რა სენსაციური და სკანდალური გადაცემა იგეგმება „ჯიდიესზე“ და როგორ დააფინანსა ბერამ თემო მჟავიასა და დათო გოგიშვილის ოპერაციები
თემო მჟავია ავარიის შემდეგ ნელ-ნელა დაუბრუნდა ნორმალური ცხოვრების რიტმს, თუმცა მას ჯერ კიდევ ლითონები აქვს სხეულში და რეაბილიტაციის პროცესს გადის. „ჯიდიესზე“ სრულიად ინოვაციურ და სკანდალურ გადაცემას გეგმავს, რომელიც მთელ ქვეყანას აალაპარაკებს.
– თემო, „ჯიდიესზე“ სიახლეებია. როგორც ვიცი, კეთდება ახალი იუმორისტული შოუები და გადაცემები, „ნოკაუტში“ შენ ჟიურიში ზიხარ. მოდი, ამ სიახლეების შესახებ გვიამბე.
– დიახ, ჟიურიში ვზივარ და ვარ უცვლელი წევრი, მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მაინცდამაინც არ არის ჩემი საქმე. ჟიურიში რომ იყო და ვინმე აკრიტიკო, ამის უფლება და დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს, მაგრამ, ასე გამოვიდა და ვარ წევრი. ასეთი სახის გადაცემა რომ არსებობს, ძალიან კარგია ახალი თაობის იუმორისტებისთვის. ამას წინათ მე, ფაქო და ამიკო ვიხსენებდით, რა დროში მოგვიწია ჩვენ ამის დაწყება. დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყეთ ყველაფერი – ბიძიებს, ბიცოლებს, მამიდებს ფულს ვართმევდით, „ბანკაში” კარტოფილებს ვყრიდით და ისე მივდიოდით ხოლმე ბათუმში „მანსანკანის“ ჩემპიონატზე, ან თბილისში ვთამაშობდით. დამწყები იუმორისტებისთვის ეს გადაცემა დიდი შანსია: ჯერ ერთი, ფულადი საპრიზო ფონდია; თანაც, ვითარდებიან, კამერასთან მუშაობას ეჩვევიან, ცნობილები ხდებიან. მე არც მკაცრი ვარ, არც რბილი – ვამბობ, რაც მომეწონა, რაც არ მომეწონა და რაზეც არ მეცინება.
– აუჰ, ისე, ორი გურული სხედხართ ჟიურიში მუდმივ წევრებად – შენ და შალვა რამიშვილი.
– ჰო, აი, შალვა უფრო მკაცრია, ვიდრე მე. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ჩათვალა, რომ კომპეტენტური და მიუკერძოებელი ვიქნებოდი – იციან, ალბათ, ჩემი ხასიათი და იმიტომ. შალვას რაც შეეხება, მას მთელი საქართველო იცნობს ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან. უნდა ვაღიარო, რომ ზედმეტად ნიჭიერი ადამიანია. მაგათ იუმორზე ვართ გაზრდილები – სხვა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში და... მე და შალვას სულ გვაქვს კონტაქტი – განვიხილავთ, თუ სხვა აზრი მაქვს, შემიძლია, ყოველთვის შევეწინააღმდეგო. შალვას გურული ხასიათი იგრძნობა და თვალშისაცემია – ავლენს ხოლმე; მე კი ჩუმი, აგენტი გურული ვარ. ისე, არც გურული ვარ, არც მეგრელი, არც რაჭველი... გაუგებარი არსება ვარ რაღაც, სხვა პლანეტიდან.
– მოდი, დავანებოთ ახლა თავი „ნოკაუტს” და მეორე გადაცემაზეც მომახსენე სკანდალური და სენსაციური რომ იქნება.
– ეს გადაცემა იქნება ყველაზე სენსაციური, აქამდე მსგავსი რამ ქართულ ტელესივრცეში არ გაკეთებულა. გადაცემას ერქმევა „მზეები”. ვისაც როგორ უნდა, ისე პროვოკაციულად გაიგოს ეს სახელი, ჩვენთვის კი მისაღებია. გადაცემის ჟანრი იქნება რეალითი, ოღონდ, ეს არ ნიშნავს მარტო იმას, რომ ადამიანები ერთ სახლში იცხოვრებენ და ინტრიგებს ჩახლართავენ; არაფერი არ იქნება დადგმული, ყველაფერი იქნება ნამდვილი, სცენარების გარეშე. საერთოდ, საქართველოში მარტო ერთი კონკრეტული მიმართულების იუმორია, არადა, არსებობს სხვა მიმართულებებიც, რომლებზეც სხვა ადამიანებს ეცინებათ.
