კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-19(645) 

***

შინ დაბრუნებულ ნიკას ნანა სამზარეულოში დახვდა. შევიდა თუ არა, მაშინვე იგრძნო საოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე. მაგიდა ლამაზად იყო გაწყობილი ერთ კაცზე.

ნიკამ გაოცებით მოავლო თვალი სამზარეულოს და გაეცინა.

– რატომ იცინი, რამე ისე არ გავაკეთე? – დაიძაბა ნანა.

– არა, პირიქით, ყველაფერი იმდენად იდეალურად არის, რომ თავი სხვის სახლში მგონია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩემს სამზარეულოს ასეთი წესრიგი დიდი ხანია, არ ღირსებია, – გაეღიმა ნიკას.

– არ ვიცოდი, მთელი დღე რა მეკეთებინა და ცოტა გავერთე, – თითქოს მოუბოდიშა ნანამ.

– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, არ იყო საჭირო. ჯობდა  დაგესვენა – წამოწოლილიყავი და წიგნი წაგეკითხა, ან ტელევიზორი ჩაგერთო.

– წიგნის კითხვის ნერვები აღარ მაქვს, გონებას ვეღარ ვატან ჩემი პრობლემების გადამკიდე. ტელევიზორში კი ყველა ქართულ არხზე პოლიტიკოსები ჩხუბობენ, რაც აბსოლუტურად არ მაინტერესებს.

– შენც, გადაგერთო რუსულ ან რომელიმე სხვა უცხოურ არხზე, მოგეძებნა რამე გასართობი გადაცემა ან კარგი ფილმი, – თქვა ნიკამ და მთელი მონდომებით გაწყობილ სუფრას გადახედა, – ერთი თეფში რატომ დგას?

– მე არ მშია, უკვე ვისადილე, – თქვა ნანამ და გაზქურასთან მივიდა, – ხელები დაიბანე და კერძს მერე დაგისხამ, რომ არ გაცივდეს.

– შენც თუ არ ისადილებ ჩემთან ერთად, შიმშილობას გამოვაცხადებ. არადა, ძალიან გემრიელი სუნი მცემს და გამიჭირდება ამის გაკეთება, – გააპროტესტა ნიკამ ღიმილით.

– კარგი, დაგეწვევი, – გაეღიმა ნანას, – მაგრამ, მაინცდამაინც გამოცდილი კულინარი არ ვარ და, თუ კერძი არ მოგეწონა, არ დამცინო.

– დაცინვა რა საკადრისია. თანაც, შენ რომ იცოდე, ძირითადად რითი ვიკვებები, მაგას აღარ მეტყოდი, – ნიკამ თვალი ჩაუკრა ნანას და ხელების დასაბანად აბაზანაში შევიდა.

სადილობის დრო ისედაც გადასული იყო და ნიკა და ნანა იმდენ ხანს შეჰყვნენ საუბარს, სადილი ვახშამში გადაიზარდა. ყველაფერზე ილაპარაკეს იმ მთავარი საქმის გარდა, რამაც ერთმანეთს შეახვედრა.

რაღაც მომენტში უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ნანა ადგა და ყავის სამზადისს შეუდგა, რომ ამ უხერხულობისგან თავი დაეღწია.

– მე ოთახში გავალ, ტელევიზორს ჩავრთავ, – თქვა ნიკამ და ადგა, – დიდი მადლობა, ასეთი გემრიელი სადილი დიდი ხანია, არ მიჭამია.

ნანამ ღიმილით გამოხედა და რაღაც საოცრად შინაურული ხმით უპასუხა:

– კარგი, იქ გამოგიტან ყავას.

– თუ არ შეწუხდები, – მობოდიშებით თქვა ნიკამ, – ერთი ბოთლი ძალიან მაგარი კონიაკი მაქვს და ცოტა დავლიოთ, არც ერთს არ გვაწყენს.

ყავა მართლაც გემრიელი გამოდგა, კონიაკი – კიდევ უკეთესი. ალკოჰოლმა ორივეს მოუხსნა ის დაძაბულობა თუ უხერხულობა, რასაც მთელი საღამოს განმავლობაში გრძნობდნენ.

– ექიმთან არ იყავი? – ჰკითხა ნანამ და შეეცადა, ძალიან მზრუნველი ტონი არ ჰქონოდა – არ უნდოდა, ნიკას რამე „ისეთი“ ეფიქრა.

– ვიყავი. საშიში არაფერია, მაგრამ, მკურნალობა მაინც საჭიროაო და რაღაცეები გამომიწერა. თან, მითხრა, კარგი იქნება, რამდენიმე დღე იწვეო, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ შევასრულებ, თუმცა, შევეცდები, ფიზიკური დატვირთვა მაქსიმალურად ავიცილო თავიდან.

