ექიმის რჩევები
კითხვა: ხანგრძლივი სტრესის შემდეგ ჩამომიყალიბდა ნევროზი: გულისცემა სულ 80-90 მაქვს, მიკანკალებს ხელები, მაქვს უძილობა. როგორ ვუშველო თავს?
პასუხი: უპირველესად, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სიმპტომები გამოწვეულია სტრესით და არა რაიმე სხვა დაავადებით, რომელიც ფსიქიკური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდა. უნდა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია (ექოსკოპია და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანალიზი) და ასევე, გულსისხლძარღვთა სისტემის (ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია). გამოკვლევის პერიოდში მცენარეული დასამშვიდებელი პრეპარატების მიღება შეგიძლიათ. თუ ეს დაავადებები გამოკვლევების შედეგად გამოირიცხება, მიმართეთ ნევროპათოლოგს, რომელიც ადეკვატურ მკურნალობას დაგინიშნავთ.
კითხვა: რა დაავადების დროს ჩნდება ენაზე წითელი პიგმენტური ლაქა?
პასუხი: პირის ღრუს დაავადებების დროს (სტომატიტი) ან პროთეზის, ბჟენის, გვირგვინის მასალის ინდივიდუალური აუტანლობის დროს. რაც შეეხება ენის დაზიანებას სხვა დაავადებების დროს, ეს შესაძლოა, ავიტამინოზების, ანემიის (B12 – დეფიციტური, ეგრეთ წოდებული ჰანტერის გლოსიტი), სიფილისის დროს. დიაგნოზის დასაზუსტებლად გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგს და თერაპევტს.
კითხვა: ვარ 40 წლის მამაკაცი. მუცლის ღრუს ექოსკოპიის დროს ღვიძლში დიდი რაოდენობით კალცინატი აღმომაჩნდა. როგორ უნდა ვიმკურნალო?
პასუხი: ღვიძლის კალცინატები არ არის დაავადება (შეიძლება, გადატანილი ინფექციის შედეგი იყოს) და არ ითხოვს სპეციალურ მკურნალობას.
კითხვა: 2-3 თვეა, სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. ბოლო დროა, პირის ღრუში გამუდმებით სიმწარეს ვგრძნობ. რა უნდა იყოს მიზეზი?
პასუხი: პირის ღრუში სიმწარე ქრონიკული გასტრიტის, ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემის შედეგი შეიძლება იყოს. ამას სიგარეტის მოწევასთან კავშირში არ აქვს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ყოველდღე ცხელი შხაპის ან აბაზანის მიღება?
პასუხი: უკუჩვენებად შეიძლება შინაგან ორგანოთა სხვადასხვა დაავადება ჩაითვალოს: ფლებიტი (თრომბოფლებიტი), პანკრეატიტი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება.
კითხვა: დამისვეს დიაგნოზი: ცალმხრივი პიელოექტაზია. როგორ აისახება ეს ჩემს ჯანმრთელობაზე და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: პიელოექტაზია – თირკმლის ფიალების გაფართოება საშიშია ხშირი ანთებითი პროცესებით. საჭიროა პერიოდული პროფილაქტიკური მკურნალობა, რათა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა არ განვითარდეს.
კითხვა: ერთი თვის წინ წითურა გადავიტანე. მას შემდეგ ხშირად სახსრები მტეხს. გამიგია, რომ წითურამ სახსრებზე გართულება შეიძლება გამოიწვიოს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენ მართალი ბრძანდებით, შეიძლება გამოიწვიოს. უნდა გაიკეთოთ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ანალიზი C-რეაქტიულ ცილაზე, ჩაიტაროთ მკურნალობა.