კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველოსთვის რა უცნაური ტექნოლოგიით მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა ფიარგადატრიალება

გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ფიარის იარაღი, როგორიცაა პრესა-ტელევიზია, სოციალური მედიის საშუალებები, გარე რეკლამები და სხვა, უმარტივესად ახერხებს, ჩემი და თქვენი, რიგითი მოქალაქეების, რბილად რომ ვთქვათ, ფიქრების მართვას და უხეშად თუ ვიტყვით – ზომბირებას, არა მხოლოდ გამართლდა, არამედ საშიში მასშტაბებით მატერიალიზდა. საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ფიარსპეციალისტთან, ქალბატონ ლელა ფირალიშვილთან საუბრის დროს, მხოლოდ ერთი სურვილი გამიჩნდა, გავწყვიტო ყოველგვარი კავშირი ტექნიკის მიღწევებთან. მაგრამ, მალევე მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ისე ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩემს ცნობიერში, რომ ეს მცდელობა მორიგი უსუსურობის გამოვლინებად დარჩება და ვერსად დავიმალები.

ლელა ფირალიშვილი: ვინც კი ფიარის მნიშვნელობაზე საუბრობს, მან კარგად იცის, რა ძალის მფლობელია ეს ტექნოლოგია. იგი ბიზნესისთვის დაიბადა და პროდუქტის მოთხოვნა-მიწოდების  რეგულირებას, პროდუქტზე მოთხოვნის გაჩენას  ემსახურებოდა. ეს არის ორმხრივი საკომუნიკაციო რეჟიმი. საზოგადოებრივ ურთიერთობებში რაღაც პროცენტით პროპაგანდისტული  მიმართულებაც დევს.

პოლიტიკაში მან ჰიპერტროფიული სახე მიიღო და იქცა პროპაგანდისტული მეთოდების ერთობლიობად. 

– რა განსხვავებაა ფიარსა და პროპაგანდას შორის?

–  არსებობს ფიარის დასავლური და რუსული, საბჭოთა გაგება. სახელმძღვანელოებშიც კი რუსები ფიარის სამ განზომილებაზე საუბრობენ. ეს სამი განზომილებაა – რეკლამა, პროპაგანდა და საინფორმაციო ომი. ისინი კომუნიკაციებს ამ სამ განზომილებაში ხედავენ. როგორც საკომუნიკაციო ტექნოლოგიას, ფიარს ძირითადად, პოლიტიკაზე ამუშავებენ. ჩვენ იმიტომ, რომ რუსეთის ორსაუკუნოვანი პროვინცია ვიყავით, „კოპი-პეისტით“ გვაქვს გადმოღებული ეს სისტემა და ჩვენთანაც პრაქტიკული ფიარი პროპაგანდას ნიშნავდა და ნიშნავს პოლიტიკოსებისთვის. ჩვენთან  ის საზოგადოებაზე ზემოქმედების ძალადობრივი იარაღია. თუმცა, ყველაფერი ამ დედამიწაზე შეიძლება იყოს მადლიანი და უკეთური. პროპაგანდა სჭირდება მადლიან იდეებსაც.  

ფიარის ტექნოლოგები დიდებულად ფლობენ ყველა ინტეგრირებულ ცოდნას  და ტექნოლოგიურ პროცესში გადაჰყავთ ის. კარგი ფიარტექნოლოგი უნდა იყოს კარგი სოციოლოგი, კარგად იცოდეს ეთნოკულტურა,  სიმბოლოთა თეორია, ძალაუფლების თეორია,  კომუნიკაციის თეორია... გავაგრძელო (იცინის)? მან არაჩვეულებრივად უნდა იცოდეს პერსონალური და მასობრივი ფსიქოლოგია, რიტორიკის თეორია. უნდა ფლობდეს  შემოქმედებით უნარებს, შემოქმედებითად ფლობდეს ენას და უნდა შეეძლოს, ხატოვან ფრაზად აქციოს  ამა თუ იმ იდეის  კონცეპტუალური სიღრმე. 

