კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა დაწუნებული ბალერინა – ელენე გლურჯიძე მსოფლიო ვარსკვლავი და კარლ ლაგერფილდის მუზა

ერთი წლის განმავლობაში შანელის „კომპანია“ მთელ მსოფლიოში ფარულად ადევნებდა თვალყურს ცნობილ ბალერინებს, რათა მათ შორის საუკეთესო შეერჩიათ. ცხადია, მეც არაფერი ვიცოდი და პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენეს, როცა მითხრეს, რომ ლაგერფილდის საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზე შეჩერდა. უნიკალური კაბა არა მხოლოდ შემიკერა, არამედ მაჩუქა. ეს კაბა დარჩება კომპანიაში, შემდეგ მუზეუმში, მაგრამ ჩემს გარდა მისი ჩაცმის უფლება არავის აქვს”... მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ვარსკვლავს – ელენე გლურჯიძეს საქართველოში შემოქმედებითი საღამო ჰქონდა და ძალიან დაკავებული გახლდათ, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა. 

 

– ელენე თბილისში გატარებულ ბავშვობას როგორ იხსენებთ?

– ბავშვობიდან არაჩვეულებრივი მოგონებები მაქვს... ძალიან თბილ, ოჯახურ გარემოში ვიზრდებოდი. სულ ეზოში ვთამაშობდი დაჭერობანას, წრეში ბურთსა თუ რეზინობანას. „გარაჟებზე” დავძვრებოდით და მახსოვს, ერთხელ სახურავზე ფეხი გამეჭედა და ძლივს ჩამომიყვანეს. „როლიკებზე ვკატაობდი” და  მუხლები სულ დაბეჟილი მქონდა. მოკლედ, ნამდვილი „ბანდიტი” ვიყავი...   

– ბალერინობა როდის მოგინდათ?

– დედამ წაგვიყვანა მე და ჩემი და საირმეზე მდებარე ხელოვნების სკოლაში... ყველა დედას უნდა, მისმა გოგონამ იცოდეს ფორტეპიანოზე დაკვრა, ხატვა, ქარგვა.. ხელოვნების სკოლაში ვაბარებდი მუსიკაზე, მაგრამ ბალეტზე აღმოვჩნდი. სკოლის დირექტორმა (ნათელა წერეთელმა)  ჩემში მაშინვე  დაინახა ბალერინა – „არანაირი მუსიკა, საბალეტო კლასში უნდა ჩაგრიცხო”...  მეც მომინდა, ცეკვა მეცადა და ეს მცდელობა მთელ ჩემ ცხოვრებად გადაიქცა.

– ბალერინობა განსაკუთრებულად რთულია.. სირთულეებმა არ შეგაშინათ?

– ადამიანს მაშინ ეჩვენება, რომ წვალობს, როცა ზუსტად არ იცის რა სურს. მე ასე არასდროს მიფიქრია. რა თქმა უნდა, რთული პროფესიაა, მაგრამ მე იმდენად რთულად არ მეჩვენებოდა, რომ შემშინებოდა. 

– საირმის ხელოვნების სკოლის შემდეგ სწავლა სად განაგრძეთ?

– თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, თუმცა ორ წელიწადში პეტერბურგში, ვაგანოვას რუსული ბალეტის აკადემიაში აღმოვჩნდი. პეტერბურგში, ფაქტობრივად, ჩემმა პედაგოგმა, თავად ცნობილმა ბალერინამ – ნატალია პაპინაშვილმა წამიყვანა. მან ჩემს მშობლებს კატეგორიულად გამოუცხადა: თუ გსურთ ელენემ სერიოზული კარიერა აიწყოს, უნდა სათანადო დონის სასწავლებელში გადავიდეს, აქ თუ დარჩება – დაიკარგებაო. პაპინაშვილმა პეტერბურგში გამოჩენილ ბალერინასა და პედაგოგთან – ნატალია დუდინსკაიასთან მიმიყვანა. მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 12 წლის ქალიშვილის უცხო ქალაქში საცხოვრებლად გადასვლას. მხოლოდ ბიძაჩემის, სანდრო გლურჯიძის გავლენამ გაჭრა და გამიშვა. თანაც, მამა დარწმუნებული იყო, რომ ასე განთქმულ სასწავლებელში იოლად არავინ მიმიღებდა და რამდენიმე დღეში კვლავ სახლში დავბრუნდებოდი. თუმცა, მისი იმედები არ გამართლდა – უკვე მეორე დღეს ვაცნობეთ, რომ მსოფლიოში ცნობილი სასწავლებლის მოსწავლე გავხდი.

