კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წვლილი მიუძღვის ვიტალი დარასელიას „კარლ ცაისთან“ ცნობილი გოლის გატანაში ნუკრი კაკილაშვილს და რა ხდებოდა დიუსელდორფში გამარჯვების შემდეგ

 ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამაჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გვინდა, გავიხსენოთ ის ლეგენდარული ნაკრები, თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავური შემადგენლობა, რომელმაც ქვეყანას წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა. 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასი დინამოელებმა თბილისში ჩამოიტანეს, რასაც დაუსრულებელი ზეიმი და ქეიფი მოჰყვა. „დინამოს“ ნახევარმცველი ნუკრი კაკილაშვილი ვარსკვლავური შემადგენლობის ყველაზე მცირეწლოვანი ფეხბურთელი იყო, სწორედ მასთან ერთად გავიხსენეთ 32 წლის წინანდელი 13 მაისი. 

 ნუკრი კაკილაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდესი გამარჯვების, მთელი ქართველი ერის ზეიმის მონაწილე გავხდი. მით უმეტეს, რომ გუნდში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი – ოცი წლის ბიჭი, ოცდაერთის ვხდებოდი. განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა ის, რომ ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, მათ გვერდით ვიყავი. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველა ვარსკვლავი იყო – მეკარიდან დაწყებული რამაზ შენგელიათი დამთავრებული. ამ თასის მოგება ასე ადვილი არ იყო, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. 

– თამაშამდე, ალბათ, ყველაზე მეტს თქვენ ნერვიულობდით, როგორც ყველაზე პატარა...

– რა თქმა უნდა, საშინელი ღელვა მქონდა. მთელი ღამე არ მეძინა, მარტო მე კი არა, მთელ გუნდს. ძალიან საპასუხისმგებლო თამაში იყო, საერთოდ, ფინალი ძალიან რთული სათამაშოა. არ მქონდა თბილისის „დინამოში“ დიდი ხნის თამაშის გამოცდილება, ახალი მისული ვიყავი გუნდში...

– თქვენ დაბლოკეთ გერმანელი მცველი, რისი დახმარებითაც ვიტალი დარასელიამ ცნობილი გოლი გაიტანა.

– ოცდათორმეტი წელიწადია ეს მესმის – დაბლოკე, დაბლოკეო... ლომის წილი ამ ყველაფერში ვიტალი დარასელიას ეკუთვნის, რაღაც ძალიან პატარა წვლილი, ალბათ, ჩემი შეტანილიცაა. უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ გამარჯვებას, რაც ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ. მაშინ აბა, მობილურები და რაღაცეები სად იყო. ჩვენთან ერთად გულშემატკივრების მცირე ჯგუფი იყო წამოსული, რამდენიმე ფეხბურთელის ცოლი და ცნობილი ადამიანები. ცეკას დახმარებით ხდებოდა ასეთ ჯგუფებში ჩასმა. ძალიან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდით დიუსელდორფში, რომელსაც პატარა მოედანიც ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი იყო სასტუმროს დირექტორი, რომელიც ჩვენ მიმართ დიდი სიმპათიით განეწყო და გვგულშემატკივრობდა. მოკლედ, მხარდამჭერები გვყავდა და იქაც დიდი ზეიმი დაიწყო ჩვენი გამარჯვების შემდეგ. მე და ვოვა გუცაევი დოპინგ-კონტროლზე შესამოწმებლად დაგვტოვეს და ორი საათის დაგვიანებით მივედით სასტუმროში. 

– დოპინგი ის კი არა, რომ გაგეკეთებინათ, ალბათ, გაგებულიც არ გქონდათ.

– წინა საღამოს გაბელიას სიცხე ჰქონდა და ჩვენი გუნდის ექიმმა წამალი ვერ მისცა, რადგან არ იცოდა, რომელი პრეპარატები ითვლებოდა დოპინგად და რომელი შეიძლება დოპინგ-კონტროლს ამოეგდო. ღამით გაბელიასაც დაეწია სიცხე და ყველაფერი კარგად დასრულდა. მოკლედ, მე და გუცაევი რომ მივედით სასტუმროში, უკვე დიდი ქეიფი იყო გაჩაღებული. ჯანო ბაგრატიონი თამადა იყო და ხალხი უკვე მოგებული თასიდან სვამდა. ნოდარ ახალკაცი იმ საღამოს ოთახიდან არ გამოსულა – გართობის საშუალება და ერთი ჭიქა სასმლის დალევის უფლება მოგვცა...