– არიან ასეთები საქართველოში? ქართულ პოლიტიკაში.

– არიან, მაგრამ ნაკლებად – პოლიტიკაში. პოლიტიკაში წასული ფიარისტი უცებ გრძნობს, რომ მისი პროფესიული თვალსაწიერი იკუმშება და ის პროპაგანდისტი ხდება. 

– რა არის პროპაგანდისტული ხერხები, რასაც თქვენ, როგორც პროფესიონალი, ძალიან იოლად ხვდებით და მერე შესაძლოა, გულიც გწყდებათ, რომ საზოგადოება მასზე ძალიან იოლად ეგება.

– ოცდაორი წელია, ვუყურებ  თუ როგორ იმართება ჩვენი საზოგადოება მხოლოდ პროპაგანდისტული ხერხებით. ქართულ საზოგადოებას არ აღმოაჩნდა ფილტრები. ჩვენი ისტორიის განმავლობაში, თუ ორ-სამ საუკუნეს არ ჩავთვლით, დიდი იმპერიების პროვინცია ვიყავით. მივეჩვიეთ ფიქრს, როგორც პროვინცია და დღესაც ჩვენი უმთავრესი პრობლემა სწორედ პროვინციალიზმია. ჯერ ვერ ვხვდებით, რომ  ჩვენი ქვეყანა ჩვენვე  გვაბარია.  უფრო მეტიც, ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი არსებობა გვაბარია; რომ ნამდვილად, აქ და ახლა  ვართ; რომ ჩვენ ვართ – პასუხისმგებელი საკუთარ ყოფნაზე, უფლის ხატი და მსგავსი ვართ,  შემოქმედებითი ნებით ვართ მისი მსგავსი. ვერ ვგრძნობთ,  რომ თითოეული ჩვენგანი  პასუხისმგებელია საკუთარ არსებობაზე, ფიქრზე, ქმედებაზე. ჩვენს პოლიტიკოსებს კი ეს აწყობთ. პოლიტიკოსები სხვაგვარდ მოტივირებულები არიან, მათი ინსტენცია მხოლოდ ძალაუფლებაზეა მიმართული. ვერ გრძნობენ, რომ ძალაუფლება და ხელისუფლება ორი სხვადასხვა რამ არის. ისინი ძალაუფლების ქვეშ  მოქცეული ადამიანების ენერგიით იკვებებიან და ჩვენ ეს არაერთხელ გამოვცადეთ.  გვეუბნებიან, მე გაგიკეთებ, მე დაგასაქმებ, მე გასწავლი, სახელმძღვანელოს დაგიწერ,  ევროპულ ღირებულებებს ჩაგინერგავ, მე ვიფიქრებ  შენ ნაცვლად,  მე ვიცხოვრებ და შენ როგორც ფარა წამომყევი. 

– და ფარას ეს მოსწონს.

– მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ძალიან ცოტა ხანს გვქონდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ეს უნარები არ გვაქვს განვითარებული.

– თუმცა, ევროპული თუ ამერიკული წინასაარჩევნო კამპანიებიც ამ საყოველთაო ლოზუნგებზეა აგებული – დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა...

– ცნობიერებით ცოტათი გვისწრებენ, ბევრით არა. იქ ასეთი  შინაარსითაა: მე შენთან ერთად. ჩვენს შემთხვევაში კი – მე შენს ნაცვლად. თუ ვიღაც ჩემს ნაცვლად სადილს გააკეთებს, ლექციას ჩაატარებს და იფიქრებს კიდეც, თითქოს ამას რა ჯობია, წამოვწვები, დავიძინებ. მაგრამ, ის, რომ მხოლოდ არსებობაში ხორციელდები და რომ ხორციელდები, მხოლოდ  მაშინ არსებობ – ეს ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის.

– რა ხერხებით გვმართავენ?

