ენდეთ დიასახლისს
ინსპექტორი მილერი დედის დაბადების დღეზე მოგვიანებით მივიდა და ისეთ გუნებაზე იყო, ყველამ შეამჩნია მისი მოღუშული იერი. შირლიმ – მილერის ცოლმა რამდენჯერმე სცადა ენიშნებინა, რომ ოდნავ მაინც გამხიარულებულიყო. მაგრამ, ინსპექტორმა მხოლოდ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. ჩაი რომ შემოიტანეს, იუბილარი ადგა და შვილთან მივიდა.
– ტორტს იქამდე არ შემოვიტან, სანამ არ მომიყვები, რა ხდება.
– განსაკუთრებული არაფერი. ჩვეულებრივი ამბავია – მკვლელობა.
– მერე?
– მერე არაფერი, მკვლელი უკვე ვიცით, ვინც არის და ხვალ, ალბათ, დავაკავებთ. მაგრამ...
მის მილერმა გაიღიმა.
– აი, ხედავ? მე სწორედ მაგ „მაგრამის“ ამბავი მაინტერესებს. შენ ხომ იცი, დიასახლისის ალღოს ყოველთვის უნდა ენდო. მოყევი, რა გაწუხებს.
მილერმა ცოტა კიდევ იყოყმანა, მერე დაიწყო...
– მოკლედ, საქმე ასეა: ყოფილი პროფესორი პატჰემი უნივერსიტეტიდან ექვსი წლის წინ დაითხოვეს. ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია და დეკანი მორისონი მას განსაკუთრებით უფრთხილდებოდა, მაგრამ მოხდა უბედურება. პროფესორს ცოლი მოუკვდა. ოჯახური ტრაგედია მან მძიმედ გადაიტანა. ლექციებს მუდმივად აცდენდა. შენიშვნებზე უხეშად რეაგირებდა. სტუდენტებთან კონფლიქტი მოსდიოდა. დეკანმა ვეღარ მოუთმინა და უნივერსიტეტიდან დაითხოვა. პროფესორს ერთი ქალიშვილი ჰყავდა – ჯოანი. ქალიშვილი იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ, რადგან მამა უმუშევარი დარჩა, ჯოანმა მისი ზრუნვა და რჩენა საკუთარ თავზე აიღო. სწავლა მიატოვა. სტენოგრაფია ისწავლა და მდივან-რეფერენტად მოეწყო. საქმეს მალევე აუღო ალღო. მამა-შვილი მოკრძალებულად ცხოვრობდა, მაგრამ რაც საჭირო იყო ნორმალური არსებობისთვის, ყველაფერი ჰქონდათ. თუმცა, ორი წლის წინ ყოფილმა პროფესორმა სმა დაიწყო. ის კვირაში ორჯერ – ორშაბათობით და ოთხშაბათობით, საღამოს რვა საათიდან თორმეტის ნახევრამდე სახლიდან მიდიოდა, უახლოეს ბარში სვამდა და უკან ვისკის სუნით აქოთებული ბრუნდებოდა. ჯოანი ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამ ახალმა უბედურებამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აგრძნობინა მშობლის მიმართ. ის იძულებული გახდა, დაქორწინებაც გადაედო. სხვათა შორის, მისი რჩეული დეკანის ვაჟიშვილი მაიკლია. მათმა რომანმა პროფესორი პატჰემი ისე აღაშფოთა, რომ სასიძო სახლშიც არ შეუშვა. ჯოანს და მაიკლს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მათი ურთიერთობა პროფესორის ლოთობამ და წინააღმდეგობამ ჩიხში შეიყვანა. დეკანი მათ მხარეს იყო. ამან პროფესორი გააცოფა. ის დეკანს უნივერსიტეტში მიუვარდა და გალანძღა. მთელი ხმით უყვიროდა, თანაც, სახალხოდ: შენ გამაუბედურე. ჯერ ცოლი დამაკარგვინე, ახლა შენი შვილი ერთადერთ ნუგეშს და სიხარულს, ჩემს ჯოანს მართმევსო. საქმეში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც ჩაერია... გუშინ კი, ოთხშაბათს (სკანდალი უნივერსიტეტში დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა), დეკანის უსულო სხეული ვაშინგტონ-სკვერის განაპირას იპოვეს. სიკვდილი გამოიწვია თავში ვისკის ბოთლის ჩარტყმამ... მკვლელობის იარაღიც იქვე ეგდო. დეკანი თერთმეტ საათზე, სახლიდან გაზეთების საყიდლად გავიდა.
– მდააა, – ჩაილაპარაკა მის მილერმა, – და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ის პროფესორმა მოკლა.
– კი, დედა. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა: დრო... ადგილი... პროფესორს ჰქონდა მოტივიც. მას სძულდა დეკანი... მთვრალი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში, გაცეცხლდა, ვისკის ბოთლი თავში ჩაარტყა და მოკლა. მე უკვე დავკითხე ის, იმავე ღამეს. ოთხი საათის განმავლობაში დაკითხვაზე მყავდა.
– მერე, აღიარა დანაშაული?