– ჩვენი საზოგადოება კონსერვატიულია და, ამბები რომ ატყდეს?
– ატყდეს, ჩვენ არაფრის გვეშინია. რა მოხდა მერე, თუნდაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მოვიდეს აქ. ჩვენ ძალიან მეგობრული ადამიანები ვართ და ყველას დაველაპარაკებით. ეს გადაცემა იქნება ნიშნით – 18+, გავა ღამის ეთერში და მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა არ უყურონ. ინტერნეტშიც რომ განვათავსებთ, იქაც იქნება სპეციალური შესავსები ფორმა, ანუ, მაქსიმალურად დაიბლოკება არასრულწლოვანებისთვის. მაყურებლებს ვაფრთხილებთ: რასაც ნახავენ, ნუ შეეცდებიან იმის გამეორებას! ვისაც არ მოსწონს, შეუძლია, გადართოს და არ უყუროს. ეს არანაირად არ იმოქმედებს ერის მორალურ ღირებულებებზე. სავარაუდოდ, გოგოებიც უყურებენ ამ გადაცემას – ერთ-ერთი გმირი გოგოა და, ალბათ, ქალბატონებსაც დააინტერესებთ და, არა მარტო მათ. ისე საქართველოში იუმორისტულ სივრცეში ბიჭების აქტიურობა უფრო შეინიშნება, ვიდრე გოგონების. ალბათ, იმიტომ მიწევდა ქალების როლების შესრულება.
უბრალოდ რასაც მაშინ ვაკეთებდი, საინტერესო და სასაცილო იყო. ჩემი ვიზუალი და, მით უმეტეს, ჩემი ვიზუალის „გოგონა” (თუ გოგონა ჰქვია ამას) – ჩემი ბრენდი იყო. ბოლოს უკვე ძალიან ამომივიდა ყელში ქალის კაბის ჩაცმა; თან, გოგოსთან რომ ასოცირდები, ყველაფერი რომ ირევა და უკვე პირადში იჭრება, ძალიან მოსაბეზრებელია, თორემ, როგორ არ მიყვარს, ჩემი გმირია. უბრალოდ, ქართველებს სჭირთ ასე – როლსა და რეალობას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. ჩემს პირადულში რომ შემოიჭრა „უშნო ეკა“, ძალიან შევწუხდი. მერე უკვე თანამედროვე ვერსიაც მოვუგონე მაგას – „ნაგლი ეკა,“ უცხოელებისთვის რომ გასაგები და ადვილად ასახსნელი ყოფილიყო.
– მინდა გკითხო ძველ თანამშრომლებზე: ნაწილი წამოხვედით „რუსთავი 2-დან“. როგორი ურთიერთბა გაქვს ამჟამად „კომედი შოუს“ მსახიობებთან, მათზე ნაწყენი ხარ?
– ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ შურს, ბოღმას, წყენას გულში არასდროს ვინახავ. მე თვითონ მაწუხებს მერე ეს ყველაფერი და ცხოვრებას მირთულებს, როცა, შემიძლია, ერთ წამში დავივიწყო ყველაფერი და პოზიტიურ რაღაცეებზე ვიფიქრო. ისედაც არ ვცოცხლობთ დიდხანს – არ ვიცი, ზეგ მოვკვდები თუ 50 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველასთან ერთნაირად ახლოს არ ვიყავი. ნიკასთან, ვახოსთან და რამდენიმესთან დღემდე ვმეგობრობ, თუმცა, არსებობენ ადამიანები ძველი სამსახურიდან, ვისთანაც საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. იცი, ალბათ, ავარიაში მოვყევი და თითქმის ექვსი თვე ძალიან მძიმედ ვიყავი – გაუნძრევლად ვიწექი და არ მქონდა იმის თავი, ტელეფონი ამეღო და ვიღაცისთვის მერეკა. ვინც მოდიოდა, მნახულობდა, მგულშემატკივრობდაზუსტად ისინი არიან ჩემი მეგობრები. მე „რუსთავი 2-დან“ იმიტომ წამოვედი, რომ იქაური პირობები აღარ მაკმაყოფილებდა. ჩემი შექმნილი არაა ის სამსახური, მათია და, როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან, მაგრამ, ტრეფიკინგი ძალიან მომბეზრდა. „რუსთავი 2-დან“ ჩემი წამოსვლა პოლიტიკურ შეხედულებებთან არ იყო კავშირში – აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არც ერთ აქციაზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი, ციხის ამბებთან დაკავშირებით წავედი, იმიტომ, რომ ძალიან შევწუხდი და მეტკინა. პოლიტიკაში რომ ჩავერთო, შეიძლება, რაღაცეები გავაფუჭო და არ არის საჭირო.
