რა ინციდენტი მოხდა ქართველებსა და ტრაპიზონელებს შორის და რა გავლენა მოახდინა ამ უთანხმოებამ მათ კეთილმეზობლურ ურთიოერთობებზე
ზოგიერთი უცხოელი მკვლევარი უარყოფს ტრაპიზონის სამეფოს შექმნის კავშირს ქართველებთან და ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ დროისა და გარემოებების დამთხვევის შედეგად შეიქმნა, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით. ჯერ ერთი, ტრაპიზონის სამეფოში ქართული ეთნოსი შეადგენდა უმრავლესობას და, მეორეც – არა მარტო „ქართლის ცხოვრება”, არამედ ბიზანტიური და აღმოსავლური წყაროები და თვით ტრაპიზონის ისტორიის ერთადერთი ქრონისტი მიქაელ პანარეტოსი, პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ტრაპიზონის სამეფო დიდი ქართველი მეფის, თამარის უშუალო ჩარევით დაარსდა. ჩვენი რესპონდენტია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მირიან მახარაძე.
მირიან მახარაძე: 1204 წელს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით შექმნილმა ტრაპიზონის სამეფომ ორ-ნახევარი საუკუნე იარსება. ამ პერიოდის განმავლობაში ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული არა მხოლოდ ქართულ სამეფოსთან, არამედ, მის სათავადოებთანაც. ტრაპიზონის სამეფოში მუდამ ხდებოდა ორი პარტიის დაპირისპირება: პროქართულის და პრობიზანტიურის. იყო პერიოდები, როდესაც პრობიზანტიური პარტია, გარკვეული დროის მონაკვეთში, ხელისუფლების სათავეში მოდიოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავდა ტრაპიზონისა და ქართულ სამეფოებს შორის ურთიერთობის გაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამეფო მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში თვითონ განიცდიდა ილხანთა მხრიდან საფრთხეს, ის სხვადასხვა ფორმით მუდამ გვერდში ედგა და ეხმარებოდა ტრაპიზონის სამეფოს. ილხანთა უღლის გადაგდების შემდეგ ქართული სამეფო არა მარტო თავის, არამედ, ტრაპიზონისადმი მტრულად განწყობილ თურქმანთა შემოტევებსაც იგერიებდა.
– რა ხდება ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ოსმალთა გამოჩენის შემდეგ?
– 1402 წელს თემურ ლენგმა დაამარცხა ოსმალთა სულთანი ბაიაზეთი ანკარასთან ბრძოლაში, რამაც ერთგვარად გადასწია როგორც ოსმალთა მხრიდან ბიზანტიის, ასევე ტრაპიზონის დაპყრობის თარიღი. თუმცა, მეთხუთმეტე საუკუნის 20-იანი წლებიდან ოსმალები კვლავ იწყებენ დაპყრობით ომებს. ოსმალთა საფრთხე თვალნათლივ შეაფასეს ქართველებმაც და ტრაპიზონელებმაც. ამიტომ, 30-იანი წლების მიწურულს, მათ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, მონაწილება მიეღოთ რომის პაპის მიერ მოწოდებულ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაში, რომლის უმთავრესი მიზანი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა იყო. თუმცა, კრებამ აშკარად სხვა ხასიათი მიიღო და აღმოსავლეთ დელეგატთა შორისაც უთანხმოება ჩამოვარდა.
– რა უთანხმოებამ იჩინა თავი ფერერა ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ქართველებსა და ტრაპიზონელებს შორის?
– როგორც აღვნიშნეთ, ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა იყო, სადაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ჯარები ერთობლივი ძალებით წინ აღუდგებოდნენ ოსმალთა აგრესიას. თუმცა, მოხდა ისე, რომ რომის პაპმა წინა პლანზე წამოსწია აღმოსავლეთის ეკლესიის პეტრეს ტაძარზე დაქვემდებარების საკითხი. ქართულმა დელეგაციამ კათოლიციზმზე დამორჩილებისადმი აშკარა პროტესტი გამოხატა. საპირისპიროდ მოიქცა არა მარტო ტრაპიზონის, არამედ რუსეთის, სომხეთის, ბიზანტიის წარმომადგენლობები, რომლებმაც რომის პაპის შეთავაზებას (უნიას) ხელი მოაწერეს.
– რა მოხდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული დელეგატები კრებიდან შინ დაბრუნდნენ?
– ქართულ დელეგაციას მალვით მოუწია კრების დატოვება, ვინაიდან, უნიის მომხრეები მათ სასიკვდილოდ დაუპირისპირდნენ. უფულოდ დარჩენილები მათხოვრობით აგროვებდნენ დასაბრუნებელ ფულს და ტირნოვოს ეპისკოპოსის მეოხებით მოახერხეს სამშობლოში დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის არც ერთმა ქვეყანამ არ მიიღო თავიანთ წარმომადგენელთა ხელმოწერილი დოკუმენტი. ტრაპიზონელებმა და ბიზანტიელებმა კინაღამ ქვეყნიდან გააძევეს თავიანთი დელეგატები, სომხეთში ეჩმიაძინის ტაძარში შეიკრიბა 300-მდე საერო და სასულიერო პირი, სადაც სახალხოდ დაგმეს და უარყვეს თავიანთ წარმომადგენელთა ნამოქმედარი. უფრო გამწვავდა სიტუაცია რუსეთში. იქ არა მარტო დაგმეს, არამედ, გაპარსეს უნიაზე ხელის მომწერი მღვდელი ისიდორე და ქვეყნიდან გააძევეს. აღსანიშნავია, რომ, მეთხუთმეტე საუკუნის რუსული წყაროები ქება-დიდებას ასხამს ქართულ დელეგაციას და აღმოსავლეთის ეკლესიების დამცველად ივერიელებს, ანუ ქართველებს მოიხსენიებს.
