კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ შექმნა გურიაში მილიციელ-ყაჩაღთა შეიარაღებული ბანდა

პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან შემთხვევითი მსგავსების გამო წინასწარ გიხდით ბოდიშს.

 

ორმაგი მკვლელობა

– ღმერთო, ეს რა საშინელებაა! დედა! მამა! მიშველეთ, მიშველეთ! – იკივლა ახალგაზრდა ქალმა და გულწასული დაეცა მიწაზე...

ქალის კივილზე ჯერ მეზობლები მოცვივდნენ, შემდეგ მილიციაც მოვიდა და მოკვლევა დაიწყეს. გულწასული ქალი მოასულიერეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.

– ღმერთო, ღმერთო, ეს რა დამართნიათ წილოსანებს!.. – იმეორებდნენ შეშფოთებული მეზობლები, რომლებიც მილიციამ ეზოს გარეთ გაიყვანა, რათა ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის.

1971 წლის 20 აპრილს, გურიის ერთ-ერთ სოფელში მშობლებთან ჩასულმა თინა წილოსანმა დედ-მამა დახოცილები იპოვა სახლში. მკვდარი იყო უზარმაზარი გერმანული ნაგაზი მურაც, რომლის შიშითაც წილოსანების ეზოსთან გავლასაც კი ერიდებოდნენ მეზობლები და მათ ეზოში შესვლას მხოლოდ მას მერე ბედავდნენ, როდესაც ოჯახის უფროსი, ნუგზარ წილოსანი ძაღლს ფოლადის ჯაჭვით დააბამდა და კარზე მომდგარ სტუმარს ეზოში შეიპატიჟებდა: „შემოი ახლა, ამ ცეპს სპილოც კი ვერ აწყვიტავს“.

56 წლის ნუგზარ წილოსანის მეუღლე, 53  წლის მარგალიტა წილოსანი, ცნობილი მეჩაიე და სოციალისტური გმირი იყო. კომუნისტების დროს ასეთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მქონე ადამიანები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ სახელმწიფოში. წილოსანები ძალიან პატიოსანი, გულისხმიერი ხალხი იყო. ისინი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ და თანასოფლელებს ხშირად უმართავდნენ ხოლმე ხელს. ისინი მთელ სოფელს უყვარდა, წესით, მტერი არ უნდა ჰყოლოდათ და, ამიტომ, ყველას უკვირდა, ვინ გაიმეტა ისინი სასიკვდილოდ.

სისხლის სამართლის საქმეს რაიონული პროკურატურა იძიებდა. ფეხზე იდგა გურიის მთელი მილიცია და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენს (ან ჩამდენებს), ინტენსიურად ეძებდა. 32 წლის თინა წილოსანს მისმა თანაკლასელმა, კაპიტანმა ანზორ ბუხაიძემ მიაკითხა, რომელიც სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო და უთხრა:

– მწუხარების მონაწილე ვარ. გეფიცები, თავს არ დავზოგავ და შენი დედ-მამის მკვლელებს დავიჭერ...

ძირითადი ვერსია

წილოსანების საქმით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იმჟამინდელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ  მოკლული იყო სოციალისტური შრომის გმირი, რაც სისტემის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლებოდა. თანაც, გურია შევარდნაძის მშობლიური კუთხე იყო და ამ საქმის გახსნა პირადი ღირსების საკითხად მიაჩნდა. ამიტომ, შევარდნაძის ძალისხმევით, გურიაში მიავლინეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რათა მათ კვალიფიციურად ემოქმედათ და ეს დანაშაული გაეხსნათ. ჯგუფს პოდპოლკოვნიკი ოთარ კიღურაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც გულდასმით გაეცნო პირველადი მოკვლევის მასალებს, ექსპერტიზის დასკვნებს, პირადად გაესაუბრა სოფლის მოსახლეობასა და რაიონული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და ამ დანაშაულის ძირითადი ვერსია შეიმუშავა. ოთარ კიღურაძე თბილისში დაბრუნდა, მინისტრს ეახლა და მოახსენა:

– ედუარდ ამბროსოვიჩ, აშკარაა, რომ ეს მკვლელობა ყაჩაღობის მიზნითაა ჩადენილი და მასში წილოსანების უახლოესი ადამიანია გარეული.

– ოთარ, დაჯექი და ყველაფერი მშვიდად და თანმიმდევრულად მომიყევი, – უთხრა პოდპოლკოვნიკს გენერალმა შევარდნაძემ და სკამზე მიუთითა.

