როდის ცდებიან ქალებში მამაკაცები მწარედ და რა ატყუებთ მათ
ადამიანი ძალიან შორს არის იდეალურობისგან. შეუძლებელია, იცხოვრო შეცდომების გარეშე; შეუძლებელია, იყო ყოველთვის ყველაფერში გამორჩეული და უნაკლო. ისე ვართ მოწყობილი, რომ ვერასოდეს ვიქცევით სრულყოფილ არსებებად. ყველაფერი შეფარდებითია და ერთი მეორეს აბალანსებს. თუმცა, ყველა ადამიანში შეიძლება იპოვო რაღაც, რისთვისაც მას შეიყვარებ და სხვებისგან გამოარჩევ. შემცდარია ის, ვინც იდეალურ პარტნიორს ეძებს. ჯერ ერთი, თავადაც უნდა იყოს იდეალური და მეორეც – იდეალურობისა თუ სრულყოფილების პარამეტრები ჯერ არავის დაუდგენია. ისეც ხშირად ხდება, რომ, იდეალის ძიებაში გართულნი (როგორც ქალები, ისე მამაკაცები), ბოლოს სრულიად მარტონი აღმოჩნდებიან ხოლმე და მაშინღა ხვდებიან, სად დაუშვეს შეცდომა.
გიგა (37 წლის): მე არ ვიცი, სხვა მამაკაცების შემთხვევაში როგორ არის საქმე, მაგრამ, მე ყოველთვის მქონდა ოცნება – ცხოვრების თანამგზავრად მეპოვა ქალი, რომელიც ყველანაირად „ჩემიანი“ იქნებოდა. თანაც, ზუსტად დაემთხვეოდა ჩემს წარმოდგენებს იდეალური ქალის შესახებ.
– იდეალური ქალები, ან, ზოგადად, იდეალური ადამიანები არსებობენ?
– მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არსებობდნენ, ოღონდ, მარტო ქალები. ვამტკიცებდი, ქალი გაცილებით სრულყოფილი არსებაა ჩვენზე და, თუკი მოინდომებ, ასეთს აუცილებლად შეხვდები და მერე შენც იდეალური გახდები მის გვერდით-მეთქი. მეგობრებს ეღიმებოდათ და ჭკუას მარიგებდნენ: ვინც გიყვარს, იდეალურიც ის გგონია, თორემ, ბოლოს მაინც ყველა ქალი ერთნაირიაო.
– ისევე, როგორც ყველა კაცი...
– პრინციპში, გეთანხმებით. კაცი ყოველთვის მაინც კაცია, როგორი „ნავაროტკებიც“ არ უნდა ჰქონდეს, ქალი კი „სხვა შემთხვევა“ მეგონა. ჩემთვის განსაკუთრებული „ნიმუში“ მინდოდა – სრულყოფილი და ყველა ღირსებით შემკული: ლამაზი, ყურადღებიანი, მხიარული, კარგი დიასახლისი, ვნებიანი საყვარელი, ჩუმი და მორიდებული, ერთგული...
– სრული პაკეტი გდომებიათ, მართლაც ყველა „ნავაროტკით“.
– ჰო, ვაღიარებ, რომ მეტისმეტად პრეტენზიული გახლდით ქალის საკითხში. მე არ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ, როცა ქალი გიყვარს, ის ყველა სხვა ქალზე ლამაზი ხდება შენთვის.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სიყვარულით გალამაზებული ადამიანი არ გამიგია. ჯერ უნდა დაინახო და მოგეწონოს. ლამაზი არის ლამაზი და ეს ფაქტია. ბევრი კაცი სწორედ მაშინ უშვებს დიდ შეცდომას, როცა ცოლს სხვა კრიტერიუმებით ირჩევს, სილამაზე მეორე პლანზე გადააქვს, მერე კი ლამაზ ნაშებში დარბის. რა ჰქვია ამას? რას ნიშნავს, ცოლი ლამაზი კი არ უნდა იყოს, მთავარია, შეეხედებოდეს?! რა სისულელე და უგუნურებაა!