– ამ ინციდენტის შემდეგ როგორ გრძელდება საქართველოსა და ტრაპიზონის ურთიერთობა?
– მიუხედავად ინციდენტისა, ტრაპიზონისა და ქართული სამეფოების ურთიერთობა მაინც მჭიდროდ ვითარდებოდა. არც ტრაპიზონელებმა და არც ქართველებმა არ მიიღეს მონაწილეობა 1444 წლის ვარნის ბრძოლაში, რომელიც რომის პაპის მიერ იყო მოწოდებული. უფრო მეტიც, ტრაპიზონელებმა გააფრთხილეს ქართველები, რომ ბურგუნდიელი ადმირალი, ჟოფრუა დე ტუაზი, ბათუმის სანაპიროს დალაშქვრას აპირებდა, რის შემდეგაც ქართველები ჩაუსაფრდნენ თავხედ ბურგუნდიელს და ტყვედ აიყვანეს. მხოლოდ ტრაპიზონელების თხოვნით მოხდა მისი გათავისუფლება. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სამეფოს მიერ ტრაპიზონის უფლისწულის – კალო (ლამაზი) იოანეს შეფარება. მომავალში მან იქორწინა ალექსანდრე პირველის ქალიშვილზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ სამეფოს გამოუჩნდა მომხრე ტრაპიზონში თავისი პოლიტიკის გატარებისა, ამიტომ ისინი დაეხმარნენ კალო იოანეს ქართული ჯარით, რომლითაც მან შეძლო, მამა ტახტიდან ჩამოეგდო და თავად გამეფებულიყო. აღსანიშნავია, რომ იოანესა და ქართველი დედოფლის ქორწინების შედეგად დაიბადა ულამაზესი თეოდორა, რომელიც ცოლად გაჰყვა თეთრბატკნიანთა მბრძანებელს – უზუნ ჰასანს. მათი ქორწინების ნაყოფი იყო მარტა (ქართულად – მართა), რომელიც მომავალში არდებილის მთავრის – ჰაიდარის მეუღლედ გვევლინება. სწორედ მათი შვილი, ისმაილი გახდა სეფიანთა ირანის დამაარსებელი. პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია, რომ სეფიანთა დინასტიაში ქართული სისხლი ერია, არადა, სწორედ ამ დინასტიის ამბიციებს შეეწირა ქართველთა, კონკრეტულად, აღმოსავლეთ საქართველოს უმრავლესობა.
– ბიზანტიის დაცემის შემდეგ რა ხდება ქართულ-ტრაპიზონულ ურთიერთობებში?
– 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემამ გარდაუვალი გახადა ტრაპიზონისა და საქართველოს ანექსიის საკითხიც. როგორც ქართველები, ასევე ტრაპიზონელები, ერთობლივად ჩაერთნენ რომის პაპის მიერ მოწოდებულ ანტიოსმალურ კოალიციაში. ამის გამო ტრაპიზონელები თეთრბატკნიანებსაც კი დაუმოყვრდნენ. მათ ერთობლივად გაგზავნეს ელჩები მანტუას საეკლესიო კრებაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კრება უშედეგოდ დასრულდა. ქართულ-ტრაპიზონულ დელეგაციას ძალისხმევა არ დაუკლია, რომ რამენაირად შეეჩერებინათ ოსმალთა აგრესია. ამიტომ, მათ მანტუიდან არა სამშობლოსკენ, არამედ ევროპისკენ აიღეს გეზი. მოიარეს საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ბურგუნდია, თუმცა, მათი ყოველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ელჩების ევროპაში ყოფნას დაემთხვა ოსმალეთის სულთნის – მეჰმედ მეორის შავი ზღვის აღმოსავლეთში ლაშქრობა. 1461 წელს ოსმალებმა ტრაპიზონი დაიკავეს.
– რა მოხდა შემდეგ?
– ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ქართველებს მონაწილება არ მიუღიათ ტრაპიზონის დაცვაში, რაც ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა. ჯერ კიდევ 1456 წელს, როდესაც არდებილის მთავარმა შეიხ ჯუნეიდმა ალყა შემოარტყა ტრაპიზონის სამეფოს, ქართველებმა მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიფარეს და დაიცვეს. მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეების უცხოენოვანი წყაროები ქართველების დახასიათების დროს მუდამ აღნიშნავენ, რომ ისინი ტრაპიზონის საზღვართან ცხოვრობენ და მუდამ ებრძვიან და ამარცხებენ სარკინოზებს. ასევე, ქართულმა სამეფომ შეიფარა ოსმალეთის ტყვეობიდან გამოქცეული ტრაპიზონის უფლისწული გიორგი, რომელიც შემდგომში ტრაპიზონის მეფედ მოიაზრებოდა. იგი საქართველოშივე დაქორწინდა. 1473 წელს თერჯანთან მომხდარ ბრძოლაში ოსმალებს დაუპირისპირდნენ საქართველოს მეფეები: კონსტანტინე მეორე და ალექსანდრე პირველი. აღსანიშნავია, რომ უფლისწული გიორგი ოსმალთა წინააღმდეგ თვითონ გამოდიოდა სხვა ქართული შენაერთების მეთაურად. ყოველივე აქედან ნათელი ხდება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ანტიოსმალური კოალიცია გამარჯვებას მოიპოვებდა, ქართველთა დახმარებით კვლავ შეიქმნებოდა ტრაპიზონის სამეფო, რომლის სათავეშიც კვლავინდებურად კომნენოსთა გვარი მოექცეოდა. თუმცა, ბედმა ასე არ ინება და ტრაპიზონი ოსმალთა სახელმწიფოში შთაინთქა.