– ასეთი სიმკაცრე იყო?

– ძალიან მკაცრ პირობებში ვიყავით... ასეთ რეჟიმში რომ არ ვყოფილიყავით, ამ წარმატებასაც ვერ მივაღწევდით. მერე უკვე ჩამოვედით  და თვითმფრინავს ტრაპი მოადგეს თუ არა, მივხვდით, რაც ხდებოდა. გაგვაფრთხილეს, რომ გარეთ ზღვა ხალხი გველოდებოდა. ავტობუსში ძლივს ავედით. მთელი გზა აეროპორტიდან დიღმის ბაზამდე, გარეთ ხალხი იდგა, გვესალმებოდნენ და გვეფერებოდნენ. სიტყვებით იმის გადმოცემა რთულია, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობდა. 

– ფეხბურთს თავი ადრე დაანებეთ?

– ფეხბურთს სულ ათი წელი ვთამაშობდი. თავი მაშინ დავანებე, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი გამოცხადდა. ყოველ შემთხვევაში, კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვითამაშე და რა შედეგებსაც მივაღწიე.

–  ჩვენი თანამშრომელი ყვებოდა, თუ როგორ გიბრაზდებოდათ მისი დიდი ბებია – თქვენი ბავშვობის დროინდელი მეზობელი, რადგან სულ ფანჯრებს უმტვრევდით და ყურძენს უფუჭებდით...

– მართლა, ერისთავის ქუჩაზე (იცინის)?! იყო ეგ პერიოდიც. ხულიგანი ბავშვი არ ვყოფილვარ, მაგრამ ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობდი, უზომოდ მიყვარდა. მაშინ ქუჩის, ეზოს ფეხბურთი ძალიან მაღალ დონეზე იყო... დღეს ეზოს ფეხბურთის არარსებობის გამოა ჩვენი ფეხბურთი ასეთ დღეში. თუ მეზობელ ბებოს ფანჯრები არ ჩაულეწე, ისე ფეხბურთელი ვერ დადგები (იცინის).

– მაშინ, როცა მეზობელ ბებოებს ფანჯრებს უმტვრევდით, ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, თასების მფლობელთა თასს აიღებდით და მერე კიდევ დინამოს სტადიონის დირექტორი გახდებოდით?

– რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდი, მით უფრო, რომ ოჯახის წევრები ჩემი ფეხბურთელობის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. დედაჩემი და ჩემი და ექიმები არიან და უნდოდათ, მეც ექიმი გავმხდარიყავი. მამაჩემი ძველი ფეხბურთელი იყო და ის მიჭერდა მხარს. თან ხედავდა, რომ თამაშის მონაცემები მქონდა. მიმიყვანა ოცდამეთხუთმეტე სკოლაში, იქ დავიწყე თამაში. საფეხბურთო სკოლის შემდეგ პირდაპირ ნოდარ ახალკაცმა ამიყვანა „დინამოში“, რაც იმ პერიოდში წარმოუდგენელი ამბავი იყო.  პირველი ხელფასი რომ დამინიშნეს, სასწაული მოვლენა იყო – სამოცი მანეთი მქონდა.

– ეს მაშინ დიდი ფული იყო?

– დიდი ფული არ იყო, მაგრამ „დინამოში“ ფულის გამო არავინ თამაშობდა, ეს სხვა სახელი და პრესტიჟი იყო, სხვა სიამაყის საგანი. ძალიან მკაცრი რეჟიმით ვცხოვრობდით, მაგრამ ამის გამო არავინ წუწუნებდა.