– მარტივი. ადამიანებს ვამახსოვრებინებ რაღაცეებს, სადაც ჩართულია მგრძნობელობის ყველა ორგანო – ვიზუალი, აუდიალი, ვერბალი, კინესტატიკა... ღმერთმა მაპატიოს ასეთი შედარება, მაგრამ როგორც საკრალურ სივრცეში – ტაძარში  უამრავი რაღაც მუშაობს იმისთვის, რომ ღმერთი გამიცოცხლდეს, ღმერთი ვიგრძნო – იქნება ეს ლოცვა, სანთელი, გზა ტაძრამდე, რომელიც ყოველთვის აღმართია, ტაძრის  არქიტექტონიკა, გუმბათი, თორმეტი სარკმელი, რომელიც სინათლის სრულიად სხვა ენერგეტიკას წარმოშობს, გალობა, საკმევლის სუნი, ლიტურგიის დრო და სხვა. პოლიტიკოსებმა სწორედ ამის პროფანირება მოახდინეს საერო სივრცეში, ოღონდ მხოლოდ მათდამი ჩვენს ჰიპერმგრძნობელობას აცოცხლებენ. თან, ჩვენ ჩვენი ნებით კი არ მივდივართ მათკენ, ისინი საკუთარ ნებას გვახვევენ თავს.  წარმოიდგინეთ, წინასაარჩევნო პერიოდი, მხიარულად გაფორმებული ბილბორდები, თავისი სლოგანებით, ფერითა და ნიშანთა სისტემით; ამის გამეორება ათასჯერ სატელევიზიო, რადიო ეთერით, პრეზენტაციებზე; მუსიკალური კლიპები, მიძღვნები – „მიშა მაგარია“ და სხვა. გრძნობის ყველა ორგანო ჩართულია ამ პროცესში და ის გვისრუტავს.  

მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი –  რაც ღრმად მაქვს გამჯდარი ცნობიერში, იმის გარღვევა ურთულესია. წარმოიდგინეთ, როგორი რთული გასარღვევი იყო ბოლშევიზმის მთელი არქიტექტონიკა – დაწყებული მონუმენტური შენობებით, ძეგლებით, ტელევიზიით... ის მთლიანად აგებდა ადამიანის ცნობიერების სტრუქტურას. აქედან გაღწევას გენიოსის ძალისხმევა სჭირდებოდა. მთელი ენერგია აქედან გაღწევამ წაიღო. წარმოიდგინეთ, როგორ აწვებოდა ეს უზარმაზარი მანქანა ცნობიერს. ეს თავისებური ენაა, რომელშიც იბადები და ყალიბდები. ჩვენ  ფორმების ასეთ სივრცეში  დავიბადეთ და ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომ, მისგან თავის დაღწევა და ახალი შემოქმედებითი ფორმების შეთავაზება საკუთარი თავისთვის ურთულესია.

  არსებობს ასეთი ტერმინი, ასოცირებული საინფორმაციო წყარო, მაგალითად, ტელევიზია – როდესაც მიბმული ვარ ამა თუ იმ საინფორმაციო სივრცეს, საინფორმაციო ნაკადს და  საიდანაც ვიღებ საინფორმაციო ულუფებს, რადგან მასზე ზუსტად ისევე მაქვს მოთხოვნილება, როგორც საკვებზე. პროფესიონალმა ფიარისტმა იცის, რომ ინფორმაცია საზოგადოებას ულუფებად უნდა მიაწოდოს. ვიღაც კიდევ იმდენს აჭმევს...

– ორმოცდაათ ხინკალს ერთბაშად.

