კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წაუგია ქალების გამო ვაჟა მანიას და ვინ მოახდინა მის ცხოვრებაში გარდატეხა

იანვარში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სემესტრის წარმატებით დახურვის შემდეგ, ვაჟა მანია თბილისში დაბრუნდა, რადგან მისი მომავალი სწავლის დაფინანსების საკითხი გასარკვევი იყო. მაგრამ‚ ეს პერიოდი ცოტა დიდხანს გაიწელა და ვაჟას ერთი სემესტრის გამოტოვება მოუწია. თუმცა‚ ახლახან განათლების სამინისტრომ ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტა, ნიჭიერ მომღერალს სწავლის გადასახადი დაუფინანსეს და მაისში ის ბოსტონში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრება.

ვაჟა მანია: ჩამოსვლისთანავე მზად ვიყავი, სწავლა კვლავ გამეგრძელებინა. დაქოქილი ვიყავი და უცებ, რაღაც პერიოდის განმავლობაში გავჩერდი. თუმცა‚ თავს იმის საშუალება არ მივეცი, რომ სულ გავჩერებულიყავი. პირიქით‚ ვმღეროდი, ვმეცადინეობდი. 2 სემესტრი უკვე დამთავრდა, ახლა იწყება – მესამე. რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროდან შემატყობინეს, რომ სწავლის გადასახადს მიფინანსებენ, ძალიან გამიხარდა. 

– როდესაც ბერკლიში აპირებდი ჩაბარებას, ამერიკაში გამგზავრებისას, მაშინაც ბევრი სირთულე შეგხვდა. 

– ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ორი ნაბიჯი უნდა გადავდგა წინ და მერე – ხუთი უკან. სულ ვფიქრობ, ის ჩავარდნა, რომელიც ჩემს ცხოვრებაშია, კარგად გამოვიყენო. ანუ, ასეთ დროს არასდროს ვჩერდები, პირიქით, ბოლომდე ვიყენებ – რაღაცას ვაკეთებ, სხვანაირად არაფერი ხდება. თუ რაღაც წარმატებას მივაღწევ, მერე ვიცი, რომ წინ აუცილებლად მექნება წინააღმდეგობები, დიდი პაუზა. ახლაც‚ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეთვიანი პაუზა გამომივიდა, ის მუხტი, რაც ჩამოსვლისას მქონდა‚ არ დამიკარგავს. თან‚ ჩემი ნამღერი თბილისში სხვადასხვანაირად შეაფასეს. ზოგიერთმა მითხრა – გაზრდილი ხარ, იქაური სწავლა დაგტყობიაო და ეს‚ რა თქმა უნდა‚ უფრო მეტ მუხტს მაძლევს. 

– გამოტოვებულ სემესტრებს ზაფხულში აიღებ?

– ზამთრის სემესტრი გამოვტოვე და ახლა ზაფხულის სემესტრს ავიღებ, ანუ ჩავანაცვლებ. რეგისტრაცია უკვე გავიარე. ყოველდღე მაქვს მათთან მიწერ-მოწერა. გამიხარდა, რომ დაფინანსება მომცეს, რადგან უკვე ერთი რელსიდან მინდა მეორეზე გადავიდე. თან‚ უკვე ვჭვრეტ‚ საით უნდა წავიდე და იმ ტემპთან შეგუება, რომელიც აქ არის, ჩემთვის ნამდვილად დამღუპველია. იმდენად მიყვარს ეს საქმე, ვერასდროს გავჩერდები და ვერც დავნებდები. 

– როგორ გაატარე ეს სამი თვე? ამერიკული დატვირთული ტემპის შემდეგ‚ აქ საქმის გარეშე ყოფნა არ იქნებოდა ადვილი.

– რთული იყო ძალიან, რადგან უცებ მოვწყდი ყველაფერს, თბილისში, ჩვეულებრივი ცხოვრების ტემპს დავუბრუნდი. პასიურად ვიყავი – შეიძლება კლუბში‚ ხანდახან მემღერა. ამიტომ, იმ ყველაფრის მერე, ძნელი იყო ამ რიტმთან შეგუება. თან‚ იქ სულ დაკავებული ვიყავი, ვსწავლობდი, ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. ბევრჯერ მითქვამს, რომ თბილისი მაზარმაცებს-მეთქი. შეიძლება‚ მთელი დღე ვიმეცადინო, მაგრამ მერე ამის რეალიზებას ვერ ვახდენ. ჩემი გადმოსახედიდან‚ კლუბში სიმღერა უკვე ძალიან რთულია. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ კლუბში სიმღერამ თავისი დრო მოჭამა. როცა შემოქმედი  ხარ, ყოველთვის ის კი არ გინდა, როგორმე გაქაჩო და კლუბში იმღერო, არამედ გინდა‚ დიდ სცენაზე გაიტანო შენი შემოქმედება და ხალხს გააცნო. ვიღაცამ‚ შეიძლება‚ მითხრას: მერე ვინ გიშლის, იმღერეო. მაგრამ ამას ბევრი რამ უნდა: სათანადო ცოდნის მიღება, სხვადასხვა გარემოება. 

