მსოფლიოს 2013 წლის უმდიდრესი ქალების ტოპ-ათეული „ფორბსის” ვერსიით
ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა,” ტრადიციულად, მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგთან ერთად, ქალი მილიარდერების რეიტინგიც გამოაქვეყნა. 2013 წლის „ფორბსის” მილიარდერთა პირველ ასეულში სულ 14 ქალი მოხვდა, რომელთა კაპიტალი 30-10,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შორის მერყეობს და მათი საშუალო ასაკი 66 წელია.
ლილიან ბეტანკური და ოჯახი - საფრანგეთი
¹9 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 30 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ლ’ორეალი”; ასაკი: 90 წლის; ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი; შვილების რაოდენობა: 1.
90 წლის ასაკში ფრანგმა ლილიან ბეტანკურმა პირველად 1999 წლის შემდეგ, დაიბრუნა ადგილი მსოფლიო მილიარდერების პირველ ათეულში და გახდა პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალი. ლილიანი ოჯახთან ერთად ფლობს პარფიუმერიული გიგანტის – „ლორეალის” აქციათა 30 პროცენტს და იურიდიულად კომპანიის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეა. ამჟამად ლილიანის აქტივებს კომპანიაში მისი შვილიშვილი – ჟან-ვიქტორ მეიერი განაგებს, ხოლო ბეტანკურების ქონებას ლილიანის ქალიშვილი ფრანსუაზა. ბოლო წლებია, ლილიანი ალცჰეიმერის სენით არის დაავადებული და პრაქტიკულად ჩამოშორებულია კომპანიის საქმიანობას.
კრისტი უოლტონი – ამერიკის შეერთებული შტატები
¹11 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 28,2 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „უოლმარტი”, საცალო ვაჭრობა; ასაკი: 58 წლის; ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი; შვილების რაოდენობა: 1.
კრისტი უოლტონის პირადმა ქონებამ ახალ მაქსიმუმს „უოლმარტის” აქციების ფასის მატებით მიაღწია, თუმცა, ამის მიუხედავად, მან დაკარგა ყველაზე მდიდარი ქალის ტიტული, რომელსაც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ფლობდა. კრისტი თავისი ოჯახის წევრებს შორის ყველაზე მდიდარია, რაც მისი გარდაცლილი მეუღლის დამსახურებაა, რომელმაც თავის დროზე კაპიტალი დააბანდა მზის ენერგეტიკაში.
ელის უოლტონი – ამერიკის შეერთებული შტატები
¹16 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 26,3 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „უოლმარტი”, საცალო ვაჭრობა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება, ინვესტიციები ხელოვნებაში; ასაკი: 63 წლის; ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული.
უოლტონების ოჯახის ყველაზე გულუხვი ფილანტროპი, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებაზე. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ელის უოლტონს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტზე 2 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. ელის უოლტონი დროის უმეტეს ნაწილს ტეხასის შტატში, საკუთარ საჯინობოში ატარებს.
აირის ფონტბანა და ოჯახი – ჩილე
¹35 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 17,4 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ანტოფაგასტა”, სამთო-მრეწველობა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება; ასაკი: 70 წლის; ოჯახური მდგომარეობა: პირველ მეუღლესთან განქორწინებული, მეორე ქორწინებაში დაქვრივდა; შვილების რაოდენობა: 3.
ჩილელი მილიარდერი ანდრონიკ ლუქსისი 2005 წელს გარდაიცვალა კიბოთი და მას შემდეგ საოჯახო ბიზნესს მისი ქვრივი – აირის ფონტბანა განაგებს. ფონტბანას ოჯახი მსოფლიოში უდიდეს სპილენძის საბადოს აკონტროლებს. გარდა ამისა, ფონტბანას ოჯახი ხორვატიაში ფლობს კურორტების ქსელს – „პლავა ლაგუნას.”
ჟაკლინ მარსი – ამერიკის შეერთებული შტატები
¹36 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 17 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „მარსი” – საკონდიტრო ნაწარმი და შინაური ცხოველების საკვები, მემკვიდრეობით მიღებული ქონება; ასაკი: 73 წლის; ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული; შვილების რაოდენობა: 3;
ჟაკლინ მარსი ორ ძმასთან – ჯონ და ფორესტ-უმცროსთან ერთად, კომპანია „მარსის” მფლობელია მესამე თაობაში. კომპანიის მართვა მათ ხელში 1999 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით გადავიდა. კომპანიის საკუთრებაა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: შოკოლადი „მარსი”, „M&M’s”, „ტვიქსი” და, ასევე, საღეჭი რეზინის გიგანტი კომპანია „ვრიგლი”. „მარსის” ყველაზე ცნობილი პროდუქტია შოკოლადის ბატონი „სნიკერსი”. ასევე, კომპანიის საკუთრებაა კატებისა და ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები – „ვისკასი” და „პედიგრი”.