კიღურაძე დაჯდა და დაიწყო:

– როგორც დახოცილი წილოსანების ერთადერთმა ქალიშვილმა, თინამ გვითხრა, სახლიდან წაღებულია 25 ათასი მანეთი, რომელიც მის მშობლებს ჩაის კრეფაში ჰქონდათ აღებული და წინა დღეს შემნახველი სალაროდან გამოიტანეს, რომ ქალიშვილის ოჯახისთვის ავტომობილი და იმპორტული ავეჯი შეეძინათ. გარდა ფულისა, გატაცებულია ძვირფასეულობა, მათ შორის – სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი და ლენინის ორდენი. რაც შეეხება ცოლ-ქმარ წილოსანებს, ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელებმა ისინი ჯერ თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გათიშეს, შემდეგ კი ორივე კაპრონის ძაფით გაგუდეს. და, ბოლოს, ყველაზე ხელჩასაჭიდი ფაქტი, რომ მკვლელი მძარცველები ოჯახის ახლობლები იყვნენ: შემთხვევის ადგილზე ჩატარებულმა მოკვლევამ დაადასტურა, რომ მარგალიტა წილოსანი სუფრას შლიდა სტუმრებისთვის და ის სამზარეულოშია მოკლული, ნუგზარ წილოსანი კი – მარანში, იმ დროს, როცა ის ჭურიდან ღვინოს იღებდა. გამოძიების ვარაუდით, წილოსანები 2-3 კაცმა დააყაჩაღა. ყველაზე მთავარი მომენტი კი  ისაა, რომ, უზარმაზარი გერმანული ნაგაზი ეზოში დაუბმელი იყო, როდესაც ის ყაჩაღები შევიდნენ. ძაღლი სწრაფმოქმედი შხამითაა მოწამლული, რომელიც მის ორგანიზმში ძეხვის მეშვეობით მოხვდა. სოფელში მურას „ბასკერვილების ძაღლს“ ეძახდნენ და მას თითქმის ვერავინ ეკარებოდა ნუგზარ წილოსანის გარდა. ერთ-ერთმა ყაჩაღმა კი იმდენი მოახერხა, რომ მას ძეხვი აჭამა და მოწამლა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძაღლი მას არ ერჩოდა. ამჟამად, ჩემი ბიჭები იმ ხალხის ვინაობის დადგენაზე მუშაობენ, ვისაც მურა არ ერჩოდა და, თუკი მათ დავადგენთ, მაშინ ბოროტმოქმედებზეც გავალთ.

– ძალიან კარგი. მიდი, იმოქმედე. თუ რამე დაგჭირდეს, პირდაპირ მე დამირეკე და ყველაფერს გაგიკეთებ, – უთხრა კიღურაძეს შევარდნაძემ და კაბინეტიდან გამოისტუმრა.

ოთარ კიღურაძე სამინისტროდან პირდაპირ გურიაში გაემგზავრა, რომ გამოძიება გაეგრძელებინა და რაც შეიძლება სწრაფად დაეჭირა ბოროტმოქმედები. ის დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეს სულ მალე გახსნიდა...

ლიკვიდაცია

გურიაში დაბრუნებულმა კიღურაძემ საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელზეც მას კაპიტანმა კოტე სალიამ უთხრა:

– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, დავადგინეთ, რომ მოწამლული მურა არ ერჩოდა ხუთ ადამიანს, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ მასთან მიახლოება და ძეხვის მიცემა. ესენი არიან: გარდაცვლილი ნუგზარ და მარგალიტა წილოსნები, მათი ქალიშვილი – თინა, თინას 6 წლის ვაჟი – ნუგზარიკო და, ბოლოს, დემურ პაიჭაძე. ის წილოსანების მეზობელი და მათი ოჯახის ახლობელია. მას ხშირად გამოჰყავდა მურა გარეთ, ასეირნებდა და ისე ჰყავდა გამოწვრთნილი, პატრონივით უჯერებდა.

– ესე იგი, – კიღურაძემ სიტყვა გააწყვეტინა სალიას, – ეგ დემურ პაიჭაძეა ამ საზარელი ყაჩაღობის ერთ-ერთი მონაწილე და, ალბათ, სწორედ მან მოწამლა ძაღლი, რადგან, მოკლული წილოსანები, მათი ქალიშვილი და შვილიშვილი გამორიცხულია. რა ქენით, დააკავეთ პაიჭაძე?