– არა. საერთოდ არაფერი უთქვამს. არც ერთი სიტყვა. სახლში დავაბრუნეთ და მეთვალყურე მივუჩინეთ. კიდევ ერთი – არსებობს მოწმე. იქვე, უნივერსიტეტსა და დეკანის სახლთან ახლოს ბარია. ბარმენს და მის ცოლს პროფესორის ფოტო ვანახეთ და ავუხსენით, რაც მოხდა. მათ დაადასტურეს, რომ პროფესორი თავიანთ ბარში ხშირად უნახავთ. მანამდე ექვს ბარში მაინც ვიყავით, მაგრამ უშედეგოდ... ამ ბარში კი იცნეს. ბარმენის ცოლმა ისიც თქვა, ადრეც მოსულა აქ დასალევად, მაგრამ ახლა ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ვერ იდგა. არ გვინდოდა სასმლის მიცემა, მაგრამ სკანდალი მოაწყო და ერთი ბოთლი ვისკი მივყიდეთო.
– და შენთვის ეს საკმარისია, ადამიანი მკვლელად გამოაცხადო? – თავი გადააქნია მის მილერმა, – მე კი ჩემი ალღო მკარნახობს, რომ პროფესორი მკვლელი არ არის. სამ შეკითხვაზე მიპასუხე. შეიძლება, ეს შეკითხვები უადგილოდ და უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ახსნა-განმარტებებს ნუ მომთხოვ. პირველი: დეკანს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სასმელთან?
– საშინელი. სძულდა ლოთები და სიფხიზლის მომხრეთა ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა. თავის სტუდენტებს კატეგორიულად უკრძალავდა დალევას, – უპასუხა ინსპექტორმა ცოტაოდენი გაოცებით.
– მეორე შეკითხვა, – მის მილერი აშკარად კმაყოფილი დარჩა პასუხით, – პროფესორი როგორ მოიქცა, როცა დაკითხვის მერე სახლში მიიყვანეთ და მესამე – მის სახლთან ახლოს კინოთეატრი თუ არის?
ინსპექტორმა მხრები აიჩეჩა.
– პროფესორი სახლში რომ დაბრუნდა, საკმაოდ მშვიდი იყო. ჭამა ტოსტები, დალია ფორთოხლის წვენი და დივანზე წამოწვა. დიახ, მის სახლთან არის კინოთეატრი, სადაც სეანსები, ძირითადად ღამით გადის.
მის მილერს სახე გაუბრწყინდა და ხელი ხელს შემოჰკრა.
– შესანიშნავია! ასეც ვიცოდი. ახლა დარწმუნებით გეტყვი, რომ დეკანი პროფესორს არ მოუკლავს. მომისმინე, – დავიწყებ იმით, რომ პროფესორი სულაც არ არის ლოთი. რომელი ლოთი გინახავს, კარგად გამოთრობის შემდეგ „პახმელიაზე“ არ გამოდიოდეს, თუნდაც ერთი ყლუპი ვისკით. თან, პროფესორი დაკითხვაზეც გყავდა. ის კი როგორ მოიქცა. გემრიელად ჭამა, ფორთოხლის წვენი დალია და წამოწვა. პროფესორი ორშაბათობით და ოთხშაბათობით კინოში მიდიოდა, ღამის სეანსზე. მერე მაღაზიაში ვისკის ყიდულობდა, პირში გამოივლებდა, ტანსაცმელზე ცოტას მოასხამდა და შვილს თავს მთვრალად აჩვენებდა. ასე რატომ იქცეოდა? – იმიტომ, რომ ქალიშვილი კიდევ უფრო მიჯაჭვოდა მას. ეგოიზმია, მაგრამ ასეთი ადამიანები ცოტანი არ არიან. ბევრი მოურჩენელი ავადმყოფის როლს თამაშობს, რომ ოჯახის წევრებს თავი შეაცოდოს, მუდმივად მათი ყურადღების ცენტრში იყოს.
ახლა, რაც შეეხება დეკანის მკვლელობას. მკვლელი სწორედ ის ბარმენია, რომელსაც სასმლის მოძულე დეკანმა კლიენტები წაართვა. ბარი ხომ უნივერსიტეტთან არის? ჰოდა, პროფესორი თავის სტუდენტებს დალევას უკრძალავდა, ანუ ბარს აკოტრებდა. აქციებიც მოუწყო, ალბათ და გადარია. გაზეთების საყიდლად წასულ დეკანს ბარმენი შეხვდა და არა პროფესორი. ისინი შელაპარაკდნენ და ბარმენმა აფექტის დროს მას თავში ბოთლი ჩაარტყა. შეიძლება, ნასვამიც იყო. მეორე დღეს კი შენ მიადექი ბარში პროფესორის სურათით. ანუ, მიეცი საშუალება, თავისი დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინა. პირდაპირ უკარნახე, თავი როგორ დაეძვრინა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აღიარებს. ჯოანი კი გათხოვდება. ახლა კი ტორტსაც მივხედოთ... ჯერ სურვილიც არ ჩამიფიქრებია...