– ადამიანები ხომ მარტო გარეგნული მონაცემების გამო არ უყვარდებათ. თანაც, ხომ არსებობს „ინდივიდუალური გემოვნება“?
– რა თქმა უნდა, ყველა კაცისთვის რომ ერთი და ორი ქალი იყოს ლამაზი, საშინელება მოხდებოდა. ჩემს ძმას, მაგალითად, ყოველთვის აზიური გარეგნობის ქალები მოსწონდა და მოსწონს. მაგრამ, სილამაზეს ქერა ქალშიც ხედავს. ეს აბსოლუტურად სხვა რამეა და მე ამას არ ვგულისხმობდი.
– ყველა კაცს ვერ ეყოლება ცოლი მოდელის გარეგნობითა და პარამეტრებით.
– მე მინდოდა, რომ მყოლოდა, მაგრამ, თავცარიელ თოჯინაზეც არ ვიყავი თანახმა. 30 წელს იმიტომ გადავაბიჯე დაუოჯახებელმა, რომ ჩემს იდეალს ვეძებდი.
– ეს შეცდომა იყო?
– აღმოჩნდა, რომ იყო შეცდომა. მომწონდა მაღალი, ძალიან თხელი და სიფრიფანა აღნაგობის, ნაზი და ქერა გოგონები. წარმოიდგინეთ, შევხვდი ასეთს, მაგრამ, მაშინვე არ დავფეთებულვარ მასზე. კარგა ხანს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მის ხასიათს, უნარ-ჩვევებს... ალბათ, თქვენზე ცუდ შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ, ვცდილობ, ბოლომდე გულახდილი ვიყო. ჩემი ცოლი (მე ის ცოლად შევირთე) კონკიას ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავდა. საკუთარი იღბლის არ მჯეროდა. მზეთუნახავი ოქროსფერი თმით (თმის ფერიც, სხვათა შორის, როგორც მისი ბევრი სხვა თვისება ნატურალური არ აღმოჩნდა), მწვანე თვალებით... ვეუბნებოდი საკუთარ თავს: აი, ის, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი, ჩემი ოცნება, ჩემი იდეალი-მეთქი.
– როგორ გაიცანით?
– მე საკმაოდ დიდ ოფისში ვმუშაობ, უფრო სწორად – დიდ შენობაში, სადაც ბევრი ოფისია. სასადილოში ჩემს თანამშრომელთან ერთად ჩავედი პიცის საჭმელად და პირდაპირ თავზე წამომადგა. რომ შევხედე, ლამის ენა ჩამივარდა, ისეთი ლამაზი იყო.
– თქვენს მეგობარსაც ასე დაემართა? ანუ, იმის გაგება მინდა, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როცა სილამაზე, როგორც ფაქტი, დადასტურდა?
– თქვენ ახლა დამცინით. რატომ, ძალიან სულელი გგონივართ?
– უბრალოდ, იდეალის ძებნას კარგი არაფერი მოაქვს ხოლმე.
– მაგაში ახლა უკვე დაგეთანხმებით – ჩემთვისაც არ მოუტანია კარგი; პირიქით, ისეთი მწარე იმედგაცრუება განვიცადე, სერიოზული სტრესი მივიღე. ახლა თქვენს შეკითხვას ვუპასუხებ: დიახ, სილამაზე, როგორც ფაქტი, დადასტურდა.
– თქვენ ახლა ცოლთან ცხოვრობთ?
– არა. გამოვიქეცი მისგან. ერთი წელი ძლივს გავძელი ჩემს იდეალურ ქალთან. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ იდეალური არ არის, მართლაც ასეთია. უბრალოდ, მე ვერ გავუძელი სრულყოფილებას.
– რას გულისხმობთ?
– მოგიყვებით. ისეთი იმედგაცრუებული ვარ, კარგი იქნება, თუ სხვა მამაკაცებიც გაითვალისწინებენ ჩემს შეცდომას. არავის ვახვევ ჩემს აზრს, მაგრამ, ჭკუის სასწავლებლად, მგონი, გამოდგება. მოკლედ, მაშინ ვფიქრობდი, რომ ბედი პირდაპირ თავზე დამეცა. ისე დავიბენი, კიდევ შეხვედრის სურვილი ვერ გამოვთქვი. თვითონ მითხრა, საღამოს თუ გცალია, კინოში დამპატიჟე, გამიხარდებაო.