– დიახ. ეს შეცდომა ძირითადად, წვრილ-წვრილ პარტიებს მოსდით, რომლებიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ გვაწვდიან ინფორმაციულ  ულუფებს ძალიან დიდი დოზით, რომელსაც ვერ ვინელებ და თავი დამანებოს-მეთქი, ვამბობ. დიდი პარტიები კი წლების განმავლობაში სწორი დოზირებით აწვდიან საზოგადოებას ამ ულუფებს. მაგალითად, ავიღოთ ჩვენი წინა ხელისუფლება, რომელმაც შევარდნაძის პერიოდში თავი ოპოზიციონერად მოგვაწოდა. ამ დროს კი ეს „ოპოზიციონერები“ იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე – ზურაბ ჟვანია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოღაიდელი და სხვები. როგორ შეიძლება, სახელმწიფოს პირველი პირები ოპოზიციონერები ყოფილიყვნენ?!  მაგრამ, ეს დავიჯერეთ. არათუ დავიჯერეთ, ვარდებით ხელში რევოლუციაც მოვახდინეთ. უცნაური რამ მოხდა – რევოლუცია ანტიკორუფციის სახელით, მაშინ, როცა შევარდნაძემ თავისავე კაბინეტში დაუშვა ანტიკორუფციული საბჭოსა და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ ერთადერთი კორუფციონერი უმაღლესი რანგის მოხელე, ედუარდ შევარდნაძე გვყოლია, რომელმაც მისივე შექმნილი ანტიკორუფციული სახელმწიფო სტრუქტურებით  დაიწყო საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა. ახლა კი ახალი უცნაურობა გვქონდა. დაგროვდა „ანტინაციონალური“ განწყობა. რა საშინელებაა, ხვდებით?! ვამბობთ – ანტინაციონალური. ამ სახელს ჩანასახშივე ჰქონდა ორმაგი შინაარსობრივი დატვირთვა.  ნაციონალური მოძრაობა დასავლელისთვის  ნიშნავს სახელმწიფოებრივ მოძრაობას, ქართველისთვის კი ეროვნულ მოძრაობას. ამათ გათვალეს ასე – დასავლელები გაიგებენ როგორც სახელმწიფოებრივს, ქართველები როგორც ეროვნულს და ამ მესიჯის ორივე შინაარსი მშვენივრად იმუშავებსო და იმუშავა კიდეც. დღეს რომ  მათი  მეტამორფოზა მოხდა ეროვნულებად, ეს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ გათვლილი. მაშინაც ამაზე წამოეგო ხალხი. ახლა კი,  რადგან რებრენდინგი უნდათ,  სახელი პირდაპირ თარგმნეს – აი, ასეა. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ თუ ჩვენ ამ რეჟიმში დავრჩით, ნებისმიერი პოლიტიკოსი აქეთ წაგვიყვანს.  ახლა თავისუფალი ვარდნის რეჟიმი გვაქვს, თავისუფალი ვარდნიდან ფრენა ძნელადაა შესაძლებელი...

– ახლა რა სიტუაციაა სახელმწიფოებრივ ფიარში?

