსტფაქტუმ ერევა, რაც დაზარალებულებისთვის შეღავათი არ არის, თუმცა, კანონიერების თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგშია.

– გავაგრძელებ აზრს. უპირველესი დაკვეთა, სოციალური დაკვეთის გარდა, რის გამოც ხალხი გაჰყვა არა კოალიციას, არამედ ერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, იყო ის, რომ სააკაშვილის დამარცხებით, ერთი მხრივ, დამარცხდებოდა სოციალური სიდუხჭირე და, მეორე, უფრო მნიშვნელოვანი –  დამარცხდებოდა უსამართლობა. სამართლიანობის აღდგენისკენ, თუ არ ჩავთვლით ციხეებიდან პატიმრების გამოშვებას, ისიც ძალიან გაუგებარი ქრონოლოგიით, არც ერთი ნაბიჯი ამ ხელისუფლებას არ გადაუდგამს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი გამონაკლისი ახალაია ზის ციხეში და ისიც ყველამ მშვენივრად იცის, რომ ახალაიას ციხეში ჯდომა უნდათ ვანო მერაბიშვილსაც და „ნაციონალებსაც“ და ამიტომაც ზის.

– რატომ უნდათ?

– ოჯახური დაპირისპირება აქვს ვანო მერაბიშვილს ახალაიასთან, თავისი მეუღლიდან გამომდინარე. ამაზე მეტის თქმა არ არის საჭირო, ფართოდ ცნობილი ოჯახია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში არავინ, ვინც პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, არ გასამართლებულა. მიტევებაზე, პატიებაზე, სასჯელის რაღაც რბილი ფორმით შეცვლაზე ლაპარაკი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ. სხვა შემთხვევაში ეს ლიტონი სიტყვებია.

– მარტივი ფორმულაა, მე რომ ვაპატიო, იმან ხომ უნდა იცოდეს რომ საპატიებლად აქვს საქმე?

– მეც ზუსტად ამას ვამბობ: დამნაშავეს ჯერ უნდა მიესაჯოს, გამოცხადდეს მისი ბრალეულობა დადასტურებულად და ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ პატიება-არპატიებაზე. თან, თუ ის ადამიანი თვითონ არ იხდის ბოდიშს და არ ინანიებს, ვის რაში სჭირდება მაშინ შენი პატიება?! ის მდგომარეობა, რაც დღეს ქუჩებშია, თავიდან ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების კისერზეა. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ კნუტებივით გრძნობდნენ თავს „ნაციონალები“ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველი ორი დღის განმავლობაში და თანდათან როგორ შეემატათ რიხი ხმაში. მე არ ვამბობ, რომ ყველას დათრგუნულს და შეშინებულს უნდა ევლო, მაგრამ, ვისაც უნდა შეშინებოდა საკუთარი ჩადენილი დანაშაულებების გამო კანონის, ისინი, რა თქმა უნდა, თავდახრილნი უნდა ყოფილიყვნენ და არა მიკროფონით ხელში, აქეთ რომ გვასწავლიან დემოკრატიას.

– ის, რაც ერთ რესტორანში მოხდა, შეიძლება, გახშირდეს?