– ჰო, – თქვა ნანამ და გაჩუმდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში არც ერთს ხმა აღარ ამოუღია. ნანა ჩუმად იყო. იმიტომ, რომ ერიდებოდა, კითხვები დაესვა იმ თემაზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა და რის გამოც იქცა ასე თუ ისე უცხო ადამიანის სახლში თავშეფარებულ ლტოლვილად; ნიკა კი თითქოს არ ჩქარობდა საქმეზე საუბარს, რადგან ამ ქალის გვერდით საოცარ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს გრძნობდა და უნდოდა, ეს წუთები ცოტათი მაინც გაეხანგრძლივებინა. რაღაც მომენტში საკუთარ თავს კითხვაც კი დაუსვა – ჩემი კლიენტი ხომ არ მიყვარდებაო, მაგრამ, მაშინვე უარყო ეს აზრი: „არა, ეს სიყვარული არ არის. ასე რომ იყოს, მის მიმართ ლტოლვაც მექნებოდა. მართალია, საკმაოდ სიმპათიურია, შეიძლება ითქვას, ლამაზიც კი, მაგრამ, ჩემში ვნებას კი არ აღძრავს, პირიქით, თითქოს მშობლიურ გრძნობას მიჩენს. ეტყობა, ტიპია ასეთი – დედასავით უნდა იზრუნოს იმ ადამიანზე, ვინც გვერდით ჰყავს; კომფორტი და იდილიური გარემო შეუქმნას. რა საინტერესოა, რატომ არ უმართლებს ხოლმე ასეთ ქალებს პირად ცხოვრებაში...“

ნიკამ პატარა სირჩები ისევ შეავსო კონიაკით, ნანას მიუჭახუნა და თქვა:

– ჩვენს საერთო საქმეს გაუმარჯოს, უფრო სწორად, ღმერთმა ქნას, მალე და წარმატებით დაგვესვას წერტილი ამ ყველაფრისთვის.

– ამინ, – დოდომ კონიაკი დალია და ნიკას შეკითხვის მზერით შეხედა.

– დღეს კიდევ ხომ არ დაურეკავს იმ ტიპს? – ჰკითხა ნიკამ და ისევ ჩამოასხა სირჩებში კონიაკი.

– ერთხელ დარეკა, შუადღეზე.

– რამე ახალი გითხრა?

– არაფერი. თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა იგივე ტექსტი.

– შენ რა უპასუხე?

– პრაქტიკულად, არაფერი. გავიგე-მეთქი, ვუთხარი, – ნანას ტუჩები ოდნავ აუკანკალდა და თვალები ცრემლით აევსო. აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან ეშინოდა და ამ შიშს მალავდა.

– ნუ გეშინია, ვერაფერს დაგაკლებენ, გპირდები. შენს საქმესაც დავაბრუნებინებ სამმართველოს უფროსს.

– რატომ დახურა ეს საქმე პროკურატურამ?

– იმიტომ, რომ რუხაძემ დაარწმუნა, – ბრაზით თქვა ნიკამ.

– რუხაძეს რატომ უნდა უნდოდეს ჩემი საქმის დახურვა?

– აქ ორი მომენტია: ერთი – რომ მკვლელობებს ვერ ხსნიან და არ უნდათ, კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე „შეეტენოთ“ და, მეორე – შეიძლება, ვიღაც ინკოგნიტო დაინტერესებული პირი იყოს გარეული ამ საქმეში. სამმართველოს უფროსს პირდაპირ უთქვამს, ნანა სირაძისა და ბანკის ურთიერთობა მათი პირადი საქმეა და თვითონ მოაგვარონ, გამოძიება არაფერ შუაშიაო.

– შენ გითხრა?

– მე არა, ზურაბს უთხრა, კვაჭაძეს.

– მაგ ზურაბს ენდობი?

– საკუთარი თავივით.

– ნიკა... – გაუბედავად დაიწყო ნანამ, – რაღაც მინდა გითხრა და, ძალიან გთხოვ, სწორად გამიგე. უკვე ორი დღეა, ამაზე ვფიქრობ და ვერ გეუბნები – არ მინდა, რამე...

– გისმენ, – შეაწყვეტინა ნიკამ და ინტერესით შეაცქერდა.

– იმ ქალს... დოდოსაც ენდობი? – ნანამ ძალიან ფრთხილად, თითქოს შიშით წარმოთქვა დოდოს სახელი?

– რა გაგებით?

– ყველანაირი გაგებით. ზოგადად, სანდო ადამიანია? უფრო სწორად, შენთვის თუ არის სანდო?

– რატომ მეკითხები, დოდო რამ გაგახსენა? – გაუკვირდა ნიკას და თავისდაუნებურად გაწითლდა, – გულწრფელად გეტყვი: დოდო ერთი თავისუფალი ქალია, რომელსაც პირად ცხოვრებაში, როგორც ჩანს, არ გაუმართლა და თავისებურად ცდილობს ამ ხარვეზის ამოვსებას.

– როგორც ვხვდები, მოსწონხარ, – ისევ გაუბედავად თქვა ნანამ, – ოღონდ, ძალიან გთხოვ, სწორად გამიგე, რასაც გეუბნები. მე შენს პირად ცხოვრებაში კი არ ვერევი, უბრალოდ, ქალური ალღო მკარნახობს, რომ აქ რაღაც ისე არ უნდა იყოს.

– კი მაგრამ, შენ ხომ არც კი იცნობ დოდოს, თვალითაც არ გინახავს.

– ნახვა აუცილებელი არ არის. არსებობს ლოგიკა, თუ გინდა, ამას დედუქციაც დაარქვი.

– უფრო კონკრეტულად? – ისევ შეაწყვეტინა ნიკამ.

– კარგი, გეტყვი უფრო კონკრეტულად, – ნანამ სიმხნევისთვის სირჩაში ჩარჩენილი კონიაკი დალია და ნიკას თვალებში შეხედა, – ის კაცი, ვინც მირეკავს და მემუქრება, ყოველ დარეკვაზე ერთსა და იმავე ტექსტს მეუბნება: ნუ იქექები ამ საქმეში, დაითხოვე შენი დეტექტივი და ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა და, შენს ქმართან მოგიწევს გამგზავრებაო.

