რა გარისკა ირინა ონაშვილმა და რისი სასტიკი წინააღმდეგი იყო ლადო ვარძელაშვილი
ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ოჯახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ მათ ერთად ბევრი რამის გადატანა მოუწიათ. ერთადერთი‚ ვინც ირინას დღემდე აძლევს ყველაზე დიდ სიმშვიდეს, სიძლიერესა და სიამაყეს, უსაყვარლესი და ულამაზესი ბიჭი – საბაა, რომელიც ძალიან ჰგავს მშვენიერ დედიკოს.
– ირინა, საბას გაზრდის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?
– ჩემი პატარა კუთხე მაქვს – სილამაზის სალონი „ლებლანი“, სადაც თავსაც ვილამაზებ, ვუვლი და თან ვამუშავებ. ეს ჩემს ტიპაჟთან უფრო ახლოს იყო, თანაც, მსიამოვნებს ამის კეთება. ძალიან კარგი კოლექტივია, კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. ნებისმიერ საქმეში ასეა – უნდა გიყვარდეს ის‚ რასაც აკეთებ. გახსენი, მიაგდე, ვიღაცას ჩააბარე – არ გამოვა ასე. მომწონს აქ, თან‚ თავს ვუვლი, ვივარცხნი. ჩემი მეგობრებიც ხშირად მოდიან, ჩვენი პატარა ბუდე გვაქვს.
– როდის გადაწყვიტე სილამაზის სალონის გახსნა?
– მინდოდა‚ რაღაც გამეკეთებინა, ოღონდ რა – თავიდან არ ვიცოდი, მერე წვალებით, კრედიტის აღებით გავხსენი და ახლა კმაყოფილი ვარ. ზოგადად‚ როცა ბევრს შრომობ, მერე შედეგი კარგია ხოლმე. ორსული ვაკეთებდი რემონტს, ვიწვალე: დავდიოდი ქავთარაძეზე, ელიავაზე და ახლა ეს ყველაფერი დამიფასდა. არ ვნანობ, რომ ეს ცხრა თვე წოლასა და გორაობაში კი არ გავატარე, დავდიოდი და საქმეს ვაკეთებდი.
– ამ საქმის წამოწყება‚ ალბათ‚ ერთგვარი რისკიც იყო.
– დიახ, როცა ვალთან, ბანკთან გაქვს საქმე უფრო მეტი რისკია. მაგრამ, თუ არ გარისკავ‚ ცხოვრებაში არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელ პერსონალს, სტილისტებს ისეთ გარემოს შევუქმნიდი, ჩემთან კომფორტულად იქნებოდნენ. შესაბამისად‚ მათი მოძიებაც არ გამიჭირდებოდა. მართლაც ასე მოხდა და, ვფიქრობ‚ ყველას მოსწონს. ცოტა ცუდი სფერო იმ მხრივ არის, რომ პროფესიონალი კადრების გადასაბირებლად, ბევრი სხვადასხვა სალონი ცუდ ხერხს მიმართავს. ჩემი თანამშრომლები კმაყოფილები არიან, ვიცი‚ რომ მოსწონთ აქ ყოფნა. მაგრამ, ერთი რამეც ვიცი: თუ ვინმეს ჩემთან არ მოსწონს, შეუძლია‚ წავიდეს.
– როგორ შეხვდა ლადო შენს წამოწყებას?
– ლადო სასტიკი წინააღმდეგი იყო, უარყოფითად იყო განწყობილი: კიდევ კრედიტიო? საბოლოოდ‚ მაინც მასთან შეთანხმებით გადაწყდა ყველაფერი, მაგრამ‚ რომ დამეთანხმებინა‚ ამისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა.
– ორსული ქალი როგორ ახერხებდი ელიავადან ქავთარაძეზე სირბილს?
