ინტიმური საუბრები
ვერ გავიგე, საცოლემ რატომ მიმატოვა
რამდენი დაფიქრება გმართებს კაცს ყოველი სიტყვის თქმისას!.. ჯერ მაშინ, როცა ფხიზელი ხარ და, მით უმეტეს – ნასვამ მდგომარეობაში. თუმცა, მთვრალი კაცი წინასწარ რას განსაზღვრავ, შენს ბჟუტურს რა მოჰყვება.
მყავდა შეყვარებული, უფრო სწორად, საცოლე – ჯვრისწერა და ქორწილი უკვე დანიშნული გვქონდა. მე და სოფო კარგად ვგრძნობდით თავს ერთად და თითქმის არასდროს ვჩხუბობდით; ერთმანეთის მიმართ პრაქტიკულად არ გვქონდა პრეტენზიები, თუ არ ჩავთვლით სოფოს უკმაყოფილებას ჩემი ფიცხი ხასიათის გამო – ზოგჯერ სულ უმნიშვნელო რამეზე ისეთი აფეთქება ვიცოდი, შეურაცხადი ვხდებოდი, მაგრამ, ორიოდ წუთში ეს სიფიცხე გამივლიდა და ვითომ არც არაფერი მომხდარა. ასეთი ვიყავი. ამ მინუსის გარდა, სოფოსთვის ყოველმხრივ დახვეწილი ჯენტლმენი, ნამდვილი ქართველი რაინდი ვიყავი და, სხვათა შორის, გულში მქონდა კიდეც ამის პრეტენზია. სოფოს დაქალებიც ყველგან მაქებდნენ და აღფრთოვანებულები იყვნენ ქალების მიმართ ჩემი რაინდული საქციელით (ეს სოფოსგან ვიცოდი). და, ასეთი ავტორიტეტის პატრონმა, ერთხელ ისეთი საბედისწერო შეცდომა დავუშვი, სოფოც დავკარგე და რაინდის სახელიც (მისი დაქალების თვალში).
ერთ დღეს მე და სოფო ქორწილში დაგვპატიჟა ჩემმა მეგობარმა და იქიდან კარგა შეზარხოშებული წამოვედი. სოფოს ვთხოვე, ცოტა ფეხით გავისეირნოთ-მეთქი. ერთი ასი მეტრი რომ გავიარეთ, ქუჩის კუთხეში საშინელ ჩხუბს გადავაწყდით: ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ისე ჩხუბობდნენ, იქაურობა ჰქონდათ აკლებული. უფრო სწორად, გოგო უკიოდა ბიჭს რაღაც სალანძღავ სიტყვებს და თან ურტყამდა. გოგოს მოქნეული ხელი ბიჭს ხან მხარში ხვდებოდა, ხან – სახეში, ის კი, იმის ნაცვლად, გაბრაზებულიყო, მხოლოდ ხელებს უჭერდა და ეხვეწებოდა, დაწყნარდი და მომისმინე, ყველაფერს აგიხსნიო.
ჩვენ მათ საქმეში არ ჩავრეულვართ, უხმოდ ჩავუარეთ – შეყვარებულების ჩხუბში ჩარევა სისულელეა. ცოტათი რომ გავცდით, ერთი შემთხვევა გამახსენდა და ხმამაღლა გამეცინა. სოფომ მკითხა, რაზე იცინიო და მეც, სულელივით მოვუყევი: ერთხელ, ბიჭობაში, ერთმა ნაშამ სახეში გამარტყა და ისე ვცემე შუა ქუჩაში, გამვლელს რომ არ გავეჩერებინე, შემომაკვდებოდა-მეთქი. სოფო გაოგნდა და ჩამეკითხა – ქალს ურტყამდიო? ქალი კი არა, ნაშა იყო-მეთქი, ვუთხარი და ისევ გავიცინე, მაგრამ, სიცილი სახეზე შემეყინა, მაშინვე გამოვფხიზლდი, სოფოს გაოგნებული თვალები რომ დავინახე. მერე კი მითხრა: მეც სიამოვნებით გაგარტყამდი, მაგრამ, მეშინია, იმ ნაშასავით არ გამიდო ფეხქვეშ. ამიტომ, ცემა-ტყეპის გარეშე, კატეგორიულად გეუბნები, ჩემთან არც დარეკვა და არც მოსვლა აღარ გაბედო, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. კარგია, რომ დროულად გავიგე, ვინც ყოფილხარო. მერე ნიშნობის ბეჭედი სახეში მესროლა და წავიდა.
ასე უაზროდ დავკარგე საცოლე და დღესაც ვერ ვხვდები, ვიღაც ნაშის გამო ასე რატომ გამიბრაზდა.
გუჯა, 33 წლის.