როგორ გადაურჩა ფინეთი სტალინს
რუსეთისთვის ფინეთი ისეთივე სტრატეგიული ტერიტორია გახლდათ, როგორც ბალტიისპირეთი. ამიტომაც, ფინეთში გაბატონება, ყოველთვის იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.
რუსეთის მისწრაფებას ფინეთისკენ წინ ეღობებოდა შვედეთის ძლიერი სახელმწიფო, რომლის მეფეებიც ფინეთს, ასევე, სტრატეგიულ ტერიტორიად მიიჩნევდნენ. განსაკუთრებით უფრთხილდებოდა შვედეთი ფინეთს, ბალტიისპირეთში რუსეთის გაბატონების შემდეგ. საბოლოოდ, რუსეთმა მიზანს მაინც მიაღწია: 1808-1809 წლებში შვედეთი ომში დაამარცხა და ფინეთის ტერიტორია დაიკავა. ფინეთს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გარკვეული ავტონომია ჰქონდა. ფინეთი ითვლებოდა სამთავროდ, ხოლო ფინეთის დიდი მთავრის ტიტულს ატარებდა რუსეთის იმპერატორი. ალბათ, ავტონომიაც იყო იმის მიზეზი, რომ რუსეთმა ვერ მოახდინა ფინეთის დემოგრაფიული ექსპანსია. ფინელები არასდროს შერიგებიან რუსეთის ბატონობას და ბოლომდე დარჩნენ ევროპული ორიენტაციის ერად.
1917 წელს რევოლუციამ ბოლო მოუღო რომანოვების იმპერიას. ფინეთმაც არ დააყოვნა და დასავლეთევროპული ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი საბჭოთა რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა, ოფიციალურად ეცნო ფინეთის დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ ფინეთის დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია სწრაფი ტემპით წავიდა წინ.
მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში სტალინი ცდილობდა, ფინეთის ტერიტორიის მიტაცების ხარჯზე, საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ საზღვრების გამაგრებას. ცხადია, ამას იოსებ სტალინი ადოლფ ჰიტლერთან მოლაპარაკების გარეშე ვერ გააკეთებდა. გამორიცხული არ იყო, ფინეთს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ბედი გაეზიარებინა და საბჭოთა რესპუბლიკად გადაქცეულიყო. მიუხედავად ამისა, ფინელებმა შესძლეს დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
1935 წელს ფინეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ არც საბჭოთა კავშირს და არც ნაცისტურ გერმანიას არ მიემხრობოდა. თუმცა, ეს მიუმხრობლობა პირობითი იყო. სტალინმა კარგად უწყოდა, რომ ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ფინეთი დასავლური ორიენტაციის სახელმწიფოდ რჩებოდა. მით უმეტეს, რომ ფინეთის მთავრობა დროდადრო ანტისაბჭოთა განწყობილებას არ მალავდა. ფინეთის პრეზიდენტი – პერ ედვინ სვინჰუვუდი აცხადებდა: „რუსეთი ფინეთის ერთადერთი მუდმივი მტერია. რუსეთის ნებისმიერი მტერი ფინეთის მეგობარი უნდა იყოს”. გასაგებია რა განწყობაზეც დადგებოდა ამ განცხადების შემდეგ სტალინი. ფინეთის მთავრობა მარტო განცხადებებით არ შემოიფარგლა. საბჭოთა კავშირის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის მოგერიების მიზნით, ფინელებმა კარელიის ყელზე გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყეს. ამ ხაზის მშენებლობა გამოჩენილი ფინელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, კარლ ჰუსტავ მანერჰეიმის სახელს უკავშირდება და ისტორიაში მანერჰეიმის ხაზის სახელწოდებითაა შესული. ფინეთის მთავრობა დიდ ფულს ხარჯავდა არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებისა და გაზრდის მიზნით. გულხელდაკრეფილი არც იოსებ სტალინი იჯდა. საბჭოთა კავშირ-ფინეთის საზღვარი ქალაქ ლენინგრადიდან 32 კილომეტრის დაშორებით გადიოდა. სტალინმა სწორედ ამის გამოყენება სცადა თავის სასარგებლოდ. 1938 წლის ოქტომბრიდან 1939 წლის ოქტომბრამდე ფინეთი და საბჭოთა კავშირი განიხილავდნენ ლენინგრადის რაიონში სასაზღვრო ხაზის უსაფრთხოების დაცვის შესაძლო ღონისძიებებს. სტალინმა ფინეთის მთავრობას შესთავაზა 30 წლის ვადით საბჭოთა კავშირისთვის იჯარით გადაეცა ჰანკოს პორტი, სადაც საბჭოთა კავშირი სამხედრო-საზღვაო ბაზის განლაგებას აპირებდა. გარდა ამისა, ფინეთს საბჭოთა კავშირისათვის უნდა გადაეცა რამდენიმე კუნძული ფინეთის ყურეში – კარელიის ყელის ნაწილი და ნახევარკუნძულ რიბაჩის ნაწილი, სულ 2 700 კვადრატული კილომეტრი. სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირი ფინეთს უთმობდა 5 500 კვადრატულ კილომეტრს აღმოსავლეთ კარელიაში. ცხადია, ტერიტორიების გაცვლა საბჭოთა კავშირისათვის ხელსაყრელი გახლდათ, რადგან საბჭოთა კავშირი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას იღებდა, ხოლო ფინეთისათვის გადასაცემად გამიზნულ ტერიტორიას არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ ფინეთის დელეგაციამ საბჭოთა მხარის წინადადება არ მიიღო და მოლაპარაკება შეწყვიტა. სტალინი დარწმუნდა, რომ ფინეთი ომის გარეშე არაფერს დათმობდა. საჭირო ოყო ომისათვის შესაფერისი საბაბის მოძებნა. ეს საბაბიც ადვილად იპოვეს...