–  სახელმწიფო ფიარს ჯიარს ეძახიან.  ოცნების ლიდერმა  ნაციონალების პერიოდში არსებული ფიარის სრულიად ალტერნატიულ რეჟიმში გადაგვიყვანა. დიდი დოზით გამოიყენა სოციალური ქსელები.  ფიარი გავლენის აგენტებით ააწყო. ის ქართულ პოლიტიკაში არაჩვეულებრივად დახვეწილი ინფორმაციული ტექნოლოგიით შემოვიდა. პირველად სწორედ „იმედის“ ეთერში, ნანუკას შოუში, ყველაზე უფრო რეიტინგულ ნაციონალურ არხზე, მაღალრეიტინგულ გადაცემაში გამოჩნდა  მისი შვილი. ბერას სწორედ ის ენერგეტიკა აქვს, რომელიც ქართველმა იოლად აიტაცა. მით უფრო, რომ მან აქცენტები ძალზე გულწრფელად  გააკეთა ოჯახზე, დედისა და მამის სიყვარულსა და პატივისცემაზე, მათდამი მოწიწებაზე. ოჯახი კი საქართველოში  ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა.  ივანიშვილმა უცნაურად გაარღვია „მიშას ფიარი“.  აბა, გაიხსენეთ – არსებობდა „მითოლოგიური“ ფიგურა, რომელზეც მხოლოდ ჭორად თუ გავიგებდით რამეს – ის სრულიად  ვუალიზებული ფიგურა გახლდათ.  მხოლოდ წვეთ-წვეთად, კეთილი ხმები მოგვდიოდა მისი ქველმოქმედების შესახებ.  მერე გამოჩნდა მისი პირველი  ეპისტოლე, სრულიად არატრადიციული რამ სააკაშვილის პოლიტიკური პროპაგანდის მექანიზმებში. წერილი თითქოს არა მხოლოდ გაუმართავი ქართულით იყო დაწერილი, საერთოდ არ ჰქონდა სტრუქტურა. ძნელი  დასაჯერებელია, რომ ივანიშვილმა ვერ მონახა რამდენიმე  ნიჭიერი ფილოლოგი, რომ იდეალურად აეწყო წერილი. მაგრამ, ამ წერილის „ხალხურობით“ მოახერხა, რომ მთელი საზოგადოება იმწუთას  მისკენ მიბრუნებულიყო. ამ წერილის ფორმამ მოახერხა, რომ ნებისმიერი ადამიანის განხილვის საგნად ქცეულიყო.  ეს უკვე  შთამბეჭდავი იყო და მნიშვნელობა არ აქვს: ვინ აკრიტიკებდა და ვის მოსწონდა. ამ ბრიოლინით გადავარცხნილ, გაწკეპილ ქართულ  პოლიტიკურ ფიარში წერილმა ქარიშხალი დაატრიალა. 

 – ახლა რამდენად „ვბოლდებით“?

– ჩემთვის სრულიად გასაგები იყო, თუ რა ინფორმაციული  ტექნოლოგია მოიშველია   ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ ახლა რით „ვბოლდებით“ და მხოლოდ ინერციით. კონკრეტული იდეოლოგიური მესიჯი ჯერ არ გვაქვს. თუ ვიტყვით; „ევროპული ღირებულებები“, ეს უკვე მიშამ თქვა და ეს სიახლე არ არის.  თან, ნაციონალებმა მოახერხეს ევროპული ღირებულებების მიმართ ეჭვის გაჩენა. უმრავლესობამ არ იცის, რა არის ევროპული ღირებულება, მაგრამ იცის მიშა, რომელიც აღარ მოსწონს.  ამიტომაც ამბობს, აღარ მინდა მიშა, მინდა ვინმე სხვა. მაგრამ, ამ ვინმე სხვისგან  რა გვინდა, ან მას რა უნდა ჩვენგან,  ჯერ ვერ გამიგია. მოკლედ, ვართ მხიარულად. ახლა მოვიდა ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ ქვეყანასა და  საზოგადოებას ეკონომიკური ჩახუთულობისგან, ყელში წაჭერისგან გაათავისუფლებდა, შემოქმედებითი ნება  გაცოცხლდებოდა საზოგადოებაში. რა თქმა უნდა,  თითოეულ ადამიანზეა აქ ლაპარაკი. 

პოლიტიკას სამი რამ ქმნის – იდეა, ფული და კომუნიკაციები.  აქედან ორი რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა, ეს ვიცით. და აი, რაც შეეხება იდეას, ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება ასეთია, ეკონომიკის გაუმჯობესებით მივცემ ქართველ ხალხს მეტ სივრცეს, რათა გავუცოცხლო შემოქმედებითი ნება. შეიძლება, მთლად  ასეც არ არის და მინდა, ასე ვხედავდე. 

– ჭორების მანქანა როგორ მუშაობს? 

– ძალიან კარგად, საქართველოში ყველაზე კარგად.

– და ამ მანქანის ამუშავება, ალბათ, უფრო გააადვილა სოციალურმა ქსელებმა. ადრე თუ სოფლის ბირჟაზე ერთი იტყოდა და ყველა აიტაცებდა, ახლა ერთი სტატუსი ან ვიდეო, საკმარისია ჭორის ელვის სისწრაფით გასავრცელებლად. „კაგებეშნიკები“ აღარ არიან საჭირო. 

