რატომ არ უხსნიან ბრალს პოლიტმატიმრებსა და ჯაშუშებს და რატომ აძლევდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს გათავისუფლების შემდეგ თავისუფლად საქმინობის უფლებას
პარლამენტის გადაწყვეტილებით, 200-მდე პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, თუმცა, ჯერ ერთი, მათ ბიოგრაფიას კვლავ ამძიმებს ნასამართლობა და, რაც მთავარია, იმ 200 გამომძიებელ-პროკურორ-მოსამართლისთვის, რომლებმაც, როგორც გაირკვა, უკანონო ქმედებები ჩაიდინეს, ბუზიც არავის აუფრენია და, სავარაუდოდ, ახლა სხვა საქმეებსაც იძიებენ (ადვილად წარმოსადგენია, რამდენად „ნაყოფიერად“). მართალია, სიმონ კილაძე 2007 წლის 28 მარტს გათავისუფლდა, დაპატიმრებიდან და ჯაშუშობის ბრალდების წაყენებიდან ერთი წლის შემდეგ, თუმცა არც მისი რეაბილიტაცია მომხდარა. რაც ყველაზე საინტერესოა, მას საქმიანობის უფლებაც მიეცა და არანაირი შეზღუდვა არ დაწესებია (რაც სახელმწიფოს მხრიდან ცოტა უცნაური ქმედებაა, თუკი სჯეროდა, რომ საქმე მართლაც ჯაშუშთან ჰქონდა). სხვების მსგავსად, სიმონ კილაძეც მოითხოვს რეაბილიტაციას, მაგრამ პროცესი, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ჭიანურდება.
– ბატონო სიმონ, ერთგვარად კურიოზული სიტუაციაა: სხვა თემაა, თქვენ ეთანხმებოდით თუ არა ბრალდებას და მათ შეძლეს თუ არა ამის დამტკიცება, მაგრამ სახელმწიფომ ხომ ჩათვალა, რომ თქვენ ჯაშუშობდით. როდესაც გაგათავისუფლეს, სულ რაღაც, ერთი წლის შემდეგ, აღარ იყავით საშიში სახელმწიფოსთვის 2007 წლის 28 მარტის შემდეგ, თუ პირობა ჩამოგართვეს, რომ აღარ იჯაშუშებდით?
– ჯაშუშობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. წარმოიდგინეთ, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავე ერთ წელს ვიყავი პატიმრობაში, ერთი წლის შემდეგ გამომიშვეს და მქონდა საშუალება, დამეწყო საქმიანობა, არანაირი აკრძალვა არ მქონია. მართლაც, კურიოზული სიტუაცია იქმნება: თუ მე მართლაც ასეთი საშიში ვიყავი საზოგადოებისთვის, რატომ გამომიშვეს ადრე, რატომ არ მდევნიდნენ შემდეგ და რატომ არ მქონდა რამე შეზღუდვები. განაჩენში ყოველთვის იწერება, რომ ამა და ამ ადამიანს ეკისრება ესა და ეს შეზღუდვა, რაც ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა და რაც მოწმობს, რომ ჩემი „დანაშაული“ არ ყოფილა რეალური დანაშაული. ეს სპეციალურად მოაწყვეს, ფიარი გააკეთეს, რომ გადაეფარათ გირგვლიანის მკვლელობა მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ციხის ბუნტის სასტიკი ჩახშობა, თორემ თვითონაც კარგად იცოდნენ, რომ მე უდანაშაულო ვიყავი და საფრთხე არ ემუქრებოდათ ჩემგან.
– ბოლოს და ბოლოს, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა დაგაბრალეს?
– ჩემს განაჩენში მართლაც კურიოზული იყო ის, რომ ქვეყანა მითითებული არ არის, რომლის სასარგებლოდაც ვმუშაობდი. მეტიც, ჩემთვის ჩემი საქმე არ გაუცვნიათ, მე ის არ წამიკითხავს, თვითონ დაწერეს, შეთითხნეს, მე მხოლოდ ხელი მომაწერინეს და მაღიარებინეს. ამდენად, მე არ ვიცი, ჩემს საქმეში რა წერია.
– საიდან იცით, რომ ქვეყანა არ არის მითითებული?