– სამწუხაროდ‚ საქართველოში ჯაზი მაინცდამაინც არ არის პოპულარული.

– კი. და ამაში ცოტა ხნის წინაც დავრწმუნდი. „იუნესკომ“ დააწესა ჯაზის საერთაშორისო დღე. „ივენთ ჰოლში“ ვიმღერე „ბიგ ბენდთან“ ერთად, კიდევ რამდენიმე ჯაზტრიოც უკრავდა. დარბაზი სავსე იყო. იმ დროს სტამბულში ამ დღესთან დაკავშირებული კონცერტი გაიმართა – ჰერბი ჰენკოკი, ჯონ დიუკი და ძალიან ბევრი მუსიკოსი იყო ჩასული. ჩვენი კონცერტის შემდეგ ამ კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია უნდა მომხდარიყო. როგორც კი დამთავრდა კონცერტი და დაიწყო ჩართვა, ხალხი წავიდა. „ივენთ ჰოლში“‚ მაქსიმუმ‚ 15 კაცი დავრჩით. დავრწმუნდი, რომ საქართველოში ხალხს არ უყვარს ჯაზის ბუნებრივად მოსმენა. შეიძლება, „ლაივზე“ მოვიდეს, მოუსმინოს რაღაცის, ან ვიღაცის ხათრით, მაგრამ არ აქვთ ჯაზის მიმართ დიდი ინტერესი. იმ ყველაფრის მერე, რაც ბოსტონში იყო, ამის აღქმა და ამასთან შეუგუება ცოტა რთულია. ახალ კლუბში რომ უნდა მემღერა‚ ყოველთვის იდგა ის მომენტი – მოდი‚ „პაპსა“ გავაკეთოთ, რადგან ხალხს უყვარს, თან‚ ადვილი გასაგები და მოსასმენიაო. მაგრამ, მე ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა და ხალხი იმას იღებდა‚ რასაც ვაკეთებდი. თან‚ რაც მთავარია‚ ყველა იგებდა. რთულია‚ მომღერალმა გააკეთო ის‚ რაც არ მოგწონს, მხოლოდ მასაზე იმუშაო – ეს ჩემთვის მიუღებელია.

– პრინციპული ხარ?

– მუსიკასთან მიმართებაში პრინციპული არასდროს ვარ. შეიძლება‚ რაღაც „პაპსა“ იყოს, მაგრამ შენებურად შეხედო, შემოატრიალო. მუსიკასთან კრიტიკულიც არ ვარ, რადგან სხვა გზა რომ არ მქონია, ბევრი რამ მიმღერია. ადამიანებთან ურთიერთობაში ვარ პრინციპული, თან‚ ძალიან. თუმცა‚ დამთმობიც ვარ. სიმღერასთან დაკავშირებით‚ ერთადერთი‚ შეიძლება, რესტორანში არ წავიდე და არ ვიმღერო „დარი დური“. რაც შეეხება ადამიანებთან  ურთიერთობასა და გადაწყვეტილებებს, ძალიან პრინციპული ვარ. ყოველთვის იმას ვაკეთებ‚ რაც სწორად მიმაჩნია. ბავშვობაშიც იმას ვაკეთებდი‚ რაც მინდოდა, თუნდაც მუსიკის შემთხვევაში. დედაჩემი მეუბნებოდა: რად გინდა მუსიკა, რა უნდა გააკეთო ამ სფეროში. განსაკუთრებით 10-15 წლის წინ მეუბნებოდა ამას, როცა უფრო ცუდი სიტუაცია იყო. მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე და გავაკეთე ის‚ რაც მინდოდა. ყოველთვის პრინციპული ვიყავი და ვიქნები. მაგრამ, დამჯერიც ვარ, შემიძლია, სხვისი აზრი გავითვალისწინო. თუმცა‚ ვისთვისაც დამიჯერებია, მერე ყოველთვის შევმცდარვარ. მით უმეტეს‚ ქალს თუ დავუჯერე, თან ყოყმანისას, ჩათვალე, რომ წავაგებ. ასეა, სულ ვუჯერებ და მერე ვაგებ. თუ არ ვყოყმანობდი და ისე დამიჯერებია, მაშინაც წამიგია. არ ვიცი‚ შეიძლება‚ რაღაცეებში უნდა დაუჯერო ქალს, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე 25 წლის ვარ, თუ ქალისთვის დამიჯერებია, არ დავუღუპივარ, მაგრამ წამიგია. 