– მახსოვს, ბატონ რამაზ შენგელიასთან მქონდა ინტერვიუ და ვსაუბრობდით იმაზე, რომ „დინამო“ მაშინ ყველა აკრძალულ ქვეყანაში დადიოდა. თამაშთან ერთად, კარგადაც ცხოვრობდით, ალბათ-მეთქი, რაზეც მითხრა, აეროპორტისა და ბაზის გარდა, საერთოდ ვერსად ვერაფერს ვხედავდით ისეთ რეჟიმში ვცხოვრობდითო...

– გარედან ყოველთვის სხვანაირად ჩანდა ჩვენი ცხოვრება – დავდიოდით, ვმოგზაურობდით, ვერთობოდით... რეალურად კი, მთელი წელი შეკრებებზე ვიყავით, ოჯახებშიც არ გვიშვებდნენ. ჩემი მეუღლე დამეთანხმება, რომ ასე იყო. ერთი დღე თუ გაგვიშვებდნენ სახლში, გვიხაროდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვთამაშობდით, სადაც უძლიერესი კლუბები გამოდიოდნენ. თამაშამდე ოთხი დღით ადრე ახალკაცს შეკრებაზე გადავყავდით და ბაზაზე ვცხოვრობდით – ვარჯიში, კვება, დასვენება... „საგულაოდ“ არასდროს გვეცალა. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები ბაზაზე გავატარეთ. 

– პარალელურად მიმდინარეობდა თქვენი პირადი ცხოვრებაც – ამ სპორტული რეჟიმის პირობებში დაქორწინდით...

– დიახ, ოცდახუთი წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. სამი შვილი გვყავს – ნიკუშა, ანანო და ლიზი. ჩემი უდიდესი გულშემატკივარი გახლდათ ანანო, ოცდაოთხი საათი ჩემთან ერთად იყო. ალბათ იცით, გოგოებს მამების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვთ. ხანდახან თუ მოვახერხებდი და სახლიდან გავეპარებოდი, ერთ ამბავს ტეხდა. ვარჯიშებზე, ბაზაზე ყოფნისას, სტუმრად, მეგობრებთან სუფრაზეც, სულ თან მყავდა. აკონტროლებდა რამდენს ვსვამდი, დედამისს აბარებდა მერე ანგარიშს (იცინის). ნიკუშა უფრო ხელოვნებისკენ წავიდა, სპორტი საერთოდ არ აინტერესებდა. ანანო კი ბიჭად უნდა დაბადებულიყო, სუფთა გადარეულია. მინდოდა ნიკუშას ფეხბურთი ეთამაშა, მივიყვანე კიდეც, მაგრამ ჩემი ხათრით დადიოდა, საერთოდ, არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ერთხელაც მივედი ვარჯიშზე, რომ მენახა, რას შვრებოდა, მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე. არ ვარ ბრმა მამა და ზუსტად დავინახე, რომ მას არ ჰქონდა ამის მონაცემები. სამაგიეროდ, წარმატებით აკეთებს იმ საქმეებს, რომელიც მოსწონს. ლიზი კი ჯერ პატარაა, ჯერ პროფესია არ აურჩევია. ახლა ანანოს პატარა ნიკუშაც გვყავს. შვილიშვილი ეს სულ სხვა ფენომენი, სულ სხვა სიყვარული ყოფილა. 

– ახლა რას საქმიანობთ?

– ამჟამად რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს და მერე შევხედავ სიტუაციას. ძალიან რთული ოპერაციები გამიკეთდა, ოთხი თვის განმავლობაში ცხრა ოპერაცია გავიკეთე, შვიდი – თბილისში ორი – თურქეთში. სტანდარტული ოპერაცია ექიმების დაუდევრობის გამო ისე გართულდა, ძლივს გადავრჩი. თურქეთის კლინიკის ექიმებმა მითხრეს, ერთი დღეც რომ დაგეგვიანებინათ, ვეღარ გადაგარჩენდითო. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებს უკავშირდებოდა და მისი ფონდი დამეხმარა. ასევე, მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს უსაყვარლეს არველაძეებს, შოთი გვერდიდან არ მომშორებია. ოთხი თვე გათიშული ვიყავი, ცოტა ხანი კიდევ მჭირდება ფორმაში მოსასვლელად და მერე ისევ ფეხბურთს დავუბრუნდები.

скачать dle 11.3