– მერე? – დაიძაბა ნიკა.

– მერე ის, რომ იმ ტიპმა ზუსტად იცის, რომ  არ დამითხოვიხარ და, შედეგად რა მოხდა?! – ცხენიდან გადმოვარდი და სასწაულით გადაურჩი სიკვდილს.

– ცხენიდან ბევრი ჩამოვარდნილა და დამტვრეულა, ბევრი მომკვდარა კიდეც. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. ეს, უბრალოდ, გარემოებების დამთხვევაა, – გააპროტესტა ნიკამ.

– შესაძლოა, მაგრამ, ხანდახან ამ „დამთხვევებს“ სპეციალურად აწყობენ, თანაც ისე, რომ მაქსიმალურად დაემსგავსოს შემთხვევითობას.

– ამით რისი თქმა გინდა?

– იმ დღემდე ოდესმე ყოფილხარ იპოდრომზე?

– როგორ არ ვყოფილვარ.

– მე ვგულისხმობ, ცხენზე თუ მჯდარხარ?

– არა. ეს სპორტი არასდროს მიტაცებდა. ცხენები ისე მიყვარს, შორიდან.

– ვინ დაგპატიჟა იპოდრომზე?

– დოდომ... – ნიკა მხოლოდ ახლა მიხვდა, რას გულისხმობდა ნანა.

– იცოდა დოდომ, რომ ცხენზე არასდროს მჯდარხარ?

– საიდან უნდა სცოდნოდა?  ჩვენ ასი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს, სტუდენტობის შემდეგ ერთმანეთი, ალბათ, არც კი გაგვხსენებია. სრულიად შემთხვევით შევხვდი „ინტელგრუპჯორჯიაში“, შენს საქმეზე რომ მოვედი, მაშინ.

– შენ როგორ ფიქრობ, რომ მოესურვებინა, დოდო ვერ დაადგენდა თავისთვის საჭირო ინფორმაციას? ანუ, კონკრეტულ შემთხვევაში, ვგულისხმობ შენი ინტერესებისა თუ გატაცებების სფეროებს?

– რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს, დოდოსნაირი ქალისთვის, მაგრამ, მაინც არა მგონია, რომ ასე იყოს.

– რატომ არ გგონია, დოდო ისეთი წესიერი ადამიანია, რომ ამას არ იკადრებს? – გესლი გაურია ხმაში ნანამ.

„მგონი, ეჭვიანობს“, – გაიფიქრა ნიკამ და ქალს გაოცებით ჰკითხა:

– კი მაგრამ, ასე რატომ გძულს ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობ?

ნანამ მშვიდად შეხედა ნიკას, მერე თვალები დახარა და ისე უპასუხა:

– ვიცი, ახლა რაც გაიფიქრე, მაგრამ, ეს ასე არ არის. რა უფლება მაქვს, ვიეჭვიანო? არც სიძულვილი მამოძრავებს – მართლაც, რატომ უნდა მძულდეს ადამიანი, რომელიც ერთხელაც არ მინახავს და მისი გვარიც კი არ ვიცი? მე ის კი არ მძულს, მისი მეშინია. ის მტაცებელია, ნიკა, ჩვეულებრივი მტაცებელი. ნამდვილი პირანიაა – ყველას შეჭამს და გაანადგურებს, ვინც კი გზაზე გადაეღობება. ასეთებმა დანდობა არ იციან, ოღონდ, ამას ისე აკეთებენ, აშკარა ძალადობის გარეშე. თან, არის მეორე მომენტიც: ჩემი აზრით, დოდო ის ქალია, რომელიც გიჟდება კარგ, მდიდრულ, კომფორტულ ცხოვრებაზე, შესაბამისად, მაღალ წრეში ტრიალის პრეტენზიაც ექნება. ამისთვის კი რა არის საჭირო, როცა ლამაზ და ამბიციურ ქალს არ ჰყავს რესპექტაბელური და მდიდარი ქმარი? ფულიანი საყვარელი? არა, ჩემო კარგო, ასეთებს ფულიანი და, პარალელურად, ცოლიანი საყვარლები არ სჭირდებათ, რადგან ის ფულიან-ცოლიანი კაცი მოერიდება თავის წრეში მის გამოჩენას. მარტო ბინა, სამკაული, მანქანა, აგარაკი და გრიალი კი სრული პაკეტი არ არის, თუ „სვეტსკი“ წრის ქალად არ იქნა მიღებული საზოგადოებაში. ამის მისაღწევად კი რა რჩება?! – რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფული. ბევრი კი არა, ხაზს ვუსვამ – ძალიან-ძალიან ბევრი, იმდენი, რომ მისთვის საინტერესო ყველა მამაკაცი იქით გაეგოს ფეხქვეშ... – ნანამ ამოისუნთქა და გაჩუმდა.

– მაშ, შენ ამტკიცებ, რომ რაღაც ინტერესის გამო, ყველაფერი ნანამ მომიწყო?

– არ ვამტკიცებ, ნიკა, უბრალოდ, საშინელი ეჭვი გამიჩნდა, რომელიც ტვინს მიღრღნის და ვერაფრით მოვიშორე. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ, არა მგონია... იშვიათად უმტყუნებია ალღოს.

– კარგი... – ნიკა დაფიქრდა, მერე თავი ასწია და ნანას უთხრა: – ერთხელ უკვე გითხარი, რომ ვიღაცას მტკივნეულ ადგილზე დავადგი ფეხი. მუქარებიც არის, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ვიღაცას ჩემი თავიდან მოშორება ან დაშინება უნდა და ამის მისაღწევად ჩემს გარემოცვაში მყოფი ადამიანებიც გამოიყენოს...

