კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მდებარეობდა მუხრანბატონის სასახლე და რით იყო განთქმული რიყის უბანი

თანამედროვე ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ხიდითურთ, მუხრანბატონის უბანი ეწოდებოდა. იქვე მდებარეობდა მუხრანბატონთა სასახლე. ამით აიხსნება რამდენიმე ძველთბილისური დასახელებაც: „მუხრანის ხიდის ბორანი”, „მუხრანის ხიდი”. მუხრანბატონის სასახლემ გადაკეთებული სახით მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე მოაღწია, დღეს კი ამ ადგილზე სულ სხვა დასახელების ქუჩები და ხიდია. აქვე საინტერესო იქნება, გავეცნოთ რიყის უბნის შექმნის ისტორიას. 

 

მუხრანის კარი

ფეოდალური ხანის თბილისის გალავნის ჩრდილოეთ კედელში მოქცეულ კარიბჭეს ვახუშტი ბაგრატიონი „მეიდნის კარის” სახელწოდებით მოიხსენიებდა. აქედან ხიდზე გავლით, გზა მიდიოდა მოედნისკენ, სადაც ასპარეზი მდებარეობდა (დღევანდელი გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღის ტერიტორია). კარიბჭე დღვანდელი ჩახრუხაძის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა. შემდგომში, როდესაც კარიბჭის სიახლოვეს მუხრანბატონის სასახლე აშენდა, ქალაქის კარს მუხრანის სახელი შეარქვეს. აქედან დაწყებული გზა გადიოდა ვანქის უბანში არსებულ სომეხთა სასაფლაოზე (იმ ადგილას, სადაც დღეს ყოფილი კოლმეურნეობის მოედანია) და „მეიდანზე”, სადაც ყაბახი იყო და უერთდებოდა დიღმის კართან დაწყებულ გზას. ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ ერწყმოდა ჩრდილოეთისკენ (დიღმისა და მცხეთისკენ) მიმავალ გზას. 

მუხრანის ხიდის ბორანი

იქ, სადაც დღეს ბარათაშვილის ხიდია, მეცხრამეტე საუკუნეში ბორანი დადიოდა, რომელსაც „მუხრანის ხიდის ბორანი” ერქვა. ბორანის უცნაური სახელი იმით აიხსნება, რომ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიდამოებში, მუხრანბატონის სახლი იდგა. მის შორიახლოს, ავანაანთ ხევზე, ქალაქის გალავნის მუხრანის კარიბჭის ღერძზე, გადებული იყო მცირე ხიდი, რომელსაც „მუხრანისას” უწოდებდნენ. აქედან მოდის ბორანის დასახელებაც. მარცხენა ნაპირზე, ბორანის გაჩერებასთან, რიყის ქუჩა და ციციანოვის (ამჟამინდელი ბარათაშვილის) აღმართი იწყებოდა, მარჯვენა ნაპირზე კი – მუხრანის ქუჩა, რომლის მეშვეობითაც გადიოდნენ ეგრეთ წოდებულ „სალდათის ბაზარზე” (დღევანდელი ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის მიდამოებში). იმდროინდელი ცნობებით, მუხრანის ხიდის ბორანს ერთ საათში უფრო მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ვიდრე დღე-ღამის განმავლობაში გადადიოდა ვერის ხიდზე. (სხვადასხვა ცნობით, დღის განმავლობაში ბორნის მომსახურებით 2 ათასამდე ადამიანი სარგებლობდა). ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებდა ამ ადგილას ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე, რაც საკმაოდ გვიან (1911 წელს), განხორციელდა კიდეც. ბორანს ხშირად მტკვრის წყალი იტაცებდა, რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც მოჰყვებოდა ხოლმე. 1902 წლის 18 მაისს წყალმა 13 კაცი მოიტაცა. შემთხვევითი როდია, რომ მუხრანის ხიდის ბორანთან მაშველი პუნქტიც კი არსებობდა. 