სალიამ ბოლომდე მოუსმინა კიღურაძეს და მიუგო:

– ჩვენც ზუსტად ასე ვიფიქრეთ, მაგრამ, 23 წლის დემურ პაიჭაძე ტყის განაპირას მკვდარი, უფრო სწორად, მოკლული აღმოვაჩინეთ. მას ორი ტყვია აქვს ნასროლი თავში, სავარაუდოდ „მაკაროვიდან“. ტყვია ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს. 

– თუ გაარკვიეთ, რა კაცი იყო მოკლული პაიჭაძე? – იკითხა კიღურაძემ.

– შეიძლება, გიპასუხოთ? – ჰკითხა პოდპოლკოვნიკს სამძებროს უფროსმა, კაპიტანმა ბუხაიძემ.

– ბრძანეთ.

– საცოდავი დემური უპატიოსნესი, მშრომელი ბიჭი იყო. კოლმეურნეობაში მძღოლად მუშაობდა. სასაზღვრო ჯარში იყო ნამსახურები და მურა იმიტომ ჰყავდა შეჩვეული. მილიციაში მუშაობა შევთავაზე და დღე-დღეზე პასუხი უნდა ეთქვა. თავს დავდებ, ის ამ საქმეში სუფთაა.

– მაშ, რატომ მოკლეს?

– ეგ ჯერ არ ვიცით, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, მაგრამ, დღე და ღამეს ვასწორებთ, რომ დავადგინოთ, – უთხრა კიღურაძეს ბუხაიძემ, რომელსაც ქვედა ყბა უცახცახებდა.

ექსპერტიზის პასუხი ორი დღის შემდეგ მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომლითაც დემურ პაიჭაძე იყო მოკლული, ცნობილ ადგილობრივ ყაჩაღს, მურად ველურიძეს ეკუთვნოდა. ველურიძემ ამ იარაღით სამი წლის წინ ყაჩაღობა ჩაიდინა მახარაძეში (დღევანდელი ოზურგეთი) და მოკლა ადგილობრივი ოქრომჭედელი ანზორ გალოგრე. მაშინ ველურიძე დააპატიმრეს, მაგრამ, იმავე ღამეს გაიქცა საკნიდან და გადაიხვეწა.

კიღურაძე ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო და მეტი ინფორმაციის მისაღებად კაპიტანი ბუხაიძე დაიბარა. სამძებროს უფროსი პოდპოლკოვნიკს ეახლა და მოახსენა:

– ველურიძე მილიციის ზემდეგად მუშაობდა  და ეს „მაკაროვი“ მისი ტაბელური იარაღი იყო. თუმცა, როცა ის აიყვანეს, იარაღი თან არ აღმოაჩნდა. ველურიძე იმავე ღამეს გაიქცა საკნიდან და, როგორც ჩანს, იარაღიც თან წაიღო. მაშინ მე რიგითი ოპერი ვიყავი და კარგად მახსოვს, რომ ამ ამბავის გამო მილიციის უფროსი, მოადგილე, სამძებროს უფროსი, მისი მოადგილე და კიდევ ოთხი ოფიცერი მოხსნეს თანამდებობიდან. ჩემი აზრით, ახლა ის რაიონში დაბრუნდა და, გამორიცხული არ არის, რომ წილოსანებთან მივიდა საყაჩაღოდ.

– თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, დემურ პაიჭაძეც უნდა იყოს ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა საქმე ჰქონდა მას ყაჩაღთან, თანაც, ტყის პირას, ღამით? როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, ველურიძემ თავიდან მოიშორა პაიჭაძე.

– როგორც ეტყობა, – დაუდასტურა კიღურაძეს ბუხაიძემ.

– თქვენ კი თავს დებდით პაიჭაძის უდანაშაულობაზე.

– უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, – თქვა ბუხაიძემ და დაამატა, – ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ჩემი ბიჭები ფხიზლად არიან და ყველაფერს აკეთებენ,  რომ დააკავონ, თუკი ველურიძე კვლავ ჩვენს რაიონშია. ნება მიბოძეთ, წავიდე!

– წადით, კაპიტანო და ეცადეთ, ცოცხლად შეიპყროთ – ის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ამ საქმეში, – უთხრა კიღურაძემ ბუხაიძეს და გაისტუმრა.