– როგორი იყო თქვენი, 12 წლის ბავშვის, ყოველდღიური ცხოვრება უცხო ქალაქში?

– ჩვეული ცხოვრება საერთოდ აღარ არსებობდა. თბილისში მუდმივი და ყოვლისმომცველი მზუნველობის პირობებში ვიზრდებოდი (მაგალითად: თმებს დედა მვარცხნიდა, სასწავლებელში და უკან მამა მაცილებდა...) დედაჩემმა ისე ინერვიულა ჩემი პეტერბურგში გადასვლის გამო, რომ ნახევრად გაჭაღარავდა. იქაური სასადილო რომ ნახა, ტირილი დაიწყო – აქ ბავშვი როგორ უნდა დავტოვოო. მაშინ რუსეთში რთული წლები იყო, მაღაზიებში რაღაცის მოძიება თითქმის შეუძლებელი გახლდათ... ყოველივეს მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ეს წლები ცუდად მახსენდება. ბავშვები ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვამხნევებდით. მთელ დღეს სასწავლებელში ვატარებდით. იქვე ვჭამდით, ვვარჯიშობდით, გაკვეთილებს ვამზადებდით და შემდეგ კვატებივით ერთ ხაზზე გაბაწრული ყველანი ერთად მივდიოდით ინტერნატში. ცხადია, პირველი წელი პეტერბურგში ჩემთვის მძიმე იყო. სასწავლებლამდე დიდი გზა არ გვქონდა გასავლელი, მაგრამ ყინვას შეუჩვეველს ფეხი გამუდმებით მისრიალებდა, ვვარდებოდი. კიდევ კარგი, აქეთ-იქით გოგოები ხელკავით მომყვებოდნენ, რომ არ წავქცეულიყავი. თბილისიდან ფრიადოსნის „რანგში” ჩამოსული, უცებ ოროსანი გავხდი. რუსულად კი თავისუფლად ვლაპარაკობდი, მაგრამ ქართულ სკოლაში რუსულს ხომ როგორც უცხო ენას, ისე ვსწავლობდი. დაახლოებით 2 წელი დამჭირდა, რომ კვლავ ფრიადოსანი გავმხდარიყავი. 

– სცენაზე პირველი გასვლა, პირველი წარმატება როგორ გახსენდებათ?

– უკვე აკადემიაში სწავლისას, თეატრის ბევრ სპექტაკლში ვიღებდით მონაწილეობას. მოწაფეებს თეატრში რომ მიგვიყვანდნენ, ყველაფერი იწვევდა აღფრთოვანებას – საბალეტო კოსტიუმები, პარიკები, თეატრალურ ბუფეტში სადილისთვის განკუთვნილი ტალონები, ის, რომ ბუფეტში ვხედავდით ცნობილ მსახიობებს... პეტერბურგში 28 წლამდე დავრჩი. 7 წლის განმავლობაში ჩემი პედაგოგი იყო და ნამდვილ ბალერინად მზრდიდა, ძალიან მომთხოვნი, ჯერ კიდევ მოქმედი, გამოჩენილი რუსი ბალერინა ლუბოვ კუნაკოვა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლის დამთავრებისთანავე, წარმოდგენებში წლების განმავლობაში, მხოლოდ წამყვანი როლები მქონდა და თითქმის მთელი კლასიკური რეპერტუარი მქონდა შესრულებული, მხოლოდ შვიდწლიანი – მუდმივი წვრთნის შემდგომ მითხრა (კარგად მახსოვს, იმ საღამოს ავრორა ვიცეკვე „მძინარე მზეთუნახავში”): აი, ახლა უკვე ნამდვილი ბალერინა ხარ და სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან წარმატებული იქნებიო...  სხვათა შორის, მასწავლებელი, რომელიც აკადემიაში მყავდა, მაინცდამაინც არ მაფასებდა და არ სჯეროდა, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევდი. ამაზე დედაჩემმა მას ასე უთხრა:  თქვენს კლასში ერთადერთი ბავშვი, რომელიც მართლა ცეკვავს ჩემი ქალიშვილიაო. მისი სიტყვები ზუსტად ახდა – იმ წელს გამოშვებულთაგან ერთადერთი გოგონა გახდა ბალერინა და ეს მე ვარ. 

