რამდენ ნაწილად ყოფს სამყაროს ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და რა აკავშირებს მას ჰოლივუდის ლეგენდასთან – ლორენ ბეკოლთან
უხუცესი ებრაელი პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკური კარიერა 70 წლის განმავლობაში გრძელდება. ისრაელის მოქმედი პრეზიდენტი, 89 წლის შიმონ პერესი, 2013 წლის 2 იანვრიდან მსოფლიოს უხუცესი მმართველია. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია პრესისთვის, რადგან, 2 აგვისტოს იგი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ამ ნომრიდან შეიტყობთ.
* შიმონ პერესი (ნამდვილი გვარი – პერსკი), 1923 წლის 2 აგვისტოს დაიბადა ვიშნიავაში, იმ დროს პოლონეთის, ამჟამად კი ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე სოფელში. მამა – იცხაკ პერსკი, პილომასალით ვაჭრობდა, ხოლო დედა – სარა მელცერი, ბიბლიოთეკაში მუშაობდა და რუსულ ენას ასწავლიდა სკოლაში. სახლში ოჯახის წევრები ძირითადად იდიშზე საუბრობდნენ, თუმცა პოლონურ და რუსულ ენებზეც მიღებული იყო საუბარი. დედის მხრიდან ბაბუის, რაბინ ცვი მელცერის გავლენით, შიმონი ადრეულ ასაკში ეზიარა თორსა და ებრაულ პოეზიას. 4 წლის ასაკში ის უკვე წერდა ლექსებს და ასევე კითხულობდა რუსი კლასიკოსების – დოსტოევსკისა და ტოლსტოის ნაწარმოებებს. 1931 წელს იცხაკ პერსკი პალესტინაში გადავიდა საცხოვრებლად, 1934 წელს კი თავისი ოჯახიც წაიყვანა. საგულისხმოა, რომ ვიშნიავაში დარჩენილი პერესების მთელი ნათესაობა 1941 წელს ნაცისტური გერმანიის ჯარებმა გაანადგურეს – სოფლის სინაგოგაში ჩაკეტეს და დაწვეს.
* 1994 წელს, ისრაელის საგარეო მინისტრად მუშაობის პერიოდში, შიმონ პერესი სამუშაო ვიზიტით ეწვია ბელარუსის რესპუბლიკას. ვიზიტის დროს პერესი ესტუმრა იმ სოფელს, სადაც დაიბადა და სადაც ბავშვობის წლები ჰქონდა გატარებული. აღმოჩნდა, რომ ერთ დროს ებრაელების სოფლად წოდებულ ვიშნიავაში არც ერთი ებრაელი აღარ ცხოვრობდა, ხოლო პერსკების საკარმიდამოდან მხოლოდ ჭა იყო დარჩენილი. მოგვიანებით მიცემულ ინტერვიუში პერესი იხსენებდა, რომ სოფლის ებრაელების სასაფლაო ვანდალების მიერ იყო განადგურებული, ებრაელების სალოცავში მაღაზია იყო გახსნილი, სადაც ღორის ხორცს ყიდდნენ, ხოლო ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს თვითონ პერესი იქაურ ჩინოვნიკში აერია და მუხლებზე დაცემული სთხოვდა ფინანსურ დახმარებას. მას შემდეგ შიმონ პერესს აღარ გასჩენია სურვილი, სწვეოდა ბელარუსს.
* შიმონ პერესი და პოპულარული ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვეტერანი ლორენ ბეკოლი ახლო ნათესავები გამოდგნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს პერესი შეხვდა ბეკოლს, რომელმაც უთხრა, რომ მამამისიც იმ სოფლიდან იყო წარმოშობით, სადაც პერესი დაიბადა. აღმოჩნდა, რომ ბეკოლის ნამდვილი სახელია ბეტი ჯოან პერსკი, ხოლო მამამისი შიმონის ბიძაშვილი იყო. ლორენ ბეკოლი ცნობილი 40-იან წლებში გახდა, როდესაც ჰოლივუდის ლეგენდასთან, ჰემფრი ბოგარტთან ერთად მონაწილეობდა ფილმებში. ფილმების გარდა მათ ქორწინებაც აკავშირებდათ. ამერიკის კინოს ინსტიტუტის მიერ ბეკოლი ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად არის აღიარებული ჰოლივუდის ისტორიაში.
* ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შიმონ პერესმა ცნობილი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის – „ენტებეს რეიდის” ორგანიზებით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს. შეგახსენებთ, რომ 1976 წლის 27 ივნისს პალესტინელმა და გერმანელმა ტერორისტებმა „ეირ ფრანსის” თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელზეც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ტერორისტები იმუქრებოდნენ, რომ დახოცავდნენ მძევლებს, თუკი ისრაელის მთავრობა არ გაათავისუფლებდა 57 დაპატიმრებულ პალესტინელ ექსტრემისტს. ისრაელის მთავრობა მზად იყო, წასულიყო მოლაპარაკებებზე, მაგრამ, პერესი აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. საბოლოოდ, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც უგანდის დედაქალაქის აეროპორტში ჩატარდა და რომელსაც უშუალოდ შიმონ პერესი ხელმძღვანელობდა, ყველა ტერორისტი დაპატიმრებულ ან ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო თვითმფრინავის მგზავრებიდან არავინ დაზარალებულა. ერთადერთი დაღუპული ებრაელი სამხედრო, ისრაელის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის – ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა იყო.