1939 წლის 26 ნოემბერს საბჭოთა კავშირ-ფინეთის საზღვარზე, სოფელ მაინილასთან მოხდა ინციდენტი. დღეს ზუსტად არ არის დადგენილი, ცეცხლი პირველად ფინელებმა გახსნეს თუ რუსებმა. მხარეები ერთმანეთს აბრალებდნენ ცეცხლის გახსნას. მაგრამ, ამას მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა. ინციდენტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა სტალინმა. სტალინმა ფინეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა: მოსკოვი მოითხოვდა,ზემოაღნიშნული მოლაპარაკების პროცესში, საბჭოთა მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნების მიღებას ფინეთის მხარისგან. ფინელები მიხვდნენ, რომ სტალინი ომზე წავიდოდა და ამიტომ, კომპრომისული წინადადება შესთავაზეს საბჭოთა მხარეს, – ფინეთი მზად იყო, ლენინგრადიდან ჩრდილო-დასავლეთით თავისი ჯარები იმდენად დაეხია ქვეყნის სიღრმისკენ, რომ ლენინგრადის უსაფრთხოება გარანტირებული ყოფილიყო. სტალინს ფინელების მიერ წამოყენებული წინადადება არც განუხილია. 1939 წლის 30 ნოემბერს დილის 8 საათზე საბჭოთა ჯარებმა კარელიის ყელი და კიდევ რამდენიმე ადგილას სახელმწიფო საზღვარი გადალახეს და ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ასე დაიწყო საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი.
ომის დაწყებამდე სტალინი გულდასმით ამზადებდა ფინეთში მეხუთე კოლონას – ფინელ კომუნისტებს. ომის დაწყების დღესვე მოსკოვმა გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ფინეთის ქალაქ ტერიოკში შეიქმნა ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის „სახალხო მთავრობა”, რომლის სათავეშიც იდგა კომუნისტი ოტო კუუსინენი. მოსკოვმა დაუყოვნებლივ ცნო, ეს არარსებული მთავრობა. საბოლოოდ, ფინეთის მეხუთე კოლონამ სტალინის მიერ დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა – ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს. ფინელები ზესახელმწიფოსთან სასტიკ ომში ჩაებნენ.
ომი ფინეთთან არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ფინელებმა დიდი თავგანწირვით იბრძოლეს. საბჭოთა ჯარებმა უდიდესი დანაკლისი ნახეს მანერჰეიმის გამაგრებული ხაზის გადალახვისთვის ბრძოლაში. საბოლოოდ, მანერჰეიმის ხაზი გადალახულ იქნა, მაგრამ ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდა მოსკოვს. საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი 105 დღე გრძელდებოდა. ომში ფინეთის წინააღმდეგ მოსკოვმა 760-ათასიანი არმია ჩააბა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, გამარჯვება არც ისე შთამბეჭდავი იყო, დანაკარგი კი – დიდი. საბჭოთა კავშირმა ომში მოკლულთა სახით დაკარგა 65 ათასი კაცი. უკვალოდ დაიკარგა, ან ფინელთა ტყვეობაში მოხვდა – 20 ათასი, დაიჭრა და მოიყინა – 200 ათასი, სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადდა 51 ათასი კაცი. დანაკარგი ასეთი დიდი არ იქნებოდა, რომ არა, საბჭოთა სარდლობის მოუმზადებლობა ომისთვის. ომმა გამოავლინა, რომ საბჭოთა გენერალიტეტი სავსებით უსუსური იყო თანამედროვე ომის წარმოებისთვის. საბჭოთა სარდლობამ ვერ გამოიყენა დიდი უპირატესობა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ. სტალინი ძალზე დააფიქრა ყოველივე ამან. 1940 წლის 12 მარტს, მოსკოვში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის დაიდო ზავი. დამარცხებული ფინეთი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. ფინეთმა კარელიის ყელზე, ლენინგრადის ჩრდილო-დასავლეთით, საზღვარი ქვეყნის სიღრმისკენ გადაწია და საბჭოთა კავშირს მნიშვნელოვანი ტერიტორია დაუთმო. საბჭოთა კავშირმა მიიღო რამდენიმე კუნძული ფინეთის ყურეში, ნახევარკუნძულების – რიბაჩისა და სრედნის ნაწილი და ნახევარკუნძული ჰანკო. აღსანიშნავია, რომ ფინეთმა ჰანკო საბჭოთა კავშირს გადასცა 30-წლიანი იჯარითა და სამხედრო საზღვაო ბაზის განლაგების უფლებით. მიუხედავად ასეთი არახელსაყრელი ზავისა, ფინეთმა შეძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ეს არ მომხდარა მხოლოდ დასავლური სამყაროს მხარდაჭერით, ეს იყო ფინელი ხალხის თავგანწირული ბრძოლის შედეგი.