– ის, რაც რესტორანში მოხდა და სხვაგანაც შეიძლება მოხდეს, იმას გარდა, რომ კარგისკენ არ მიგვიყვანს, იძლევა განცდას, მათ შორის, ჩემშიც, რომ ეს დამნაშავეები, თუ ხელისუფლების ხელიდან არა, ქუჩაში მოსიარულე ადამიანების ხელიდან მაინც იღებენ სასჯელს და ამდენ დამნაშავეს რესტორნებში, კაფეებსა თუ ბარებში შესვლისას, სულ მინიმუმ, დისკომფორტი მაინც შეექმნება იმით, რომ არ გაესვლება ისე ადვილად ქუჩაში, როგორც მათ უსუფაშვილი ჰპირდება.  ბევრად უფრო გამაღიზიანებელია ჩემთვის ამ უტიფარი ადამიანების ტელევიზიით, ქუჩაში, სანავარდოდ უპრობლემოდ ყოფნა, ვიდრე ის, რაც მოხდა. თუმცა ეს კარგისკენ მაინც არ მიგვიყვანს და, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია, ხელისუფლებამ თვითონ გასცეს პასუხი დამნაშავეებს და ყური არ უგდოს სპეკულაციებს თემაზე, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. პოლიტიკური დევნა ეწოდება, როდესაც ადამიანს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დავსჯით და, თუ ეს არ იცის ბიძინა ივანიშვილმა, იქნებ აუხსნან მის გვერდზე მყოფმა პოლიტიკოსებმა. ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანი სჩადის დანაშაულს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის პოლიტიკურ და სექსუალურ ორიენტაციას. კანონები იმიტომ შეიქმნა, რომ რაღაცნაირად დარეგულირდეს ადამიანთა უფლებები. თუ ამას არ აკეთებს ის, ვის ხელშიც კანონია, მაშინ ამის გაკეთებას იწყებენ ადამიანები, თუ მთლად დამონებული ფსიქიკა არ აქვთ. მე არც ჩხუბი მომწონს, არც დანის ტრიალი და იარაღის გავარდნა, რაც შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ ეს არის იძულებითი მდგომარეობა, რომელშიც საკუთარ საზოგადოებას აყენებს დღევანდელი ხელისუფლება, სადაც დღეს არიან ადამიანები, რომლებთანაც ძალიან გამიჭირდება ღირსებაზე, თავმოყვარეობაზე ლაპარაკი.

– ვის გულისხმობთ?

– ვერანაირად ვერ ავუხსნი უსუფაშვილს, რას ნიშნავს, კაცური კი არა, ადამიანური ღირსება და თავმოყვარეობა, ვინც ამას წაიკითხავს, მიხვდება, რატომაც ვერ ავუხსნი. ამიტომ ემოციურ მხარეს თავი უნდა დავანებოთ და ამ ადამიანებს პირდაპირ მოვთხოვოთ კანონის შესრულება: ან უნდა თქვან, რომ ის ბრალდებები, რომლებსაც უყენებდნენ „ნაციონალებს“ არჩევნებამდე, ტყუილი აღმოჩნდა და მაშინ დაემხონ მუხლებზე და მოუხადონ ბოდიში, ან, თუ მათი ბრალდებები არ არის ცილისწამება და დასტურდება, ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ და შემდეგ საზოგადოება და შესაბამისი გაერთიანებები  გადაწყვეტენ, გამოცხადებული სასჯელიდან, რა ფორმით და რა რაოდენობით მოიხადონ.

– ძალიან საინტერესო ლოგიკა აქვთ „ნაციონალებს“: ისინი გმობენ პარლამენტის წევრებზე თავდასხმას და, იმავდროულად, ამტკიცებენ, რომ ძველი ფაქტები, როდესაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ესხმოდნენ თავს პარლამენტარებს, უნდა დავივიწყოთ. მათ, მართლაც, ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ლოგიკა არ აქვს?

– არაფერს ფიქრობენ, ისინი გამიზნულად მოქმედებენ. ეს განცხადებები კეთდება საზოგადოების გასაღიზიანებლად. „ნაციონალებმა“ მშვენივრად იციან, რომ იმაზე მეტად, ვიდრე სძულთ, ქართველი საზოგადოება მათ ვეღარ შეიძულებს. ხოლო მათი ასეთი თავხედური, ყოვლად უტიფრული დემონსტრაციული განცხადებები უკვე იწვევს აგრესიას დღევანდელი ხელისუფლების მიმართაც, როდესაც ის, თავის მოქალაქეებს აიძულებს ამის მოთმენას. შენ თვითონ მიმტკიცებდი, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ, ახლა მე მიქნევ თითს და ხელი რომ გავანძრიო, კიდევ მე დამსჯი. ამდენად, „ნაციონალებს“ ძალიან ოსტატურად ჰყავთ მიყენებული კედელთან დღევანდელი ხელისუფლება. „ნაციონალები“ ვეღარ აიმაღლებენ რეიტინგს, მაგრამ საკმაოდ წარმატებით ახერხებენ უტიფარი გამოსვლებით საზოგადოების წყობიდან გამოყვანას და ეს წყობიდან გამოყვანა არ არის მიმართული მხოლოდ „ნაციონალებისადმი“.

