როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ რუსეთიდან საქართველოში
40 წლის ალექსანდრა გენადის ასული სემენიჩევა ეძებს 39 წლის ანა ჩხიკვაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს – 39 წლის ანა ჩხიკვაძეს. მე ანასთან კავშირი 2005 წლიდან არ მაქვს. ძალიან მინდა მისი პოვნა, რადგან ის არაჩვეულებრივი ადამიანია. რვა წელია, ანა არ მინახავს, მაგრამ, მუდამ მახსოვს. დიდი იმედი მაქვს, მეგობარს მაპოვნინებთ. მე რუსეთში ვცხოვრობ, ანა კი თბილისში უნდა იყოს. იმედია, მან არ დატოვა თავისი სამშობლო და საცხოვრებლად სხვაგან არ გადავიდა.
– როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი?
– მე და ანამ ერთმანეთი კრასნოიარკში საერთო მეგობრებთან გავიცანით. მისგან ისეთი პოზიტიური ენერგია მოდიოდა, მაშინვე კარგად განვეწყვე ამ ადამიანის მიმართ. იმ პერიოდში მე საკმაოდ დიდი პრობლემა მქონდა, რომლის მოგვარებაშიც არავინ მეხმარებოდა, ანა კი გვერდში დამიდგა და ჩვენ დავმეგობრდით. ანა საქართველოში, თბილისში ცხოვრობდა და, მას შემდეგ, რაც ის თავის სამშობლოში დაბრუნდა, მასთან კავშირი აღარ მქონია. ძალიან მინდა მისი პოვნა და მადლობის თქმა. ისეთი კეთილი ადამიანები, როგორიც ანაა, ძალიან ცოტანი არიან. სამწუხაროდ, ინტერნეტით ჩემი მეგობარი ვერ ვიპოვე, მისი მისამართი ან ტელეფონის ნომერი კი არ ვიცი. ამიტომაც გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა.
– რა იცით მეგობრის შესახებ?
– ანას შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს: ვიცი, რომ ის დაბადებულია 1974 წელს, საშუალო სიმაღლისაა, თაფლისფერი თვალები აქვს, ხვეული თმა. თუ არ ვცდები, მას უნდა ჰყავდეს უფროსი და (სახელი არ მახსოვს). საქმე ისაა, რომ მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ერთმანეთს დავკარგავდით, ამიტომ ვერ გავითვალისწინე და მისი მისამართი არ ჩავიწერე, რასაც ძალიან ვნანობ.
– ვიცი, რომ თქვენ „ჟდი მენიაშიც“ განაცხადეთ მეგობრის მოძებნასთან დაკავშირებით.
– დიახ, ამა წლის აპრილში „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე ანას პოვნაზე განაცხადი განვათავსე, მაგრამ, ჯერჯერობით ისევ ველოდები პასუხს. თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს, იქნებ ანამ ან ვინმე მისმა ახლობელმა წაიკითხოს ეს სტატია და გამოგვეხმაუროს.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა მასთან შეხვედრას?
– სწორედ ამიტომაც ვეძებ ანას, რომ მისი ნახვაც მინდა. თუკი მას ვიპოვი, აუცილებლად შევხვდებით კიდეც. მართალია, წინასწარ არ ვიცი, სად ან როგორ შედგება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ, მისი ნახვა ძალიან მინდა. ადამიანს ყოველთვის უნდა დაუფასო სიკეთე. ანა თავის დროზე დამეხმარა, გვერდში დამიდგა და, ვერ მოვისვენებ, მას მადლობა რომ არ გადავუხადო და არ დავაფასო. იმ დროს, როდესაც მე მას ვიცნობდი, გათხოვილი არ იყო, ამჟამად კი, შეიძლება, ოჯახიც აქვს. იმედია, ის ისევ თავის გვარზეა, რაც მის პოვნას გაგიადვილებთ.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.