ჯორჯინა რაინჰარტი – ავსტრალია
¹36 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 17 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: სამთომომპოვებელი კომპანია „ჰენკოკ პროსპექტინგი”, მემკვიდრეობით მიღებული ქონება; ასაკი: 59 წლის; ოჯახური მდგომარეობა: პირველ მეუღლესთან – განქორწინებული, მეორე ქორწინებაში დაქვრივდა, შვილების რაოდენობა: 4.
რკინის მადანზე ფასის ვარდნის მიუხედავად, ავსტრალიელმა ჯორჯინა რაინჰარტმა შეინარჩუნა პოზიცია და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უმდიდრესი ქალის სტატუსს ფლობს. გასულ წელს მან დიდი დრო დაუთმო დაპირისპირებას მილიარდერ, სტენლი პერონთან, რომელიც მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. გარდა ამისა, ჯორჯინამ კომპანიის მართვას ჩამოაშორა საკუთარი შვილები.
სიუზან კლატენი – გერმანია
¹58 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 14,3 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ბეემვე” და ფარმაცევტული კომპანია „ალტანა”, მემკვიდრეობით მიღებული ქონება; ასაკი: 50 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; შვილების რაოდენობა: 3.
სიუზან კლატენი გერმანიის უმდიდრესი ქალია, რომელიც ფლობს „ბეემვეს” აქციების 12,6 პროცენტს, მემკვიდრეობით მიღებულს მამისგან, ჰერბერტ კვანდტისგან. საერთო ჯამში, კვანდტ-კლატენების ოჯახი ავტოკონცერნის აქციათა 50 პროცენტს ფლობს. ავტობიზნესის გარდა, სიუზან კლატენი ჩართულია ფარმაცევტულ ბიზნესში და ფლობს აქტივებს სასოფლო მეურნეობაში ინოვაციურ პროექტებზე მომუშავე კომპანიაში.
ებიგეილ ჯონსონი – ამერიკის შეერთებული შტატები
¹74 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 12,7 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: „ფიდელიტი”, მემკვიდრეობა; ასაკი: 51 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; შვილების რაოდენობა: 2.
ებიგეილ ჯონსონი სათავეში უდგას ბაბუის მიერ დაარსებულ ფინანსურ კორპორაცია „ფიდელიტს”, რომელიც უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება ამერიკის ბაზარზე. თავისი კარიერა ებიმ, როგორც მას ოჯახში უწდოებენ, 1988 წელს, ანალიტიკოსის თანამდებობით დაიწყო, დღესდღეობით კი უმსხვილესი აქციონერია.
მიუჩა პრადა - იტალია
¹78 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 12,4 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: ,,პრადა”, მემკვიდრეობა; ასაკი: 63 წლის; ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი; შვილების რაოდენობა: 2.
2012 წლის რეიტინგთან შედარებით, იტალიელმა მიუჩი პრადამ მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელა მილიარდერების რეიტინგში – 139-ე პოზიციიდან 78 პოზიციამდე ავიდა და ადგილი დაიმკვირდა ყველაზე მდიდარი ქალების პირველ ასეულში. მიუჩა პრადა იტალიის უმდიდრესი ქალბატონია. გასულ წელს კომპანიამ აბუ-დაბიში და ქუვეითში გახსნა მაღაზიები, ხოლო წელს ინდური ბაზრის დაპყრობისკენ აქვს აღებული გეზი აღებული.
ენ კოქს ჩემბერსი – ამერიკის შეერთებული შტატები
¹80 მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში; კაპიტალი: 12 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „კოქს ენთერფრაიზის”, მედია-კონცერნი; ასაკი: 93 წლის; ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული; შვილების რაოდენობა: 3.
ენ კოქს ჩემბერსის კომპანიის შემადგენლობაში შედის: საკაბელო ტელევიზია „კოქს კომუნიკეიშენი”, „კოქს მედია” (ათამდე გაზეთი და ჟურნალი, 15 ტელეარხი და 86 რადიოსადგური), ავტოაუქციონები „მანჰეიმი” და ვებ-საიტი „აუტოტრეიდერ.კომ”. 70-იან წლებში ენ კოქსი ბელგიაში ამერიკის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 80-იან წლებში „კოკა-კოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა. ამჟამად კომპანიას ჩემბერსის ნათესავი – ჯიმ კენედი უძღვება.