ორი დღის შემდეგ, 1971 წლის 23 მაისს, საღამოს 20 საათსა და 45 წუთზე, გურიის ერთ-ერთი რაიონის ტყიან ადგილას მილიციის ოპერატიულ ჯგუფსა და ძებნილ მურად ველურიძეს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა და ურთიერთსროლის დროს, მეტყევის ქოხში მოკლული იქნა 30 წლის ველურიძე, რომელსაც 9 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის ორი – თავში. დაიღუპა, ასევე, მილიციის ზემდეგი კოკაია, ხოლო უფროსი ლეიტენანტი პატარიძე. ფეხში მძიმედ დაიჭრა და მას მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ზემდეგის ჩვენება

ველურიძის ლიკვიდაციიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, როდესაც პოდპოლკოვნიკ კიღურაძეს მილიციის ზემდეგი, 21 წლის ვახტანგ ილურიძე ეახლა და სენსაციური განცხადება გააკეთა:

– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ყველაფერში კაპიტანი ანზორ ბუხაიძეა დამნაშავე. წილოსანების დაყაჩაღება მან მოაწყო, მანვე მოაკვლევინა ველურიძე. თუ არ მეშლება, ამ სამი წლის წინ, მან და ველურიძემ დააყაჩაღეს მახარაძელი ოქრომჭედელი გალოგრე და მანვე გააქცია საკნიდან ველურიძე. მურადი უკვე სამი თვეა, აქ არის და მას ბუხაიძე მალავდა თავის სახლში.

– შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? – ჰკითხა ზემდეგს კიღურაძემ, რომელმაც თავი ჩაღუნა და ამოილუღლუღა:

– მეც მისი ბანდის წევრი ვიყავი და წილოსანების დაყაჩაღებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ, მკვლელობა არ ჩამიდენია. ცოლ-ქმარი ველურიძემ და ბუხაიძემ გაგუდეს: მურადმა – ნუგზარი, ანზორმა კი – მარგალიტა. 

– ძაღლი ვინ მოკლა?

– ბუხაიძემ. ის მას დემურ პაიჭაძემ შეაჩვია, რომელიც მურას ტყეში ასეირნებდა ხოლმე და ანზორს კარგად იცნობდა. სწორედ ბუხაიძემ აჭამა ძაღლს წინასწარ მომზადებული მოწამლული ძეხვი, მოკლა და, როცა ცოლ-ქმარიც დახოცეს, ჩვენ ნაყაჩაღარი ქონება უპრობლემოდ წამოვიღეთ იქიდან. მან საცოდავი დემური ველურიძის იარაღით იმიტომ მოკლა, რომ თქვენთვის კვალი აერია, შემდეგ მურადიც მოაკვლევინა და, უნდოდა, მეც მოვეშორებინე თავიდან, რომ თვითონ სუფთად გამოსულიყო ამ საქმიდან. მურადის მოშორება მან ადვილად მოახერხა – ველურიძეს „სტრელკა“ დაუნიშნა მეტყევის ქოხში და იქ შეიარაღებული ბიჭები გაგზავნა. შეხვედრა მეც დამინიშნა, მაგრამ, მივხვდი, რასაც მიპირებდა, არ წავედი და თქვენთან მოვედი.

– სად და როდის უნდა შეხვედროდი იმ ნაძირალას?

– მახარაძისკენ მიმავალ ტრასაზე რომ მიტოვებული სამხერხაოა, იქ, დილის 8 საათზე.

კიღურაძემ საათს დახედა და თქვა:

– ცხრის თხუთმეტი წუთია. ის, ალბათ, უკვე მიხვდა ყველაფერს, მაგრამ, მაინც წავიდეთ.

მიტოვებულ სამხერხაოსთან მისულ მილიციის ოპერჯგუფს არავინ დახვდა და 32 წლის მილიციის კაპიტან ანზორ ბუხაიძეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მილიციის ზემდეგი ილურიძე კი დააპატიმრეს.

ძებნილი ბუხაიძე ერთი კვირის შემდეგ, 31 მაისს, თბილისში, ვაკის ერთ-ერთი სახლის ოთხოთახიან ბინაში უშიშროებამ დააპატიმრა. ის ისე აიყვანეს, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრო. ჩხრეკის დროს მას აღმოუჩინეს წილოსანების სახლიდან გატაცებული ფული და ძვირფასეულობა.

ბუხაიძე გაასამართლეს და დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, ილურიძეს კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზემდეგმა პატიმრობა სრულად მოიხადა, ბუხაიძე კი ორთაჭალის ციხეში დახვრიტეს.

скачать dle 11.3