ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახური ძალადობის დანაშაულთა შემთხვევებში მოძალადედ და ვინ – მსხვერპლად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოძალადე არის ოჯახის ის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ. მსხვერპლია ოჯახის ის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კონკრეტულად მსხვერპლი, შესაძლებელია, იყოს დედა, მამა, ბაბუა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ღონისძიებები და მექანიზმებია გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით კონკრეტული ოჯახური ძალადობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთისთვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. კერძოდ, სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის სახით; აგრეთვე, მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ გამოსცემს ოჯახური ძალადობის ფაქტზე დამცავ ორდერს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. დამცავი ორდერი გამოიცემა 3 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო; ასევე, დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხს განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და, დამატებით, არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ გამოსცემს ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემაკავებელ ორდერს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ჩაითვლებიან თუ არა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ის პირები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო ყალბი ბრალდებით ისხდნენ ციხეში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, ასევე, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ განმიმარტოთ, ზოგადად რა სახის ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე პოლიტიკური რეპრესიის განხორციელებად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა: სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ, რა პროცედურების დაცვითა და გამოყენებით ხდება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლო წესით. კერძოდ, განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით მემკვიდრე. განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას გულისხმობს ტერმინი „გადასახადების ადმინისტრირება“?
პასუხი: გაცნობებთ, რომ გადასახადების ადმინისტრირება არის გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასა და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.