– ბერაზე გკითხავ: როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
– ძალიან ბევრი და დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო ამ ადამიანზე. „რუსთავი 2-დან“ წასვლას ნამდვილად არ ვიფიქრებდი, უფრო უცხოეთში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი – ბავშვობიდან ვფიქრობდი უცხოეთში წასვლასა და სადმე სერიოზულ უნივერსიტეტში სწავლაზე. ჩემი იქიდან წამოსვლა ისეთ დროს მოხდა, რომ ყველა პოლიტიკასთან დააკავშირებდა მაგ ამბავს. ისედაც გათავისებული ჰქონდა ეგ ყველას, მაგრამ, წინსვლისთვის გადავდგი ეგ ნაბიჯი. ბერასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, იმდენად უშუალო და უბრალო ადამიანია. არადა, ბევრად უფრო სხვანაირი წარმომედგინა, უფრო დისტანციური მეგონა. გამაოცა იმან, რომ ასეთი უშუალოა, არანაირად არ დავძაბულვარ. შეხვედრამდე უფრო დაძაბული ვიყავი, მაგრამ, რომ ვნახე, ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა, იმდენად კონტაქტური და უბრალოა. ბერა აქტიურად არის ჩართული ტელევიზიის მუშაობაში: ამოწმებს რეიტინგებს, არ ტოვებს გადაცემის არც ერთ ჩაწერას, სულ ესწრება ხოლმე. ჩვენ ტელევიზიის გარეთაც ვმეგობრობთ. არსებითად, ბერასთან შეხვედრის მერე გადავდგი ეს ნაბიჯი. ცოტათი მეშინოდა და ცოტათი ვნერვიულობდი, სანამ ვნახავდი. ახლა ძალიან აქტიურად ვმეგობრობთ. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, მე და დათო გოგიშვილი ძალიან მძიმედ დავშავდით ავარიაში, ძლივს გადავრჩით, მაგრამ, სასწრაფო ოპერაცია გვჭირდებოდა, ძვირად ღირებული ოპერაცია, იმდენად ძვირად ღირებული, რომ ჩვენ სახლები უნდა გაგვეყიდა, რომ გაგვეკეთებინა, სხვა გზა არ იყო. როგორც კი გაიგო ბერამ ეს ამბავი, მაშინვე მოვიდა სანახავად, მოგვიკითხა. ოპერაციის ფული მთლიანად ბერამ გაიღო და დაგვაფინანსა. როცა მასთან ერთად დავდივარ, საერთოდ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ პრემიერ-მინისტრის შვილია, ისეთი სხვანაირი ადამიანია. სხვათა შორის, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, კარგად აღიქვამს და აფასებს როგორც იუმორს, ასევე, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. არავის ზედმეტად არ აგრძნობინებს, რომ პრემიერ-მინისტრის შვილია.
– „ბაიკზე“ ჯდომას მაინც არ ეშვები, არა?
– კარგია, ეგ რომ მკითხე. ეს ასეთი ადვილი თემა არ არის. მოტოზე რომ ჯდები, უკვე მოწამლული ხარ – ეს რაღაც სახის ნარკოტიკია. ხალხი კლინიკებში წვება, ექიმბაშებთან დადის, რომ გათავისუფლეს თუნდაც სიგარეტზე დამოკიდებულებისგან. ჯერჯერობით ისეთი კლინიკა არ გაუხსნიათ, რომ მოტოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდე. ძალიან ცუდად ვიყავი მორალურად, საშინელი აზრები მომდიოდა, ნევროზი დამემართა. ოპერაციის მერე შვიდი საათი ვიყავი ნარკოზში, ძლივს დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას. რამდენჯერ მიფიქრია: კარგი ამინდია, აფსუს, რომ ვაფუჭებ, ერთ-ორ წრეს დავარტყამდი მოტოთი-მეთქი. პირველად ამ ავარიის მერე შრი-ლანკაზე დავჯექი მოტოზე ცოტა ხნით. ძალიან მიხარია, რომ გადავრჩი, არადა, 90 პროცენტი იყო შანსი, რომ დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ახლა უფრო ავტომობილით მიწევს სიარული. ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პერიოდში ვარ, რკინების ამოღებაა საჭირო, რაც დიდხანს გასტანს.
– პირადში რა ხდება?
– ჯერ ისეთის არაფრის გამხელა არ მინდა, ცალკე ვილაპარაკოთ ამაზე ბევრი. მარტო არ ვცხოვრობ – ესეც შენ, ქიშმიში!