– ყველაფერს ვაკეთებდი. გადარბენაზე ვიყავი, რომ ყველაფერი მანამდე მომესწრო, სანამ გავაჩენდი. საბა რომ დაიბადა‚ დანარჩენ რაღაცეებს მერე მივხედე: სტილისტების, მანიკიურის სპეციალისტების მოძიებას. ფიტოეპილაციაც გვაქვს, კოსმეტოლოგიც გვყავს, მოკლედ‚ გვაქვს ყველანაირი მომსახურება, რაც კი შეიძლება, სალონმა შესთავაზოს ადამიანს: თმის დაგრძელებიდან დაწყებული, კერატინებით დამთავრებული.
– ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩნდები.
– იმ ტრაგედიის შემდეგ ჩემი გოგოების, ახლობლების დაბადების დღეზე თუ წავსულვარ, ისიც თავისთვის დამიტანებია ძალა. ახლა ცოტა გამოვედით მდგომარეობიდან, აქამდე არსად დავდიოდით და ძალიან მძიმე დღეები გვქონდა. ეს იყო ერთადერთი ყველაზე მძიმე პერიოდი. საშინელი რაღაც მოხდა და ყოველთვის შემაწუხებს იმის გაფიქრება, რომ ასეთი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ. თან‚ უაზროდ დაიღუპა, ბრმა ტყვიით, ისე, რომ ვერ ახსნი – რატომ მოხდა, რატომ დაიღუპა ასეთი კარგი ადამიანი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. იმ დღეს ყველანი სახლში ვიყავით, საბაც, დევის მეუღლეც – ნინო და, კიდევ ჩვენი მეგობრები – ზურა და ნინო. ასეთი სტრესი არასდროს მიმიღია და, ალბათ‚ დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ცოცხალი ვიქნები‚ ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის ვეცდები, მისი სულისთვის ვილოცო. მე არ ვარ ძალიან ემოციური, ლადომ უფრო მეტად განიცადა. კაცის დაწყნარება აქეთ მიწევდა. ლადო ასეთ რთულ სიტუაციაში მანამდე არ მყავდა ნანახი. როდესაც ომის პერიოდში არ გამოდიოდა გორიდან, ერთი საათითაც არ დაუტოვებია იქაურობა და ამ განცდებს ყვებოდა, პირადად არ მინახავს. ახლა დავინახე მისი სუსტი მხარე – არ ვიცი, როგორ ვთქვა – ექიმებში რომ გიწევს ტარება. წამლებსაც სვამდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე მიწევდა მისი დაწყნარება. საბასაც ეღვიძა, ძიძა აძინებდა და მთელი ღამე ტიროდა. ახლა ამ ყველაფერს ვყვები, მაგრამ, ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ იმ ადამიანს აღარაფერი ეშველება, თორემ‚ ცხოვრება გრძელდება, ადამიანები ვართ. დევის მეუღლესთან, ნინოსთან ასე ახლოს არ ვიყავი, მაგრამ, ახლა ვიცი, რომ ასეთი ადამიანები იშვიათად არსებობენ, დიდი სულის ადამიანია და ბევრისთვის სამაგალითო პიროვნება. მის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი‚ შეიძლება‚ სხვანაირად მოვქცეულიყავი, ის კი აქეთ გვამხნევებდა. იშვიათად შემიმჩნევია ასეთი რამ სხვა ადამიანებში, დიდი სულის პატრონია.
– „ფეისბუქზე“ წერდი უარყოფითი ემოციების შესახებ, რომელიც თქვენ მიმართ გავრცელდა.
– ზოგადად‚ როცა შენ მიმართ ბევრი უარყოფითი ემოცია მოდის: ლანძღვა, ქილიკი, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვები, თან‚ ვერ გაიგებ – რატომ, ალბათ‚ ეს უარყოფითი ემოციები გროვდება და მერე რაღაც ხდება, რომ ყველა დაწყნარდეს. ამ ამბების მერე თითქოს ყველას ეცოდები და, მიხარია, რომ ეს შეგრძნება მაინც აქვთ ადამიანებს.
– სასამართლო პროცესებზე დაჰყვები ლადოს?
– ერთხელ ვიყავი, მაგრამ, მეორეზე აღარ გავყევი. ამ ადამიანის სახელსა და გვარს რომ ახსენებენ, ამას აუცილებლად ცრემლი მოჰყვება, რადგან, ვეღარ ვუძლებ ემოციებს. როგორც შემეძლო‚ ვედექი ლადოს გვერდში.