ახლა კიდევ ერთი თემა დაემატება ამ ხელისუფლებას თავში სახლელად: სექსუალური უმცირესობების. ფარესაშვილთან დაკავშირებული ამბები ძალიან საინტერესო გამოსაკვლევია. თავი რომ დავანებოთ იმასაც, რომ ეს შეიძლება, ვინმეს შურისძიება ყოფილიყო, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ფაქტი მოახლოებულ გეი-აღლუმს. ვხედავთ, პირველი პრეცედენტი მოხდა და ხვედელიძე დაიჭირეს. ადამიანის ტვინი, მართალია, მაიმუნივით მარტივად არ არის მოწყობილი, მაგრამ რაღაც-რაღაც კლიშეები ამ ტვინში ყველას გვაქვს. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანი რაღაცაზე აიმაღლებს ხმას, ამ შემთხვევაში, ფარესაშვილი და დასტურდება, რომ ის მართლაც მსხვერპლია, განსაზღვრული ორიენტაციის ადამიანის უკვე მსხვერპლად ქცევა ძალიან ბევრის თავში აღრევას გამოიწვევს. ხვედელიძის გათავისუფლებას არანაირ აღფრთოვანებაში არ მოვყავარ, რადგან ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ხვედელიძეა ამ ამბის თავი და ბოლო. ნაკლებად მაინტერესებს, ასევე, ეს კადრები ნამდვილია თუ მონტაჟი, თუმცა თვითონ  ფარესაშვილმა მშვენივრად გაყო: ტანი სხვისი იყო, თავი –  ჩემიო. თუ გავიხსენებთ, თავი რას აკეთებდა და ტანი –  რას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არჩია თავი. მაგრამ ეს არ არის განსახილველი თემა.

– ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანის შანტაჟი დაუშვებელია და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი, მაგრამ, რატომღაც, არავინ ახსენებს, მათ შორის, არც ფარესაშვილი მას, ვინც გასცა ამ კადრების გადაღების ბრძანება?

– მართალი გითხრათ, არ მინახავს ის კადრები ბოლომდე, მაგრამ, როგორც ამბობენ, დანარჩენი ორი მონაწილე აშკარად იყურებოდა კამერისკენ. არ ვიცი, იმ ორმა ამით რა მოიგო, შეიძლება ეს ჭორიც იყოს. ფაქტია, გეი-აღლუმის წინ მოიხსნა და დაისაჯა ადამიანი, რომელმაც შელახა ჰომოსექსუალის უფლება. თან, ფარესაშვილი ძალიან კატეგორიულად არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ  ამბობს, რომ ეს არის მონტაჟი და მხოლოდ თავია მისი. ანუ რეალურად, ყველას გონებაში ეს მაინც ჰომოსექსუალზე გადაღებული კადრებია და ამ ფონზე ჩატარდა გეი-აღლუმი. გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომ ბარბაროსობაა სექსუალური უმცირესობების დაჩაგვრა, არადა, მათ არავინ ჩაგრავს, თუ არ მიყვარს, ეს ჩაგვრას ნიშნავს?! მაინცდამაინც ამ დღეებში რატომ შეწუხდა ყველა ამ კატეგორიის ადამიანების ბედით?! თან, როდის იყო, რომ  ამ ადამიანებს ვინმე შეუცვივდა სახლებში?! ჩემი, როგორც მართლმადიდებლის, უფლებები არ ილახება აღლუმის ჩატარებით?! მათ არავინ უკრძალავს არსებობას და თავიანთ სახლში, რაც უნდათ, იმის კეთებას, მაგრამ რატომ შემოდიან ჩემს სახლში?! აღლუმი ჩემს სახლში შემოსვლაცაა. იმიტომაც ვაკეთებ ხშირად პედალირებას „რესპუბლიკურ პარტიაზე“, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მათ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრები შეუერთდნენ. ეს პარტია ქადაგებს იდეოლოგიას, რომელიც არ ცნობს ეროვნულ, სექსუალურ და რელიგიურ საზღვრებს. ეს ხალხი შემთხვევით არ მოსულა ხელისუფლებაში. მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებით ტენდენცია აშკარად გაძლიერებულია, უბრალოდ, ისტორიულად, ყოველთვის უფრო ძლიერი პრესი იყო მართლმადიდებლური ქვეყნების მიმართ. ფაქტია, რომ დაკვეთა ქვეყნის გარედან მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმ ადამიანების ხელით, ვისთვისაც ეს მართლაც სულერთია.  ასე დაიწყო ყველა ქვეყანაში ამ თემის განვითარება და უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაშვებულია ერთსქესიანი ქორწინება.