– მისი მხრიდან ასეთი სითამამე „ჯდებოდა“ ქალის იდეალურობის ფარგლებში?
– დიახ. გოიმი და ჩამორჩენილი არ ვარ, პირიქით, მომწონს თამამი, აქტიური ქალები, რომლებსაც საკუთარი აზრი აქვთ. ბევრი ვილაპარაკეთ და მივხვდი, რომ თანდათან, სულ უფრო და უფრო მომწონდა. სამწუხაროდ, ბევრი ქალი მხოლოდ ოჯახში აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს.
– ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშობდა?
– არა, ასე ვერ ვიტყვი. უბრალოდ, სანამ ერთ ჭერქვეშ არ დავიწყეთ ცხოვრება, მის იდეალურობას „გვერდითი მოვლენებიც“ რომ ჰქონდა, ვერ დავინახე.
– ხომ თქვით, საკმაოდ დიდხანს და ყურადღებით ვაკვირდებოდიო...
– ვაკვირდებოდი, ანუ ვხვდებოდით რამდენიმე თვის განმავლობაში. გავიგე, რომ უჭკუო არ იყო, არც ჯიუტად პრინციპული და მეტიჩარა. ყველაფერზე თავისი აზრი რომ აქვთ ქალებს და თან ამ აზრის თავზე მოხვევას ცდილობენ, ამას ვერ ვიტან. ისეთი კარგი მოსმენა იცოდა, თვალმოუშორებლად მიყურებდა... და ქორწინებამდე სხვა ურთიერთობაც გვქონდა... რამდენჯერმე მასთან სახლში დარჩენის საშუალება მომეცა და, ისეთი წესრიგი ვნახე, გადავირიე – ნეტავი, როგორ და როდის ასწრებს ამდენს-მეთქი. დავიწყეთ ერთად ცხოვრება. საკუთარი ბინა ჰქონდა და მასთან გადავედი. თავიდან მეგონა, ზღაპარში აღმოვჩნდი: ცოლი მანებივრებდა თავისი ხელით მომზადებული უგემრიელესი კერძებით; სახლში ყველაფერი ბრწყინავდა; ლოგინში სასწაულებს ახდენდა; ყველაფრის ინიციატორი და წარმოუდგენლად ვნებიანი იყო... თავი მომქონდა – ბედის ნებიერი ვარ, ჩემს ცოლში ყველა ის საუკეთესო თვისებაა თავმოყრილი, რომელიც ქალს უნდა ჰქონდეს-მეთქი. და, სწორედ მაშინ, სრულ ნეტარებას რომ მივეცი თავი, დაიწყო პრობლემებიც... რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი ქალში და ახლაც მაჟრიალებს – ისტერიკების მოწყობის ნიჭია. სამწუხაროდ, ჩემი იდეალური ცოლი ამ საკითხშიც იდეალურად ნიჭიერი აღმოჩნდა, თანაც, ყველაფერზე შეეძლო, გრანდიოზული ისტერიკის მოწყობა.
– მაგალითად? დააკონკრეტეთ. ტყუილუბრალოდ ხომ არ მოაწყობდა ისტერიკას?
– ფაქტობრივად, ტყუილუბრალოდ აწყობდა. საჩუქრებს მოითხოვდა – თითქმის ყოველ კვირა უნდა მეჩუქებინა მისთვის ოქროს ან ვერცხლის სამკაული. კატეგორიულად მოითხოვდა, ამით დამემტკიცებინა სიყვარული. უარს თუ ვეტყოდი, საშინელ ისტერიკას აწყობდა ტირილით და ანჩხლი წივილით.
– ყიდულობდით?
– სხვა რა გზა მქონდა! არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო, ქალი რომ ტირის. რეგვენი ვარ. მარტო იმიტომ კი არა, რომ იდეალს ვეძებდი. იდეალური ადამიანის გვერდით რომ იცხოვრო, შენც ძალიან ახლოს უნდა იყო იდეალურთან – სხვანაირად გაგიჟდები, ვერ გაუძლებ. სწორედ ის გამიხდა პრობლემა, რაც ჩემს ცოლში თავიდან, ყველაზე მეტად მომწონდა. იდეალური ქალი ვერ იტანდა კბილის პასტის ტუბზე არასწორად მორგებულ თავსახურსაც კი. ჭამის დროს ერთი ნამცეციც რომ დამვარდნოდა გაპრიალებული მაგიდის ზედაპირზე, ეგრევე მიკიოდა. ბოლოს სულ დაძაბული და დაჭიმული ვიყავი, სერიოზულად დავკომპლექსდი. სახლში ჩემს ნებაზე ერთ ნივთსაც კი ვერ შევუცვლიდი ადგილს. ყველაფერი სუპერსიმეტრიულად ეწყო. თვალის ერთი გადავლებით ხვდებოდა, რა არ იდგა თავის ადგილას და ყვიროდა. აბა, გაგებედა და არ აღფრთოვანებულიყავი მისი მომზადებული კერძით... წამოვიდოდა ლანძღვა-გინების საშინელი კორიანტელი, რასაც მერე ცრემლებიც მოჰყვებოდა. იცით, როგორ დავიღალე?! ჩემმა ცოლმა ყველანაირი მოლოდინი და იმედი გამიცრუა. წარმოიდგინეთ, რა განცდაა, როცა თავს მკაცრი ზედამხედველის კონტროლის ქვეშ გრძნობ და გეშინია, არაფერი შეგეშალოს. სახლში მისვლა შემძულდა. სურვილი წამომივლიდა ხოლმე, რამე საშინელება ჩემედინა. მაგალითად, ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით ხალიჩაზე გამევლო; წინდები შუა ოთახში დამეყარა, დივანზე წამოწოლილს მეჭამა კეტჩუპიანი ბუტერბროდი. მოკლედ, ისე მოვქცეულიყავი და ის გამეკეთებინა, რაც ჩემს ცოლს გააცოფებდა. ერთი წელიც ვერ გასტანა ჩემმა იდილიამ იდეალურ ქალთან. უკვე ისე ვჩხუბობდით, ლამის ხელით შევხებოდით ერთმანეთს და, ერთ დღეს ძალიან შემეშინდა, უპირველესად, იმის, რომ, თუ ამას გავაკეთებდი, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდი. ჰოდა, წამოვედი მისგან. მივხვდი, რომ, მერე, თუ ბავშვი გაჩნდებოდა, უფრო გამიჭირდებოდა ოჯახის დანგრევა, თან, მართლა არ მინდოდა, ჩემი შვილი ასეთ ქალს გაეწამებინა თავისი იდეალურობით. ცუდი ის არის, რომ ვერავის ვუხსნი, რატომ დავანგრიე ოჯახი. ნაცნობიც და ახლობელიც განცვიფრებული მეკითხება, რა არ მოგეწონა შენი ცოლის, ამისთანა ქალი როგორ ვერ შეირგე და შეიფერეო. რა ვქნა, ყველას მოვუყვე, რა ჯოჯოხეთშიც ვცხოვრობდი? ილუზიებს აყოლილმა საკუთარ თავს ისეთი პრობლემა შევუქმენი, რომელიც არაფერში მჭირდებოდა. ახლა უკვე ვიცი, რომ კაცისთვის მთავარია, ცოლს ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდეს.
– თქვენს ცოლს არ უყვარდით?
– არა. მას უყვარს წესრიგი და საკუთარი თავი... მე აღარ შემიძლია ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება. თავს არ ვიმართლებ და არ მინდა, ისე იფიქროთ, თითქოს მსხვერპლად წარმოვჩნდები. რაც მოხდა, მარტო ჩემი ბრალია. უნდა მცოდნოდა, რომ ჩვეულებრივ კაცს იდეალური ქალი ნამდვილად არ სჭირდება.