– სოციალურ ქსელებში რამდენჯერმე გაავრცელეს ჭორი, რომ თითქოს შენ და ლადო გაშორდით.
– გავიზარდე უკვე, ათი წელია, ასეთ რაღაცეებს წერენ, ჭორაობენ. მივეჩვიე. ამით რა შეიცვლება? წერონ და იყვნენ.
– სასიამოვნო თემაზე მინდა გადავიდე. როგორ დაიმსგავსე საბა ასე ძალიან?
– ამ ამბების დროს საბა რომ არ მყოლოდა‚ გაცილებით ცუდად ვიქნებოდი როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ჯანმრთელობის მხრივ. როცა სახლში საბა გხვდება, უკვე იცინი, ერთობი, ეთამაშები და არაფერზე აღარ ნერვიულობ. ეს ბავშვი ჩემთვის არის სიძლიერეც, სიამაყეც, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ: არც ცუდ ხასიათზე ვიქნები, არც არაფერი დამეზარება, უფრო აქტიური გავხდები. ალბათ‚ ყველა ასეა. ვიღაცამ შეიძლება თქვას: ახლა ამან ახალი თქვა რამეო. მე‚ უბრალოდ‚ ჩემს ემოციებს გამოვხატავ. ჭკვიანი ბავშვია, არასდროს ყოფილა რთულად გასაზრდელი, ვერც კი გავიგე, როგორ გაიზარდა. თან‚ ძალიან აქტიური ძიძა გვყავს, არ გამომიცვლია, თავიდანვე გამიმართლა. ხელებდაკაპიწებული მოვიდა, აქტიურად. თუ ადამიანი, რომელიც გეხმარება‚ თავის თავზე არ აიღებს ბევრ რამეს და შენ გიყურებს თვალებში, მაშინ, ძალიან რთულია, ბავშვი გაზარდოს. პატარა რომ იყო საბა, თან, მეც გამოუცდელი ვიყავი და სულ მეუბნებოდა: რა პრობლემაა‚ ირიკუცა, მომეცი მე, შენ დაიძინე. დედა და დედამთილი რომ დაგეხმარებიან, ისე მეხმარება.
– საბა მამაზე გიჟდება‚ ხომ? ფოტოების გადაღებისას როგორ გაეტირა...
– ეს კიდევ ცალკე თემაა. ბოლო პერიოდია‚ შუაში გვიწევს და, დილით‚ სანამ ბოლომდე გაახელს თვალს‚ ნახევრად თვალდახუჭული მოძებნის მამამისის თმას, თავს და ეფერება. მერე მე გადმომხედავს ხოლმე – ესეც ხომ აქ არისო. ძალიან თბილი ბავშვია და ლადო გიჟდება.
– ხომ არ დაიწყე მეორე შვილზე ფიქრი?
– ჯერ არა, მაგრამ, ძალიან მინდა. ახლა გარდამავალი პერიოდი გვაქვს, რომ დავლაგდებით‚ ამაზეც ვიფიქრებთ.
– „ფეშენ შარმში“ ხომ კიდევ მუშაობ?
– დიახ. ახლახან „თბილისი მოლში“ ბავშვების ჩვენება გვქონდა „ვაიკიკის“ ტანსაცმელში. საყვარელი ჩვენებები გამოგვდის. ძალიან მიყვარს ბავშვები და ისინიც სულ სიყვარულით მექცევიან – ალბათ‚ ამას გრძნობენ. ვგიჟდები, ეს პატარა წიწილები, კაბებში, ჯინსებში, „საროჩკებში“ გამოპრანჭულები რომ დადიან.
– შენ ზრუნავ საბას ჩაცმულობაზე?
– ძირითადად‚ ჰო, მაგრამ, ამისთვის არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, რადგან, ძალიან მალე იზრდება. უბრალოდ‚ მიყვარს სასაცილო რაღაცეების ჩაცმა, პატარა „კლოუნჩიკს“ რომ ჰგავდეს.