თანამოაზრენი
ანუ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას
ჯერჯერობით ვერ შევთანხმებულვართ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს გადმოვიტანოთ თუ, ძველი ტრადიციით, კვლავაც 9-ში ვიზეიმოთ, თუმცა, ინერციით თუ სხვა მიზეზით, მაინც 9-ს ვარჩევთ. მეორე მხრივ, ეს არცთუ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან წლევანდელი 9 მაისის, როგორც ოკუპანტები იტყვიან, „იზიუმინკა“ სულ სხვა რამ იყო.
კერძოდ, ბ-ნმა მიშა თავხელიძემ ფაშიზმის დამარცხების საყოველთაოდ აღიარებული თეზის ალტერნატივა შემოგვთავაზა. სახელდობრ, სოციალური ქსელით ვირტუალურ მეგობრებსა თუ არამეგობრებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო – „გილოცავთ სტალინის ცივილიზებულ სამყაროზე გამარჯვების დღეს“.
მე არ შევუდგები იმის ახსნას, ადეკვატურია თუ არა ბ-ნი თავხელიძის მოსაზრება, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გასულ კვირას გერმანიის პოლიციამ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ზედამხედველი, 93 წლის მამაკაცი დააკავა (ოსვენციმის ბანაკში მილიონზე მეტი ადამიანი დახოცეს), რაც, სულ მცირე, იმას მაინც ადასტურებს, რომ ბ-ნი თავხელიძისა და ფაშიზმის მშობელი ერის შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა (საბედნიეროდ!).
ეჭვი მაქვს, რომ ბ-ნი თავხელიძე ხსენებული 93 წლის ნაცისტის ბედსაც გულთან ახლოს მიიტანდა, ამიტომაც ვსარგებლობ შემთხვევით და მას, ისევე, როგორც მის თანამოაზრეებს, ვუსამძიმრებ ჰიტლერის ტრაგიკულად დაღუპვის გამო (ადოლფი ხომ სწორედ მაისში გამოგვეცალა ხელიდან)!