– პარიზში ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, ოღონდ ფრანგებს ეს ანტიდემოკრატიულ გამოვლინებად არ ჩაუთვალეს.

– საფრანგეთში რომელიღაც კაფეს დააწერეს, რომ მოწევა აკრძალულია და მეორე დილით არც ერთი შუშა არ ჰქონდა იმ კაფეს. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამის ჩამდენთა უმეტესობა არ ეწეოდა. აბსოლუტურად ჯანმრთელი რეაქციაა, თუ სიგარეტი მავნეა, გამოაცხადე მისი მოწევა დანაშაულად, ან ნუ მიკრძალავ მოწევას, როდესაც სიგარეტი იყიდება. მეორე მაგალითი, როდესაც საფრანგეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჯერ უნდა გაყიდულიყო ევროკავშირის თევზი და შემდეგ –  ფრანგული ნაწარმი, მებადურებმა გაუკეთეს ორგანიზება და დაწვეს პარლამენტის ძველი შენობა. კანონიც მაშინვე შეიცვალა. აქ კი მე მეუბნებიან, რომ კაცისმკვლელი და სისხლისმსმელი ვარ, თუ არ მომეწონება, როდესაც ჩემს ქუჩაზე ორგანიზებულად ჩაივლის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელთა აღლუმი.

– პირადად ჩემთვის ბუნდოვანია აღლუმის ჩატარების მიზანი, ამ ლოგიკით, აღლუმი უნდა მოაწყონ იმ ქალებმაც, ვისაც გათხოვება უნდა და ვერ თხოვდება?

– ვისაც არ გვყავს ქმარი უნდა გავიყოთ: ვისაც არ ჰყავს, მაგრამ უნდა და ვისაც არ ჰყავს, მაგრამ არც უნდა.

– და ვისაც ჰყავს, მაგრამ გამოცვლა უნდა.

– მანდ, მგონია, ყველაზე მეტნი მოგროვდებიან, თუ ანონიმურობას დავიცავთ.

– თქვით, რომ „ნაციონალები“ თავიანთ რეიტინგს ვერ აიმაღლებენო, მაგრამ ამ განცხადებების შედეგად გამოწვეული საზოგადოებრივი აგრესიის არ ეშინიათ?

– სრულ უმოქმედობას ის სჯობდა, რაც ქუჩაში მოხდა, იმიტომ რომ ეს უკვე აღარ შედის „ნაციონალების“ ინტერესში. მათ უნდა ეპარპაშათ და ამით უბრალოდ უნდა გაღიაზიანებულიყო მოსახლეობა, ოღონდ არა მათი მისამართით, არამედ, ხელისუფლების მიმართ, რატომ არ სჯით.

– ეს ხომ მაინც უსაფუძვლო გათვლა იყო „ნაციონალების“ მხრიდან?

– რა გგონიათ, ის ხალხი პირველად შევიდა რესტორანში?! უბრალოდ რაღაც-რაღაცეები ზღვარს გასცდა და საპასუხოდ მიიღეს ეს, რაც არ მოხდებოდა, კანონს რომ ეკანონა. მაგრამ კარგია ამათ ჭკუის სასწავლებლად, იმიტომ რომ ძალიან მშიშრები არიან და არ მგონია, ახლა ვინმემ ამის შემდეგ დარდიმანდულად შეაბიჯოს რესტორანში.

– კითხვათა კითხვა: რატომ მოიკოჭლებს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის გზაზე?

– კოჭლობაზე უნდა ჰკითხოთ კოჭლს. მე არ მიკვირს, რაც მოხდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური მხარე, მაინცდამაინც, არ აინტერესებს. ის მიიჩნევს, რომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, დაამარცხა ბოროტება, რითაც მისი, თუნდაც, როგორც მილიარდერის ამბიციები დაკმაყოფილდა. პოლიტიკურად მან გააკეთა აბსოლუტურად გასაგები არჩევანი –  „რესპუბლიკური პარტია“. 

скачать dle 11.3