– მე ვფიქრობ, დაშინება კი არა, უფრო – თავიდან მოშორება უნდა, – ჩაურთო ნანამ.

– რატომ ხარ დარწმუნებული? – ნიკა უკვე აშკარად ანგარიშს უწევდა ნანას ვარაუდებსა და პირად მოსაზრებებს, – მე ხომ არ მოვმკვდარვარ, არც კი დავმტვრეულვარ.

– ეს მხოლოდ შემთხვევითობაა. ასი ასეთი შემთხვევიდან ოთხმოცდაცხრამეტი სიკვდილით ან სამუდამოდ დასახიჩრებით მთავრდება. შენ ის მეასე ბედნიერი ხარ, რომელიც ცოცხალი და, პრაქტიკულად, უვნებელი გადარჩა.

– დავიჯერო, რომ... მოდი, ერთხელ კიდევ თავიდან გავიაროთ ყველაფერი: დოდო მირეკავს და შეხვედრას მთხოვს. მეუბნება, რომ სიურპრიზი აქვს ჩემთვის, მიბარებს იპოდრომზე და მთავაზობს ცხენებით გასეირნებას...

– ასეთი ორიგინალური სიურპრიზი რატომ მოიფიქრა? – ისევ შეაწყვეტინა ნანამ.

– ალბათ, იმიტომ, რომ პირველ პაემანზე ბოტანიკურ ბაღში წავიყვანე და, გადაწყვიტა, თვითონ უფრო ეგზოტიკური და ორიგინალური რამ მოეფიქრებინა. მოკლედ, მთავაზობს ცხენებით გასეირნებას და მეჯინიბეს ჩემთვის გამოჰყავს, როგორც მაშინ დოდომაც და იმ მეჯინიბემაც თქვეს, ყველაზე მშვიდი და წყნარი ცხენი – ოსკარი... – იმ წუთების გახსენებამ ნიკა რატომღაც ააღელვა და, სული რომ მოითქვა, სიგარეტს მოუკიდა.

– მერე? – ვეღარ მოითმინა ნანამ.

– მერე შევჯექი ცხენზე და ღობეს გავუყევი. რამდენიმე მეტრი რომ გავიარეთ, მგონი, მანქანის საყვირის ხმა გაისმა, ცხენი დაფრთხა და ყალყზე შედგა, მახსოვს, მთელი ძალით დავასკდი მიწას და ზემოდანაც რაღაც უშველებელი დამეცა. როგორც მერე გაირკვა, ეს ოსკარი იყო – ცხენი, რომელზეც ვიჯექი. როგორც ჩანს, რამდენიმე წუთით გონება დავკარგე და გავითიშე, რადგან არც დოდოს ხმა გამიგია და არც ის დამინახავს, როგორ მოგროვდა ჩემ გარშემო ხალხი. თვალი რომ გავახილე, დავინახე დოდოს შეშლილი სახე, ჩემს თავთან დახრილი უცხო სახეები. მერე დოდოს ისტერიკული კივილიც გავიგონე, – ჩქარა, ექიმს დაუძახეთო... არა, ეს გულწრფელი შიში იყო, ასე ვერც ერთი ქალი, თვით ყველაზე გამოცდილი მსახიობიც კი ვერ ითამაშებდა... – ნიკა აშკარად ცდილობდა, საკუთარ თავთან მაინც გაემართლებინა დოდო. როგორც ჩანს, არ უნდოდა, დოდოს ცუდქალობაში დარწმუნებულიყო, – მერე იპოდრომის ექიმი მოვიდა, გამსინჯა და გახარებულმა თქვა, რომ ცოცხალი ვარ და დამტვრევასაც გადავურჩი... მერე დოდომ თავის სახლში წამიყვანა და შვილივით მომიარა... – ამ სიტყვებზე ნიკას აბაზანის სცენა გაახსენდა და ისე გაწითლდა, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც პირველ ქალთან წაასწრეს, – ჰო... მერე შენ დამირეკე, მემუქრებიანო და მაშინვე წამოვედი – სულ ეს იყო. მგონი, საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე.

– გარდა თავად ფაქტისა – იპოდრომზე დოდომ დაგპატიჟა, – მკაცრად გაიმეორა ნანამ, – კიდევ გიმეორებ: ეგ ქალი აშკარად მტაცებელია და ფრთხილად იყავი, ამ თემაზე მე მეტს არაფერს გეტყვი.

ნიკას უნდოდა, დოდოს გასამართლებლად რაღაც პასუხი გაეცა ნანასთვის, მაგრამ, ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა.

– ჰო, ზურაბ, საღამო მშვიდობის, მოხდა რამე? – ჰკითხა მოუთმენლად.

– მოხდა. შენ სად ხარ?

– სახლში ვარ, მინდა, ცოტა დავისვენო. რაღა დაგიმალო და ძალიან მიჭირს სიარული, მალე ვიღლები და მთელი სხეული მტკივა. საჭესთანაც კი ვერ ვჯდები – სუნთქვა მეკვრება. რა მოხდა, ცუდი ამბავია?

– საკმაოდ.

– მაინც, რა, აღარ იტყვი?