მუხრანის ხიდი

ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდის ხაზზე ადრე სხვა ხიდი არსებობდა, რომლის პროექტი ჯერ კიდევ 1882 წელს დაამუშავა ინჟინერმა უმანსკიმ (ვერის ხიდის ავტორმა). ამის შემდეგ რამდენიმე საპროექტო წინადადება იქნა წამოყენებული, მაგრამ, ხან თანხები არ იყო გამოყოფილი, ხან პროექტი არ მოსწონდათ ქალაქის მესვეურთ და, საბოლოოდ, ხიდი პირველი პროექტის წარდგენიდან 30 წლის დაგვიანებით, უკრაინელი არქიტექტორის – ევგენი პატონის პროექტით აშენდა. ერთმალიანი ლითონის ხიდი 1911 წელს ხუთ თვეში ააგეს. მისი მშენებლობისას ააფეთქეს მეჩვიდმეტე საუკუნის არაგვის ხიდის ჯერ კიდევ შემორჩენილი ბურჯები. ახალი ხიდის მალა შეკიდული იყო ურთიერთდაკავშირებულ ლითონის ფორმებზე. ეს იყო შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი ამიერკავკასიასა და მთელ რუსეთის იმპერიაში. სავალი ნაწილის მოსაფენად ავსტრალიიდან სპეციალურად ჩამოიტანეს ევკალიპტის ძელები. ხიდს გადმოჰყვა სახელწოდება „მუხრანი.”  ხიდის აგების ხარჯები მთლიანად ქალაქის მთავრობის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. მუხრანის ხიდი ოფიციალურად 1911 წლის 24 აპრილს გაიხსნა და მის გახსნას ესწრებოდნენ მაშინდელი ქალაქისთავი ალექსანდრე ხატისოვი და მეფისნაცვალი, გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი. ხიდი დიდი პომპეზურობით გაიხსნა, გაიშალა სუფრა, გირლიანდებით იყო მორთული თავად ხიდი. „მუხრანის ხიდი” მოშალეს 1965 წელს, ახალი ხიდის აშენების შემდეგ, რომელსაც ბარათაშვილის სახელი ეწოდა. ქართულმა კინომ შემოინახა მუხრანის ხიდი,  რომელიც ძალიან კარგად ჩანს ცნობილ ქართულ ფილმებში „ჩვენი ეზო” და „სხვისი შვილები.” მუხრანის ხიდი მნიშვნელოვან სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებდა. ხიდზე მოძრაობდა ტრამვაი, რომლის სამარშრუტო ხაზი ხიდის აღებასთან ერთად გაუქმდა. 

რიყე

ტერიტორია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი ბარათაშვილისა და მეტეხის ხიდებს შორის, არ იყო განაშენიანებული მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებამდე, რასაც თბილისის 1735, 1800 და 1828 წლების გეგმები ადასტურებს. ამ ადგილზე გადიოდა ავლაბრის კარიდან ავჭალისკენ მიმავალი გზა. შემდგომში აქ მტკვრის მარცხენა ტოტი გამეჩხერდა, დაშრა და სახელდახელოდ გამაგრებული სანაპირო საცხოვრებელი სახლებით განაშენიანდა. მეცხრამეტე საუკუნეში რიყეზე ფუნქციონირებდა ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები (მკალავები, ხარაზები, მჭედლები, ჭონები), მრავლად იყო დუქნები. თბილისის მცხოვრებლები რიყის უბანს „პესკებს” უწოდებდნენ და ეს სახელი ამ ადგილს დღემდე შემორჩა. რიყეზე ფუნქციონირებდა, ასევე, თეატრი „ფანტაზია”; იქვე იყო პირველი მისიონერული ეკლესიაც. მტკვრის ადიდების გამო, რიყის უბანი ხშირად იტბორებოდა. მაგალითად, 1893 წლის 13 მაისს მომხდარ წყალდიდობას რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით, რიყის უბანი 1973 წელს დაანგრიეს და მის ადგილზე ამჟამად რიყის პარკია გახსნილი. 

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

скачать dle 11.3