რა არ დასცალადა მალხაზ გულაშვილს ციხეში და რას უკონტროლებდნენ მას პატიმრობისას
მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალი ხელისუფლების პირობებში ციხიდან გათავისუფლდა. რეზონანსული და სკანდალური საქმის პატიმარს ციხის საკნამდე დევნილობის მძიმე წელიწად-ნახევრის გავლა მოუხდა, რასაც დღეს ცხოვრების ყველაზე დიდ განსაცდელად, მაგრამ კარგ გამოცდილებად მიიჩნევს. როგორ ცხოვრობს მალხაზ გულაშვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ და რა ბედი ეწია იმ პროექტებს, რომლებზეც დევნილობასა და პატიმრობამდე მუშაობდა, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.
– საზოგადოებრივ აქტივობას საქმით ვუბრუნდები – აღვადგინეთ ინგლისურენოვანი გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი”, რომელიც უსასყიდლოდ ვრცელდება ყველა საკვანძო რგოლში: აეროპორტში, სასტუმროებში, ბიზნესკომპანიებში, საელჩოებში და ასე შემდეგ. გაზეთს ჰყავს ამერიკელი რედაქტორი, რომელმაც კარგად გაართვა თავი საქმეს. ჩემი გათავისუფლების შემდეგ, აღვადგინეთ საიტი, რომელიც უკვე ოთხენოვანია, ყოველდღიურად 25 ათასი ადამიანი შემოდის, რაც საქართველოში, საიტისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. თქვენს მკითხველს ახსოვს, ჩვენ 1995 წელს ჩავუყარეთ საფუძველი ბიზნეს-რეიტინგს, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებდით საუკეთესო ბიზნეს-კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად. იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი ოჯახი მოვყევით დევნაში, შემდეგ ერთი წელი გავატარე პატიმრობაში, ეს პროცესი შეჩერებული იყო, სამწუხაროდ, ბიზნეს-რეიტინგის მოწყობას უჩემოდ ვერ გაართვეს თავი. წელს აღვადგინეთ ეს ტრადიცია, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. 30 მაისს „ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება ბიზნეს-რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება, არც წელს დავარღვევთ ტრადიციას და გაიმარჯვებს საუკეთესო კომპანია. შეიძლება ითქვას, რომ მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსს” დიდი როლი შეჰქონდა ამ კომპანიების წარმატებული იმიჯის შექმნაში, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით. წლების განმავლობაში ბიზნეს-რეიტინგში იმარჯვებდნენ მხოლოდ საუკეთესო კომპანიები, რომელთაც გადაეცემოდათ ჩვენი ჰოლდინგის გარდამავალი, ოქროს მედალი. ბიზნესრეიტინგის მთავარი ამოცანა მისი დაარსების დღიდან იყო და არის ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „ჯორჯიან თაიმსს” მიაწოდა იმ კომპანიების სია, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში მილიონი და მეტი ლარი შეაქვთ. ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმოამდგენლებმა გამოავლინეს საუკეთესო და წარმატებული კომპანიების ტოპ-50, რომელთა შორის გამოვლინდება 25 საუკეთესო კომპანია. ისინი თავიანთ რიგებში გამოავლენენ გამარჯვებულს. ამ კომპანიებს შორისაა: „თიბისი ბანკი”, „სოკარ ჯორჯია”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „ჰაიდელბერგცემენტ-ჯორჯია”, „პეტროლიუმ ჯორჯია-გალფი”, „გუდვილი” და ასე შემდეგ. პროფესიონალურმა ჟიურიმ, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პატივსაცემი პიროვნებებით არის დაკომპლექტებული, საუკეთესო კომპანიები შეაფასა შემდეგი კრიტერიუმებით: მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ეფექტური მენეჯმენტი, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიები, ეფექტური მარკეტინგი, ქველმოქმედება (მეცენატობა) და ასე შემდეგ. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს სპონსორებსა და მხარდამჭერებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობას საქართველოში, ბიზნესმენთა ასოციაციას, ამერიკის სავაჭრო პალატას, რომელთაც ტრადიციული, პრესტიჟული ¹14 ბიზნეს-რეიტინგის ჩატარების საშუალება მოგვცეს.
– როდესაც ციხიდან გათავისუფლდით, ითქვა, რომ ცხოვრებას უფრო აქტიურად დაუკავშირებდით პოლიტიკას, ამ მხრივ არ გაქვთ გეგმები?
– დღეს, როდესაც საქართველო გათავისუფლებულია იმ შავი ჭირისგან, რასაც სააკაშვილის მმართველობა ჰქვია, მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე პოლიტიკა არ არის ჩემი ინტერესის სფერო, ძირითადად, დაკავებული ვარ ბიზნესით, მედია-გამომცემლობითა და დავინტერესდი სხვა მიმართულებებითაც. ვცდილობ, მოვიზიდო ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნიდან, იმ კავშირურთიერთობების წყალობით, რომელიც დევნილობის დროს ჩამომიყალიბდა როგორც რუსეთის, ასევე ევროპის ცნობილ ბიზნეს-სტრუქტურებთან.
– ამაზეა ნათქვამი, შარი ხეირად მექცაო.