– იპოდრომის ერთ-ერთი მეჯინიბე, სწორედ ის, ვინც ცხენი შეგირჩია, ლისის ტბის ტერიტორიაზე პისტოლეტის ტყვიით არის მოკლული. შუბლში აქვს ნასროლი, ამიტომ მკვლელობის გარდა, ყველა სხვა ვერსია გამორიცხულია. ხვდები, ვისზეც გეუბნები?

– აზრზე არა ვარ, მე იქ არავის ვიცნობ. უბრალოდ, ვიცი, რომ დოდოს თხოვნით ერთ-ერთმა მეჯინიბემ ყველაზე მშვიდი ცხენი შემირჩია. ვინ არის მოკლული, რა ჰქვია, რა გვარია?

– დიმა, დიმიტრი გაბისონია. არაფერს გეუბნება ეს სახელი და გვარი?

– მგონი, არაფერს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ვერ ვიხსენებ.

– ხუთი წლის წინ მე ავიყვანე ყაჩაღობის საქმეზე. ცხრა წელი მისცეს, მაგრამ, ხუთი წელიც კი არ მჯდარა ციხეში. როგორც თვითონ მითხრა, ტუბერკულოზის გამო გაათავისუფლეს ვადაზე ადრე. ასეთი რამ კი ძალიან დიდი „ჩაწყობის“ შედეგად ხდება, თანაც, ძალიან იშვიათად.

– შენ რა, ნახე ეს კაცი და ესაუბრე?

– ჰო, ვესაუბრე და ბევრი საეჭვო რამ აღმოვაჩინე. კიდევ ვაპირებდი მის ნახვას, მაგრამ, ეტყობა, ვიღაცამ დამასწრო, ან, უბრალოდ, ეჭვი აიღო დიმაზე და საიქიოში გაისტუმრა, რომ ზედმეტი არ ელაპარაკა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ერთი გვამით მეტი გვაქვს. საქმე რთულდება. დარწმუნებული ვარ, ყველა მკვლელობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, ახლა რას იტყვიან კოტე რუხაძე და სამმართველოს უფროსი. ისიც მაინტერესებს, პროკურატურაში თუ მოეგებიან გონს. ჰო, პროკურატურაზე გამახსენდა – დაურეკე პროკურატურის ჭორიკნებს?

– ეგ სულ გადამავიწყდა, ახლა დავურეკავ, – გაეცინა ნიკას.

– ნუ იცინი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღარ გადადო.

– კარგი, არ გადავდებ. ჰო, რა მაინტერესებს... ოფიციალურად გამოაცხადეს იმ მეჯინიბის მკვლელობის ამბავი?

– ჯერ არა, ალბათ, ღამის „კურიერში“ გამოაცხადებენ. ჯერ 11 საათი არ არის, 12-ზე ჩართე ტელევიზორი და მოუსმინე, რას იტყვიან. 

– თუ მანამდე ან მერე რამე ახალი გაიგე, რომელი საათიც არ უნდა იყოს, აუცილებლად დამირეკე.

– კარგი. აბა, დროებით. თავს მოუარე.

– დროებით, – ნიკამ ყურმილი გათიშა და, ის იყო პროკურატურის ერთ-ერთი ჭორიკანა თანამშრომლის ნომერი უნდა აეკრიფა, რომ მობილურზე ისევ ზარის ხმა გაისმა. ნიკას ისევ ზურაბი ეგონა და ნომრისთვის არც კი დაუხედავს, ისე უპასუხა:

– ჰო, ზურა, გისმენ!

– დოდო ვარ! – გაისმა ყურმილში აღელვებული ხმა, – ნიკა, დოდო ვარ! ლამის გავგიჟდე, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო და როგორ მოვიქცე! ნიკას გაუკვირდა ქალის ისტერიკამდე მისული ყვირილი. ეს ის დოდო აღარ იყო, რომელსაც ყოველთვის შეეძლო საკუთარი ემოციების მართვა, ის აშკარად ვეღარ ფლობდა თავს.

– გისმენ, დოდო, რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? – ნიკას გულმა უგრძნო, რატომაც ურეკავდა ქალი, მაგრამ, რატომღაც, გადაწყვიტა, ისე მოქცეულიყო, ვითომ არაფერი იცოდა.

– ნიკა, ის ბიჭი მოუკლავთ, იპოდრომის თანამშრომელი!

– ვინ ბიჭი? – ჩაეკითხა ნიკა.

– მეჯინიბე, ჩვენ რომ ცხენები გამოგვიყვანა!

– საწყალი... რატომ მოკლეს, რას ერჩოდნენ?

– წარმოდგენა არ მაქვს. ისეთი კარგი ბიჭი იყო... ლამის ჭკუიდან შევიშალო! უკვე პროზექტურაში გადაუსვენებიათ. ნახვა მინდოდა, მაგრამ, მარტო მეშინია წასვლა. ხომ არ წამომყვები?

– მართალია, ცოდვაა, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ, რატომ ხარ ასეთი აღელვებული, შენი ახლობელი იყო?

– არა, უბრალოდ, იპოდრომიდან ვიცნობდი. ძალიან კარგი ბიჭი იყო, წესიერი, მშრომელი. ძალიან მეცოდება. თან, მგონი, არავინ ჰყავდა და მიცვალებულს ვიღაცამ ხომ უნდა უპატრონოს?

– მერე, შენზე უფრო ახლობელი, დავიჯერო, არავინ ეყოლება? ან, რომ მიხვალ და გკითხავენ, თქვენი ვინ არისო, რას ეტყვი, იპოდრომზე მყავს რამდენჯერმე ნანახი და მაინტერესებს, ახლა როგორ გამოიყურებაო?! – რატომღაც, გესლით უპასუხა ნიკამ და იგრძნო, რომ ამ ქალის მიმართ უნდობლობა სწორედ ამ ბოლო ფრაზებმა ჩამოუყალიბა.

