მამათა შეგონებანი
გაბრიელ ეპისკოპოსი: სასურველი ღმრთისა სულიწმიდით სიხარულია. მართალია, კაცი თავისი უღირსებისა და ცოდვისთვის ყოველთვის უნდა სწუხდეს და ტიროდეს, მაგრამ სულიწმიდის მიერ სიხარული არათუ სულიერი მწუხარების, სინანულისა და შემუსვრილების წინააღმდეგი, არამედ უშუალოდ მათი ნაყოფია. სულიწმიდის მიერ სიხარული მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც თავისი სული ყოველ ბიწიერებისგან მწუხარებითა და ცრემლით განბანა და ამით იესო ქრისტეს სიმართლე, ანუ გამართლება მიიღო და ღმერთსა და თავის თავს შეურიგდა. ამასთან, ესეც უნდა დავამატოთ, რომ კაცის გულში ღმრთის სასუფეველს რაიმე უძრავი მდგომარეობა კი არ აქვს, არამედ იგი თითქმის ყოველ წამს ხან დიდდება და ხან მცირდება. თუ გსურთ, რომ თქვენს გულში სასუფეველი ღმრთისა ყოველთვის იზრდებოდეს, ეცადეთ, იგი ყოველდღე განაახლოთ და გააცოცხლოთ ისეთი სულიერი საზრდოს მიცემით, როგორიცაა ლოცვა, კეთილი გრძნობა, კეთილი საქმე, მარხვა, მოთმინება და სხვა.
იოსებ ისიხტასი: დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულის სიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც – ის განწმენდს და „უფროის თოვლისა“ განასპეტაკებს სულს. მხნედ ვიდგეთ, რამეთუ ჩუენი ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალთა წინააღმდეგ, რომლებიც არასდროს გადმოვლენ ჩვენს მხარეს და არც თავიანთ შემოტევებს შეასუსტებენ. ამიტომაც განვეწყოთ ბრძოლისთვის და ნუ მივეცემით თვლემას, რამეთუ ჩვენს წინაშეა საფრთხე, რომელიც მარადიული ცხოვრების ფასად დაგვიჯდება. თუ დავიძლევით, დავკარგავთ სულს, მოვაკლდებით ღმერთთან მარადიულ ნეტარებასა და სიხარულს და სასჯელად მეორე სიკვდილი – ღვთისგან მარადიული განშორება მოგვეგება. ნუ იყოფიან!
ნიკომოს ათონელი: აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: „მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა“. ეშმაკმა, თითქოსდა, თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისთვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. „ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არ სურთ შრომა!“ ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმინდურობაში.