როგორი ტატუა წელს მოდაში, რომელია ყველაზე უცნაური პირსინგი და ტატუ და რა ასაკიდან არის მათი გაკეთება რეკომენდებული
ტატუ და პირსინგი დღეს მოდურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ელემენტებია. ძველად ტატუს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. ხან რაღაც აზრს ატარებდა, ხან კი, უბრალოდ, მოდას ემსახურებოდა. მისი დიზაინი ასახავდა ადამიანის წარმომავლობას, მის სოციალურ სტატუსს. მაშინ არ არსებობდა სპეციალური ტექნიკა ტატუს გასაკეთებლად და „საღებავებს,” უბრალოდ, ხელით ისვამდნენ და ნახატიც დროებითი იყო. ან კანს მსხვილი ნემსებით ხვრეტდნენ. ამა თუ იმ ფერის მისაცემად გამოიყენებოდა ყველაფერი, რაც კი ხელთ მოხვდებოდათ, სხვადასხვა ბუნებრივი საღებავით დაწყებული, ჭვარტლით დამთავრებული. ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის დაიწყო ადამიანმა სხეულის მოხატვა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებითაა ცნობილი: ტატუირების ისტორია მრავალ წელს ითვლის. დროთა განმავლობაში დაიხვეწა ტატუს გაკეთების ხელოვნება. დღეისთვის მას იყენებენ სხეულის გასალამაზებლად, ინდივიდუალურობის გამოსახატავად, საკუთარი ცხოვრების რომელიმე ნაწილის აღსაწერად. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში აღარც პირსინგები უკვირთ. ძველად ის ითვლებოდა უცხო და ეგზოტიკურ, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გასაფორმებელ საშუალებად. დღეს კი მოდური და პოპულარული პირსინგი ბოდიარტის ერთ-ერთი სახეობაა.
კოტე ადამია (ტატუირების სპეციალისტი): წელს კიდევ უფრო პოპულარული გახდა ტატუირებული სხეული, ვიდრე წინა წელს იყო. თითქმის ყველა ასაკის ადამინი მოდის და იკეთებს ტატუს. არასრულწლოვნებს მშობლის თანხმობის გარეშე არ ვუკეთებთ, მაგრამ ეს პრობლემა უკვე აღარ არის – მშობლები მოჰყვებიან შვილებს და ყოფილა შემთხვევა, მშობლებს თვითონაც გაუკეთებიათ. მოდაში შემოვიდა არა ერთი ტატუს გაკეთება, არამედ ორის, სამის ან მეტის. გარკვეულწილად, გაჩნდა ტატუმანია. არის ხალხის კატეგორია, ყოველთვე რომ მოდის და იმატებს ტატუს. ვერ ჩერდებიან. ხშირად მოდიან შეყვარებულები და იკეთებენ ზუსტად ერთნაირ ნახატებს.
– როგორი ტატუა წელს მოდაში?
– წელს მოდაში თითქმის ყველანაირი ტატუა. ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტში ნანახი სურათი მოაქვთ და ზუსტად ისეთი ტატუ სურთ. სითამამით ჩვენი ქვეყანაც გაუტოლდა უცხოეთის ქვეყნებს. ცნობილი ადამიანებიც ხშირად მოდიან და იკეთებენ როგორც ტატუს, ასევე პირსინგს. ამას წინათ, იყო საქართველოს ვარსკვლავის ერთ-ერთი მონაწილე და პირველი კონცერტის წინა დღეს გაიკეთა ტატუ. მოდაშია როგორც შავ-თეთრი, ასევე ფერადი ტატუ, გემოვნების მიხედვით.
– რომელია ყველაზე უცნაური ტატუ, რომელიც გაგიკეთებია?
– ცოტა ხნის წინ მოვიდა დაახლოებით ორმოცდახუთი წლის მამაკაცი, რომელმაც დაიხატა სტალინის სურათი. ინტერნეტში მოვძებნეთ ხარისხიანი ფოტო და ზუსტად ისეთი დავახატე ხელზე. ძალიან კმაყოფილი დარჩა. პატარა ბავშვები ძირითადად უცნაურ რაღაცეებს იწერენ. მაგალითად, ერთი ბავშვი მოვიდა მშობელთან ერთად და დაიწერა: „მე არ ვარ ნორმალური”. იწერენ ძალიან დიდ ტექსტებსაც. კიდევ არსებობს ეგრეთ წოდებული „შრამირება”. ნახატი იშრამება და საბოლოო ჯამში, გამოდის შრამი. ძალიან ბუნებრივია და როდესაც ხორცდება, რჩება „შრამი“ ნახატი. გაკეთების პროცესი საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა ხდება გაყუჩებაც. ამას უფრო როკერები იკეთებენ. საქართველოში ახალი ტენდენციაა, თუმცა მსოფლიოში საკმაოდ მოძველებული. არსებობს ასევე 3D ნახატები. იმ დონეზე იხატება ჩრდილებით, რომ სამგანზომილებიანი ეფექტით აღიქმება. კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა გამახსენდა. ერთი ბიჭი მოვიდა და მთხოვა, ტატუ გამეკეთებინა მისი ძაღლისთვის. ჯერ ვეტერინართან უნდა მიიყვანოს ძაღლი და ტატუს გაკეთების პროცესში დააძინონ.
– რა ასაკიდან არის რეკომენდებული ტატუს და პირსინგის გაკეთება?
– ტატუს გაკეთება რეკომენდებულია თვრამეტი წლიდან, რადგან ზრდასთან ერთად, ნახატიც შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ ჯობია, ზრდა დასრულებული იყოს. პირსინგის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს.
– რაც შეეხება ტატუს წაშლას, როგორც ვიცი, უპრობლემოდ ხდება.
– 2013 წელს, ოცდამეერთე საუკუნეში ტატუს წაშლის პრობლემა ნამდვილად აღარ არის. თუმცა, ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე დახატვა. ეს პროცედურა იყოფა სამ სეანსად. პირველ დღეს ნახატი ღიავდება, ერთი თვის შემდეგ ლაზერი ხელახლა უნდა გადატარდეს, მესამე სეანსზე უკვე საბოლოო შედეგს ვიღებთ. ეს პროცედურები გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ტატუს წაშლა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გაკეთება.
– როგორც ვიცი, საქართველოში ახალი შემოსულია ულტრაიისფერი ტატუ.
– ულტრაიისფერი ტატუ საკმაოდ აქტუალურია – პიგმენტია ულტრაიისფერი და ჰქვია „უვ ტატუ”. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოშიც კეთდება. ეს ტატუ ჩანს მხოლოდ სიბნელეში – კლუბებში, მხოლოდ ულტრაიისფერ შუქზე. გაცილებით ძვირი ჯდება და კეთდება სიბნელეში. ძალიან საინტერესო და მოთხოვნადი ტატუა. მისი წაშლაც ზუსტად ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივი ტატუსი.
– რაც შეეხება პირსინგს, როგორც ვიცი, ადრინდელთან შედარებით, ბევრად გაიზარდა მასზე მოთხოვნა?
– კი, საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. იკეთებენ როგორც გოგოები, ისე ბიჭები – წარბზე, ტუჩზე, ცხვირზე, ჭიპზე. ძალიან ბევრ ადგილას არის შესაძლებელი პირსინგის გაკეთება. არსებობს სპეციალური ლითონი, სამედიცინო ტიტანი. ამით იხვრიტება და შეხორცების შემდეგ, რასაც გინდა გაიკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა ოქრო იქნება თუ ვერცხლი. არსებობს ენის, წარბის, ტუჩის ჭიპის საყურეები. ყველა ადგილს თავის შესაბამისი საყურე აქვს. მაგალითად, წარბის საყურეს ენაზე ვერ გაიკეთებ.
– პირსინგი გოგოებში უფრო აქტუალურია თუ ბიჭებში?
– პირსინგს გოგონები უფრო ხშირად იკეთებენ, თუმცა ბიჭებშიც არანაკლებ აქტუალურია. განსაკუთრებით ხშირად იკეთებენ წარბზე, ტუჩსა და ენაზე. პირსინგი კეთდება სხეულის ნებისმიერ ადგილას. მაგალითად ხელზე, ზურგზე. იკეთებენ კორსეტს ზურგზე, რომელიც შედგება დაახლოებით თხუთმეტი პირსინგისგან. ცოტა ხნის წინ გოგოს მთელ ზურგზე გავუკეთე პირსინგები, შემდეგ ლენტი გავუყარეთ და „ბანტი“ შევკარით. ყველა ცდილობს, გამორჩეული იყოს და ისეთი პირსინგი თუ ტატუ გაიკეთოს, სხვებისგან განსხვავდებოდეს.
– როგორ უნდა მოვუაროთ ტატუს და პირსინგს?
– ტატუს და პირსინგის გაკეთების შემდეგ, ორივეს სჭირდება მოვლა. ტატუს გაკეთების შემდეგ, სამი დღე არ უნდა დასველდეს მოხატული ადგილი. არსებობს სპეციალური მალამო, რომელიც უნდა წაისვან და ნახატი დაიცვან ჰიგიენურად. არ არის რეკომენდებული ზღვაზე წასვლის წინ მისი გაკეთება. რამდენიმე დღე არც მზე არ უნდა მოხვდეს ნახატს და არც წყალი. პირსინგის გაკეთების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს სად კეთდება ის. მაგალითად, ჭიპზე გაკეთებულ პირსინგს დაახლოებით ერთი თვე სჭირდება შესახორცებლად. განსაკუთრებული მოვლა სჭირდება წარბზე გაკეთებულ პირსინგს. ჩაცმა-გახდის შემთხვევაში შეიძლება, პირსინგი მაისურს გამოედოს. ნაზი ადგილია, თვალთან არის ახლოს და რასაკვირველია, გაფრთხილება სჭირდება.