* შიმონ პერესი საკუთარ თავს ისრაელის ნომერ პირველ ფეხბურთელად მოიხსენიებს. 2009 წლის აგვისტოში შიმონ პერესს დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით ისრაელში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი პრეზიდენტისთვის ისრაელის საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე 16 გუნდის 16 კაპიტნის მასთან სტუმრობა იყო, რომლებმაც მიულოცეს შიმონ პერესს იუბილე და საჩუქრად ისრაელის საფეხბურთო ნაკრების მაისური გადასცეს, რომელზეც ციფრი „1“ ეწერა. აღსანიშნავია, რომ შიმონ პერესი საკუთარ დაბადების დღეს ებრაული კალენდრის მიხედვით აღნიშნავს, ამიტომ, ზუსტად არავინ იცის, სინამდვილეში როდის აქვს დაბადების დღე ღვაწლმოსილ პოლიტიკოსს. მაგალითად, თავისი 70 წლის იუბილე პერესმა 20 აგვისტოს აღნიშნა, ხოლო მე-80 დაბადების დღე – 16 აგვისტოს (ებრაელების კალენდარში, ჩვეულებრივ, წელიწადში 353-355 დღეა, ხოლო ნაკიანში – 383-385 დღე). ოფიციალურ წყაროებში კი, დაბადების თარიღად 1923 წლის 2 აგვისტოა ნაჩვენები.
* 89 წლის შიმონ პერესის თქმით, მისთვის სამყარო ორ ნაწილად იყოფა – წიგნებად და მეგობრებად. ებრაელებით დასახლებულ სოფელ ვიშნიავაში (მაშინდელი პოლონეთის და დღეს ბელარუსის ტერიტორია) დაბადებული შიმონ პერსკის თანატოლები „სენია პერსკის“ ეძახდნენ. შიმონი საინტერესო რეპორტაჟებსაც ამზადებდა და, აღსანიშნავია, რომ ამას ის ქალის ფსევდონიმით აკეთებდა. რეპორტაჟები გაერთიანებული იყო წიგნში, სახელად – „ქალის დღიურები”. პერესი რამდენიმე ათეული წიგნის ავტორია; გარდა ამისა, ის არის ვლადიმირ ნაბოკოვის, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ბორის პასტერნაკის ნაწარმოებების ებრაულ ენაზე თარგმანების ავტორიც. აღსანიშნავია, რომ შიმონი თავისუფლად ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
* ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა დაწერა სიმღერის ტექსტი, სახელად „იმედის სხივი”. მელოდიის ავტორის მოსაძებნად კი მან ცნობილ ინტერნეტ ვებ-გვერდს – songweavers.com-ს მიმართა, სადაც ერთმანეთს ეკონტაქტებიან კომპოზიტორები, მუსიკოსები და ტექსტების ავტორები. პერესის განცხადებას რამდენიმე კომპოზიტორი გამოეხმაურა, რომლებმაც თავიანთი მელოდია დაადეს ტექსტს. საბოლოოდ, სიმღერის რამდენიმე ჟანრული ვერსია გამოვიდა, დაწყებული მძიმე როკით და დამთავრებული ალტერნატიული ჯაზით. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მელოდიის ავტორი ირანელი კომპოზიტორი სადრი განდეჰარი აღმოჩნდა. ეს ფაქტი კი იმიტომ არის საინტერესო, რომ ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტად არჩევის დღიდან იმუქრება, რომ წაშლის მსოფლიო რუკიდან ქვეყანას, სახელად – ისრაელი.
* შიმონ პერესს არაერთხელ აქვს ხაზგასმული, რომ საკუთარ თავს მომავლის ადამიანად მიიჩნევს და ხშირ შემთხვევაში მის თანამედროვეებს უძნელდებათ მისი აზრების გაგება. პერესი ფუტუროლოგიის მიმდევარია და საერთოდ არ ინტერესდება წარსული ისტორიით. მისი აზრით, უმთავრესია, ადამიანი იყოს ფანტაზიორი და მეოცნებე, ვიდრე კარგად იცოდეს შუა საუკუნეების ისტორია. თავის დროზე პერესი სამსახურიდან ათავისუფლებდა სამხედრო დაზვერვის იმ სპეციალისტებს, რომელთა შორისაც მისი აზრით, ის ვერ პოულობდა „მომავლის განჭვრეტის სპეციალისტებს”.
* დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ, ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ბრიტანული იმპერიის რაინდად აკურთხა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაიმართა, პერესმა დედოფლისგან მიიღო წმიდა მიხეილისა და წმიდა გიორგის ორდენები. როგორც წესია, ორდენი გადაეცემა იმ პირს, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი დიდი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ქვეყნების მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ამავე ორდენის კავალრები იყვნენ: რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში-უფროსი, „მაიკროსოფტის” დამაარსებელი ბილ გეითსი და ჯგუფ „იუთუს” სოლისტი ბონო.
* შიმონ პერესი ქვრივია – მისი მეუღლე, სონია პერესი, 2011 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. საგულისხმოა, რომ უკანასკნელი 20 წელი პერესი არ ცხოვრობდა ცოლთან. პერესს ჰყავს 3 შვილი და 6 შვილიშვილი. ქალიშვილი ცვია ვალდენი – ფილოლოგია; უფროსი ვაჟი, იონი პერესი – აგრონომი და ვეტერინარი, უმცროსი ვაჟი, ნეჰამია პერესი კი – ყოფილი სამხედრო მფრინავია და ამჟამად საინვესტიციო კომპანია „პიტანგოს” უდგას სათავეში.