– შენ რა ცინიკოსი ყოფილხარ, ასეთი არ მეგონე, – ეწყინა დოდოს.

– ჰო, ხანდახან ცინიკოსიც ვარ ხოლმე და ზოგჯერ – უარესიც, – ნიკა გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა გამოდიოდა წყობიდან.

– ესე იგი, ვერ წამომყვები? – დოდომ აშკარად გამოხატა წყენა, რომ მისი სურვილი, შესაძლოა, შეუსრულებელი დარჩენილიყო. ის არ იყო ამას ჩვეული, მით უმეტეს – მამაკაცებისგან.

– ვერც და არც, – ნიკა თავისდა გასაკვირად, უცბად დამშვიდდა, ფინჯანში ჩარჩენილი ცივი ყავა მოსვა და განაგრძო: – ჯერ ერთი, ძალიან მიჭირს სიარულიც და საჭესთან ჯდომაც, მეორე – არანაირ აუცილებლობად არ მიმაჩნია ჩვენი, მით უმეტეს – ჩემი იქ მისვლა და, მესამე – უკვე ლოგინში ვწევარ და დაძინებას ვაპირებ – ექიმმა მითხრა, მაქსიმალურად შეეცადე, რომ იწვეო.

– კარგი, გასაგებია... – დოდოს ხმაში მუქარის ტონი გაისმა.

– ჰო, მართლა, – უცებ ჰკითხა ნიკამ, – მთელი საღამოა, ტელევიზორში არაფერი უთქვამთ ამ ამბის შესახებ და შენ საიდან გაიგე, იქნებ, სულაც, ტყუილია?

– არ არის ტყუილი, სიმართლეა. ისეთმა კაცმა დამირეკა, ვინც საკუთარი თვალით ნახა მოკლული დიმა.

– ვინ არის ის კაცი, არ შეიძლება, ვიცოდე?

– რაში გაინტერესებს? – გაუკვირდა დოდოს.

– რომ გითხრა, ვეჭვიანობ-მეთქი, დამიჯერებ?

– დაჯერების რა მოგახსენო, მაგრამ გამიხარდება. როდის შევხვდეთ?

– რაღაც, ძალიან მალე დაგავიწყდა მოკლული მეგობარი.

– როდის შევხვდეთ-მეთქი? – დოდოს სიბრაზე დაეტყო ხმაში.

– ჯერ არ ვიცი. ჯერჯერობით ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს, თან, ყველაფერი მტკივა. გარდა ამისა, უამრავი საქმე დამიგროვდა და...

– ყველაფერი გასაგებია – იმ ქალთან ხარ, ვის დარეკვაზეც თავქუდმოგლეჯილი გაიქეცი და მარტო დამტოვე. მაგრამ, არა უშავს, ჩემი დროც დადგება და მერე უკვე გვიან იქნება თითზე კბენა... – და დოდომ ყურმილი გათიშა.

ნიკა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაოგნებული იჯდა და ხმა არ ამოუღია. თავისი პროფესიის მიუხედავად, აქამდე არ შეხვედრია ადამიანი, რომელსაც შეეძლო, ხმაში ჩაექსოვა ამდენი გესლი, შხამი, ბოროტი სურვილი. უცებ, თავისდაუნებურად წარმოიდგინა, რომ ქალს კი არა, შხამიან მცურავს ელაპარაკა, მტაცებელს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.

„პირანია... – გაახსენდა ნანას ნათქვამი, – არა, პირანია კი არა, იმ თავის თევზებს ჰგავს, ლამაზ, მაგრამ მკვლელ თევზებს, რომლებიც ცოცხლად ჭამენ მეტოქეს“... – ნიკას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და სავარძელში ჩუმად მჯდარ ნანას დამნაშავესავით გახედა.

– ყველაფერი მესმოდა – შენს მობილურს ძალიან ძლიერი მიკროფონი აქვს, – თავი იმართლა ნანამ, – ამიტომ, არაფერს გკითხავ.

– ჰო, სიტუაცია ყოველი მხრიდან გართულდა. ჩვენმა საქმემ ძალიან სერიოზული სახე მიიღო. ამიტომ, გაათმაგებული სიფრთხილე გვმართებს, – ნიკა შეეცადა, ხმა შეერბილებინა და დაყვავებით განაგრძო: – შენი აქ ყოფნის შესახებ ზურაბის მეტმა არავინ იცის, ის კი არსად არაფერს იტყვის. უსაფრთხოების მიზნით, კატეგორიულად გიკრძალავ არა მარტო ბინიდან გარეთ გასვლას, არამედ, ფანჯარასთან მიახლოებასაც კი.

– ზურაბის გარდა, შენმა მეზობლებმაც იციან, რომ აქ ვარ. რამდენჯერმე დაგვინახეს, ერთად რომ გავედით და უკან დავბრუნდით, – ფრთხილად შენიშნა ნანამ.

– ჰო, მართალი ხარ. ესე იგი, ბინის შეცვლა მოგვიწევს, ნიკა ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მერე თქვა: – ბინა უნდა ვიქირაოთ, სადმე ახლოს. ჩემს უბანში საერთოდ რომ აღარ გამოვჩნდე, მეზობლები ეჭვს აიღებენ. შენ იქ დაგაბინავებ და გარეთ დაცვასაც დაგიყენებ – ისეთს, ეჭვი რომ ვერ აიღონ მის ვინაობაზე. მე კი ძირითადად შენთან ერთად ვიქნები და, თან, ჩემს ბინასაც მივაკითხავ ხოლმე, რომ უბანში დამინახონ.