– მერე საყვედურობ ხოლმე? 

– საკუთარ თავს უფრო ვსაყვედურობ, ვიდრე ქალებს. პასუხი რომ მოვთხოვო, რა აზრი აქვს, მეტყვის: რას მიჯერებდი, გაგეკეთებინა ის, რაც გინდოდაო. მოკლედ‚ ის‚ რაც მე მეხება, მე უნდა გავაკეთო, რადგან სხვას ვერ მოვთხოვ პასუხს. ჩემი მშობლებისთვის, რომ დამეჯერებინა, მაშინ სულ სხვა პროფესიას ავირჩევდი. თუმცა‚ დღეს ამბობენ: ჩვენ როდის გეუბნებოდითო. ამის გამო გარკვეული დაძაბულობაც კი იყო, რადგან სამი წლის განმავლობაში, დილის 7 საათზე გავდიოდი და ღამის 11 საათზე ვბრუნდებოდი სახლში. თან‚ შედეგი არ ჩანდა. მაგრამ, მე ვიცოდი, რომ ეს წლები არ იყო დაკარგული და შედეგი აუცილებლად დადგებოდა. არასდროს ვნანობ იმას‚ რაც გამიკეთებია და არ ვფიქრობ ისე, რომ ცხოვრებაში ვიღაცეებს დავაბრალო: ის რომ არ შემხვედროდა იმ მომენტში, შეიძლება, ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო და ასე შემდეგ. დღევანდელი წარმატება ჩემი მეგობრებისა და გარემოების დამსახურებაა.

– რომ არ ყოფილიყავი მომღერალი, ვინ იქნებოდი პროფესიით?

– სპორტსმენი, ან სტომატოლოგი. ერთი პერიოდი, მინდოდა‚ სტომატოლოგი ვყოფილიყავი, მაგრამ‚ მერე მეგობრებმა მითხრეს: შენ რასაც აკეთებ, ის გააკეთეო და იმ მომენტში გადამარჩინეს. სტომატოლოგია აღარც გამხსენებია. კოლეჯი, რომ დავამთავრე‚ მერე ყველაფერი უაზროდ მეჩვენებოდა. უცებ მარიკომ დამირეკა „მარჯანოვში“ ტრომბონისტი გვჭირდება და მოხვალო? მივედი, მერე იქ მარინა ბერიძე მოვიდა, შემომთავაზეს‚ ამ კონკურსში ხომ არ გამოხვალო; მერე მეორეზე შემომთავაზეს და ასე აეწყო ყველაფერი. მარიკოს რომ არ დაერეკა, სხვაგან წავიდოდი, შეიძლება გავჩერებულიყავი კიდეც. მერე „მარჯანოვში“ მოვიდა ადამიანი – ბერკლიში არ წახვალო და ამაზე სულ გავგიჟდი. წავედი, რამდენჯერმე არ გამიმართლა და ბოლოს ჩავაბარე. მოკლედ‚ ასე მიება ყველაფერი ერთმანეთს. ადრე‚ როცა რაღაც არ გამოდიოდა, უფრო ვნერვიულობდი, ნერვებზე ვითხრებოდი, მაგრამ ახლა, უკვე შევეგუე. რაც ხდება‚ ასე უნდა იყოს ცხოვრებაში. შესაბამისად‚ რაც არ უნდა მოხდეს, უფრო უარესსაც კი შევეგუები. სულ რომ გაჩერდეს ყველაფერი, მშვიდად შევხედავ. ვფიქრობ, ძლიერი ადამიანი ვარ და არასდროს ვჩერდები, წინ ვიხედები და სულ ვხედავ პერსპექტივას,  ნათელ ფერებში ვერა, მაგრამ მინდა, რომ ასეთი იყოს. ამაზე ფიქრი ხანდახან მთრგუნავს და ამ დროს ვიღაცის დახმარება სულ მჭირდება, რომ მომაწვეს ზურგიდან, შემომძახოს. ესენი უფრო მეგობრები, მუსიკოსები არიან, ვისაც ჩემი სჯერათ და სხვანაირად მაფასებენ.

скачать dle 11.3