– არა, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი ბუნებრივად, ორგანულად არის „კაგებე“, სადაც ჩვენი ნებით ვყვებით ყველაფერს. ეს არის ნამდვილი ბირჟა, სოციალური ბირჟა,  გაცილებით უფრო მასშტაბური,  ვიდრე სოფლისაა.  ეს გახლავთ ურბანული ბირჟა, სადაც საკუთარი ფოტოებით თავი მოგვწონს, ყვავილებს ვდებთ, ბიჭუნებისა და გოგონების ფოტოებს და საკუთარი ნებით ვბირჟაობთ. მეც კი, რომელმაც ზუსტად ვიცი, ჩემი დრო ამას არ უნდა მივუძღვნა, უკანასკნელ ხანებში  მხოლოდ „ფეისბუქიდან“ ვიღებ ინფორმაციას. დასავლეთში ამის შესახებ  უამრავი თეორია არსებობს – ჩვენ უკვე ქსელურ ადამიანებს გვეძახიან.  მეცნიერები  განიცდიან, რომ ეს გზა ტაძრამდე ვერ მიგვიყვანსო, მაგრამ უკვე ჩამოვყალიბდით ქსელურ ადამიანებად. მოდი, ერთ მეტაფორას გამოვიყენებ, რას ნიშნავს, კედელი – „ვოლი“, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი იტყოდა. ის ნიშნავს  რაღაცის შეზღუდვას, ჩარჩოს.  ჰოდა, ამ კედლიდან ვეღარ გააღწევ. სულ ამ  საკუთარ კედელს ასკდები და მაინც ვერ გაგიღწევია იქიდან.  კედლის წაკითხვა კი ძალიან იოლია, როგორც გინდა დაშიფრული და დაკეტილი მქონდეს ის. ეს კონფიდენციალურობაც მხოლოდ საკუთარი კედლის მიმართ ინტერესის გაზრდისთვის მჭირდება. სერიოზული მეტაფორაა კედელი და ქსელი – კედლების ქსელი. ამ კედლების ქსელში ჭორის გავრცელება უადვილესია. ჭორი როდის მუშაობს? – როცა საქმე არ გაქვს. ჩვენი   განათლების დეფიციტის პირობებში  არ გვაქვს ინსტენციები საკუთარ თავზე, ამიტომ გვინდა, ან ამერიკელს ვგავდეთ, ან  ევროპელს, ან რუსს,  ან ჩინელს. წარმოუდგენლად დიდი დრო გვაქვს, რომელიც ჩვენით არ არის სავსე. აქ და ახლა არ ვარ, სამაგიეროდ,  დიდი ამბიციებით ვცხოვრობთ.  

 ძალიან გადავუხვიეთ თემიდან, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, დედამიწიდან შეიძლება ამოვვარდეთ თუ ენას არ გავუფრთხილდებით. იმ ენას, რომელზეც, ვთქვათ, თუნდაც  „ფიარი“  უნდა ავაგოთ. არაერთხელ მომისმენია იგივე „კრეატიული ტიპებისგან“,  ვინც ფიარზე მუშაობს, რომ ჩვენი ენა მესიჯებს ვერ გუობსო.  ჩვენს  ენაში ისეთი აფორიზმები და ანდაზებია, როგორ შეიძლება, „ენა მოგიბრუნდეს“ და  ამ ენაზე თქვა,  მოქნილი არ არისო. უბრალოდ, ჩვენ შეიძლება, ამ ენის მიმართ ისე დავკარგოთ მგრძნობელობა, რომ მისი დახმარებით შემოქმედებითი ვეღარაფერი გააკეთო. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: იმიტომ მჭირდება ჩემი ენა, რომ საზრისები ამოვთქვა ამ ენაზე, თორემ საზრისები თავისთავად ისედაც რომ არსებობს, მშვენივრად ვიცითო. 

скачать dle 11.3