– კარგი, როგორც შენ იტყვი, – დაეთანხმა ნანა, – მაგრამ, იცი, რისი მეშინია? მე თუ ვერ მიპოვიან, ჩემს მშობლებზე არ იძიონ შური.

– დაწყნარდი, მაგაზეც ნაფიქრი მაქვს და ყველაფერს მოვაგვარებ. ახლა კი პროკურატურის ჭორიკნებს უნდა დავურეკო, მაგრამ რა მოვიფიქრო ისეთი, რომ ამ შუაღამისას დარეკვა არ გაუკვირდეთ?

– რა ვიცი, გააჩნია, რა დონის ნაცნობია... – ჩაფიქრდა ნანა, – პროკურორის ან რომელიმე მაღალჩინოსნის მდივანს თუ იცნობ ახლოს, ან ვინმეს კანცელარიიდან, ყველაზე სწრაფად ისინი გაავრცელებენ ჭორს. ოღონდ, უნდა გააფრთხილო, არავისთან არაფერი წამოგცდესო – ეს მაგიური სიტყვებია.

– ჭკვიანი ქალი ხარ, ნიკას ღიმილი მოერია, – მოდი, კანცელარიიდან დავიწყებ. იქ ერთ შინაბერას ვიცნობ, მგონი, იმიტომ გაჩნდა ამქვეყნად, რომ ჭორები აგროვოს. საწყალს, თავისი პირადი ცხოვრება არ გააჩნია და იმით ცოცხლობს, რომ სხვისი ცხოვრება ქექოს. თან, ერთი დიდი განყოფილების უფროსის მდივანი მისი დაქალის შვილია – სოფლიდან ჩამოსული, პრეტენზიული გოგო, რომელიც ვიღაცამ ნაცნობობით მოაწყო სამსახურში და, აქაოდა, პროკურატურაში ვმუშაობო, „სვეცკობას“ აწვება – ჩაცმის სტილიც შეიცვალა, სიარულიც და ლაპარაკის მანერაც, მაგრამ, ბგერა ლ-ს ვერ მოუხერხა ვერაფერი – ისევ ძველებურად არბილებს, თუმცა, „არა მჯერა“, „არ არსებობს“, „ვაიმეე“ და სხვა „სვეცკური“ ფრაზები და შორისდებულები კარგად აითვისა – ნიჭიერი გოგოა.

ნანას ხმამაღლა გაეცინა.

– რა გაცინებს, არ გჯერა? – თავაუწევლად ჰკითხა ნიკამ და თან მოლურში კანცელარიის თანამშრომლის ტელეფონის ნომრის ძებნას შეუდგა.

– როგორ არ მჯერა, მაგრამ... – ნანამ თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან.

– რა „მაგრამ“? – დაინტერესდა ნიკა.

– გეტყვი თუ არ გეწყინება.

– რატომ უნდა მეწყინოს? პირიქით, შენს სიტყვებსა და რჩევებს ყოველთვის მივიღებ მხედველობაში.

– აქ სარჩევი და მხედველობაში მისაღები არაფერია. იმის თქმა მინდოდა, რომ შენც გყვარებია ჭორების მოსმენა, – ნანამ თვალებში შეხედა ნიკას, – ხომ არ გეწყინა?

– არა, რა არის საწყენი, – ახლა ნიკას გაეცინა, მაგრამ ეს ჭორების სიყვარული კი არა, ჩემი პროფესიაა, ჩემო კარგო: რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს გარშემო მყოფებზე, მით უკეთ ფლობ სიტუაციას.

– ფლობ თუ აკონტროლებ?

– ეს ერთი და იგივეა. თანაც, მე ასეთ ადამიანებზე ინფორმაციას სპეციალურად კი არ ვაგროვებ, უბრალოდ, ყველა ნორმალური ადამიანივით, ორი ყური მაქვს და, სხვათა შორის, არც სმენას ვუჩივი. ასე რომ...

– გასაგებია, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ნიკა... – წამოიწყო ნანამ და გაჩუმდა.

– თქვი, ნუ გერიდება. თითქოს რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები.

– ბანკში კიდევ უნდა მიხვიდე?

– აუცილებლად, ოღონდ, ჯერ არა, ჯერ სხვა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.

– „ინტელგრუპჯორჯიაში“?

– იქ ხვალ ვაპირებ მისვლას. უფროსის ნახვა მინდა.

– დოდოს არ ნახავ? – ნანას ხმა დაეძაბა, – რატომღაც, მეშინია მაგ ქალის.

– ნუ გეშინია, არაფერს დამიშავებს. და თუ ეგეც არის ამ საქმეში გარეული, მაგასაც დავადგენ, შენ არ ინერვიულო. ახლა კი დავრეკავ, თორემ, მართლა ძალიან გვიანაა უკვე და უხერხულია.

– კარგი. ბოდიშს ვიხდი, – ნანამ ყავის ფინჯნები სამზარეულოში გაიტანა.

ნიკამ ნაცნობი შინაბერას ტელეფონის ნომერი იპოვა და დარეკა, თან ფიქრობდა, უხერხული ხომ არ არის არცთუ ახლობელ ადამიანთან შუაღამისას საუბარიო. ყურმილი მესამე ზუმერის შემდეგ აიღეს.