– ეს ყოველთვის ასეა, დევნილობის დროს ერთი წელი გავატარე რუსეთში, ნახევარი წელი – აზერბაიჯანში, სწორედ მაშინ დავუახლოვდი იმ ბიზნესმენებს, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში ძალიან საინტერესო პროექტები შეიძლება განხორციელდეს. საკმაოდ ბევრს ვფიქრობ, აღვადგინო ჩვენი ჟურნალი და გადაცემა „კაპიტალი”, თუმცა ყველაფერი ერთად არ გამოდის და ამას დრო სჭირდება. საკუთარ თავზე გამოვცადე, როგორ შეიძლება, ერთ დღეს ყველაფერი თავზე დაგენგრეს. ის, რასაც 1993 წლიდან მოყოლებული ვაშენებდი, ერთ დღეში დაგვინგრია მიხეილ სააკაშვილის ხროვამ. აუცილებლად გამოვიყენებ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც რუსეთის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მაქვს. ამ მეგობრობის გამო, ლამის სამშობლოს მტრად გამომაცხადეს. დაიგეგმა ჩემი დაპატიმრების ოპერაცია. გახსოვთ, დაიწყო პროვოკაციები ჩემი მისამართით, ზეწოლის ქვეშ მოჰყვა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი. ამიტომაც გავხდი იძულებული, დამეტოვებინა საქართველო.
– მაშინ თქვენს გაქცევას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
– ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ერთს გეტყვით – როცა შენს ოჯახს და შვილს საშინელი საფრთხე ემუქრება, ქვეყნის დატოვებისთვის კი არა, იმისთვისაც მზად ხარ, სადაც მოგიხერხდება, იქ გადაიხვეწო, ოღონდ ისინი საფრთხისგან იხსნა. ჩემს შვილს პასპორტი არ ჰქონდა და იძულებული გავხდი, საზღვარი მთა-მთა გადამელახა. 35 კილომეტრი მე და ჩემმა ბიჭმა მთაში, ფეხით ვიარეთ. ძალიან ძნელი იყო ის გზა, ჩემთვის დევნილობა ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე – პატიმრობა. ნოსტალგია ძალიან საშინელი რამ ყოფილა, მით უფრო, როცა სხვაგან იძულების წესით გიწევს ცხოვრება. პატიმრობისას ვიცოდი, რომ ვიყავი საქართველოში და ჩემი პატიმრობა ღირდა იმად, ჩემი შვილი და ოჯახი ყოფილიყვნენ თავისუფლები. დღეს მეცინება, როცა ასეთი ამბებია ატეხილი ახალაიას პატიმრობასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, დაავიწყდათ, როგორ დაგვცინოდნენ და მიწასთან გვასწორებდნენ პატიმრებს. ნებისმიერ, გასაღების დამტარებელ, ეგრეთ წოდებულ „კლუჩნიკს,” შეეძლო შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩვენთვის. მეც ზუსტად ისე ვიტანჯებოდი გლდანის ციხეში, როგორც სხვები. 14 კვადრატულ მეტრ კამერაში 6 კაცი ვიჯექით. დღისით საწოლზე დაწოლის უფლებაც კი არ გვქონდა, პატარა ხმაურზეც კი გვართმევდნენ რადიოს. ციხეში ბევრს ვკითხულობდი, ბევრს ვწერდი, ლექსების ექვსი რვეული გამოვიტანე. როცა მოისურვებდნენ, მაშინ მართმევდნენ ჩანაწერებს, წამდაუწუმ მამოწმებდნენ, რას ვწერდი. უსაფრთხოების სამსახური ტექსტებსაც კი ამოწმებდა. მას შემდეგ, რაც ზონაში გადამიყვანეს, იქ თავისუფალი რეჟიმი იყო, ცოტა ამოვისუნთქე, გლდანის ციხის კვალობაზე ზონა კურორტზე ყოფნას ნიშნავდა. წიგნის დაწერაც დავიწყე, მაგრამ, ვერ მივიყვანე ბოლომდე, ამაზე ვხუმრობ კიდეც, ბიძინა ივანიშვილმა არ დამაცადა-მეთქი (იცინის).
– როგორ მიდის თქვენი ცხოვრება ციხიდან გათავისუფლების შემდეგ?
– ვცდილობ, რომ ფეხზე დავდგე. სამწლიანი წყვეტის შემდეგ, ეს იოლი არაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ციხეში დიდი გამოცდილება მივიღე – ვინც მეგობარი მეგონა, ის მეგობარი არ აღმოჩნდა, ვისაც არ ვიცნობდი, მეგობრად შევიძინე და გვერდში დამიდგნენ. ზოგიერთი მათგანი დღეს ისევ ციხეშია. ეს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელიც განსაცდელის გარეშე არ მოდის. ციხეში სიდინჯეც მომემატა, ემოციების მოთოკვა ვისწავლე, რაც ახლა ძალიან მადგება. პატიმრობის დროს ერთი დღე არ ჩამიგდია, სულ ვვარჯიშობდი. გარეთ რაც მაკლდა, იმას ვაკეთებდი, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს მივხედე (იცინის). მე არაფერს ვნანობ. ჩემი ქვეყნის, ეკლესიისა და ოჯახისთვის ვიჯექი. ეს ყველამ კარგად იცის, ამისთვის პატიმრობა კი ნამდვილად ღირდა.