„მე რომ ჟურნალისტი ვიყო“!
შენ რომ ჩემთვის ყელსაბამი არ მოგიტანიაო?!
ვინაიდან ხალხის რჩეულია, ბუნებრივია, რომ საკუთარ აზრებსაც ხშირად გამოხატავს (კანონებს გვიწერს და, ამ ფონზე აზრთა ფრქვევა რა მოსატანია?!), ოღონდ, ძირითადად, სოციალურ ქსელში (რასაც აქვს თავისი როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები).
სულ ბოლოს, ყველაზე ნორჩმა ქართველმა კანონშემოქმედმა პრემიერ-მინისტრისა და ჟურნალისტების შეხვედრა შეაფასა (ბუნებრივია, FB-ს საკუთარ გვერდზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ კონკრეტულად ამ მოვლენით, მისი აზრით, ქართული ჟურნალისტიკა არ დაინტერესებულა. .
კერძოდ, ბ-ნ ივანიშვილს მედიასთან ურთიერთობის მანერა დაუწუნა, მეტიც – ჩემს კოლეგებს უფასო რჩევებიც შესთავაზა. სახელდობრ, ბრძანა (მომყავს ციტატა): „მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი პრემიერის პრესკონფერენციაზე!“ გაბრაზდებოდა, ვინაიდან, ნორჩი კანონშემოქმედის აზრით, „ჟურნალისტებისთვის „რუპორის“ წოდება, კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად პასუხის მოთხოვნა და ერთმანეთში ე.წ. „საქმის გარჩევა,“ სცილდება დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობის ყველანაირ ეთიკის ნორმებს“. .
შესაბამისად, ჟურნალისტებს სოლიდარობაც გამოუცხადა. მე არ ვიცი, რას არგებს ქართულ ჟურნალისტიკას ქ-ნი საჯაიას სოლიდარობა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მისი მშობელი პარტია, ძირითადად, ჟურნალისტების, რბილად რომ ვთქვათ, იგნორირებით იყო დაკავებული (თუმცა, შესაძლოა, სწორედ სინორჩის გამო არ ახსოვდეს ქ-ნ საჯაიას ქართული ჟურნალისტიკის უახლესი ისტორიის ეს და სხვა არანაკლებ ტრაგიკული დეტალები) და, ზედაც, დავამატებთ, რომ კვლავაც ბუნდოვანია მისთვის საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი სამკაულის ისტორია, იქნებ, კრიტიკის პათოსი ასეთიც იყოს: შენ რომ ჩემთვის ყელსაბამი არ მოგიტანიაო?!