– საქმეში შესაძლოა, მითითებული იყოს, რომელიც დახურულია და გრიფი „საიდუმლოდ“ ადევს, სასამართლო განაჩენში არ არის მითითებული ქვეყანა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმეში რაღაც ქვეყანას ჩაწერდნენ, იმ იმედით, რომ მაინც ვერავინ ნახავდა და ეს აბსურდული ჩანაწერები სამუდამოდ საზოგადოების თვალთახედვის მიღმა დარჩებოდა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, მე მივმართე პროკურატურას საქმის გადახედვის და ჩემი რეაბილიტაციის თაობაზე. მე დავადანაშაულე წინა ხელისუფლების ლიდერები: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამინდელი პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე. ასევე, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
– რა პასუხი მიიღეთ პროკურატურისგან? დაეტყოთ სიცოცხლის ნიშანწყალი?
– მე ვიყავი პროკურატურაში, მაინტერესებდა, გამეგო, როგორ მიდის პროცესი, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი, ჯერ ისევ „ნაციონალების“ მიერ მიღებული კანონებია ძალაში. ამიტომ საჭიროა ისეთი ცვლილების შეტანა, რომ შესაძლებელი გახდეს ამგვარი შეკერილი დანაშაულების გადასინჯვა.
– ანუ კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ გადაისინჯოს ეს დაგრიფული საქმეები?
– როგორც ბატონი არჩილ კბილაშვილი აცხადებდა, შექმნილია ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამნისტირებულების საქმეებზე, მოქალაქეთა განცხადებებზე, მაგრამ ეს ნაკლებად ეხება პოლიტიკური ელფერით შეკერილ საქმეებს. ჩვენი ტიპის საქმეების გადასასინჯად საჭიროა, ჩასწორდეს კანონი. მაგრამ, როგორც ვიცი, ძალიან ჭიანურდება ეს საკითხი. მე არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, შესაძლოა, საქმე გვქონდეს მუნდირის ღირსების ყალბ გაგებასთან, რადგან, თუ საქმეების გადახედვის შემდეგ რეპრესირებულთა უდანაშაულობა დადგინდება, მაშინ ბევრ სამართალდამცველსა და მართლმსაჯულების წარმომადგენელს მოუწევს პასუხისგება. ამდენად, მათთვის მძიმე სიტუაცია იქმნება. მე თუ მკითხავთ, ის გამომძიებლები, მოსამართლეები და პროკურორები საჯაროდ უნდა გამოსულიყვნენ პოლიტპატიმრების ამნისტიის შემდეგ და მათ მიერ წაყენებული ბრალდებები და გამოტანილი განაჩენები დაეცვათ, დაესაბუთებინათ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული პირები ნამდვილად დამნაშავეები არიან, ან ბოდიში უნდა მოეხადათ. ამ დროს კი ისინი ისევ თავიანთ თანამდებობებზე არიან და ხელფასებს იღებენ ბიუჯეტიდან.
– თქვენ გქონდათ ამ სისტემასთან უშუალო შეხება, არის რგოლი, რომელიც არ არის გასვრილი სიბინძურესა და უკანონობაში მათ შორის, ვინც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მუშაობდა ამ სისტემაში?
– სამართალდამცველი და მართლმსაჯულების სისტემა ძალიან რთული სისტემაა და ყველას თავისი ფუნქცია და მოვალეობა გააჩნია, მაგრამ ჩადენილი შეცდომების გამოსწორების საკითხი ყველაზე მეტად ეხება გამომძიებლებს, რომლებიც იძიებენ საქმეებს, პროკურორებს, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ ამ პროცესს და მოსამართლეებს.
– გასაგებია, ყველას ვერ გამოვცვლით, მაგრამ ვინც ამ სიბინძურეს აკეთებდა, ხომ უნდა აღიარებდეს მაინც, სულ მცირე, რომ სიბინძურეს აკეთებდა? ვის მივუტევოთ, თუ მონანიებას არავინ ითხოვს? როგორია ამ ტიპის საქმეებში სხვა ქვეყნების გამოცდილება?
– სამართლიანობის აღდგენის საკითხი ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი თემაა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მოუწია გერმანიის ომის შემდგომ ხელისუფლებას, როდესაც ფაშისტური პარტია აიკრძალა და მისი ლიდერები ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდნენ. აგრეთვე, იტალიაში, მუსოლინის შემდეგ; საბერძნეთში, შავი პოლკოვნიკების მმართველობის შემდეგ; ესპანეთში, ფრანკოს მმართველობის შემდეგ; ჩილეში, პინოჩეტის რეჟიმის შემდეგ; პორტუგალიაში, სალაზარის რეჟიმის შემდეგ. ასევე, აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებში: პოლონეთში, ჩეხეთში, იმავე გერმანიაში გაერთიანების შემდეგ. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაში ერთ-ერთი მთავარია მსხვერპლთა რეაბილიტაცია, სიმართლის გაგება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და მათი დასჯა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელდა პოლიტიკური წმენდები. იქ სამ პერიოდად მოხდა დენაციფიკაცია: პირველ პერიოდში აიკრძალა ნაცისტური სიმბოლიკა, გაზეთები, წიგნები და ბოლოს ნიურნბერგის პროცესით დაგვირგვინდა. მომდევნო პერიოდში დენაციფიკაცია შენელდა და ბევრი პარტიული ფუნქციონერი თავის ადგილას დარჩა. მართალია, ნიურნბერგის პროცესის შემდეგ მთავარი მოქმედი პირები დასაჯეს, მაგრამ ბევრმა, ვინც ნაცისტების დროსაც მუშაობდა, შეინარჩუნა თავისი ადგილი პროკურატურაში და ბევრმა ყოფილმა ნაცისტმა კარიერაც კი გაიკეთა. შეიძლება, მკითხველმა არც იცოდეს, რომ გერმანიის ფედერალური პრეზიდენტები – ჰაინრიხ ლიუბკე და კარლ კასტენსი ფაშისტური პარტიის წევრები იყვნენ. დენაციფიკაციის მესამე პერიოდი იწყება გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, რომელსაც შეიძლება, დავარქვათ გააზრების ფაზა. ამ დროს დაარსდა შტუტგარდის არქივი ნაციონალ-სოციალისტთა დანაშაულობების შესახებ. საინტერესოა, ასევე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ შექმნილი სიტუაცია პიროვნების უფლებების აღდგენის სფეროში. ყველა დაზარალებულს და რეპრესირებულს უფლება მიეცა, გასცნობოდა თავის დოსიეს.
– ფილმებში მინახავს.
– „შტაზში“, ანუ გერმანიის უშიშროებაში ყველა ადამიანზე შექმნილი იყო დოსიე, რომლებსაც მოეხსნათ გრიფი „საიდუმლოდ“ და დაზარალებული ინდივიდუალურად იღებდა გადაწყვეტილებებს, მიემართა თუ არა სასამართლოსთვის იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ეს საქმე შეუკერა. აგრეთვე, თუ მოისურვებდა, საჩივარი დაიწერებოდა და ის პიროვნება, პროკურორი თუ გამომძიებელი, საჯაროდ უნდა გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა, საზოგადოებისთვის ეთხოვა, რომ ლმობიერად მოპყრობოდა.
მაგალითად, ჩეხეთში 1991 წელს მიიღეს კანონი ლუსტრაციის შესახებ: ეს იყო ძალიან მკაცრი კანონი, რომელიც შემდეგ შეარბილეს, მაგრამ, საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა დამრღვევ სამართალდამცველებს – პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს, ჩადენილი შეცდომები საჯაროდ უნდა მოენანიებინათ და შემდეგ გადაწყვეტდნენ, რამდენად მძიმე იყო მათი შეცდომა: ან დატოვებდნენ თანამდებობებზე, ან გაათავისუფლებდნენ, ან დაიჭერდნენ. მაგრამ ისინი უნდა გამოსულიყვნენ საჯაროდ და მოენანიებინათ.
პოლონეთში 1998 წელს მიიღეს კანონი, რის მიხედვითაც, უშიშროების ორგანოები, კონტრდაზვერვის ჩათვლით, უნდა გაწმენდილიყო წინა ხელისუფლების მხარდამჭერებისგან, მაგრამ მათ შეეძლოთ, მოენანიებინათ შეცდომები.
– მონანიება ვალდებულება იყო თუ უბრალოდ უმსუბუქებდა მათ ბრალს?
– ვალდებულებას ვერ დავარქმევდი, თუ არ მოინანიებდა და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ შეცდომა ნამდვილად ჰქონდათ ჩადენილი ამა თუ იმ პიროვნების მიმართ, უფრო მკაცრად მოექცეოდნენ. ერთგვარი ირიბი ვალდებულება იყო. თუ ვინმე დამალავდა დანაშაულს და შემდეგ გამომჟღავნდებოდა, საქმე უკვე სპეციალურ ლუსტრაციულ სასამართლოს გადაეცემოდა.
გადავინაცვლოთ დასავლეთ ევროპისკენ: ესპანეთში ფრანკოს დამხობის შემდეგ, 70-იანი წლების შუა ხანებში, პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმების პაქტს, როგორ უნდა განვითარებულიყო ესპანეთი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ საზოგადოებრივი შერიგება იყო. მოგვიანებით მიიღეს კანონი ხსოვნის შესახებ და, ამ კანონის მიხედვით, გაუქმდა ფრანკოს რეჟიმის დროს გამოტანილი უკანონო სასამართლო განაჩენები. ზოგიერთი ოდიოზური ბობოლა ფრანკისტი ჩამოაშორეს ხელისუფლებას, მაგრამ ბევრი სახელმწიფო მოხელე, მათ შორის, სამართალდაცვითი და მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომლები საჯარო მონანიების შემდეგ, თავიანთ ადგილებზე დატოვეს, თუ მათ მძიმე დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი: დახვრეტა, წამება და ასე შემდეგ.
ცოტა სხვანაირად წავიდა ეს პროცესი ლათინურ ამერიკაში. როდესაც არგენტინასა და ჩილეში შედარებით დემოკრატიულ სისტემაზე გადავიდნენ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, შეიქმნა კომისიები, რომელთა მიზანი იყო პოლიტიკური ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა. როგორც ცნობილია, ჩილეს სამხედრო ხუნტამ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ავგუსტო პინოჩეტი, მთავარი ხუნტისტი გენერალი, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, მაინც გაასამართლეს. იგივე ბედი ეწიათ ხუნტის სხვა წევრებს, მაგრამ სახელმწიფო მოსამსახურეებს ვადა მისცეს, მოენანიებინათ ჩადენილი შეცდომები. თუ ისინი დამალავდნენ საკუთარ დანაშაულებს, მათ მიმართ სამართლებრივი დევნა იწყებოდა. იქ ცოტა რბილად წავიდა პროცესი, მათ შორის, მოგეხსენებათ, ჩილეს სასწაული და ხუნტის დროს მიღწეულმა კეთილდღეობამაც შეასრულა თავისი როლი. მთავარი იყო ის, რომ მოხდა უკანონოდ დაჭერილების რეაბილიტაცია და, მეორე, მათ გადაუხადეს ძალიან დიდი კომპენსაცია. იგივე პროცესები განხორციელდა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდული რეჟიმის დაცემის შემდეგ. ასე რომ, შეწყალება და პატიება ფართოდ გამოიყენებოდა და გამოიყენება დიქტატურიდან დემოკრატიისკენ გარდამავალ ქვეყნებში. ყველგან იდგა პრობლემა, რომ, თუკი სახელმწიფო სტრუქტურებიდან მასობრივად დაითხოვდნენ თანამშრომლებს, ეს გამოიწვევდა კოლაფსს, მაგრამ მიმდინარეობდა ერთგვარი ხელოვნური და ბუნებრივი შერჩევა. თუ ადამიანი თავისი ნებით გამოდიოდა, საზოგადოება მათ, მართლაც, ლმობიერად მიუდგა, ბევრს აპატიეს კიდეც. მაგრამ აქ მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოს მიერ სახელისა და ღირსების საჯაროდ დაბრუნებას და საკმაოდ მოზრდილ ფულად კომპენსაციას.
– ჩვენი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა რას ითვალისწინებს დაზარალებულთა რეაბილიტაციისთვის?
– საქართველოში რეაბილიტაციის საკითხს აწესრიგებს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, ჩემი აზრით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის, სპეციალური კანონი თუ არა, რაღაც სამართლებრივი აქტი მაინც არის მისაღები. განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალთა“ ხელისუფლების დროს რეპრესიების მსხვერპლთ, იმიტომ რომ სწორედ ბოლო 9 წლის განმავლობაშია დაშვებული ყველაზე მეტი სასამართლო თუ საგამოძიებო შეცდომა და, შესაბამისად, უფრო მეტია უკანონო დაჭერა-დაპატიმრების ფაქტები. მაგრამ, რატომღაც, ჭიანურდება ამნისტირებულთა საქმეების გადახედვა. პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გამოვიდეს ჩემი პროკურორი და თქვას, მე ეს შეცდომა დავუშვი, სინდისმა შემაწუხა, ვაცნობიერებ ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომას და გამომაქვს საზოგადოების განსასჯელად; თუ მაპატიებს საზოგადოება, მადლობელი ვიქნები, მაგრამ მე ჩემი ნებით მოვდივარ სამსახურიდან და ჩემი ბედი გადაწყვიტონ სამართლადამცველმა ორგანოებმა. ეს მისაღებია. ამას თან უნდა სდევდეს კანონში ცვლილებები და უნდა მოხდეს მორალური, ზნეობრივი და ფინანსური კომპენსაცია. ისევე, როგორც სახელმწიფომ მომისაჯა უკანონოდ და მაღიარა დამნაშავედ, ასევე, სახელმწიფომვე უნდა გამოიტანოს დადგენილება, რომ სიმონ კილაძე, თურმე, უდანაშაულოდ იყო დაჭერილი და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მის წინაშე გამოიყენოს რეაბილიტაციის კლასიკური წესი.