– საკონკურსო წარმატებები როგორი იყო?

– არც ერთი კონკურსიდან ჯილდოს გარეშე არ დავბრუნებულვარ და ეს ჩამონათვალი ასეთია: 1996 წელი, მოსკოვი – ბრინჯაოს მედალი; 1998 წელი, პარიზი – პირველი ადგილი; 2002 წელი პერმი – საუკეთესო პარტნიორი; ინტერნეტ-გამოცემის Ballet.co.uk  გამოკითხვაში – ინგლისის სცენაზე გამოსულთაგან საუკეთესო ბალერინა:  2006 წელი – მეორე ადგილი, 2007 და 2008 წლები – პირველი ადგილი; კრიტიკოსთა წრის აზრით, 2009 წელს – ინგლისის საუკეთესო ბალერინა გავხდი. 

 – როგორ აღმოჩნდით ლონდონში?

– მამაჩემის იდეა იყო. მას სურდა, მე და ჩემი და ისეთ ქვეყანაში წავსულიყავით, სადაც წესიერი ცხოვრებაც გვექნებოდა და პროფესიული ზრდის საშუალებაც. მეც მინდოდა, რამე ახალი მენახა და მესწავლა. ამ მხრივ ლონდონია გამორჩეული. აქ უამრავი განსხვავებული სკოლის წარმომადგენელი მუშაობს. მამაჩემმა გაგზავნა ჩემი ჩანაწერები რამდენიმე კომპანიაში და ინგლისის ნაციონალური ბალეტის დასიდან მივიღეთ მიწვევა. მანამდე ახალ ზელანდიაში ვიყავი საგასტროლოდ და სწორედ იქ დაესწრო სპექტაკლს ინგლისის ნაციონალური ბალეტის იმჟამინდელი არტისტული დირექტორი... ამიტომაც, როგორც კი ჩანაწერი გავაგზავნეთ, მიწვევაც თითქმის მაშინვე მივიღეთ. 

– ინგლისში როგორ აეწყო თქვენი კარიერა?

– ინგლისში მხოლოდ წამყვან როლებს ვცეკვავდი. რაც აქ ვარ, რეპერტუარის ყველა წარმოდგენაში ვიცეკვე.  ხშირად საგასტროლოდაც დავდივართ. 

– კარლ ლაგერფილდის მუზა რომ გახდით, ამის შესახებ გვიამბეთ?

– რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იყო. ერთი წლის განმავლობაში შანელის კომპანია მთელ მსოფლიოში ფარულად თვალყურს ადევნებდა ცნობილ ბალერინებს, რათა მათ შორის საუკეთესო შეერჩიათ. ცხადია, მეც არაფერი ვიცოდი და პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენეს, როცა მითხრეს, რომ ლაგერფილდის საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზე შეჩერდა – უნიკალური კაბა არა მხოლოდ შემიკერა, არამედ მაჩუქა. ეს კაბა დარჩება კომპანიაში, შემდეგ მუზეუმში, მაგრამ ჩემ გარდა, მისი ჩაცმის უფლება არავის აქვს. ძალიან დიდი პატივი დამდო კარლ ლაგერფილდმა. პარიზში, არქივში – „შანელჰაუზში” ინახება მის მიერ დახატული ყველა ესკიზის ორიგინალური. გარეთ მხოლოდ ასლები ვრცელდება. მე რომ ვიცეკვე, ლაგერფილდმა, გამოხატა რა განსაკუთრებული აღფრთოვანება, მოუტრიალდა დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა, რომ მისი აზრით, ორიგინალი ესკიზი მე უნდა  მეკუთვნოდეს. მცირე პაუზის შემდეგ მოახსენეს, რომ ესკიზი უკვე არქივშია ჩატანილი. მერე რა, ამოვიტანოთო, – განაცხადა ლაგერფილდმა. მე ამ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ სამი-ოთხი თვის შემდეგ, ლონდონში მართლაც მივიღე უზარმაზარი ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა ჩარჩოში ჩასმული ორიგინალური ესკიზი კარლ ლაგერფილდის ხელმოწერით. ეს კაბა მომაკვდავი გედისთვის შეიქმნა, რომლის განუმეორებელ შემსრულებლად ანა პავლოვა ითვლება. კარლ ლაგერფილდმა ჩემი შესრულებით რომ ნახა მომაკვდავი გედი, განაცხადა: შენ ანა პავლოვაზე უფრო ძლიერად შეასრულე. შენი ხელები უკეთესიაო. თუმცა, ეს მისი აზრია და მე გამეორებაც კი მეუხერხულება. 

– თქვენით განსაკუთრებულად მოხიბლულა, ალბათ, მეგობრობთ...

–  ლაგერფილდი ძალიან დაკავებულია და ვერ ვიტყვი, რომ ვმეგობრობთ. ლონდონში „შანელის ჰაუზთან”  მაქვს ურთიერთობა. მათ ჩემს სპექტაკლებზეც ვიწვევ. შემდგომ ლაგერფილდმა პარიზიდან კიდევ ერთი ულამაზესი კაბა გამომიგზავნა ლონდონში. ეს კაბა დაცვის თანხლებით ჩამოიტანეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩამეცვა და რამდენიმე ფოტო გადაეღოთ... თავისუფალი დრო არ მაქვს და მოდაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ, ლაგერფილდის შემდეგი წლების კოლექციას ვუყურებდი, ძალიან ხშირად იყო გამოყენებული ბუმბულები...  „მომაკვდავი გედი” შემდეგ ბევრჯერ ვიცეკვე – კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, სამხატვრო გამოფენის გახსნაზე, „ბი-ბი-სის“ ფილმთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ყრილობაზე ერთადერთი მოწვეული არაპოლიტიკოსი ვიყავი და მის გახსნაზე ვიცეკვე. „მომაკვდავი გედი” ძალიან პოპულარული გახდა და მრავალ ქვეყანაში შევასრულე. საქართველოში ჯერ არ მიცეკვია. 

– გვიამბეთ ფილმზე, რომელიც თქვენ შესახებ გადაიღეს...

– პატარა (10-წუთიანი) ფილმია, რომელიც SKY ARTS-მა გადაიღო ENB Ballet Russes-ს დადგმებთან დაკავშირებით და დროის დიდი ნაწილი ჩემთან ინტერვიუს ეთმობა. ფრანგულ-ქართულ მხატვრულ ფილმშიც გადამიღეს შარშან. 2008 წელს კი, „ბი-ბის-ის“ მხატვრულ-დოკუმენტურ მრავალსერიან ფილმში „იმპრესიონისტები,” მხატვარ დეგას მუზა-ბალერინა განვასახიერე (თუმცა, ძალიან მცირე დროის განმავლობაში ვარ ეკრანზე).

– როგორია თქვენი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება ლონდონში?

– ძალიან დაკავებულები ვართ მეც და ჩემი მეუღლე – კახაც, ასევე, შვილი – სანდროც. ბავშვი ძალიან დაკავებულია, რადგან სკოლის გარდა ათას რამეს სწავლობს, სპორტი უყვარს. კიდევ კარგი, ბებია არის ჩვენთან ლონდონში, თორემ არ ვიცი, რა გვეშველებოდა. ყოველ დილას მე და კახას წესად გვაქვს 15 წუთი ერთმანეთს დავუთმოთ („ჩვენი დრო”). ვსვამთ კაფეში ყავას და ვსაუბრობთ. შემდეგ კახა მიდის ოფისში, მე – თეატრში, სანდრუკას კი სკოლაში ვტოვებთ. ჩემი მეუღლე, კახა აბაშიძე  დისნეი-ტელევიზიის ევროპული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტია.   

– რუსეთში თუ ცეკვავთ ბოლო წლებში?

– სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო და პეტერბურგში ცხოვრობდა, ხშირად ჩავდიოდი... მას შემდეგ ერთხელ (2006 თუ 2007) იყო ჩვენი დასი მოსკოვში საკონცერტო გამოსვლით. ჩემს მეგობრებთან და პედაგოგებთან ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუმცა დრო არასდროს მყოფნის: თეატრი, ოჯახი, გასტროლები, სწავლა... (Royal Ballet Upper School, პედაგოგ-რეპეტიტორთა კურსს ვამთავრებ წელს. სამუშაო მიპატიჟებებიც უკვე მაქვს).

კატო ჟღენტი

скачать dle 11.3