– გისმენთ! – გაპრანჭული ხმით უპასუხა ქალმა. ნიკა მიხვდა, რომ მის ჭორიკანა ნაცნობს ჯერ არ ეძინა და შინაურულად მიმართა:

– მადონა, გამარჯობა, ჩემო კარგო, ნიკა ვარ.

– რომელი ნიკა? – ხმა გაინაზა მადონამ.

– ნიკა მესხი, დეტექტივი, – ნიკას კინაღამ ხმამაღლა გაეცინა მადონას ხმის შეცვლაზე.

– უი, ნიკა, როგორ გამიხარდა შენი ხმის გაგონება! როგორ მოგვანატრე თავი, რამდენი ხანია, ჩვენთან აღარ გამოგივლია, რაშია საქმე, მთელი ქვეყანა გაპატიოსნდა და საქართველოში დანაშაულები აღარ ხდება? – მადონამ თავის ხუმრობაზე თვითონვე გადაიკისკისა, – გისმენ, ჩემო კარგო, რა გაგჭირვებია? შენ მე ისე, მოსაკითხავად არ დამირეკავდი. ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა, მადონა. რაც შეეხება დანაშაულებს, სამწუხაროდ, ისევ ხდება, არც მთელი საქართველო გაპატიოსნებულა, პირიქით, იმდენი საქმე დამიგროვდა, ახლა ვნანობ, ზოგიერთს საერთოდ რომ მოვკიდე ხელი და, მინდა, ცოტა გამოვხშირო.

– გამოვხშირო რას ნიშნავს?

– ზოგიერთზე უარი უნდა ვთქვა, – ნიკას გაუხარდა, რომ საუბარი  თავისთავად აეწყო მის სასარგებლოდ და დიდი მიდებ-მოდება აღარ დასჭირდებოდა.

– რომელზე აპირებ უარის თქმას, გაგიჟდი? თითოეულზე ამდენი გიწვალია და ახლა სხვას უნდა მიართვა მზამზარეულად?

– არა, უკვე დასრულებულ საქმეებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ერთი ისედაც დახურეს და რაღაზე მოვიკლა თავი? ისედაც ვნანობდი, რატომ ავიღე ეს საქმე-მეთქი და, ძალიანაც კარგი, ძიება რომ შეწყვიტეს. ამდენი წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი აწეწილ-დაწეწილი საქმე ჯერ არ შემხვედრია.

– რომელ საქმეზე მელაპარაკები?

– არ ვიცი, შეიძლება, არც კი გაგიგია. ნანა სირაძის საქმეა – ბანკი, სამშენებლო ფირმა, მკვლელობები... მოკლედ, მთელი აჯაფსანდალია. თან, პატარა ტრავმაც მივიღე და ფიზიკურადაც აღარ შემიძლია ამდენი სირბილი.

– რა ტრავმა, რამე სერიოზულია?

– არა, არაფერი ისეთი, მაგრამ... მოკლედ, დავიღალე და ცოტა შეღავათი უნდა მივცე საკუთარ თავს. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა კაცი ვარ და ამ სამსახურის გადამკიდე, პირადი ცხოვრება აღარ მაქვს.

– მართალი ხარ, თავს უნდა მიხედო.

– ოღონდ, მადონა, ერთ რამეს გთხოვ: კი ვიცი, რომ საიდუმლოს შენახვა შეგიძლია, მაგრამ, მაინც, მინდა, გაგაფრთხილო, ამ ჩვენი საუბრის, ანუ, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ნანა სირაძის საქმესთან დაკავშირებით, არავის არაფერი უთხრა, კარგი?

– არ გრცხვენია, ნიკა, მაგაზე გაფრთხილება მინდა? ხომ იცი, რომ სამარე ვარ.

– ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი და იმიტომაც გაგანდე. ჯერჯერობით, ერთი-ორი თვე, გარკვეული მიზეზების გამო, არ მინდა, რომ ვინმემ გაიგოს, მერე კი მე თვითონ ვიტყვი ხმამაღლა.

– დაწყნარდი, ჩემო სიცოცხლე, ეს საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდება. ახლა კი ის მითხარი, რატომ დამირეკე.

– მადონა, შენ ისეთი ქალი ხარ, ყველას იცნობ და ყველაფერი იცი. გამოცდილი ექიმი მინდა, რომელიც მოტეხილობებს მკურნალობს თაბაშირის გარეშე. ხომ იცი, ცხოვრებაში ექიმთან არ ვყოფილვარ და აზრზე არა ვარ, ვისთან მივიდე.

– შენთვის გინდა?

– ჰო, ტრავმა მივიღე-მეთქი, რომ გითხარი, მგონი, ნეკნი მაქვს გაბზარული და ცოტა მაწუხებს, – ნიკამ ამდენ ტყუილს ერთი სიმართლე მაინც გამოურია.

მადონამ ნახევარ წუთში მოძებნა საუკეთესო ექიმის ტელეფონის ნომერი, ნიკას ჩააწერინა და მკაცრად გააფრთხილა, – ხვალვე მიდი, თორემ, შეგამოწმებ, იცოდეო; მერე დაემშვიდობა და მშვიდი ღამე უსურვა.

ნიკამ ყურმილი გათიშა და გაეღიმა – ზუსტად იცოდა, რომ ნახევარ საათში თვით რუხაძესაც კი ეცოდინებოდა მისი გადაწყვეტილების შესახებ.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3